რუსთავის "მეტალურგი" - ახალწვეულები და ახალი გეგმები

AutoSharing Option
რუსთავის "მეტალურგი" ("ოლიმპი") უმაღლეს ლიგაში 2006 წლიდან ასპარეზობს და იქიდან მოყოლებული, საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კლუბადაც მიიჩნევა.

თავად განსაჯეთ: ამ შვიდი სეზონის განმავლობაში მხოლოდ ორი შემთხვევა იყო, რუსთაველთა გუნდი პირველ სამეულში რომ ვერ მოხვდა.

საქართველოს ორგზის ჩემპიონი, ერთგზის ვერცხლისა და ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი მოახლოებული სეზონის სტარტს სერიოზული საკადრო ცვლილებებითა და, რაც მთავარია, იმედიანი განწყობით ხვდება.

შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულიდან კლუბს ახალი დირექტორი ჰყავს - ზაზა დოლიძე, გუნდის მთავარ მწვრთნელად კი ახალგაზრდა სპეციალისტი გელა სანაია დაინიშნა.

სანაია წინა სეზონის მეორე
ეტაპზე პირველი ლიგის "ჭიათურას" წვრთნიდა, თუმცა უმაღლეს ლიგაში მუშაობის გამოცდილებაც გააჩნია: სხვადასხვა დროს "სამტრედიისა" და თბილისის "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი გახლდათ.

ახალი დირექტორისა და მთავარი მწვრთნელის გარდა, გუნდშიც არაერთი სიახლეა: ახალი სეზონიდან "მეტალურგში" გააგრძელებენ კარიერას ნიკოლოზ შერმადინი (მეკარე), სერგი ორბელაძე (მცველი), დავით მაისაშვილი (მცველი), ლევან კაკუბავა (მცველი), გიორგი ვასაძე (ნახევარმცველი), გურამ გურეშიძე (ნახევარმცველი), დავით კირკიტაძე (გარემარბი).

რაც შეეხება გუნდიდან წასულებს, მთავარი მწვრთნელის გიორგი ყიფიანისა და მისი ასისტენტის გიორგი დეკანოსიძის გარდა, ესენი არიან: ზურაბ ბათიაშვილი, მიხეილ ალავიძე (ორივე - მეკარე), ალექსანდრე ინწკირველი (მცველი), ზურაბ მენთეშაშვილი, გიორგი მიქაბერიძე, გიორგი განუგრავა, ზვიად ლობჯანიძე (ოთხივე - ნახევარმცველი), რომან ახალკაცი (გარემარბი), ვახტანგ კვარაცხელია (თავდამსხმელი).

უმაღლესი ლიგის კალენდრის მიხედვით, "მეტალურგს" საწყისი ორი ტურის ჩატარება სტუმრად უწევს, პირველ საშინაო შეხვედრას კი 26 აგვისტოს "ზესტაფონთან" გამართავს.

რუსთავის "ფოლადის" სტადიონს ქართული ბეჭდური თუ ელექტრონული მედიის წარმომადგენლები კი 6 აგვისტოს სტუმრობდნენ: როგორც დაანონსებული იყო, კლუბის ახალი დირექტორი და მთავარი მწვრთნელი ჟურნალისტებს შეხვდნენ, ხოლო შემდეგ ახალწვეულებიც წარადგინეს.

ზაზა დოლიძე ("მეტალურგის" დირექტორი): "ახალ სეზონს მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებებით ვხვდებით - ახალი სამწვრთნელო შტაბი გვეყოლება და თითქმის ყველა რგოლში ახალი ფეხბურთელები დავიმატეთ.

საბედნიეროდ, კლუბში სტაბილური ფინანსური მდგომარეობაა, ეს კი, ჩვენი გენერალური სპონსორის, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ხელმძღვანელთა დამსახურებაა, ახალ სეზონს იმედით ვხვდებით და გუნდსაც გააჩნია იმის ამბიცია, რომ საპრიზო ადგილებისათვის იბრძოლოს".


