ადრეული და იშვიათი გოლები

AutoSharing Option
ცოტაც, და სეზონის ანტირეკორდი გამეორდებოდა: ხუთ შეხვედრაში მხოლოდ 5 გოლი გავიდა! შეგახსენებთ, რომ არცთუ დიდი ხნის წინ, კერძოდ, XI ტურში სამად-სამი გოლი ვიხილეთ. თუმცა, მომდევნო ორ ტურში ჩვენი ფეხბურთელების შედეგიანობა მკვეთრად გაიზარდა და აი, ჩემპიონატში გამოცხადებული ორკვირიანი პაუზის წინ ისევ კატასტროფული მაჩვენებელი მივიღეთ.

ყოველივე რას დავაბრალოთ? უამინდობაზე ვერავინ ვერაფერს იტყვის: პარასკევის და შაბათის მატჩები მშვენიერ კლიმატურ პირობებში ჩატარდა; ამას გარდა, წესითა და რიგით, ჩვენ ჩემპიონატში მოასპარეზე, სულ მცირე, ოცამდე ფეხბურთელს დამატებითი მოტივაციაც უნდა ჰქონდა: ტურის ორ შეხვედრას (”დინამო”-”ბაია”, ”ოლიმპი”-”ზესტაფონი”) ხომ
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ესწრებოდა. ვფიქრობთ, ერთადერთი ”გასამართლებელი” მიზეზი ჩვენი ფეხბურთელების... გადაღლილობა უნდა ყოფილიყო: ათ დღეში სამ-სამი შეხვედრის ჩატარებამ რომ მოუწიათ. ჰოდა, ხვალ თასის მერვედფინალებსაც როგორმე ”გადააგორებენ” და მერე უკვე ”დამსახურებული” შესვენების დროც დადგება - სანაკრებო მატჩის გამო ჩვენი ჩემპიონატი 20 ნოემბერს განახლდება.

ამ შესვენებაზე კი გუნდები აშკარად განსხვავებულ ”ხასიათზე” მიდიან: გარკვეულმა კატეგორიამ ბოლო დროს აშკარად გამოასწორა თამაშის ხარისხი და ყოველივე ეს სატურნირო ცხრილზეც აისახა; აი, ზოგიერთი გუნდის ზედიზედ რამდენიმე წარუმატებლობას კი, ალბათ, მცირე კრიზისიც შეიძლება რომ ვუწოდოთ.


რაოდენობა და ხარისხი
ჩემპიონატს კი ახალი ლიდერი ჰყავს: რუსთავის ”ოლიმპმა” ტურის ცენტრალურ მატჩში უშუალო კონკურენტს ”ზესტაფონს” აჯობა და ცხრილის სათავეში აბსოლუტურად დამსახურებულად მოექცა. ახალი მწვრთნელის, რამაზ მუმლაძის ხელმძღვანელობით ”ოლიმპმა” ხუთი მატჩი ჩაატარა და არცთუ იოლ მეტოქეებთან პაექრობებში 11 ქულა მოაგროვა. აი, კონკურენტებმა კი ამ დროის განმავლობაში ბევრად უარესი შედეგი უჩვენეს: ”დინამომ” 9 ქულა მოაგროვა, ”ზესტაფონმა” კი - მხოლოდ ოთხი! საერთოდაც, ”ზესტაფონის” ბოლოდროინდელ ასპარეზობას, რბილად რომ ვთქვათ, სერიოზული წარუმატებლობა უნდა ვუწოდოთ: ბოლო ხუთი შეხვედრიდან გია გეგუჩაძის გუნდმა სამი წააგო, ერთი ფრედ დაამთავრა და მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო. ამის გამოც მოხდა, კონკურენტებმა ჯერ სხვაობა შეამცირეს, შემდეგ კი ”ზესტაფონი” სულაც უკან რომ მოიტოვეს! არადა, ერთი შეხედვით, ასეთი ცუდი შედეგი არ უნდა ჰქონოდა: ”ზესტაფონი” ხომ იშვიათ კატეგორიის გუნდებს მიეკუთვნება, ფინანსური თუ სპორტული თვალსაზრისით საწუწუნო რომ არაფერი აქვთ. აღარაფერს ვამბობთ გუნდის შემადგენლობაზე, - ასევე სხვა გუნდებისგან განსხვავებით ყველაზე დაბალანსებული რომ არის და საერთოდაც, ამდენი კვალიფიციური ფეხბურთელი ერთად თავმოყრილი, სხვაგან არსად გვეგულება.

ყველაფრის მიუხედავად, ”ზესტაფონი” მაინც უნდა მივიჩნიოთ ჩემპიონობის ერთ-ერთ რეალურ კანდიდატად, ოღონდ ასეთ ამბიციურ გუნდს ბევრად უფრო სტაბილური თამაში რომ მოეთხოვება, ფაქტია. აი, ”ოლიმპის” ბოლოდროინდელ ასპარეზობაში კი, უპირველეს ყოვლისა, სწორედ სტაბილურობა და დამაჯერებლობა შეინიშნება. არადა, რამაზ მუმლაძეს თავის ახალ გუნდში ორი სრულფასოვანი შემადგენლობა ნამდვილად არა ჰყავს - ახლაც, ”ზესტაფონთან” პრინციპულ მატჩში ”ოლიმპის” განაცხადი კვლავაც ”კაცნაკლული” იყო. თუმცა, მწვრთნელის კვალიფიკაცია სწორედ იმაში გამოიხატება, კონკრეტულ მეტოქესთან კონკრეტული სათამაშო სქემა აირჩიოს. ”ოლიმპში” მოსვლის დღიდან მუმლაძე თავის გუნდს, უმეტეს შემთხვევაში, ”კლასიკური” (4-4-2) განლაგებით ათამაშებდა; აი, ”ზესტაფონთან” კი მასპინძლები მოედანზე შეცვლილი განლაგებით (4-2-3-1) გამოვიდნენ და ერთი-ორი ფეხბურთელი ამპლუაშეცვლილიც ვიხილეთ: ირაკლი მოდებაძე გარემარბად მოგვევლინა და მთელი მატჩის განმავლობაში საპირისპირო ფლანგზე მოასპარეზე რევაზ გეწაძეს არაერთხელ გაუცვალა ადგილი; დისკვალიფიცირებული დავით ბოლქვაძის არყოფნაში ცენტრფორვარდის უკან გიორგი ქავთარაძე თამაშობდა და ისე როგორც წინა მატჩებში (როცა ”საყრდენად” ასპარეზობდა), ”ოლიმპის” ახალწვეულმა ამჯერადაც მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა. რაოდენობა და ხარისხი ყოველთვის ერთი და იგივეს რომ არ ნიშნავს, გიორგი ბერიაშვილმაც ”დაამტკიცა” - ”ოლიმპის” ცენტრალურმა თავდამსხმელმა მთელი შეხვედრის განმავლობაში უამრავი თავსატეხი გაუჩინა სტუმართა მცველებს; ანუ, ერთფორვარდიანი ტაქტიკითაც შესაძლებელი ყოფილა მეტოქეს საკუთარი თამაში მოახვიო და, საერთოდაც, შეტევაში ბევრად უფრო აგრესიულად იმოქმედო.

რა თქმა უნდა, სტუმრებზე დამთრგუნველად იმოქმედებდა მატჩის დასაწყისშივე გაშვებული გოლი; თუმცა, მეორეს მხრივ, ”ზესტაფონის” ფეხბურთელებს ხომ საკმარისზე მეტი დრო ჰქონდათ ანგარიშის გასათანაბრებლად და ერთი-ორჯერ ახლოსაც იყვნენ გოლის გატანასთან: პირველ ეპიზოდში ნიკოლოზ გელაშვილმა ფაქტობრივად, ასპროცენტიანი მომენტი ვერ გამოიყენა (გრიგოლ ბედიაშვილმაც ჩინებულად ითამაშა, მეტოქის სახიფათო ფორვარდის ძლიერი დარტყმა რომ მოიგერია), მეორე ტაიმში კი შოთა გრიგალაშვილის შორეული საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბურთი მასპინძელთა კარის ხარიხას მოხვდა. მომენტები მასპინძლებსაც ჰქონდათ, მაგრამ შეხვედრის კულმინაცია მსაჯის მიერ დამატებული წუთებში იყო, როცა ”ოლიმპის” მცველების პოზიციური შეცდომის შედეგად რატი წინამძღვრიშვილი უაღრესად ხელსაყრელ სიტუაციაში აღმოჩნდა - შეცვლაზე შემოსულმა ფორვარდმა არაზუსტად დაარტყაო, რომ ვთქვათ, მართლაც რბილად ნათქვამი გამოგვივა...

”ზესტაფონის” შემადგენლობაში ერთდროულად რამდენიმე ისეთი ფეხბურთელია, კონკრეტული მატჩის ბედის გადაწყვეტა ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე რომ შეუძლია; თუმცა, გია გეგუჩაძის გუნდის ერთ-ერთი ”საფირმო ნიშანი”, რაღა თქმა უნდა, კოლექტიური თამაშია და ”ზესტაფონის” ტაქტიკური განლაგებაც, უმეტეს შემთხვევაში, აშკარად შეტევაზეა ორიენტირებული (4-1-3-2); ანუ, ცენტრალური მცველების წინ ”საყრდენად” ბუბა დაუშვილი მოქმედებს, მის წინ ერთდროულად 3 ”შემქმნელი” ნახევარმცველი (თორნიკე აფციაური, ირაკლი ძარია, შოთა გრიგალაშვილი) და თავდასხმაშიც ჯაბა დვალისა და ნიკოლოზ გელაშვილის ”დუეტი”. მეორე ტაიმში გია გეგუჩაძემ შეცვლებით სცადა სიტუაციის გამოსწორება და ”ზესტაფონის” სათამაშო სქემაც ამჟერად უკვე 4-3-3 გახდა; კოლეგას ადეკვატური შეცვლებით უპასუხა რამაზ მუმლაძემაც და თავისი გუნდი ხუთკაციან ნახევარდაცვაზე ”გადააწყო”. აქვე, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ გიორგი ჭელიძეც და ახალგაზრდა ვაკო ყაზაიშვილიც თამაშში აქტიურად ჩაერთვნენ.

...ისე, ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ”საფეხბურთო აქსიომა” იმის თაობაზე, რომ ნებისმიერმა მწვრთნელმა... ”თავისი გუნდი” უნდა მოძებნოს. რამაზ მუმლაძის მაგალითზე ვსაუბრობთ: სეზონი ”ტორპედოში” დაიწყო და ქუთაისიდან ისე წამოვიდა, 7 ტურის განმავლობაში არც ერთი მატჩი არ ჰქონდა მოგებული. სამაგიეროდ, ამჟამად ”ოლიმპშია” და იმის გარდა, რომ უკვე ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, გუნდი ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერიც გახდა!


მაღლა და მაღლა
”ტორპედოს” წარმატებული სვლა გრძელდება და ერთადერთი, რაც შესაძლოა ამ გუნდის ერთგულ ქომაგებს არ მოსწონდეთ, სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზე ყოფნაა. თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ”ტორპედოს” მდგომარეობას კატასტროფულზე მეტი ეთქმოდა - სეზონის წინ საგრძნობლად გაძლიერებული გუნდი ცხრილის ფსკერზე იმყოფებოდა და უმაღლეს ლიგაში ერთადერთ მოუგებელ გუნდად რჩებოდა. და აი, მერვე ტურიდან მოყოლებული, ”ტორპედო” წაუგებლად ასპარეზობს და გია გიგატაძის ხელმძღვანელობით გუნდმა შვიდ შეხვედრაში 15 ქულა მოაგროვა! არანაკლებ შთამბეჭდავია კიდევ ერთი შედეგი: ზედიზედ 5 მატჩია, ”ტორპედო” გოლს არ უშვებს და ეს, რაღა თქმა უნდა გუნდის მეკარის ომარ მიგინეიშვილის და მცველების დამსახურებაა. წარმატებული სვლა უკანასკნელ ტურშიც გაგრძელდა: ”ტორპედომ” არცთუ იოლ პაქერობაში შესძლო და ფოთიდან 3 ქულა წამოიღო. ”ოლიმპი”-”ზესტაფონის” მატჩის მსგავსად, ამ შეხვედრაშიც ადრეული გოლი გავიდა: სევასტი თოდუას ზუსტი გადაცემის შემდეგ ვახტანგ კვარაცხელიამ თავური დარტყმით ახალი გუნდის მაისურით პირველი გოლი გაიტანა. სხვათა შორის, კვარაცხელია ჯერჯერობით ერთადერთი ფეხბურთელია, ორ სხვადასხვა გუნდში (”ვიტ ჯორჯია”, ”ტორპედო”) რომ შესძლო თავის გამოჩენა. მასპინძლებს მდგომარეობის შესაცვლელად ცდა არ დაუკლიათ, მაგრამ ზედიზედ მესამე მარცხი განიცადეს. არადა, მატჩის მიწურულს ქულის გადარჩენის რეალური შანსიც ჰქონდათ, მაგრამ რევაზ ჯიქიამ სტუმართა მეკარეს ვერ აჯობა. სხვათა შორის, ამ შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს ტელევიზიის პირველი არხით გადაიცემოდა და მსაჯის მიერ დამატებული დრო რომ იწურებოდა, სწორედ მაშინ ვიხილეთ კიდეც მეტად საკამათო ეპიზოდი: სტუმართა საჯარიმოში ბურთისათვის სევასტი თოდუა და რევაზ ჯიქია იბრძოდნენ; ჩვენი აზრით, ფორვარდმა მოწინააღმდეგეს ბურთი წესების დარღვევით აართვა, მერე, ფაქტობრივად, მეკარესთან პირისპირაც აღმოჩნდა, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ასეთი ხელსაყრელი პოზიციიდან მაინც ვერ შესძლო გოლის გატანა. ადვილი წარმოსადგენია, თუ რა რეაქცია ექნებოდათ ”ტორპედოს” მწვრთნელ-ფეხბურთელებს, მასპინძელთა თავდამსხმელს უფრო ზუსტად რომ ეთამაშა...

...აშკარად ”მშვიდობიანი” გამოდგა ბოლნისური მატჩი, სადაც მასპინძლებმა მხოლოდ შეხვედრის მიწურულს გატეხეს ”სპარტაკის” წინააღმდგეობა. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი აღმოჩნდა ”სიონის” ახალგაზრდა თავკაცის მიერ განხორციელებული შეცვლები: 19 წლის ვილი ისიანმა ეფექტური თავური დარტყმით ანგარიში გახსნა, მატჩს საბოლოო წერტილი კი ასევე თავური დარტყმით ლაშა ჭელიძემ დაუსვა. ამ გამარჯვებით ”სიონი” ერთობ კომფორტულ, მეოთხე საფეხურზე აღმოჩნდა, თუმცა სატურნირო ცხრილში დიდი სიმჭიდროვეა და გიორგი ყიფიანის გუნდსაც ”ტემპის შენარჩუნება” მოეთხოვება. არადა, ჩემპიონატში გამოცხადებული პაუზის შემდეგ ”სიონს” მეტად და მეტად რთული მატჩები ელოდება (”ტორპედოსთან”, ”დინამოსთან”, ”ზესტაფონთან”, ”ოლიმპთან”).


კარგი და ცუდი ზღაპარი
ზუგდიდური გუნდის ასპარეზობა... ზღაპარსს წააგავს! თვეზე მეტია, ”ბაია” ერთობ სავალალო ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფება, გუნდიდან ლამის ორი ათეული (!) ფეხბურთელიც (ძირითადად - მოწვეულნი) წავიდა, მაგრამ ყოველივე ამას შედეგზე უარყოფითად არ უმოქმედია. ეგ კი არა, ელგუჯა ქომეთიანის ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდი დრო და დრო ფავორიტ მეტოქეებსაც ამწარებს-ხოლმე და ასე მოხდა ამჟამადაც; ყოველ შემთხვევაში, თბილისში ”დინამოსთან” არწაგებას, ვეჭვობთ, ბევრი რომ მოელოდა, - მასპინძლები გამარჯვების შემთხვევაში ხომ ცხრილის სათავეში გადაინაცვლებდნენ და მერე უკვე, ”დამშვიდებულნი” დაელოდებოდნენ მეორე დღეს დანიშნულ ”ოლიმპი”-”ზესტაფონის” მატჩს. ”დინამოს” ერთგულ ქომაგთა სამწუხაროდ მასპინძლებმა სეზონის ერთ-ერთი უფერული მატჩი ჩაატარეს და თავისზე ბევრად სუსტ მეტოქესთან პაექრობაში მხოლოდ ქულას დასჯერდნენ. აქვე, სტუმართა ახალგაზრდა მეკარის დამსახურებაც არ უნდა დავივიწყოთ: 20 წლის თორნიკე ზარქუამ რამდენიმე ეპიზოდში საკუთარი გუნდი ხიფათს გადაარჩინა. თუმცა, რაც უნდა დამაჯერებლად ასპარეზობდეს მეტოქის მეკარე, ”დინამოს” აშკარად მეტი მოეთხოვებოდა; თანაც, წინა ტურში ნათამაშები ფრე, ასე თუ ისე, ტრაგედიად თუ არ უნდა შეფასებულიყო (ბოლოს და ბოლოს, ქვეყნის ჩემპიონს ხვდებოდნენ), აი, ”ბაიასთან” დაკარგულმა ორმა ქულამ გარკვეული კითხვებიც გააჩინა. თუმცა, რატომ ”გარკვეული”: აი, მაგალითად, დღესაც უცნობია, თუ რა მომავალი ექნება კახა კაჭარავას: ჩვენ გაზეთთან ინტერვიუში ”დინამოს” მმართველმა დირექტორმა ბუბა ტყავაძემ მთავარი მწვრთნელის გუნდიდან წასვლა არც უარყო და, არც... დაადასტურა. კაჭარავას ”დინამოდან” წასვლა-არწასვლის საკითხს აუცილებლად დაუბრუნდებით; ამჯერად კი მხოლოდ იმას დავძენთ, რომ გუნდის სატურნირო მდგომარეობას კატასტროფული ნამდვილად არ ეთქმის - ”დინამო” მხოლოდ ქულით ჩამორჩება ჩემპიონატის ახალ ლიდერს, რუსთავის ”ოლიმპს”.

დაბოლოს, ”სამტრედიის” ზედიზედ მეორე საშინაო გამარჯვებაზეც, რის შემდეგაც გელა სანაიას გუნდმა გამოკვეთილი აუტსაიდერი ”სპარტაკიც” საგრძნობლად ჩამოიტოვა და, რაც მთავარია, ასეთი საჭირო ქულების ”ნელ-ნელა” დაგროვებით საკუთარი სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გააუმჯობესა. ამ მატჩის შესახებ კიდევ იმას ვიტყოდით, გამარჯვების მომტანი ერთადერთი გოლი გუნდის ყველაზე გამოცდილმა ფეხბურთელმა, 31 წლის შოთა ჩომახიძემ გაიტანა. სამწუხაროდ, ტური ისე როგორ ”ჩაივლიდა”, მსაჯებისადმი საჭირო უკმაყოფილება არ ყოფილიყო და გამონაკლისი არც ”სამტრედია”-”ვიტ ჯორჯიას” შეხვედრა იყო...


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული