...სუსხიან ამინდში ჩატარებული მატჩის პირველი ტაიმის შემხედვარე, ძნელად თუ ვინმე იფიქრებდა მეორე ტაიმში
ტაიმის ბოლომდე მოედანზე საინტერესო არაფერი მომხდარა: ერთ ეპიზოდში გულუა გავიდა დასარტყამ პოზიციაზე, მაგრამ მიქაბერიძეს ვერ აჯობა, შემდეგ კი კლიმიაშვილის ძლიერი და შორეული დარტყმა მიზანს აცდა. აქვე, ისიც აღვნიშნოთ, რომ შეხვედრის დასაწყისშივე ორივე გუნდის მწვრთნელებს იძულებითი შეცვლების გაკეთებამ მოუწიათ; თუმცა, როგორც მერე გაირკვა, ყოველივე ამან სტუმართა გუნდზე უარყოფითად იმოქმედა: გამოცდილი მახვილაძის მოედნიდან გასვლის შემდეგ "კოლხეთის" დაცვის ხაზმა უამრავი უპატიებელი შეცდომა დაუშვა. მაგრამ, ამით სულაც არ გვინდა "ვეტერინართა" მონდომება დავაკნინოთ: კოჭლაშვილის შეგირდებმა მეორე ტაიმი, მართლაც, დიდი აღმავლობით ჩაატარეს და დამსახურებულადაც გაიმარჯვეს დიდი ანგარიშით.
არადა, შესვენების შემდეგ პირველი სახიფათო მომენტი სტუმრებმა შექმნეს: მეტოქის საჯარიმოში შეჭრილი ციცხვაია "ვიტ ჯორჯიას" ერთ-ერთმა მცველმა წესების დარღვევით (ყოველ შემთხვევაში, ტრიბუნიდან ასე ჩანდა) წააქცია, მაგრამ თამაში არ შეჩერებულა; მეტიც: ამ ეპიზოდიდან რამდენიმე წამში შეხვედრის პირველი გოლიც ვიხილეთ! შეტევა ბეჭვაიამ წამოიწყო, ლამის ნახევარი მოედანი რომ გაირბინა, მერე ორიგინალური "კედელი" გაითამაშა ლიპარტიასთან და მეტოქის საჯარიმოში შეჭრილმა, ზუსტადაც დაარტყა. ამის მერე კი მოვლენები მართლაც უცნაური "სცენარით" წარიმართა: მასპინძელთა ნახევარზე ჯარიმა დაინიშნა და სიჭინავამ 30 მეტრიდან ძლიერადაც დაარტყა, "ვიტ ჯორჯიას" მეკარემ კი ბურთი უხერხულად მოიგერია და დამატებაზე ყველას სტუმართა მარჯვენა მცველმა ცხვიტარიამ დაასწრო. აი, ამის შემდეგ კი, ალბათ, ყველას ეგონა, რომ შეხვედრაში დაძაბულობა პიკს მიაღწევდა, მაგრამ "ფოლადის" სტადიონზე შეკრებილმა ასამდე (!) გულშემატკივარმა, მხოლოდ ერთ კარში გასული გოლები იხილა! თანაც, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ მასპინძელთა თითქმის ყველა გოლი ერთი-მეორეზე უკეთესი საცქერი იყო; უბრალოდ, "უცნაურზე" მეტად მოგვეჩვენა ლიპარტიას... უგოლოდ დარჩენა: "ვიტ ჯორჯიას" შემტევმა გუშინ მართლაც ჩინებული მატჩი ჩაატარა, ტექნიკის დემონსტრირებასაც ხშირად ახდენდა და, რაც მთავარია, მეტოქე მუდმივი ზეწოლის ქვეშ ჰყავდა...
მასპინძელთა მეორე გოლის დროს ჩინებულად გაისარჯნენ ირაკლი კლიმიაშვილი და ჩიმაკაძე: პირველმა საუცხოო პასით თანაგუნდელი მოძებნა, ვინც ბურთი მკერდზე მიიღო და შემობრუნებით, უძლიერესი დარტყმით შენგელია უშანსოდ დატოვა! მესამე გოლის დროს კი ლიპარტია-ჩიმაკაძის ეფექტური კომბინაცია ახლო მანძილიდან კლიმიაშვილმა დააგვირგვინა; ამასობაში მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა თავისი გუნდის ორივე ლიდერს (ლიპარტია, კლიმიაშვილი) დასვენების საშუალება მისცა, თუმცა ახალგაზრდა "ვეტერინარები" მიღწეულით არ დაკმაყოფილდნენ და კიდევ ერთი ლამაზი გოლიც ვიხილეთ: ღანიაშვილმა მარცხენა ფლანგზე "გაინავარდა" და მისი გამჭოლი გადაცემის შემდეგ ჯანელიძემ "ერთი შეხებით" შეძლო ბურთის ზუსტად გაგზავნა.
საბოლოო წერტილი კი შეცვლაზე შემოსულმა ზაქრაძემ დასვა, ოღონდ, ამ შემთხვევაში გოლი, ცოტა არ იყოს, კურიოზული გამოდგა; ასევე შეცვლაზე შემოსული ხურცილავას გამჭოლი გადაცემის შემდეგ სტუმართა მეკარე შენგელია და მასპინძელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ბეჭვაია ერთმანეთს შეეჯახნენ, ჰოდა, ზაქრაძემაც ბურთი, ფაქტობრივად, ცარიელ კარში შეაგდო...
როცა გუნდი ზედიზედ ორჯერ ასეთი სხვაობით აგებს, ალბათ რაღაც პრობლემებიც უნდა ჰქონდეს; არადა, "კოლხეთის" ფეხბურთელებს პოტენციალი ნამდვილად აქვთ და მეორე ტაიმშიც, მიუხედავად კატასტროფული ანგარიშისა, ერთი-ოჯერ სახიფათოდაც დაემუქრენ მასპინძელთა კარს; თუმცა, გულუასა და სიჭინავას დარტყმებს ოდნავ სიზუსტე აკლდათ.
31.10. რუსთავი. "ფოლადი". 100 მაყურებელი
ვიტ ჯორჯია-კოლხეთი 5:1
1:0 ბეჭვაია (51, ლიპარტიას პასით), 1:1 ცხვიტარია (53), 2:1 ჩიმაკაძე (58, კლიმიაშვილის პასით), 3:1 კლიმიაშვილი (65), 4:1 ჯანელიძე (73, ღანიაშვილის პასით), 5:1 ზაქრაძე (87, ხურცილავას პასით).
ვიტ ჯორჯია კოლხეთი
4-2-3-1 4-2-3-1
ა. მიქაბერიძე გ. შენგელია
ბეჭვაია ცხვიტარია
ადამაძე მახვილაძე
კასრაძე ინწკირველი
ღანიაშვილი გველესიანი
მაისაშვილი ჯოჯუა
გურ. გურეშიძე გვალია
კლიმიაშვილი სილაგავა
ლიპარტია სიჭინავა
ჯანელიძე გულუა
ჩიმაკაძე ციცხვაია
მწვრთნელი მწვრთნელი
მ. კოჭლაშვილი ბ. შეროზია
ვიტ ჯორჯია
23. მაისაშვილი-ვასაძე
75. ლიპარტია-ხურცილავა
80. კლიმიაშვილი-ზაქრაძე
სათადარიგოები: ძაძამია, გოგიაშვილი, გიორგ. გურეშიძე, ჭანკვეტაძე.
კოლხეთი
13. მახვილაძე-ჭითანავა
73. სილაგავა-თედიაშვილი
86. ჯოჯუა-წიქარიშვილი
სათადარიგოები: გორდეზიანი, ლემონჯავა, გ. დეკანოსიძე, ბუკია.
გაფრთხილება: ბეჭვაია (88)
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი (თბილისი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"