ყოველივე ამას, რაღა თქმა უნდა, უამრავი მიზეზი ჰქონდა (ობიექტურიც და სუბიექტური); მაგრამ "დინამოს" ერთგული ქომაგები ახალი სეზონის დაწყებას "ჩვეული"
"დინამოს" მთავარ მწვრთნელთან ჩვენი საუბარი კი ნომინანტობის გარდა, გუნდის ბოლოდროინდელ ასპარეზობაზე, ცალკეულ ფეხბურთელებსა და გუნდისა თუ, საერთოდ. ქართული ფეხბურთის პრობლემებზეც წარიმართა.
- ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ მწვრთნელი იქნება თუ ფეხბურთელი, ყველას სიამოვნებს, როცა მისი შრომა დაფასდება. მაგალითად, ჩემთვის ნამდვილად არ იყო ჩვეულებრივი ამბავი, "ლელომ" რომ "თვის მწვრთნელად" დამასახელა. იმასაც ვიტყოდი, რომ ობიექტურობას ყოველთვის მივესალმები - ანუ, აბსოლუტურად ლოგიკურად მიმაჩნია, ჩემთან ერთად "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის დამსახურებაც რომ საგანგებოდ აღნიშნეთ.
- გასულ თვეში "დინამომ" წაუგებლად კი იასპარეზა, მაგრამ, ჩვენი აზრით, გუნდის ასპარეზობა მაინც არაერთგვაროვნად უნდა შეფასდეს: ხუთი შეხვედრა წაუგებლად კი ჩაატარეთ, მაგრამ, ალბათ, 9 ქულაზე მეტის მოგროვებაც შეგეძლოთ...
- გეთანხმებით, - 9 ქულა ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი შედეგი ნამდვილად არ არის; მით უფრო, ამ ხუთი მატჩიდან რამდენიმე შემთხვევაში აშკარად უკეთეს შედეგს ველოდით.
- ალბათ, "სპარტაკთან" ნათამაშებ ფრეს გულისხმობთ. როგორ ფიქრობთ, მაინც რა იყო თქვენი გუნდის ვერმოგების მთავარი მიზეზი - მეტოქის შეუფასებლობა?
- ერთ-ერთი და არა - უმთავრესი: ჩემი გუნდის ფეხბურთელებს, ალბათ, ეგონათ, რომ ძალების დაუზოგავად შეძლებდნენ გამარჯვებას; სამწუხაროდ, ნებისმიერ მეტოქესთან ორივე ტაიმს სრული კონცენტრაციით თუ არ ჩაატარებ, წარმატებაზე არც უნდა იფიქრო. ამას გარდა, მინდვრის საფარმაც ნეგატიური როლი შეასრულა, ამას მსაჯის შეცდომებიც დაემატა და...
- სამსაჯო თემაზე მერე ვისაუბროთ, მანამდე კი, გვინდა, გასულ თვეში ჩატარებული მატჩები გავიხსენოთ; თუნდაც, გარკვეული პაუზის შემდეგ ქუთაისში "დინამოს" სტუმრობა...
- აი, ამ შემთხვევაში აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაცია იყო; ფაქტობრივად, ევროტურნირებს თუ არ ჩავთვლით, ასეთ ჭეშმარიტად საფეხბურთო ატმოსფეროში ასპარეზობას ჩვენი ფეხბურთელები მიჩვეულნი ხომ არ არიან. 12000 გულშემატკივარი, განათების შუქზე თამაში, ორივე გუნდის ფეხბურთელთა მოტივაცია, - მოკლედ, ყველაფერი იყო, რაც ფეხბურთს უხდება; ჩვენ რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ, 3 ქულის მოსაპოვებლად ვიბრძოდით, მაგრამ, მიმაჩნია, რომ იმ შეხვედრაში ფრე ლოგიკური შედეგი იყო.
- გულახდილად გეტყვით: ბევრს ნამდვილად არ ეგონა, ამ ჩემპიონატში "დინამო" მეორე შეხვედრასაც თუ მოუგებდა "ზესტაფონს"; თანაც, სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერი სტუმრად დაამარცხეთ.
- ბაქი-ბუქი არასდროს მჩვევია, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, იმ თამაშს რომ მოვიგებდით; ამას გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტორიც, რომ "დინამოს" ფეხბურთელებიც თავდაჯერებულნი გამოვიდნენ მოედანზე და მაქსიმალურად კონცენტრირებულნი იყვნენ. თანაც, არ დაგავიწყდეთ, რომ სწორედ იმ მატჩისათვის ჩადგნენ მწყობრში მანამდე ტრავმირებული ფეხბურთელები: ვაწაძე, ედნილსონი, რობერტინიო, ფირცხალავა. ოღონდ, არც იმას დავმალავ, რომ ამ ფეხბურთელების გამოყვანა, გარკვეულწილად, რისკიც იყო - ფეხბურთელს ორი თვე სათამაშო პრაქტიკა რომ არ ექნება, ძნელია მაშინათვე ოპტიმალური კონდიციების აღდგენა. თუმცა, ზემოთჩამოთვლილმა ფეხბურთელებმაც და "დინამოს" დანარჩენმა წევრებმაც გამარჯვებისადმი უდიდესი სურვილი გამოამჟღავნეს და ზესტაფონიდან 3 ქულა წამოვიღეთ.
- აი, ამის შემდეგ კი ამ სეზონში "დინამოს" ერთ-ერთი საუკეთესო მატჩიც ვიხილეთ, როცა მანამდე საიმედო დაცვით გამორჩეული ფოთის "კოლხეთი" ხუთბურთიანი სხვაობით დაამარცხეთ.
- რომელ მწვრთნელს არ გაუხარდება, თავისი გუნდი ასე დამაჯერებლად რომ მოიგებს; განსაკუთრებით კი მეორე ტაიმში ნაჩვენები თამაშით დავრჩი კმაყოფილი - "დინამოს" თითოეულმა ფეხბურთელმა ყველა ჩემი დავალება ზედმიწევნით ზუსტად შეასრულა.
- და აი, "მივადექით" გასული თვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას; მით უმეტეს, "ოლიმპთან" მოგების შემთხვევაში "დინამო" ჩემპიონატის ცხრილის სათავეში მოექცეოდა. როგორ ფიქრობთ, ბოლო წუთზე ხელიდან გაშვებული გამარჯვება მხოლოდ ფსიქოლოგიური ფაქტორს უნდა დაბრალდეს?
- აი, ამ შემთხვევაში კი, ალბათ, მართლაც ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი სწორედ ის ფსიქოლოგიური წნეხი იყო, ჩემი გუნდის ფეხბურთელებს მთელი მატჩის განმავლობაში თან რომ სდევდათ. თანაც, პირველ ტაიმშივე დავწინაურდით და უმეტესობა, ალბათ, იმას ფიქრობდა, ერთ კონკურენტს - 2, მეორეს კი 4 ქულით ჩამოვიტოვებთო. ამას გარდა, მეორე ტაიმში, ალბათ, არასწორი ტაქტიკაც ავირჩიეთ, როცა "დინამომ" უკან დაიხია და მეტოქეს ბურთის ფლობაში საგრძნობი უპირატესობაც შეექმნა. მოკლედ, იმაზე ვფიქრობდით, საკუთარ კარში გოლი არ გაგვეშვა, მაგრამ დავისაჯეთ...
- მეორე ტაიმში "ოლიმპმა" თამაში მაშინ უფრო გამოასწორა, მოედანზე ახალი ფეხბურთელები რომ გამოჩნდნენ. არ დავმალავთ და, გვეგონა, რომ კოლეგის ტაქტიკურ გადაადგილებებს ... ადეკვატური ცვლილებებით უპასუხებდით.
- არ მინდა კონკრეტული გვარები დავასახელო: ამან ვერ გაამართლა, იმან ნაწილობრივ შეასრულა ჩემი დავალება და ასე შემდეგ-თქო; იმ მომენტში როგორც საჭიროდ ჩავთვალე, ისე მოვიქეცი, თანაც ამა თუ იმ ფეხბურთელის შემოყვანა-არშემოყვანაში წინა მატჩებიც გავითვალისწინე; კიდევ ერთ ფაქტორს მინდა ხაზი გავუსვა: ბოლო წამებზე ის გოლი რომ არ გაგვეშვა, ამდენი კითხვაც ხომ არ გაჩნდებოდა? თუმცა, მერწმუნეთ, რომ საკუთარ შეცდომებს მუდამ ვაანალიზებთ-ხოლმე: მნიშვნელობა არა აქვს, კონკრეტული მატჩი როგორი შედეგით დასრულდება.
- გასაგებია თქვენი პოზიცია, მაგრამ კონკრეტულ ფეხბურთელზე გვინდა გკითხოთ: რატომღაც გვეგონა, რომ "ოლიმპის" გააქტიურების შემდეგ "დინამოს" შემადგენლობაში მოედანზე დავით მუჯირი გამოჩნდებოდა...
- კონკრეტიკისგან თავს ვიკავებდი, მაგრამ, ალბათ, შეცდომა მართლაც დავუშვი: მუჯირის შემოყვანით, დიდი შანსი იყო, რომ მეტოქეს ბურთის ფლობაში იმხელა უპირატესობა აღარ ჰქონოდა. მაგრამ, ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს ფეხბურთია, სადაც ყველა შეიძლება შეცდეს: მოთამაშეც, მწვრთნელიც, მსაჯიც...
- "დინამო-"ოლიმპის" ეს მატჩი სანახაობრივი თვალსაზრისით ბევრად ჩამოუვარდებოდა ამავე გუნდების პირველი წრის დაპირისპირებას, რუსთაველთა გუნდის გამარჯვებით რომ დამთავრდა. ის შეხვედრა შემთხვევით არ გაგვიხსენებია: მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ მსგავსი აღშფოთებული მწვრთნელი-კაჭარავა არასდროს გვინახავს.
- გეთანხმებით, მართლაც მშვენიერი სანახაობა იყო: სეზონის დასაწყისისთვის ორივე გუნდი ჩინებულ ფორმაში იმყოფებოდა, ამინდიც მშვენიერი დაემთხვა, მაგრამ აი, მსაჯობაზე რა მოგახსენოთ... საერთოდაც, არ მსურს ამ საკითხზე კონკრეტულად საუბარი, რადგან ცალკე და მართლაც განსაკუთრებული თემაა. უბრალოდ, ვისურვებდი, რომ საქმე უკეთესობისკენ წასულიყოს, თორემ წეღანაც გითხარით: ფეხბურთში უშეცდომო არავინ არის და, აქედან გამომდინარე, გამონაკლისი ვერც ჩვენი მსაჯები იქნებიან. ოღონდ, ეს შეცდომები ყოველთვის... ერთი და იმავე გუნდის საზიანოდ არ უნდა მოსდიოდეთ.
- სამსაჯო საკითხი განსაკუთრებულად აქტუალური ამ სეზონში გახდა. არადა, ჯერჯერობით ხომ მხოლოდ მეორე წრე მიმდინარეობს...
- ყოველთვის ვცდილობ, ამ საკითხთან დაკავშირებული პრეტენზიებისგან თავი შევიკავო. თუმცა, როცა უსამართლოდ და ტენდენციურად გექცევიან, როგორ გინდა ყველაფერი აიტანო? თანაც, ახლა უკვე ძალიან ბევრ გუნდს შეეხო მტკივნეულად ეს პრობლემა და ამიტომაც გახდა კიდეც აქტუალური. ოღონდ, ყოველთვის მინდა მჯეროდეს, ნებისმიერი მსაჯის შეცდომა... მიზანმიმართული ქმედება რომ არ იყოს.
- რაც "დინამოს" მთავარი მწვრთნელი ხართ, თუ არ ვცდებით, მხოლოდ ამჟამად არის ისეთი სიტუაცია, როცა გუნდში "სათადარიგოთა სკამის" პრობლემა არ არსებობს.
- ამ შემთხვევაში ვერ დაგეთანხმებით, რომ ჩემი მუშაობის პერიოდში როდესმე დაუკომპლექტებელი შემადგენლობა გვყოლოდა; უბრალოდ, დანავსულები ვიყავით: ყოველ მეორე-მესამე თვეში ტრავმის გამო ძირითადი შემადგენლობის ოთხი-ხუთი ფეხბურთელი გვაკლდებოდა.
- თუმცა, ვერც იმას იტყვით, კლუბმა ზაფხულის "სატრანსფერო კამპანიის" დროს საგრძნობლად იაქტიურაო...
- კლუბის ხელმძღვანელების და ჩემი პოზიცია ამ საკითხან დაკავშირებით იდენტურია: ფეხბურთელი გუნდში მხოლოდ იმის გამო არ უნდა მოიყვანო, ადგილი რომ შეავსოს. ანუ, ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება არ გვინდოდა და როგორც დრომ დაგვანახა, სწორი გათვლა გაგვიკეთებია: იმედია, თქვენც დაგვეთანხმებით, რომ უშუალოდ სეზონის მსვლელობაში "დინამომ" სოლიდური შევსება მიიღო.
- ამას არავინ უარყოფს; მით უფრო, კვარაცხელიასა და მუჯირის დამატებით, ჩვენი აზრით, "დინამოს" თამაში ბევრად უფრო მრავალფეროვნაი გახდა. თანაც, ამ ორი გამოცდილი მოთამაშის გარდა გუნდში კოშკაძე, ხმალაძე, ედნილსონი თამაშობენ, ანუ "დინამო"... "პატარა ბიჭების" გუნდი ნამდვილად აღარ არის.
- სასიამოვნოა, როცა ამ ტენდენციას "გარედანაც" ამჩნევენ: ნებისმიერ გუნდში 5-6 გამოცდილი ფებურთელი უნდა თამაშობდეს, რომელთა გვერდითაც ახალგაზრდები უდიდეს გამოცდილებას შეიძენენ. არ დავმალავ და ვიტყვი, რომ ჩემთვის დიდი ბედნიერებაა დავით მუჯირის მსგავს პროფესიონალთან მუშაობა; იგივე შემიძლია ვთქვა გივი კვარაცხელიაზეც, ხოლო კოშკაძისა და ხმალაძის შესაძლებლობებში ეჭვი არასდროს შემპარვია.
- ახალგაზრდებზეც ვთქვათ: ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფეხბურთელთა გარკვეულმა ჯგუფმა (ლორია, თომაშვილი, კაკუბავა) საგრძნობი პროგრესი განიცადა; ამ ბოლო მატჩებში ჩინებული შთაბეჭდილება დატოვა 19 წლის ირაკლი ლეკვთაძემ; ერთადერთი, მათე ვაწაძის გაუთავებელი ტრავმები გვაწუხებს.
- ამ უკანასკნელით დავიწყებ: მართალაც, დაიტანჯა უიღბლობით; ახალგაზრდა ბიჭია და უკვე რამდენჯერმე ჰქონდა სერიოზული ტრავმა. თანაც, ოპტიმალური ფორმის პიკზე რომ იმყოფება, მაინცდამაინც მაშინ უნდა დაშავდეს - აი, როგორც სომხეთში, ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში მართლაც გამორჩეული მატჩი რომ ჩაატარა. ძალიან მიხარია, რომ ლორიამ, თომაშვილმა და კაკუბავამ ჩვენი ნდობა გაამართლეს და თქვენც აღნიშნეთ ამათი პროგრესი. რაც შეეხება ლეკვთაძეს, მესამე წელია ჩვენთან არის: ჯერ "დინამოს" აკადემიაში იყო, შემდეგ II გუნდში; წინა სეზონის ბოლო მატჩში ძირათადში დავაყენეთ და "დუბლი" შეასრულა! ახლაც, "ზესტაფონთან" პრინციპულ მატჩში ვენდე და შეცვლაზე რომ შევიყვანე, მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა. იმის მერე კი, კარგად იცით, ორ თამაშში სამი გოლი გაიტანა - ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ეს პერსპექტიული ბიჭი თავის შანსს ასე იყენებს.
- თითქმის ყველა მატჩში "დინამო" ერთი და იმავე ტაქტიკით (4-2-3-1) ასპარეზობს. რა თქმა უნდა, მწვრთნელის კომპეტენციაში ჩარევას არ ვაპირებთ; მაგრამ, ხანდახან "გვეჩვენება", რომ ამა თუ იმ მატჩში ტაქტიკის გარკვეული შეცვლაც არ იქნებოდა ურიგო...
- ნებისმიერ მწვრთნელს ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გააჩნია და გამონაკლისი არც მე ვიქნები; ჩემთვის მთავარია, ნებისმიერ მატჩში და ნებისმიერ მეტოქესთან "დინამომ" მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებაზე ითამაშოს. რა თქმა უნდა, უშუალო შეხვედრის დროს გარკვეულ გაადადგილებებს მივმართავ-ხოლმე, მაგრამ... ტაქტიკის შეცვლას მაინც არ ვაპირებ!
- დაბოლოს, გვინდა "შეგახსენოთ", რომ წინა სეზონში "დინამო" უტიტულოდ დარჩა...
- სხვა გუნდებისთვის თასის ფინალში გასვლა ან მეორე ადგილის დაკავება თუ წარმატებაა, ჩვენთვის უდიდესი იმედგაცრუებაა; აქედან გამომდინარე, ახალს არაფერს ვიტყვი: ამ სეზონში "დინამო" მხოლოდ და მხოლოდ მაქსიმალური მიზნებისათვის იბრძოლებს. თანაც, გულახდილად ვამბობ: როგორც მწვრთნელს, უდიდესი სურვილი მაქვს ჩემპიონი გავხდე და საერთოდ, "დული" შევასრულო. არ დაგავიწყდეთ, რომ მართლაც საინტერესო და არაპროგნოზირებადი ჩემპიონატი გვაქვს: არავინ იცის, რომელი გუნდი ქულებს სად და როდის დაკარგავს;
- "სიტყვას შეგაწევთ" და, თუ არ ვცდებით, ამ სეზონში... გამარჯვებული წინასწარ ცნობილი არ უნდა იყოს...
- ვფიქრობ, ეგ დრო წავიდა, როცა ყველამ ყველაფერი წინასწარ იცოდა; არც ის მინდა გავიხსენო, არცთუ დიდი ხნის წინ თუ რატომ ვერ ხდებოდა ორი წლის განმავლობაში "დინამო" ჩემპიონი...