გელა სანაია (მთავარი მწვრთნელი): "ჩემთვის დიდი გამოწვევა და პატივია ასეთ გუნდში მიწვევა და "მეტალურგის" ხელმძღვანელებისათვის მადლობის მეტი რა მეთქმის.

რაც შეეხება მოსამზადებელ პერიოდს, მიმაჩნია, რომ თურქეთში საკმაოდ ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ.

ამ შემთხვევაშიც, კლუბის ხელმძღვანელებს მინდა მადლობა გადავუხადო, ჩინებულ პირობებში რომ გვიხდებოდა მოსამზადებელი პერიოდის გავლა.

"მეტალურგი" ისედაც ძლიერი გუნდი იყო, ახლა კი თითქმის ყველა რგოლში ახალი ფეხბურთელები დავიმატეთ და კონკურენციის გაზრდა მაღალი მიზნებისათვის ბრძოლაში ხელს შეგვიწყობს.

- ამ მაღალ მიზნებში რა იგულისხმება: ჩემპიონობა, თასის მოპოვება თუ პირველ სამეულში მოხვედრა?
- ბრძოლა შეიძლება ყველა მიმართულებით, თუმცა ყველაფერს მაინც სეზონის მსვლელობა გამოაჩენს. ამ ეტაპზე კონკრეტულად იმის თქმა შემიძლია, რომ პროგრამა-მინიმუმი პირველი ეტაპის შემდეგ ზედა ექვსეულში მოხვედრაა, დანარჩენი კი მერე გამოჩნდება.

- გუნდის დაკომპლექტება დამთავრებულია?
- ამ ეტაპისათვის, შემადგენლობა 90-95 პროცენტით დაკომპლექტებულია, მაგრამ, თუ ვინმე საინტერესო ფეხბურთელი გამოჩნდა, უარს არ ვიტყვით.

- ჯერ "ოლიმპის", შემდეგ კი "მეტალურგის" მთავარი მწვრთნელებიდან არც ერთ სპეციალისტს სეზონი სრულად არ ჩაუტარებია და ასე გრძელდება 2006 წლიდან...

ზაზა დოლიძე: - გელა სანაიასთან ერთად მრავალწლიანი პროექტი გვაქვს ჩაფიქრებული და არა მხოლოდ რუსთავში, არამედ მთლიანად ქვემო ქართლში გვინდა ბავშვთა ფეხბურთის განვითარება.

გელა სანაია: - ნებისმიერი მწვრთნელის მუშაობა შედეგით ფასდება და კლუბის ხელმძღვანელთა ნდობაც ხარისხიანი ფეხბურთის ჩვენებით უნდა გავამართლოთ; ისე კი, შევეცდებით, ეს ტენდენცია დავარღვიოთ და პრეცედენტიც შევქმნათ, რომ "მეტალურგში" სეზონი ერთი და იმავე მწვრთნელმა დაიწყოს და დაამთავროს.

პრესკონფერენცის დამთავრების შემდეგ კი კლუბის დირექტორმა და მთავარმა მწვრთნელმა ახაწვეულებს მუდმივნომრიანი მაისურები გადასცეს.

გიორგი ბერიაშვილი 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, დავით მაისაშვილს - 8 ნომერი ერგო, ლევან კაკუბავას - 27, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოგვარესა და სეხნია დავით კირკიტაძეს - 18, გურამ გურეშიძეს - 77, გიორგი ვასაძეს - 5, სერგი ორბელაძეს - 24, ნიკოლოზ შერმადინს - 12. აქვე, დავამატებთ, რომ ახალწვეულთაგან ორი ფეხბურთელი, "მეტალურგში" ადრეც გამოდიოდა: გამოცდილი მცველი სერგი ორბელაძე - 2007/08 და 2010/11 წლების სეზონში, ხოლო ცენტრფორვარდი გიორგი ბერიაშვილი - 2010/11 წლების სეზონში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს იქნება ყველაზე უიმედო გუნდი თავისი ზალიან ლიცენზირებული ტრენერით, და უცნობი ტანკისტი ზაზა დოლიძე. ეს მასაჯისტი ზააზა დოლიძე ააშენებს რუსთავის ფეხბურთს.
fexq
12:10 07-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული