ტურის ცენტრალურ შეხვედრას მართლაც მშვენიერი ამინდი დაემთხვა, მაგრამ, როგორც ვივარაუდეთ, "ფოლადის" სტადიონი მაინც არ გაივსო! ეგ კი
სტუმართა თავკაცმა გია გეგუჩაძემ მოედანზე ოპტიმალური და, როგორც იტყვიან ხოლმე, საბრძოლო შემადგენლობა გამოიყვანა. რამაზ მუმლაძემ კი გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის, დისკვალიფიცირებული ბოლქვაძის არყოფნის გამო "ოლიმპის" შემადგენლობაშიც და ტაქტიკურ განლაგებაშიც გარკვეული კორექტივები შეიტანა და, როგორც მერე გაირკვა, სწორი გადაწყვეტილებებიც მიუღია. ამ საკითხზე უფრო დაწვრილებით ხვალინდელ "ტურის მიმოხილვაში" ვიტყვით, დღეს კი უშუალოდ მატჩის პერიპეტიებს შემოგთავაზებთ. მატჩისა, ერთობ ნაადრევი გოლი რომ გავიდა და ასეთმა დასაწყისმა მასპინძელთა თამაშზე პოზიტიურად რომ იმოქმედა. მესამე წუთი იწყებოდა, მეტოქის საჯარიმოს სიახლოვესთან "ოლიმპის" ცენტრფორვარდმა ბერიაშვილმა რომ იაქტიურა და სტუმართა მცველებს ისღა დარჩენოდათ, საკუთარი შეცდომა წესების დარღვევით "გამოესწორებინათ". სეზონში "ოლიმპმა" უკვე არაერთი გოლი გაიტანა "სტანდარტულებიდან", ჯარიმა ამჯერადაც 3 ქულის მომტანი აღმოჩნდა! საჯარიმო დარტყმა კვახაძემ შეასრულა, ბურთი სტუმართა "ცოცხალ კედელში" ერთ-ერთ ფეხბურთელს მოხვდა და... "ზესტაფონის" მეკარე კვასხვაძეც უძლური იყო _ 1:0! ასეთმა დასაწყისმა მასპინძელთა აქტიურობა კი არ დააოკა, პირიქით _ უფრო ენერგიულად შეუტიეს მეტოქეს და სულ მალე გეწაძემ მარცხენა ფლანგზე თავის "საფირმო" რეიდი სახიფათო დარტყმით დაასრულა, მაგრამ მეკარემ საიმედოდ ითამაშა. და აი, შეტევაში "გართულ" მასპინძლებს სტუმართა მწვავე კონტრშეტევა გამოეპარათ, მაგრამ "ზესტაფონმა" თითქმის 100-პროცენტიანი მომენტი ვერ გამოიყენა: დვალმა ჩინებული პასით გელაშვილს ხელსაყრელი პოზიცია შეუქმნა, თუმცა ბედიაშვილს ვერ აჯობა _ დროულად გამოვიდა კარიდან და ძლიერი დარტყმა მოიგერია. ამის მეტი სტუმრებს პირველ ტაიმში შეტევაში ხეირიანი არაფერი გაუკეთებიათ; სამაგიეროდ, "ოლიმპი" კვლავ განაგრძობდა ზეწოლას; სტუმართა მცველებს დიდი თავსატეხი გაუჩინა ბერიაშვილმა: ერთ ეპიზოდში მისი თავური კვასხვაძემ მოიგერია, მეორედ მცირეოდენ არაზუსტად დაარტყა; ტაიმის ბოლოს კი მოდებაძეს შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ ოდნავ დააყოვნა. მოკლედ, პირველი ტამი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და ამ შემთხვევაში აუცილებლად გამოსარჩევია ქავთარაძისა და ჯაფარიძის ჩინებული თამაში.
მეორე ტაიმის საწყისი წუთები უჩვეულოდ მშვიდად წარიმართა, აი, მერე კი ისევ ჩქარი ტემპი, ორივე კართან სახიფათო მომენტები, ხისტი თამაში და, საერთოდაც, ჩვენი ჩემპიონატის კვალობაზე მართლაც მშვენიერი სანახაობა ვიხილეთ. ოღონდ ერთი საკამათო ეპიზოდიც იყო: ბერიაშვილისა და ონიანის ორთაბრძოლისას სტუმრებმა მიიჩნიეს, რომ მასპინძლები უნდა დაჯარიმებულიყვნენ და მსაჯის სასტვენის მოლოდინში გაჩერდნენ კიდეც. ამ დროს "ოლიმპმა" თამაში არ შეაჩერა და ბერიაშვილის პასით გეწაძე სტუმართა მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა კვასხვაძემ ამჯერადაც იყოჩაღა. ძნელი სათქმელია, როგორ განვითარდებოდა მოვლენები მოედანზე, ეს ბურთი რომ გასულიყო: "ზესტაფონის" ფეხბურთელებმაც და ქომაგებმაც აქტიურად გამოხატეს პროტესტი მსაჯის იმ შეცდომის (მათი აზრით) გამო. ვიმეორებთ: მართლაც საკამათო ეპიზოდი იყო და თუ ამ მომენტს მხედველობაში არ მივიღებთ, მთლიანობაში ლევან კვარაცხელიას მსაჯობა მაინც დადებითად უნდა შევაფასოთ.
ამის შემდეგ ორივე გუნდის მწვრთნელებმა მოედანზე სიტუაციის შესაცვლელად ახალ-ახალი ფეხბურთელებიც შემოიყვანეს; "ზესტაფონიც" ბევრად გააქტიურდა, მაგრამ "ოლიმპის" მცველებიც საიმედოდ თამაშობდნენ და ბედიაშვილმაც, ფაქტობრივად, უშეცდომოდ ჩაატარა მატჩი. მან ორჯერ შეძლო ჯერ დაუშვილის შემდეგ კი გრიგალაშვილის შორეული დარტყმების მოგერიება. ამ უკანასკნელმა (სტუმართა გუნდში, ალბათ, ყველაზე გამორჩეულმა) ერთ ეპიზოდში საკმაოდ მახვილი კუთხიდან (თანაც შორი მანძილიდან) სახიფათო "სტანდარტული" შეასრულა და ბურთი მასპინძელთა კარის ხარიხას მოხვდა. თუმცა მასპინძლებსაც მთელი გუნდით უკან არ დაუხევიათ და ერთი-ორჯერ მწვავედაც შეუტიეს; განსაკუთრებით კი ის ეპიზოდი დაგვამახსოვრდა, მოდებაძე შეუჩერებლად რომ ურტყამდა, მაგრამ ბურთი სტუმართა კარის ბადეს... გარედან მოხვდა.
და აი, მაშინ, "ოლიმპის" ქომაგებს უშუალო კონკურენტთან გამარჯვება და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადასვლა რომ უნდა ეზეიმათ, სტუმართა ბოლო შეტევამ კინაღამ ყველაფერი შეცვალა! მსაჯის მიერ დამატებული წუთები იწურებოდა, მასპინძელთა მცველების პოზიციური შეცდომის შედეგად წინამძღვრიშვილი უაღრესად ხელსაყრელ სიტუაციაში რომ აღმოჩნდა; თუმცა შეცვლაზე შესულმა ფორვარდმა მეტისმეტად არაზუსტად დაარტყა და... სულ მალე მატჩის საფინალო სასტვენიც გაისმა!
ამ გამარჯვებით კი "ოლიმპმა" მართლაც სერიოზული საჩემპიონო განაცხადიც გააკეთა...
6.11. რუსთავი. ფოლადი. 900 მაყურებელი
ოლიმპი-ზესტაფონი 1:0
1:0 კვახაძე (3).
ოლიმპი ზესტაფონი
4-2-3-1 4-1-3-2
ბედიაშვილ ირ. კვასხვაძე
ღონღაძე ალადაშვილი
კვახაძე გ. ონიანი
რეხვიაშვილი ხიდეშელი
ჯაფარიძე ელიავა
დობროვოლსკი დაუშვილი
რაზმაძე აფციაური
მოდებაძე ძარია
ქავთარაძე გრიგალაშვილი
გეწაძე დვალი
ბერიაშვილი გელაშვილი
მწვრთნელი მწვრთნელი
რ. მუმლაძე გ. გეგუჩაძე
ოლიმპი
64. დობროვოლსკი-გ. ჭელიძე
82. გეწაძე-ყაზაიშვილი
90+3. ქავთარაძე-ქემოკლიძე
სათადარიგოები: ბათიაშვილი, ჯ. უგულავა, ბარაბაძე
ზესტაფონი
64. ძარია-წინამძღვრიშვილი
77. დაუშვილი-გორგიაშვილი
81. დვალი-ბენაშვილი
სათადარიგოები: მამალაძე, კობახიძე, ბაბუნაშვილი, ფიფია.
გაფრთხილება: ძარია (15), რეხვიაშვილი (34), მოდებაძე (37), ღონღაძე (45), ალადაშვილი (47), დვალი (52), ბედიაშვილი (73).
არბიტრი: ლ. კვარაცხელია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"