ინტრიგა არის, სანახაობა?

AutoSharing Option
ჩვენს ჩემპიონატს რასაც ვერ "დავუკარგავთ", რაღა თქმა უნდა, ინტრიგაა - ტური არ ჩაივლის, ხუთი მატჩიდან, სულ მცირე, ერთი-ორ შეხვედრაში მოულოდნელი შედეგი რომ არ დაფიქსირდეს. გამონაკლისი არც განვლილი ტური იყო, მაგრამ იმ "აუცილებელი" სენსაციის გარდა ძალიან ბევრი რამ უცვლელი დარჩა; ამ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, მატჩების, ფაქტობრივად, ცარიელი ტრიბუნების წინ ჩატარებას ვგულისხმობთ - თბილისში, რუსთავში, ბოლნისსა და გორში ჩატარებულ ოთხ შეხვედრას, საერთო ჯამში, ათასამდე ქომაგი თუ დაესწრო! თუმცა, სასიამოვნო გამონაკლისიც იყო: იმერეთის რეგიონში "ლელოს" საკუთარი კორესპონდენტის დავით კოხრეიძის თქმით, "ტორპედო"-"ბაიას" შეხვედრას 2500
კაცი ესწრებოდა. სხვა სტადიონებთან შედარებით, რაღა თქმა უნდა, შთამბეჭდავი (?!) რიცხვია, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ სეზონში "ტორპედოს" საშინაო მატჩებზე სამჯერ და ოთხჯერ მეტი გულშემატკივარიც მისულა...

სტადიონებზე დასწრების პრობლემა არახალია, მაგრამ წლები გადის და ამ საქმეში პროგრესი არ შეინიშნება; განსაკუთრებით კი, თბილისსა და რუსთავშია აქტუალური ეს პრობლემა: მნიშვნელობა არა აქვს, სტუმრად რომელი გუნდი ჩამოვა, ორივე ქალაქის სტადიონები, ფაქტობრივად ცარიელია! ისე, არ დავმალავთ, და ყოველივე არასაკმარის რეკლამასაც უნდა დავაბრალოთ, ოღონდ, ჩემპიონატის არასაკმარისად გაპიარებაში ვის რა "დოზით" მიუძღვის ბრალი, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს; ისე როგორც... ახალ-ახალი გასასამართლებელი მიზეზების მოძებნაში!

ჰო, უკვე წლებია, მართლაც რომ აღარც ვიცით, რომელ "გარეშე ფაქტორებს" დავაბრალოთ ჩვენი ჩემპიონატის დაბალი დონე; თუმცა, ნოემბერ-დეკემბერში (გნებავთ, თებერვალშიც) "მთავარი მიზეზის" მოძებნა მეტად ადვილი იქნება: რაღა თქმა უნდა, კლიმატურ პირობებს ვგულისხმობთ, რამეთუ ძლიერი ქარი, წვიმა თუ თოვლი, კარგად მოგეხსენებათ, თუ როგორ უშლის ხელს ჩვენს ფეხბურთელებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენაში.

ახლაც, ალბათ, მხოლოდ სუსხიან ამინდს უნდა "დავაბრალოთ" ის ფაქტი, XIII (რიგითობის მიხედვით, XIV) ტურის ცენტრალურმა შეხვედრამ, ფაქტობრივად, ცარიელი ტრიბუნების წინ რომ ჩაიარა; არადა, "დინამოსა" და "ოლიმპის" ხუთწლიანი დაპირისპირების ისტორიაში, გულშემატკივართა ასეთი ცოტა რაოდენობა არასდროს ყოფილა; თანაც, ამ მატჩს ხომ მართლაც განსაკუთრებული ინტრიგა ახლდა: წყვილში გამარჯვებული გუნდი, სულ მცირე, ერთი კვირით სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცეოდა! "დინამო"-"ოლიმპის" მატჩის გარდა გასულ ტურში სხვა საინტერესო შეხვედრებიც ჩატარდა და, რაც მთავარია, ყველაფერმა... მშვიდობით ჩაიარა! ანუ, ხუთივე შეხვედრის დასრულების შემდეგ... მსაჯებმა მშვიდობით დატოვეს ჯერ მოედანი, შემდეგ კი სტადიონის მიმდებარე ტერიტორია; ამას გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ის გარემოებაც, რომ წინა ტურისგან განსხვავებით, ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში პრობლემები აღარ შეექმნათ. მოკლედ, ჩვენი "შიში" არ გამართლდა: რიგითობის მიხედვით, XIII ტური გველოდება და რაიმე რომ მოხდეს, ყველაფერი "თარსს ცამეტ რიცხვს" დაბრალდებაო...


სენსაცია თუ ლოგიკა?
გასული ტურის ყველაზე დიდი სენსაცია გორში დაფიქსირდა: სატურნირო ცხრილის საპირისპირო პოლუსებზე მყოფი გუნდების დაპირისპირება ფრედ თუ დასრულდებოდა, ამას ბევრი მართლაც ვერ წარმოიდგენდა. წინასასეზონო მომზადება, ფინანსური მდგომარეობა, ფეხბურთელების კონტინგენტი - ამათ გარდა, ყველა სხვა კომპონენტითაც "ზესტაფონი" ბევრად აღემატება "სპარტაკს"; თუმცა ბოლო ერთი თვის განმავლობაში "სპარტაკის" თამაშში აშკარად პროგრესი შეიმჩნევა და ახალი მწვრთნელის, ბადრი კვარაცხელიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდი ნებისმიერ მეტოქეს ღირსეულ წინააღმდეგობას უწევს.

ასე იყო "დინამოსთან" და "ოლიმპთან" შეხვედრებში და იგივე განმეორდა "ზესტაფონთან" მატჩშიც: მასპინძლებს მონდომება დაუფასდათ და ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტთან შეხვედრაში ქულა მოიპოვეს. სხვათა შორის, კვარაცხელიას ხელმძღვანელობით "სპარტაკმა" 5 მატჩი ჩაატარა და აქედან 2 ფრედ დაამთავრა, სამი შეხვედრა კი მინიმალური სხვაობით წააგო. ანუ, კვლავაც გავიმეორებთ, ამ ტურის წინათქმაში ნათქვამს: შორს არ არის ის დღე, ეს გუნდი მოგებებს რომ დაიწყებს და თავის სატურნირო მდგომარეობასაც გაიუმჯობესებს. ყოველ შემთხვევაში, ბოლოდროინდელი ასპარეზობიდან გამომდინარე, "სპარტაკი" ასეთ გამოკვეთილ აუტსაიდერობას არ იმსახურებს.

აქვე, ერთი განსაკუთრებული ნიუანსიც არ დაგვავიწყდეს: ახალი მწვრთნელის მისვლის შემდეგ გუნდის შემადგენლობა საგრძნობლად გადახალისდა და სეზონის დასაწყისიდან დღემდე ძირითადში ადგილი მხოლოდ ერთეულებმა (სოსო გრიშიკაშვილი, შოთა კაშია, თეიმურაზ შონია) თუ შეინარჩუნეს; აი, დანარჩენები კი, ყველასათვის უცნობი ახალგაზრდა ფეხბურთელები არიან, "ზესტაფონის" დონის გუნდებთან პაექრობაში უდიდეს გამოცდილებას რომ იძენენ.

სასიხარულოა, რომ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალება ეძლევა ნიჭიერ ნახევარმცველს ვალერი ბოლქვაძეს, რომელმაც წინა ტურში გოლი გაიტანა, ამჯერად კი საგოლე პასი გააკეთა. სტუმართა კარში გატანილი გორის ავტორი კი 18 წლის ბესიკ დეკანოიძე გახლდათ. - ამ პერსპექტიულ ბიჭს, როგორც იქნა, ზუსტი ამპლუა მოუძებნეს და შედეგიც სახეზეა.

ოქტომბრის თვე "ზესტაფონის" აქტივში ნამდვილად ვერ ჩაითვლება; არადა, მართლაც უცნაური სიტუაცია შეიქმნა: სწორედ ოქტომბერში შეძლო გუნდმა სატურნირო ცხრილის სათავეში მოქცევა, მაგრამ იმავე თვეში ჩატარებულ ხუთ შეხვედრაში "ზესტაფონი" ორჯერ დამარცხდა და აი, ახლა კი ფრედ ითამაშა. მოკლედ, უშუალო კონკურენტებიც ჰკარგავდნენ ქულებს, თორემ 13 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე "ზესტაფონის" ნაცვლად სხვა გუნდი უნდა ყოფილიყო.

აქვე, რახან ოქტომბერი ვახსენეთ, ბარემ ისიც ვთქვათ, რომ გუნდებს შემჭიდროებულ გრაფიკში მოუწიათ ასპარეზობა; აქედან გამომდინარე, ვისაც შესაძლებლობა ჰქონდა, ძირითად შემადგენლობაში გარკვეულ გადაადგილებებსაც აკეთებდა და ასეთ როტაციას, კოლეგებში ყველაზე ხშირად, გია გეგუჩაძე მიმართავდა. ბოლოს და ბოლოს, "ზესტაფონის" მთავარ მწვრთნელს, ძალიან ბევრი კოლეგისაგან განსხვავებით, ამ ფუფუნების საშუალება ნამდვილად ჰქონდა. ახლაც, "სპარტაკთან" მატჩში, წინა ტურისგან განსხვავებით, "ზესტაფონის" ძირითადში 4 ახალი ფეხბურთელი (კახა ალადაშვილი, შოთა ბაბუნაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, მამუკა კობახიძე) გამოჩნდა.

ჰო, მართლაც ფუფუნებაა, როცა თადარიგში მყოფ ფეხბურთელთა თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას საკუთარი ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ამა თუ იმ შეხვედრის ბედის გადაწყვეტა შეუძლია: თორნიკე აფციაურს, ჯაბა დვალს, რატი წინამძღვრიშვილს, გოგა ფიფიას; თუმცა "ზესტაფონმა" მხოლოდ ის მოახერხა, რომ კახა ალადაშვილის მიერ ზუსტად შესრულებული საჯარიმო დარტყმით აუტსაიდერთან შეხვედრაში ანგარიში გაათანაბრა და არაერთი მცდელობის მიუხედავად, მხოლოდ ქულას დასჯერდა...


ბოლო წუთის სინდრომი
"სპარტაკი"-"ზესტაფონის" დაპირისპირება რომ მორჩა, ერთი საათის შემდეგ ტურის ცენტრალური მატჩი დაიწყო. ანუ, ჩემპიონობის ასევე ორი ფავორიტის შეხვედრას უფრო მეტი ინტრიგა მიეცა: წყვილში გამარჯვებული ყოველგვარი დამატებითი მაჩვენებლების (მოგებების რაოდენობა, ურთიერთშეხვედრები, გოლების სხვაობა და ასე შემდეგ) გათვალისწინების გარეშე სატურნირო ცხრილის სათავეში "წამოსკუპდებოდა"!

სამწუხაროდ, ჩემპიონატის ფავორიტთა მატჩი სანახაობრივი თვალსაზრისით ამავე გუნდების პირველი წრის შეხვედრას ბევრად ჩამოუვარდებოდა; აი, ამ შემთხვევაში კი მიზეზის მოძებნა გაგვიჭირდება - რა თქმა უნდა, მეტად დაძაბული მატჩი გამოდგა, ემოციური ფინალი რომ ჰქონდა, მაგრამ ალბათ, უფრო მეტსაც მოველოდით. ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელებმა, წინა ტურისგან განსხვავებით, ძირითად შემადგენლობებში გარკვეული კორექტივები შეიტანეს: "დინამოს" დისკვალიფიკაციამოხდილი ნიკოლოზ ფირცხალავა და რობერტინიო დაუბრუნდნენ, ხოლო "ოლიმპში" რევაზ გეწაძისა და გიორგი ქავთარაძის ადგილი დენის დობროვოლსკიმ და გიორგი ჭელიძემ დაიკავეს.

პირველ ტაიმში მასპინძლები უკეთ გამოიყურებოდნენ და შეხვედრის ეს მონაკვეთი თავიანთ სასარგელოდ რომ დაამთავრეს, ალბათ, ლოგიკურიც იყო; კახა კაჭარავას გუნდის ფეხბურთელები უფრო მეტად აქტიურობდნენ, მაქსიმალურად ცდილობდნენ მეტოქის ნახევარზე სწრაფად გადასულიყვნენ და ეს მონდომებაც დაუფასდათ! აღსანიშნავია, რომ ზედიზედ მეორე მატჩია ჩინებულ შთაბეჭდილებას ტოვებს ახალგაზდა გარემარბი ირაკლი ლეკვთაძე - 19 წლის ნახევარმცველი ამჯერად მარცხენა ფლანგზე ვიხილეთ და როცა ლამის... მამისტოლა გრიგოლ ჭანტურიასთან პირისპირ აღმოჩნდა, ასაკთან შეუფერებელი "ცივსისხლიანობითა" და ოსტატობით ზუსტად შეასრულა გადამწყვეტი დარტყმა.

ამ ეპიზოდში გარჯა არც მათე ვაწაძეს უნდა დავუკარგოთ, მოედნის სიღრმიდან პარტნიორს იშვიათი სიზუსტის პასი რომ გაუკეთა. პირველი ტაიმის ბოლომდე "დინამოს" გოლის გატანის კიდევ ერთი შანსი ჰქონდა, მაგრამ ვაწაძისა და ჭანტურიას "დუელი" ამ უკანასკნელის გამარჯვებით დამთავრდა. აი, "ოლიმპი" კი პირველ ტაიმში შეტევებში საკმაოდ პასიურობდა და ერთადერთხელ იყო, სტუმართა გუნდმა მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი რომ შექმნა მასპინძელთა კართან - ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ირაკლი მოდებაძე "ერთი შეხებით" ურტყამდა, მაგრამ...

მეორე ტაიმში დაძაბულობის "ხარისხმა" უფრო მოიმატა, "ოლიმპი" საგრძნობლად გააქტიურდა, მაგრამ "დინამო" მაინც ახერხებდა თამაშის თავისთვის სასურველ რიტმში გაკონტროლებას. სტუმართა თავკაცმა რამაზ მუმლაძემ მოედანზე არსებული სიტუაციის შესაცვლელად შეცვლებს მიმართა და როგორც მერე გაირკვა, სწორედ ეს აღმოჩნდა გადამწყვეტი! ყოველ შემთხვევაში, მოედანზე შემოსულმა რევაზ გეწაძემ საკუთარი გუნდის თამაში საგრძნობლად გაამწვავა და თავის "საფირმო" ცაციათი ნებისმიერი მანძილიდან ცდილობდა ბურთის დინამოელთა კარში გაგზავნას.

კვლავაც დადებითი კუთხით წარმოჩნდა ირაკლი მოდებაძე, "დინამოს" მეკარეს გიორგი ლორიას ასევე არაერთი თავსატეხი რომ გაუჩინა. თუმცა, დიდი შანსი იყო, ამ შეხვედრას სულ სხვა "მიმართულება" ჰქონოდა, ლევან კაკუბავას გამჭოლი გადაცემის შემდეგ ირაკლი ლეკვთაძეს რთული მდგომარეობიდან გოლი რომ გაეტანა - "დინამოს" ქომაგთა სამწუხაროდ, ახალგაზრდა გარემარბმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში "დუბლის" შესრულება ვერ შეძლო.

ამასობაში კი ძირითადი დრო ამოიწურა და დამატებულ 4 წუთში ვნახეთ კიდეც მატჩის კულმინაციური მომენტი. მოკლედ, "დინამოს" მწვრთნელ-ფეხბურთელებს პრინციპული მეტოქის დამარცხების გარდა სულ ცოტა დროღა აშორებდათ ზედიზედ მესამე მოგებასთან, საკუთარ მოედანზე ასპროცენტიანი შედეგის გაგრძელებასთან და, რაც მთავარია, ერთპიროვნულ ლიდერობასთან! მაგრამ, მსაჯის მიერ დამატებული პირველი წუთი იწურებოდა, მასპინძლები საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეში რომ დაჯარიმდნენ.

ასეთ დროს, მაქსიმალური ყურადღება მართებს მეკარეს: კარის ხაზზე თავადაც სწორი პოზიცია რომ უნდა აირჩიოს და არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ როგორ დააყენებს "ცოცხალ კედელს"; მოკლედ, მთლად ყველაფრის გიორგი ლორიაზე (თავის კარიერაში, ალბათ, საუკეთესო სეზონს რომ ატარებს) გადაბრალება არ გვინდა, მაგრამ ფაქტია, რომ "დინამოს" მეკარემ საკუთარი გუნდი ვერ გადაარჩინა.

თუმცა ამ ეპიზოდის "მთავარ გმირს", რევაზ გეწაძესაც ნუ დავუკარგავთ გარჯას: "ოლიმპის" ნახევარმცველმა, ისევ და ისევ, თავის "საფირმო" ცაციათი ეფექტურად და, რაც მთავარია, ზუსტად დაარტყა და საკუთარ გუნდს ამ უპრინციპულეს დაპირისპირებაში ქულა მოუტანა! ისე, ამ მატჩის ბოლო წუთებმა... შარშანდელი თასის ფინალი გაგვახსენა; მაშინაც ერთმანეთს "დინამო" და "ოლიმპი" ხვდებოდნენ, კახა კაჭარავას გუნდს მაშინაც წამები აშორებდა ძირითად დროში გამარჯვებასთან; მაშინაც მსაჯის მიერ დამატებულ დროში დაჯარიმდნენ დინამოელები და ერთადერთი ის განსხვავება იყო, რომ შარშან თუ ის "სტანდარტული" უზადოდ გიორგი მეგრელაძემ შეასრულა, ამჯერად უკვე რევაზ გეწაძის ჯერი დადგა... სხვათა შორის, შარშანდელი თასის ფინალსაც და კვირის მატჩსაც ერთი და იგივე არბიტრი, ლაშა სილაგავა სჯიდა...

.რა თქმა უნდა, ძალიან დასანანია, პრინციპულ მეტოქესთან გამარჯვებას ბოლო წამებზე ხელიდან რომ გაუშვებ; თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ჩემპიონატის ორი გამორჩეული გუნდის დაპირისპირებაში დაფიქსირებული საყაიმო შედეგი, ალბათ, მაინც სამართლიანი იყო...


პროგრესის გზა
"ზესტაფონის" ვერმოგებამ და "დინამო"-"ოლიმპის" მატჩმა ტურის სხვა დანარჩენი 3 შეხვედრა, ცოტა არ იყოს, დაჩრდილა. არადა, სამივე ამ მატჩში მეტ-ნაკლებად დასამახსოვრებელი მართლაც არაერთი რამ მოხდა: ბოლოს და ბოლოს, ნამდვილად არა ვართ განებივრებულნი ერთ შეხვედრაში 6 გოლის ხილვით! "ვიტ ჯორჯია"-"კოლხეთის" მატჩზე ვრცლად გუშინ ვისაუბრეთ და მხოლოდ იმას დავძენთ, რომ ამ შეხვედრას საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი სოსო ჭედია ესწრებოდა.

ვერ გეტყვით, სტუმართა გუნდიდან ვინ შეიძლება მოსწონებოდა ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტს, მაგრამ "ვიტ ჯორჯიაში" ჩვენი უპირველესი გუნდის რამდენიმე კანდიდატი ასპარეზობს (ზოგიც, თადარიგშია...) და იმათმაც, განსაკუთრებულად მოინდომეს. თუმცა, არამხოლოდ ნაკრების კანდიდატებმა: გუშინაც აღვნიშნეთ და დღესაც გავიმეორებთ, რომ მიუხედავად უგოლოდ ჩატარებული მატჩისა, მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო მასპინძელთა შემტევი ჯაბა ლიპარტია გახლდათ...

დაბოლოს, იმ ორ შეხვედრაზეც, მასპინძელთა მინიმალური გამარჯვებით რომ დამთავრდა: "ტორპედომ" ახალგაზრდა ნიკოლოზ საბანაძის გოლით, როგორც იქნა, თავისთვის შეუფერებელი IX ადგილი დატოვა. ეგ კი არა, წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში, ნურავის გაუკვირდება, გია გიგატაძის გუნდი II წრის ბოლოს ბევრად უფრო "პრესტიჟულ ადგილზე" რომ ვიხილოთ. მეტად საჭირო 3 ქულა მოიპოვა "სიონმაც" - გიორგი ყიფიანის გუნდს ამ ტურამდე ჩატარებული სამ შეხვედრაში მხოლოდ 1 ქულა ჰქონდა მოპოვებული და აი, ეს მოგება ქვემოქართლელებისთვის, სატურნიროს გარდა, ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც უმნიშვნელოვანესი იყო.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 2 /
ფოთიზუგდიდი სამტრედია დადის აქ ხალხი.3000 დაახლოებით მარა პატარა ქალაქებია და მეტი არც ცხოვრობს და ვერც მოვა.
vaxo
12:06 02-11-2010
0
ამაზე ცუდი ამინდი აგარ მგონია იყოს აწი ქუთაისში საშინელი ამინდი იყო. აქედან გამომდინარე შეგვილია ვთქვათ რო ქუთაისშI რაც არ უნდა იყოს კაკ მინიმუმ 2500 კაცზე ნაკლებ არ მოვა.კაი ამინდში 7000 8000. კაი გუნდთან 10000 11000.
vaxo
12:02 02-11-2010
0

სიახლეები პოპულარული