საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXVIII ტურის წინათქმა

AutoSharing Option
19 აპრილის მატჩებით გადამწყვეტი ეტაპის მეორე წრე იწყება; თქმა რად უნდა, სეზონის ბოლომდე დარჩენილ ხუთივე ტურს უდიდესი მნიშვნელობა ექნება გუნდების აბსოლუტური უმრავლესობისათვის.

ჰო, ყველასათვის ნამდვილად აღარ აქვს აზრი დარჩენილ შეხვედრებს: სულ მცირე, ოთხ გუნდს ხომ ყველანაირი სატურნირო მოტივაცია დაკარგული აქვს! თანაც, ყოველგვარი "მინიშნების" გარეშე შეიძლება ამ უმოტივაციო ოთხეულის დასახელება: "ზესტაფონი", "ზუგდიდი" (ორივე - ზედა ექვსეულიდან), "მეტალურგი", "კოლხეთი" (ორივე - ქვედა ექვსეულიდან); ჰოდა, როცა გუნდს ჩემპიონატის ესოდენ გადამწყვეტ ეტაპზე სატურნირო მოტივაცია არ გააჩნია, როგორ გინდა მოსთხოვო, თავისთვის არაფრისმომცემ მატჩებში მეტოქე(ებ)ს "თავი
შეაკლას"? თანაც, ისეთ მეტოქეებს, ქულები სასიცოცხლოდ რომ სჭირდებათ.

...ბევრია თუ ცოტა 12-დან 4 უმოტივაციო გუნდის ყოფნა გადამწყვეტ ეტაპზე? ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა ბევრს გაუჭირდება. ეს რიცხვი შესაძლოა მეტი ყოფილიყო, შესაძლოა - ნაკლები; თუმცა მიზეზი მაინც ჩემპიონატის სისტემაში უნდა ვეძებოთ: რა თქმა უნდა, შარშანდელ რეგლამენტთან შედარებაც არ შეიძლება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ზედა და ქვედა ექვსეულებად დაყოფას უარყოფითი უფრო მეტი აქვს, ვიდრე - დადებითი.

აი, მაგალითად, ჩვენმა მეზობლებმა, ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, მომავალი სეზონისათვის რეგლამენტი შეცვალეს: უკვე წლებია, აზერბაიჯანის ჩემპიონატიც ორ ეტაპად ტარდებოდა, მაგრამ ახლა გადაწყვიტეს, რომ 2013-14 წლების სეზონი ოთხ წრედ ჩაატარონ. თანაც, უმაღლეს ლიგაში 12-ის ნაცვლად 10 გუნდი იასპარეზებს: ანუ უმაღლესი ლიგიდან ორი გუნდი გავარდა და მათ ნაცვლად პირველიდან არავინ შემოიყვანეს.

აქვე ბარემ ისიც განვმარტოთ, თუ რატომ არ მისცეს პირველი ლიგის ორ გამარჯვებულ გუნდს უმაღლესში აღზევების უფლება: ლიცენზირების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ და იმიტომ!

მოკლედ, გვინდა-არგვინდა, ჩემპიონატის ჩატარების სისტემაზე გვიწევს საუბარი და ჩვენთანაც რომ მაქსიმალურად იცავდნენ ლიცენზირებისათვის აუცილებელ პირობებს, მეტად და მეტად სამწუხარო რეალობის წინაშე დავდგებოდით! უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, უმაღლეს ლიგაში, ალბათ, 7-8 გუნდი თუ "მოგვიგროვდებოდა" და ასეთ სიტუაციაში, ცოტა არ იყოს, უცნაურადაც (კიდევ რბილად ნათქვამია) გვეჩვენება საქართველოსა და აზერბაიჯანის გაერთიანებული ჩემპიონატის ჩატარების იდეა!

ამ მართლაც "ნოვატორულ" ჩანაფიქრზე "ლელოს" ფურცლებზე მთელი კვირის განმავლობაში მსჯელობა მიმდინარეობს: ქართული კლუბების ხელმძღვანელები თუ მწვრთნელები, ვეტერანი თუ მოქმედი ფეხბურთელები, სპეციალისტები თუ ჩვენი კოლეგები ამ საკითხზე საკუთარ აზრს აფიქსირებენ. მომავალ კვირაში ყველას ნააზრევს შევაჯამებთ, თუმც მანამდეც დანამდვილებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ რესპონდენტთა თითქმის 90 პროცენტი ამ "ნოვატორული" იდეის წინააღმდეგია ისევე, როგორც ამ სტრიქონების ავტორი, ვინც ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებასაც მალე შემოგთავაზებთ.

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, XXVIII ტურში, სულ მცირე, სამი მატჩი ისეთ სტადიონებზე უნდა ჩატარდეს, სადაც ოფიციალური შეხვედრების გამართვა, უბრალოდ, უხერხულიცაა...

საგარეო სერია
...ისევ მეორე წრის პირველ ტურს დავუბრუნდეთ და მოდი, ჯერ ზედა ექვსეულზე ვისაუბროთ.

ჩემპიონატის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტს, თბილისის "დინამოს", ზედიზედ მეორე საგარეო მატჩის ჩატარება უწევს. ეგ კი არა, თასის პირველი ნახევარფინალის ჩათვლით, დუშან უჰრინის გუნდმა 14 აპრილიდან ზედიზედ ოთხი საგარეო შეხვედრა უნდა გამართოს!

როგორც იცით, ამ ოთხიდან პირველი მატჩი წარმატებით დასრულდა ("ზესტაფონთან"), დღევანდელმა და, განსაკუთრებით, მომდევნო ტურის შეხვედრებმა კი მნიშვნელოვნად უნდა განაპირობოს, თუ რამდენად რეალურია ჩვენი ყველაზე ტიტულიანი კლუბის საჩემპიონო ამბიციები.

არადა, "ზუგდიდს" დღესაც რომ ის პირობები ჰქონდეს და ის კონტინგენტიც შეენარჩუნებინა, პირველ ეტაპზე რომ ჰყავდა, ამ წყვილის გამოკვეთილ ფავორიტად "დინამოს" მოხსენიება მართლაც გაგვიჭირდებოდა. შეგახსენებთ, რომ პირველ ეტაპზე ელგუჯა ქომეთიანის გუნდმა (პლუს, ოთარ გაბელიაც არ დაგვავიწყდეს, რომელიც "ზუგდიდში" კონსულტანტად მუშაობდა) საკუთარ მოედანზე მხოლოდ ერთი მატჩი წააგო და, ვინც რა უნდა თქვას, დამსახურებულად მოხვდა ზედა ექვსეულში.

აი, ზამთრის პაუზის მერე კი, "ზუგდიდში" ბევრი ვინმე თუ რამე შეიცვალა და ამას გადამწყვეტი ეტაპის პირველ წრეში ნაჩვენები შედეგებიც მოწმობს: ხუთ მატჩში ერთადერთი ქულა და ბურთების კატასტროფული სხვაობა (1-14). თუმცა 19 აპრილს გასამართ მატჩს მაინც საკმარისზე მეტი ინტრიგა აქვს: სულ ცოტა ხნის წინათ "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ თავისი კლუბის ამჟამინდელ მეტოქეს "სამართლიანი თამაშის" პრინციპები საჯაროდ "შეახსენა", რასაც "ზუგდიდის" ხელმძღვანელობის ასევე საჯარო პასუხი მოჰყვა...

..."ზუგდიდის" მსგავსად, წარუმატებელი პერიოდი უდგას ჩვენი ქვეყნის აწ უკვე ექს-ჩემპიონს "ზესტაფონს": კახა კაჭარავას გუნდმა მეორე ეტაპის პირველ წრეში მხოლოდ და მხოლოდ 2 ქულა მოაგროვა და კვლავაც პირველი გამარჯვების მოლოდინშია.

არადა, "ზესტაფონის" მეტოქე გორის "დილაა", გუნდი, რომელიც ოთხქულიანი ჩამორჩენის მიუხედავად, "საჩემპიონო რბოლაშია" ჩართული.

ისე, უცნაურია, მაგრამ ფაქტია: წინა სეზონამდე ეს გუნდები 10-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ათივე შემთხვევაში "ზესტაფონმა" გაიმარჯვა. თუმცა ამის მერე ბალანსი ოდნავ შეიცვალა და ნურც იმას დავივიწყებთ, რომ "ზესტაფონმა" ზედიზედ სამი საშინაო მატჩი წააგო "დილასთან".

არანაკლებ ინტერესს იწვევს ამ სეზონში "დაარსებული დერბი": "ტორპედომ" და "ჩიხურამ" ჩემპიონატის სტარტიდან დღემდე ერთმანეთს რამდენჯერმე "გაუცვალეს" მესამე-მეოთხე ადგილები; ეგაც რომ არ იყოს, ისიც საინტერესოა, პირველად როდის მოახერხებენ საჩხერელები ამ "იმერულ დერბიში" "ტორპედოს" დამარცხებას...

Sportall.Ge
Sportall.Ge

სხვადასხვა განწყობა
ქვედა ექვსეულში ორი ისეთი მატჩია, სატურნირო თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა რომ აქვს.

ძალიან სამწუხაროა, რომ რთული დრო უდგას "ვიტ ჯორჯიას" - ახლო წარსულში ერთ-ერთ წარმატებულ ქართულ გუნდს 2012 წლის 2 დეკემბრის შემდეგ თამაში არ მოუგია! განსაკუთრებით წარუმატებლად "ვეტერინარები" მეორე ეტაპზე გამოდიან (ხუთი თამაშიდან - 1 ფრე და 4 წაგება) და გუნდიც გასავარდნ ზონაში აღმოჩნდა.

სამაგიეროდ, რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა "სიონთან" დაკავშირებით - არმაზ ჯელაძის გუნდმა მეორე ეტაპის წინ შემადგენლობაც გააძლიერა, ფინანსურადაც მოღონიერდა და ჩემპიონატში მდგომარეობის გამოსწორების გარდა, ბევრისთვის მოულოდნელად, თასის ნახევარფინალშიც გააღწია!

"სიონი"-"ვიტ ჯორჯიას" მსგავსად, ასევე "ექვსქულიან თამაშად" უნდა შევაფასოთ ბათუმის "დინამოსა" და "მერანის" დაპირისპირება; ერთი შეხედვით, მარტვილელთა მდგომარეობას "ნაკლებად სახიფათო" შეიძლება ვუწოდოთ, მაგრამ მალხაზ ჟვანიას გუნდს მოდუნების უფლება არა აქვს, ისევე, როგორც 19 აპრილის შეხვედრის მასპინძლებს: გია გურულის დამოძღვრილი ბათუმის "დინამო" სატურნირო ცხრილში "ვიტ ჯორჯიაზე" მაღლა მხოლოდ იმის გამოა, რომ ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა აქვს.

აი, რაც შეეხება ქვედა ექვსეულის კიდევ ერთ წყვილს, ამ შემთხვევაში ტერმინი "მოტივაცია" უადგილოდ გვეჩვენება: ძალიან დიდი ალბათობით, "კოლხეთს" დარჩენილი ხუთივე მატჩის მოგება შეიძლება, არც ეყოს უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად.

"მეტალურგი" კი თავისთვის "არასაჭირო ქულების" მოგროვებას აგრძელებს და საერთოდაც, რუსთაველთა წაუგებელი სერია უკვე ოთხ თვეზე მეტია, გრძელდება. თანაც, გიორგი ყიფიანის გუნდი ისეთ შეხვედრებშიც იმარჯვებს, როცა მეტოქე(ებ)ს ქულები სასიცოცხლოდ სჭირდებათ...

Sportall.Ge
Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ავტორ, ზესტაფონი ექსჩემპიონი როგორაა,აბა ჩემპიონი ვინაა?;ჩელსი; ჩემპიონთა ლიგის თასის მფლობელია,მიუხედავად იმისა რომ ამ ტურნირში საერთოდ არ მონაწილეობს,სანამ ახალი გამარჯვებული არ იქნება.
მარტო ფედერაცია და სპორტსმენები არ ცოდავენ,ყველაფერი ერთი დონის გვაქვს,ყველაფერი...
გია
14:33 19-04-2013
0

სიახლეები პოპულარული