საჩხერის გუნდს ძირითადი შემადგენლობის ექვსი ფეხბურთელი აკლდა - ედიკ საჯაია, დავით ოდიკაძე, დავით ბოლქვაძე, გიორგი რეხვიაშვილი, დავით დიღმელაშვილი და დათო კირკიტაძე - როცა "დინამო თბილისთან" ნახევარი გუნდი არ გყავს, შანსი იოტისოდენა გაქვს შერჩენილი.
"ჩიხურა" ასეთ შანსსაც ვერ ჩაეჭიდა და დუშან უჰრინის გუნდმაც იოლად დაჯაბნა მეტოქე.
მატჩისწინა მოთელვაზე დაშავდა დინამოელთა გერმანელი მარცხენაფლანგელი პატრიკ მილხრაუმი და მისი ადგილი მაკედონიელმა მარკო გლიშიჩმა
Video
06.04.13. დინამო - ჩიხურა 3:0
06.04.13. დინამო - ჩიხურა 3:0
მასპინძლებმა მყის შეუტიეს, "ჩიხურას" კი ბურთის შენარჩუნება უჭირდა და მთელი სიმძიმე საჩხერელთა დაცვასა და მეკარეს დააწვათ.
სლოვაკი პიტერ გრაიციარის დარტყმა გიორგი სომხიშვილმა მოიგერია. "ჩიხურას" გოლკიპერი ჩისკოს თავურსაც გაუმკლავდა.
მიუხედავად მეკარის კარგი თამაშისა, გოლი სტუმართა კარში მწიფდებოდა და მოსახდენიც მოხდა - მარჯვენა ფლანგიდან კარლეს კოტომ ჩააბზრიალა ბურთი "ჩიხურას" საჯარიმო მოედანში და ჩისკომაც უზადო თავურით დააწინაურა "დინამო".
მასპინძლები არ დაცხრნენ, ზეწოლას განაგრძობდნენ. გრაიციარის ძლიერი დარტყმა ხარიხამ უკუაგდო. "ჩიხურა" უმწეოდ გამოიყურებოდა და მეორე გოლიც გაუშვა - ლევან ხმალაძემ კარგად ისარგებლა სტუმართა უნიათობით და ხელსაყრელი სიტუაციიდან შანსი ხელიდან არ გაუშვია.
პირველ ტაიმში დინამოელებს კიდევ შეეძლოთ გატანა. გიორგი მერებაშვილის ჯარიმა სომხიშვილმა კუთხურზე მოიგერია. საგოლე შესაძლებლობა გაანიავა მასპინძელთა ესპანელმა მცველმა უსტარიცმაც - ჩისკოს ჩაწოდებული ბურთი ხარიხას გაარტყა.
მეორე ტაიმში "ჩიხურა" უკეთ ათამაშდა, "დინამო" კი რამდენიმე წუთი მოდუნებული ჩანდა. ამ ყველაფერს მასპინძელთა კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი მოჰყვა: გაგა ჩხეტიანმა კარგი პოზიციიდან მიზანი ვერ გაისწორა. რევაზ გოცირიძის დარტყმა გიორგი ლორიამ მოიგერია, ლაშა ჩიკვაიძემ კი ხარიხას შეაწყვიტა ბურთი.
"ჩიხურას" მოიერიშე მუხტი მალევე ჩაცხრა. მერებაშვილმა მარცხენა ფლანგზე იჩაუქა და ჩისკომაც მეკარისგან მიტოვებულ კუთხეში თავურით გაიტანა.
ამის შემდეგ მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა.
მატჩის შემდეგ
სოსო ფრუიძე:
"საკადრო პრობლემები რომ გვქონდა, ფაქტია, მაგრამ უმაღლეს ლიგაში რომ ხარ, მეტი სითამამე, უფრო თავისუფლად თამაშია საჭირო, უმაღლესი ლიგისთვის მეტი თავმოყვარეობა გვმართებს. რა თქმა უნდა, ამ წაგების გამო ყურებს არ ჩამოვყრით და ევროტურნირზე გასვლისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ".
დუშან უჰრინი:
"ვიცოდით, რა შედეგით დასრულდა შეხვედრა გორში და რთული თამაში გვქონდა. "ჩიხურა" კარგი გუნდია და თავიდანვე მოვიპოვეთ ინიციატივა. მეორე ტაიმის ხუთწუთიან მონაკვეთს თუ არ ჩავთვლით, ყველაფრით კმაყოფილი ვარ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
............ დინამო ჩიხურაზე ეს მარტო ლურჯი ტრიბუნაა ცალკე გლადიატორები და ჩიხურას გულშემატკივრებიც საბოლოო ჯამში 600-ზე მეტი იყო და გაასწორეთ ყველას უმატებთ და მაინცდამაინც დინამოს აკლებთ იმიტომ რომ ერთი ადგილის აწევა გეზარებათ რომ დასავლეთ ტრიბუნას შეხედოთ