23 ივლისს გრიგოლეთში, საფეხბურთო კლუბ "გურიის" ახალმა ხელმძღვანელობამ პრესკონფერენცია გამართა.
ჟურნალისტებს წარუდგინეს კლუბის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კობა მირზაშვილი, ახალი მთავარი მწვრთნელი დავით მახარაძე, მისი თანაშემწე გია ჩხაიძე, გუნდის კაპიტანი გიგა კვერენჩხილაძე და ახალწვეული თენგიზ ჩიკვილაძე.
ასევე, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მახარაძეს, ჩხაიძის გარდა, რევაზ კუკულაძეც დაეხმარება, სპორტული დირექტორია თემურ ალექსაია, ადმინისტრატორი - გოჩა იმნაიშვილი.
"დანარჩენ ვაკანსიებზე ჯერ კიდევ ვფიქრობთ", - განაცხადა ჩვენთან საუბარში ახალმა სპორტულმა დირექტორმა.
სავარაუდოდ, "გურია"
აქვე დავაზუსტებთ, რომ ძველი დირექტორატიდან, ვინც გასული სეზონის დასაწყისიდან "გურიაში" მუშაობდა და კლუბი უმაღლეს ლიგაში გადაიყვანა, ამჟამად არც ერთი გუნდში აღარ არის (ის, რაც აქამდეც ყველამ ისედაც იცოდა, გია ჩხაიძემ გამგებლის კაბინეტში გასულ შაბათს ღიად დააფიქსირა, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და ყველაფერი საპარლამენტო არჩევნებს და შემდეგ გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებს უკავშირდება - ავტ.).
როგორც ცნობილია, ახალმა ხელმძღვანელობამ რამდენიმე მათგანთან მოლაპარაკება სცადა, მაგრამ შეთავაზებას არც ერთი არ დათანხმდა - "ძველი გუნდის" წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ვისაც ღვაწლი მიუძღვის "გურიის" წარმატებაში, ყველა უნდა დარჩენილიყო.
* * *
დავით მახარაძე, "გურიის" მთავარი მწვრთნელი:
- "გურია" ერთი კვირის წინათ შეიკრიბა. შემოთავაზება მივიღე კლუბის დირექტორ კობა მირზაშვილისგან. გადაწყვეტილება იოლი მისაღები არ იყო, რადგან დაგვიანებულია შეკრება. ახლა ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ თანდათან გუნდი ფორმაში შევიდეს.
თუ რამდენ ხანში მოხდება ეს, ჩვენზეცაა დამოკიდებული. ასევე, მნიშვნელოვანი იქნება იღბალიც. არ ვიკვებებით ილუზიებით და პირდაპირ ვიტყვი, რომ ექვსეულისთვის ბრძოლა თითქმის გამორიცხულია. ჩვენ იმისთვის უნდა ვიბრძოლოთ, რომ ის ქულები დავაგროვოთ, რაც მეორე ეტაპზე ლიგაში დარჩენისთვის დაგვეხმარება.
წავიკითხე წინა ხელმძღვანელობის პოზიცია, ექვსეულში მოვხვდებითო, თუმცა ამ დროისთვის უკვე გამორიცხულია, ზედა 6 გუნდში მოხვედრაზე ვიფიქროთ.
აქვე ერთიც მინდა დავამატო, რაც თავიდანვე მინდოდა მეთქვა: როცა შემოთავაზება მივიღე, მაშინვე დავუკავშირდი თემურ ლორიას, რომელმაც მითხრა, რომ გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. სხვა შემთხვევაში მე წინადადებას არ დავთანხმდებოდი - როგორც ვიცი, თემურს შეთავაზება ჰქონდა კლუბის ახალი ხელმძღვანელობისგან.
რა იყო ამის მიღმა, ვერაფერს გეტყვით და ეს ჩემი საქმეც არ არის.
- ერთი ამხანაგური მატჩი უკვე გამართეთ. რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?
- გამოჩნდა, რომ მოუმზადებლები ვართ. თუმცა ფეხბურთელთა გამოცდილება და ის, რაც თუნდაც აზერბაიჯანელებთან შეხვედრაში პოტენციალი დავინახე, მაძლევს იმედს, რომ გუნდი თანდათან ათამაშდება.
- ვინ არიან კლუბის ახალწვეულები?
- როგორც იცით, სამი დღეა, რაც გუნდში დავინიშნე და ფეხბურთელთა აბსოლუტური უმრავლესობა დამხვდა. ახლა სინჯებისა და შერჩევის დრო არც გვაქვს, თუმცა უარსაც არავის ვეუბნებით, ამხანაგურ შეხვედრებს საამისოდაც ვიყენებთ. შეიძლება, შეცდომაც დავუშვათ, რადგან ერთ ამხანაგურ შეხვედრაში შესაძლოა ფეხბურთელმა პოტენციალი ვერ დაგვანახვოს.
როგორც გითხარით, ყველა ფეხბურთელი დამხვდა, მხოლოდ ალექსანდრე ინწკირველია, ვინც მე მოვიწვიე. ასევე, ახალწვეულები არიან: ივანე კილაძე, ედიკ საჯაია, ალექსანდრე კოშკაძე, თენგიზ ჩიკვილაძე, ლევან ჩაგელიშვილი, გიორგი მუველაშვილი, რეზო გოცირიძე და მიხეილ ალავიძე. ამ უკანასკნელს ჯერ არც კი უვარჯიშია გუნდთან.
- ანუ მიზანი ლიგაში დარჩენაა?
- დიახ. ზამთრის შესვენებამდე რაც შეგვიძლია მეტი ქულა უნდა ავიღოთ, მერე კი ბევრი რამ სხვა გარემოებებზე, ინვესტორზე და ა. შ. იქნება დამოკიდებული.
- რა სიახლეა სპონსორთან დაკავშირებით და ვინ არის ის?
- ამის შესახებ ვერაფერს მოგახსენებთ, კლუბის დირექტორი უკეთ გეტყვით. რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ სპონსორთან დაკავშირებული საკითხი კარგად გადაწყდება.
* * *
კობა მირზაშვილი, კლუბის დირექტორი:
- გარკვეული საკითხებია მოსაგვარებელი. აქტიურად ვმუშაობთ მუნიციპალიტეტთანაც, არის იურიდიული საკითხები, რაშიც გაერკვევა სპონსორი და სეზონის დაწყებამდე, იმედია, ყველაფერი მოგვარდება.
- ლაპარაკია რუსულ ინვესტიციაზე?
- დიახ.
- კომპანიაა თუ კერძო პირი?
- კერძო პირია!
- როდის ჩამოვა ლანჩხუთში?
- ამას კონკრეტულად ჯერ ვერ გეტყვით. სეზონის დაწყებამდე ჩამოვა...
- ვინ არის, რას წარმოადგენს?
- მაგას ვერ გეტყვით.
* * *
გია ჩხაიძე (მწვრთნელი):
- დავით მახარაძე ძალიან კარგი მწვრთნელია, წარმოშობით ლანჩხუთიდანაა, "გურიაში" უთამაშია კიდეც. ვუსურვებ წარმატებას, რაშიც ხელს ყველანაირად შევუწყობთ.
* * *
გიგა კვერენჩხილაძე (ფეხბურთელი):
- დავაგვიანეთ ვარჯიშის დაწყება, თუმცა დარწმუნებული ვარ, ერთობლივი მონდომებით ქომაგებს გავახარებთ - კარგ შედეგს მივაღწევთ და ყველაფერი კარგად იქნება.
* * *
თენგიზ ჩიკვილაძე (ფეხბურთელი):
- პირველ რიგში, ლანჩხუთელებს ვულოცავ "გურიას" უმაღლეს ლიგაში გადასვლას. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურ შედეგს მივაღწიოთ.
* * *
როგორც გავარკვიეთ, ე.წ. თოდუების კერძო სასტუმროსთან კლუბს ერთთვიანი ხელშეკრულება აქვს, რის შემდეგაც "გურია" ბაზაზე გადავა, სადაც სარემონტო სამუშაოებს გეგმავენ.
რაც შეეხება სტადიონს, როგორც კლუბის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, თბილისის "დინამოსთან" საშინაო მატჩისთვის "ევგრაფი შევარდნაძე" მზად იქნება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"