ლევან ხმალაძე: მჯერა, ჯაბა დვალი გორში "დილას" გაუტანს

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" რუსთავის "მეტალურგთან" ეროვნული თასის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა 1:2 წააგო. გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხმალაძე "ლელოს" ამ მატჩზე, საჩემპიონო შანსებსა და სხვა თემებზე ელაპარაკა...

- ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ ქვედა ექვსეულის გუნდი დაგამარცხებდათ...
- ეს ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო. მოსაგებად წავედით, მაგრამ ისეთი უაზრო გოლები გავუშვით და ისეთ ამინდში ვითამაშეთ...

ძალიან არ მინდა, მიკერძოებულ მსაჯობაზე ვილაპარაკო და ყველაფერი მიზანმიმართულ ქმედებად ჩავთვალო, მაგრამ ნებსით თუ უნებლიეთ მაინც ამაზე ვფიქრობ - რა ხდება "დინამოს" გარშემო?

ბოლო შეხვედრებში - ზუგდიდში და ახლაც ისე
გვიმსაჯეს, ძალიან ბევრი საეჭვო კითხვა დამებადა. რატომ ხდება, რომ ყველა საკამათო ეპიზოდი "დინამოს" საწინააღმდეგოდ წყდება? მაგალითად, პირველი გოლი აშკარა თამაშგარე მდგომარეობიდან რომ გაგვიტანეს, რას მივაწეროთ?

- ჩემპიონატის ლიდერი ქვედა ექვსეულის გუნდთან მსაჯის ერთი შეცდომის გამოც არ უნდა აგებდეს...
- მე იმას არ ვამბობ, რომ მაგრად ვითამაშეთ და ყველაფერი ამ ერთმა გოლმა გადაწყვიტა. ბევრი რამ ჩვენს საწინააღმდეგოდ აეწყო: ჯერ ის, რომ რუსთაველებს უმაღლეს ლიგაში დარჩენის საკითხი გადაწყვეტილი აქვთ და ამ თამაშზე კონცენტრაცია არ გასჭირვებიათ. სათასო სპეციფიკა ხომ სწორედ ისაა, რომ ერთი შეხვედრის მაღალ დონეზე ჩატარება ყველას შეუძლია.

მეორე მხრივ, ჩვენ ჩემპიონობისთვის ვიბრძვით, გორში ძალიან მძიმე თამაში გველის და ეტყობა, "მეტალურგთან" შეხვედრაზე კონცენტრირება ვერ მოვახერხეთ. თუმცა, თავიდან დავწინაურდით და არავინ იცის, 1:0-ზე მეტოქის გოლი რომ არ ჩაეთვალათ, წავაგებდით თუ არა. ასეთი შეცდომა შედეგზე გავლენას ახდენს. ნუთუ არ ჩანდა, რომ კარის წინ ფეხბურთელი თამაშგარეში იმყოფებოდა?!

- ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე ოქროს მედლის მფლობელის ვინაობა გაურკვეველია. შენი აზრით, "დინამოს" ჩისკოს არყოფნა დაეტყობა?
- ჩისკო გუნდისთვის ძალიან დიდი ძალაა და ცხადია, მისი არყოფნა დიდი დანაკლისია, მაგრამ "დინამოს" სხვა ძლიერი მოთამაშეებიც ჰყავს. მაგალითად, ჯაბა დვალი, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს საუკეთესო თავდამსხმელია. მისი დიდი იმედი მაქვს და მჯერა, თავს გორელებთანაც გამოიჩენს.

- ძნელი ამოცანაა - გორელები მადაზე მოვიდნენ...
- ჩემი აზრით, გორში მოსაგებად მზად ვართ. ჩვენ მხოლოდ ქულას არ დავჯერდებით, მოსაგებად ვიბრძოლებთ, დანარჩენს კი შეხვედრა გვაჩვენებს. მაგრამ მჯერა, ჯაბა დვალი "დილას" გაუტანს.

- პირადად შენზეც ვილაპარაკოთ: "მეტალურგამდე" გამართულ სამ შეხვედრაში მნიშვნელოვანი გოლები გაიტანე. ეტყობა, ფორმა აღიდგინე...
- მართლაც ნორმალურ ფორმაში ვარ. სხვათა შორის, პირველ წრეშიც საკმაოდ ბევრი, ექვსი გოლი გავიტანე. გოლი ყოველთვის გუნდის დამსახურებაა. "დინამო" კარგად რომ ვერ თამაშობდეს, მეც ვერაფერს მოვახერხებდი. შეხვედრას ერთი კაცი ვერ მოიგებს.

- მგონია, რომ დუშან უჰრინთან პატარა გაუგებრობამ დადებითად იმოქმედა...
- ყველაფერი მოგვარდა. უჰრინთან მშვენიერი ურთიერთობა მქონდა და მაქვს კიდეც.

- როგორია შენი გეგმები, "დინამოში" რჩები?
- გუნდთან კონტრაქტი წელიწადნახევრის შემდეგ მიმთავრდება. წინასწარ ვერ ვიტყვი, დავრჩები თუ არა, მაგრამ გუნდში თავს კარგად ვგრძნობ.

"დინამო" ჩემთვის ლამის მეორე ოჯახია - უკვე თერთმეტი წელია, გუნდის ძირითად შემადგენლობაში ვთამაშობ. 2002 წლის შემოდგომაზე დუბლებიდან 17 წლის ბიჭი დამაწინაურეს. მაშინ მთავარი მწვრთნელი ჯერ კიდევ ივო შუშაკი იყო. მანამდე 4 წელი ასაკობრივ "დინამოსა" და დუბლებში ვთამაშობდი, ანუ უკვე 15 წელიწადია, დინამოელი ვარ.

ლევან ხმალაძე: გორში მოგება შეგვიძლია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დავით კვირკველია პრინციპული მატჩის წინ: შესაძლოა, ჭკუიდან გადახვიდე
მეტალურგი-დინამო თბ 2:1 - ერთადერთი გზა ევროტურნირებისკენ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
ძალიან მინდა დინამომ რომ მოუგოს დილას მაგრამ რატომღაც მგონია რომ ეგ თამაში ფრედ დამთავრდება...
rezo
13:30 26-04-2013
0
დინამო არის და იქნება საქართველოში ნომერ პირველი გუნდი და ვერც დილა და ვერც მისნაირი "ახალი შექმნილი" გუნდები მასზე წინ ვერ დადგება :)
Giga
23:16 25-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული