უმაღლესი ლიგის XXIX ტურის წინათქმა: საჩემპიონო მატჩის მოლოდინი

AutoSharing Option
ქვემოთ ინტრიგაა!?...
ოთხი ტურიც და საქართველოს ახალი ჩემპიონის ვინაობასაც შევიტყობთ და ისიც გახდება ცნობილი, ფოთის "კოლხეთთან" ერთად რომელი გუნდი დატოვებს უმაღლეს ლიგას.

ჰო, ჯერჯერობით მხოლოდ ის არის გარკვეული, რომ საქართველოს ჩემპიონატის "ძირძველი ბინადარი", ფოთის "კოლხეთი" მომავალ სეზონს პირველ ლიგაში დაიწყებს. თუმცა, აქვე აუცილებლად უნდა განვმარტოთ: მოვლენების ასეთი განვითარება იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი, თუ მომავალი სეზონისათვის უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა არ გაიზარდა.

რაც შეეხება მეორე უიღბლოს, ქვედა ექვსეულში სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ ბოლო ტურამდე არაფერი გაირკვევა. სატურნირო ცხრილიდანაც კარგად ჩანს, რომ პირველ
ლიგაში დაქვეითების საფრთხე ერთდროულად ოთხ გუნდს ემუქრება: "მერანს", ბათუმის "დინამოს", "ვიტ ჯორჯიასა" და "სიონს".

აქვე გაეცნობით ქვედა ექვსეულის დარჩენილი მატჩების კალენდარს და ყოველ ტურში ორივე გუნდისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის თითო-თითო შეხვედრასაც აღმოაჩენთ.

"ვიტ ჯორჯია"-"დინამო" (ბთ), "დინამო" (ბთ)-"სიონი", "ვიტ ჯორჯია"-"მერანი", "მერანი"-"სიონი", - აი, ის მატჩები, რომელთა შედეგიც მნიშვნელოვნად განაპირობებს ამა თუ იმ გუნდის უმაღლეს ლიგაში ყოფნა-არყოფნის საკითხს.

რა თქმა უნდა, ზემოთხსენებულმა ოთხმა გუნდმა სხვა შეხვედრებიც უნდა ჩაატაროს ("მეტალურგთან" და "კოლხეთთან"), თუმცა ჩემპიონატის რეგლამენტის თანახმად, თანაბარი ქულების შემთხვევაში უმთავრესი პრიორიტეტი ურთიერთშეხვედრებია და ამიტომაც ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა უშუალო კონკურენტების ერთმანეთთან პაექრობას.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ბევრი, ალბათ, მართებულად მიიჩნევს ჩემპიონატის ზედა და ქვედა ექვსეულებად დაყოფას: სხვა შემთხვევაში ასეთი დამაინტრიგებელი მატჩები ხომ აღარ იქნებოდაო; თუმცა ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ქვედა ექვსეულში ზემოთ ნახსენები ოთხი გუნდის გარდა კიდევ ორი გუნდია, რომელთათვისაც დარჩენილი შეხვედრები, წესითა და რიგით, უმოტივაციო უნდა იყოს.

თუმცა, ამაზე ქვემოთ ვისაუბროთ, მანამდე კი ზედა ექვსეულიც "გავიხსენოთ", მით უფრო, რომ შესაძლოა 27 აპრილს "საჩემპიონო რბოლაში" ძალიან ბევრ რამეს მოეფინოს ნათელი...

გორში ბევრი რამ გაირკვევა
ჩემპიონატის დაწყებამდეც ცნობილი იყო, რომ ოქროს მედლებისთვის ორ გუნდს უნდა ებრძოლა: თბილისის "დინამოსა" და გორის "დილას". ჯერჯერობით ეს ვარაუდი მართლდება და ამ გუნდებს შორის სეზონში მეოთხე მატჩმაც ყველაფერი თუ არა, ძალიან ბევრი რამე უნდა გაარკვიოს.

თავად განსაჯეთ: ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე თბილისის "დინამო" 4 ქულით უსწრებს უშუალო კონკურენტს "დილას"; თანაც, დუშან უჰრინის გუნდს ურთიერთშეხვედრებშიც უპირატესობა (0:2, 3:0, 0:0) აქვს "დილასთან" და "დინამომ" 27 აპირლს გასმართი მატჩი თუ არ წააგო, ამ უპირატესობასაც შეინარჩუნებს.

საერთოდაც, გორში "დინამოს" არწაგება, ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ გუნდი ძალიან "დიდ ნაბიჯს" გადადგამს მონატრებული ჩემპიონობისაკენ: ფრეს შემთხვევაში ოთხქულიანი სხვაობა დარჩება და დარჩენილ სამ ტურში (იხილეთ მატჩების განრიგი) ამ ჰანდიკაპის განიავება რთულად წარმოსადგენია; გამარჯვების შემთხვევაში კი უპირატესობა 7 ქულა გახდება, რაც იმას ნიშნავს, რომ დინამოელებს უკვე მომდევნო ტურში შეეძლებათ იზეიმონ ჩემპიონობა;

თუმცა, დარწმუნებული ვართ, რომ გორში აბსოლუტურად სხვაგვარად ფიქრობენ და მეორე ეტაპის კი არა, ფაქტობრივად, სეზონის უმთავრეს მატჩში მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებას გეგმავენ! ანუ, "დილას" მოგების შემთხვევაში ვალდას ივანაუსკასის გუნდი მინიმუმამდე დაიყვანს სხვაობას "დინამოსთან" და მერე, დარჩენილ მატჩებში თავისი უშუალო კონკურენტის წაფორხილებას დაელოდება.

ვერაფერს ვიტყვით, მართლაც უდიდესი მნიშვნელობის მატჩი გველოდება და დიდი იმედი გვაქვს, რომ ლამის "საჩემპიონო შეხვედრას" შესაფერისი კვალიფიკაციის არბიტრები განსჯიან.

ისე, ამ ბოლო დროს უკვე არაერთი გუნდი გამოთქვამს ღიად პრეტენზიას არაკვალიფიკაციური მსაჯობის გამო და, კიდევ ერთხელ ვისურვოთ, რომ ჩემპიონატის მართლაც გადამწყვეტი მატჩის შედეგზე არბიტრების შეცდომებმა გავლენა არ მოახდინოს.

სტატისტიკას თუ გადავხედავთ, "დინამოს" თავის უშუალო კონკურენტთან შედარებით ისეთი უპირატესობა აქვს, აშკარაზე მეტი რომ ჰქვია! ეგ კი არა, საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში "დილამ" მხოლოდ ამ სეზონში მოახერხა პირველად "დინამოს" დამარცხება!

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 15 სექტემბერს ჩატარებული ის შეხვედრა სადებიუტო იყო "დილას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე გიორგი დარასელიასათვის; ხოლო "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა დუშან უჰრინმა კი საქართველოს ჩემპიონატში პირველი შეხვედრა წააგო...

Sportall.Ge

Sportall.Ge

მეტალურგმა რა ჰქმნას?..
ვერაფერს ვიტყვით: მართლაც "შავ დღეშია" რუსთავის "მეტალურგი"! არადა, სატურნირო ცხრილს თუ გადახედავთ, გიორგი ყიფიანის გუნდს აღარაფერი ემუქრება: ქვედა ექვსეულს დამაჯერებლად ხომ ლიდერობს (ქულებით ზედა ექვსეულის ორ გუნდსაც უსწრებს), ამის პარალელურად საქართველოს თასის ნახევარფინალშიც გააღწია და მშვენიერი შანსი აქვს ფინალში გასასვლელად.

თუმცა, ბევრისთვის "აუხსნელია" რუსთაველთა საყვარელი გუნდის "უცნაურობები": მოგეხსენებათ, რომ მეორე ეტაპის დაწყებიდან ყოველგვარ სატურნირო მოტივაციას მოკლებული "მეტალურგი" არავის არაფერს ჩუქნის და შინ თუ გარეთ მხოლოდ და მხოლოდ მოგებაზე თამაშობს!

არადა, ამ დროს მეტოქეებს ქულები სასიცოცხლოდ სჭირდებათ, მაგრამ "მეტალურგი" კვლავაც აგრძელებს "სამართლიანი თამაშის" პრინციპების დაცვას და იმედი დავიტოვოთ, რომ ასე იქნება სეზონის ბოლომდე.

არადა, რუსთაველებს მომდევნო ოთხივე მატჩი ისეთ გუნდებთან აქვს, უმაღლეს ლიგაში დარჩენისათვის რომ იბრძვიან: "მერანთან", "ვიტ ჯორჯიასთან", "სიონთან", ბათუმის "დინამოსთან". წარმოიდგინეთ, აქედან რომელიმე შეხვედრაში "მეტალურგი" რომ დამარცხდეს, - მაშინათვე იტყვიან, რომ უმოტივაციო რუსთაველელებმა მეტოქე(ებ)ს თავი არ შეაკლესო; არადა, რა დრო მოვიდა: უკვე ის გვიკვირს, მოტივაციადაკარგული გუნდი ყველაზე და ყველაფერზე მაღლა ღირსებას რომ აყენებს!

თუმცა, ადვილი წარმოსადგენია, თუ რა მძიმე დღეები ელოდებათ "მეტალურგის" ხელმძღვანელებს, სამწვრთნელო შტაბსა თუ ფეხბურთელებს სეზონის ბოლომდე: ყველა (ანუ ოთხი) მხრიდან ხომ იმის თხოვნა-მუდარა იქნება, ქულები თქვენ არაფერში გჭირდებათ და ჩვენ კი - ძალიანო...

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლევან ხმალაძე: მჯერა, ჯაბა დვალი გორში "დილას" გაუტანს
დავით კვირკველია პრინციპული მატჩის წინ: შესაძლოა, ჭკუიდან გადახვიდე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული