თემურ ლორია: ამ პირობებში ლანჩხუთის "გურიას" რა შედეგის იმედი უნდა ჰქონდეს?

AutoSharing Option
ჩემპიონატი 10 აგვისტოს იწყება და სახელმწიფოს დოტაციაზე მყოფი "გურიაც" მძიმე მდგომარეობაშია. არადა, ლანჩხუთელები უმაღლესში დაბრუნებას 14 წელიწადი ელოდნენ და რას წარმოიდგენდნენ, რომ გადასვლა ასე ჩაუმწარდებოდათ.

კლუბს ჯერ კიდევ დასრულებული სეზონის ხელფასების, პრემიებისა და ბონუსების დავალიანება დაუგროვდა.

ამის გამო დატოვეს "გურია" ლიდერებმა: დავით მაისაშვილი რუსთავის "მეტალურგში" გადავიდა, ალეკო გოგობერიშვილი "სიონში", მიხეილ კაკალაძე - ქობულეთის "შუქურაში" და სავარაუდოდ, გიორგი სალარიძეც სხვა გუნდის ფორმას მოირგებს.

"ფინანსური მდგომარეობა ჯერაც გაურკვეველია. მოთამაშეებსა და ადმინისტრაციის წევრებს კონტრაქტები დაუმთავრდათ, ახალი ხელშეკრულებები კი არავის შემოუთავაზებია, მათ შორის, არც
ჩემთვის.

ახალი ფეხბურთელების მოყვანა მსურდა: "ჩიხურადან" რევაზ გოცირიძისა და თემურ შარაშენიძის, "ზუგდიდიდან" დავით გამეზარდაშვილის, ქუთაისის "ტორპედოდან" ბიძინა ცინცაძის, ბათუმის "დინამოდან" კი - ალეკო კოშკაძის.

კიდევ 2-3 გამოცდილ ფეხბურთელზე ვფიქრობდი, გასინჯვაზეც რამდენიმეს ვიწვევდი, მაგრამ ამ გაურკვევლობის გამო ვეღარაფერი შევთავაზე. მერე გავიგე, რომ ცინცაძე რიგაში წავიდა; თუ არ მეშლება, გოცირიძეც ახალ კლუბში გადავიდა.

ჩვენი საკითხი უახლოეს დღეებში უნდა გადაწყდეს და გვეცოდინება, ვინ წავა და დარჩება.

ჩემი სურვილია, რომ იგივე სამწვრთნელო შტაბი დარჩეს, მაგრამ ასეთ პირობებში რა გუნდი შეიკრიბება და რა შედეგის იმედი უნდა გვქონდეს?

გამგეობა ყველანაირად გვერდში გვიდგას, მაგრამ ლანჩხუთს მწირი ბიუჯეტი აქვს და რატომღაც, მაქვს წინათგრძნობა, რომ დაფინანსებასა და ჩვენს სხვა მოთხოვნებზე სასურველ პასუხს ვერ მივიღებთ, 2 მილიონის იმედი კი აღარ გვაქვს",
- გვითხრა "გურიას" მთავარმა მწვრთნელმა თემურ ლორიამ.

აქვე ვიტყვით, რომ ლანჩხუთის სტადიონზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ, სავარაუდოდ, ჩემპიონატის პირველ ტურებში "გურია" მეტოქეებს ქობულეთში უმასპინძლებს.

აგვისტოს ბოლომდე კი იმედოვნებენ, რომ ლანჩხუთის სტადიონი მოწესრიგდება და საშინაო არენაზე გადაინაცვლებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლანჩხუთის გამგებელი გურიას ოქროს მთებს ჰპირდებოდა და ეს არის მისი სიტყვის ფასი? მაჟორიტარ დეპუტატსაც არაფერი შAესძლებია, რისთვის ზის პარლამენტში.შარშან სტადიონი მაინც გაკეთდა სანახევროდ, მოკლედ გოგუაძე მოგენატრებათ
Dimitri
14:05 15-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული