მეტალურგი-სიონი 0:0 - ღირსების საქმე

AutoSharing Option
ქვემოქართლურ "დერბიში" მართალია, გოლ(ებ)ი ვერ ვიხილეთ, მაგრამ მონდომებას არც ერთ გუნდს არ დავუკარგავთ: "მეტალურგმაც" და "სიონმაც" სამი ქულის მოსაპოვებლად ყველაფერი გაიღეს, მაგრამ მხოლოდ ქულას დასჯერდნენ.

არადა, სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, სტუმრები რუსთავში მოსაგებად იყვნენ ჩამოსულნი და მატჩის წინ არცთუ "სასიამოვნო" ხმებიც გავრცელდა: თითქოსდა, ყოვლად უმოტივაციო "მეტალურგი" ამ შეხვედრას სრული მობილიზებით არ მიუდგებოდა და ბოლნისელებიც უპრობლემოდ შეძლებდნენ თავისთვის ესოდენ საჭირო 3 ქულის აღებას.

მით უფრო, რომ მასპინძლებს საამისოდ... გასამართლებელი მიზეზიც ექნებოდათ: სამიოდ დღეში "მეტალურგს" ხომ საპასუხო სათასო მატჩი ელოდება ცხინვალის "სპარტაკთან".

Sportall.Geსაბედნიეროდ,
შაბათს რუსთავში "უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი" არ გვიხილავს და მასპინძლებს ამისათვის მადლობაც ეკუთვნით: "მეტალურგის" სამწვრთნელო შტაბმა თუ ფეხბურთელებმა "სამართლიანი თამაშის პრინციპი" ბოლომდე დაიცვეს!

ეგ კი არა, თუ ვინმე იმსახურებდა ამ მატჩში მოგებას, უპირველესად, მასპინძლები: პირველ ტაიმში, სულ მცირე, სამი რეალური მომენტი რომ შექმნეს სტუმართა კართან, მაგრამ ვერც ერთხელ ივარგეს.

ჯერ იყო და ზვიად ლობჯანიძემ "ცაციათი" ბურთი "სიონის" კარის ხარიხას გაარტყა, მერე კი მინდია ბობღიაშვილის ჯერი დადგა: "სიონის" მეკარემ ჯერ ირაკლი სიხარულიძის ახლოდან დარტყმული ბურთი მოიგერია, შემდეგ კი გოგა ფიფიას არ დაანება გოლის გატანა.

ბოლნისელებს კი პირველ ტაიმში მასპინძელთა მეკარე არც შეუწუხებიათ და მხოლოდ ერთადერთ ეპიზოდს თუ გამოვყოფდით, როცა ზურაბ მენთეშაშვილისა და პაველ ჰაიდუჩეკის ორთაბრძოლისას სტუმართა პოლონელი ლეგიონერი მეტოქის საჯარიმოში წაიქცა და "სიონის" წარმომადგენლები (მოედანზეც და ტრიბუნაზე მყოფნიც) პენალტს ითხოვდნენ.

სამწუხაროდ, სამსაჯო თემა ამ შეხვედრაშიც ერთობ აქტუალური იყო: ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ არბიტრს მატჩის სადავეები ხელიდან გაექცა და სტუმართა ყოველ შეძახილზე თუ რეპლიკაზე... მათ სასარგებლოდ ჯარიმას ნიშნავდა! ამას დაემატა ის კურიოზული სიტუაციაც, როცა არბიტრმა ერთი ფეხბურთელის (გიორგი გავაშელიშვილი) ნაცვლად მეორე (ლუკა რაზმაძე) გააფრთხილა, თუმცა ეს შეცდომა იმწამსვე გამოასწორა.

ნერვული ფონი თამაშს მეორე ტაიმშიც გადაჰყვა. ისიც აშკარად ჩანდა, რომ "მეტალურგი" უბრძოლველად არაფრის დათმობას არ აპირებდა და ერთ ეპიზოდში ისევ ბობღიაშვილმა იმარჯვა, როცა გამოცდილი ზურაბ მენთეშაშვილის "ჩახვეული" დარტყმა მოიგერია.

ამასობაში "სიონიც" გააქტიურდა, რაც, უპირველეს ყოვლისა, შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელების დამსახურებაც იყო: სამივე ახალგაზრდა ფეხბურთელი (გიორგი ბიბილეიშვილი, ვილი ისიანი, გიორგი ცხადაია) თამაშში კარგად ჩაერთო. ყველაზე რეალური მომენტი კი "სიონს" მაშინ ჰქონდა, როცა ირაკლი კლიმიაშვილმა მარცხენა ფლანგიდან ბურთი თავზე "დაასვა" ვილი ისიანს, მაგრამ ბოლნისელთა შემტევმა ახლო მანძილიდან არაზუსტად დაარტყა.

მატჩის ბოლო წუთებზე სტუმრებმა შტურმის მოწყობაც სცადეს, მაგრამ მხოლოდ კლიმიაშვილის სახიფათო ჩაწოდებას გამორჩნენ, გრიგოლ ბედიაშვილმა გამოსვლაზე უშეცდომო თამაშით რომ "უპასუხა".

აი, ასე დასრულდა მორიგი ქვემოქართლური "დერბი", სადაც "ბოროტი ენების" საწინააღმდეგოდ, მასპინძლებმა თავისთვის უმოტივაციო შეხვედრაში ყველაზე მაღლა ღირსება დააყენეს!

დაბოლოს, ისევ მსაჯებზე: მეორე ტაიმში ორჯერ იყო ისეთი ეპიზოდი, როცა გოგა ფიფია აშკარად წესების დარღვევით შეაჩერეს, მაგრამ არბიტრმა ორივეჯერ... მასპინძელთა შემტევი დააჯარიმა!..

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული