არადა, ლანჩხუთის "გურიაში" მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა.
შევიტყვეთ, რომ პოსტი დატოვა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ლორიამ. ეს ამბავი თავად დაგვიდასტურა:
"ახლა გუნდი გრიგოლეთშია შეკრებილი, მაგრამ მე იქ არც წავსულვარ.
მოთამაშეებსა და ადმინისტრაციის წევრებს კონტრაქტები დაუმთავრდათ და ახალი ხელშეკრულებები არ შესთავაზეს. ფაქტობრივად, დაითხოვეს სპორტული დირექტორი კახა ებრალიძე და კლუბის დირექტორი ირაკლი ფაცურია.
ჩემს გაშვებაზე არავის არაფერი უთქვამს, მაგრამ "გურია" უმაღლეს ლიგას რომ დაუბრუნდა, ეს მხოლოდ ჩემი დამსახურება არ არის -
რატომ არ გაუხანგრძლივეს კონტრაქტები, ამაზე დასაბუთებული პასუხი ვერ მივიღე და ჩავთვალე, დარჩენის მორალური უფლება არ მქონდა.
წამოსვლა ვამჯობინე, თანაც, ყოველგვარი ხმაურის გარეშე".
"გურიას" სიახლეებზე კი ლანჩხუთელთა კლუბის დირექტორი კობა მირზაშვილი გველაპარაკა:
"დიახ, სამწუხაროა, რომ ლორიამ დაგვტოვა. მის ნაცვლად, მთავარ მწვრთნელად გამოცდილი დავით მახარაძე დავნიშნეთ, რომელიც სამწვრთნელო შტაბს აყალიბებს.
გუნდი გრიგოლეთში ემზადება და შარშანდელი შემადგენლობიდან რამდენიმე მოთამაშე დავაბრუნეთ, მაგალითად - მეკარეები ძაძამია, გოგუაძე; წინახაზელები - თოდუა, შენგელია, შალამბერიძე, ჩასემი, ჯანგიძე, კუკულაძე, ჭეიშვილი, კვერენჩხილაძე.
ცვლილებებზე კიდევ ვფიქრობთ და იმედია, რომ "გურია" უმაღლეს ლიგაში ღირსეულად წარდგება".
ახლა მთავარზე: მირზაშვილის თქმით, კლუბს ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების პერსპექტივა გაუჩნდა:
"ეს საკითხი გვარდება და იმედია, მალე სპონსორიც დაგვეხმარება. ახლა დოკუმენტაციას ვაწესრიგებთ, რომ მასთან ხელშეკრულება გავაფორმოთ.
სანამ ხელს არ მოვაწერთ, კომპანიის სახელს ვერ დავასახელებ, მაგრამ ეს კი შემიძლია გითხრათ - "გურიას" სპონსორი რომ ეყოლება, ეს ამბავი 80 პროცენტით არის გადაწყვეტილი და წესით, ფინანსურმა პრობლემებმა აღარ უნდა შეგვაწუხოს".
შეგახსენებთ, რომ დავით მახარაძე დასრულებული ეროვნული ჩემპიონატის საშემოდგომო ეტაპზე ფოთის "კოლხეთის" მთავარი მწვრთნელი გახლდათ, მაგრამ ნოემბრის დასაწყისში გუნდი დატოვა. იმ დროისთვის ფოთელებს ერთი თამაშიც არ მოეგოთ.
თუმცა მიზეზი არა მახარაძის დაბალი კვალიფიკაცია, არამედ "კოლხეთის" გაუსაძლისი ფინანსური პრობლემები იყო, რომლის ლოგიკური შედეგიც კოლხების უმაღლესი ლიგიდან გავარდნა იყო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გაუგებარი ფეხბურთი ლანჩხუთში - შიდა დაპირისპირება "გურიის" წინააღმდეგ
თემურ ლორია: ამ პირობებში ლანჩხუთის "გურიას" რა შედეგის იმედი უნდა ჰქონდეს?
ხმაური, წიოკი და დაკა-დაკა - პოლიტიზირებული ფეხბურთი ლანჩხუთში
11-წლიანი მოლოდინის დასასრული - ლანჩხუთის "გურია" დაგვიბრუნდა!