როგორც წინა წლებში, ახალი სეზონის დაწყებას ახლაც იმედიანი განწყობით ველოდებით: გვინდა, რომ ჩემპიონატი დაძაბულად წარიმართოს, ჩემპიონობისა თუ საპრიზო ადგილებისათვის მძაფრი კონკურენცია იყოს, სეზონის მსვლელობისას ახალი "სახეები" გამოჩნდნენ და, რაც მთავარია, ყველა გუნდმა დაიცვას "სამართლიანი თამაშის" პრინციპები!
აღარაფერს ვამბობთ სტადიონებისა თუ გულშემატკივრების პრობლემებზე: უკვე მერამდენე წელიწადია, ჩვენი ჩემპიონატის მატჩების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა (ერთი-ორი ქალაქის გამოკლებით), ფაქტობრივად, ცარიელი ტრიბუნების წინ ტარდება.
ისე, ამ სეზონის დაწყების წინ რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ პრინციპულობა გამოიჩინა, მსგავსი არც გვახსენდება:
სხვათა შორის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს უმთავრესი გადაწყვეტილებაც უნდა მოვუწონოთ: ზედიზედ მეორე წელიწადია, რაც ჩემპიონატის დებულება არ ირღვევა და ისე როგორც შარშან, უმაღლესი ლიგა წლეულსაც მხოლოდ და მხოლოდ სპორტული პრინციპების დაცვით დაკომპლექტდა.
ჰო, ბევრს ეგონა, რომ "პოლიტიკურ-გეოგრაფიულ-ტრადიციულ" თუ კიდევ "სხვა" პრინციპების გათვალისწინებით ბათუმის "დინამოსა" და ფოთის "კოლხეთს" უმაღლეს ლიგაში ადგილს შეუნარჩუნებდნენ, მაგრამ, კიდევ ვიმეორებთ, რომ ჩემპიონატის რეგლამენტი არ დაირღვა...
ჩემპიონატი წინას მსგავსი ფორმატით ჩატარდება: 12 გუნდი პირველ ეტაპზე ერთმანეთში ორ წრედ ითამაშებს; მეორე ეტაპიდან კი ისევ ზედა და ქვედა ექვსეულები გველოდება ასევე ორწრიანი ტურნირით.
წინა სეზონის მსგავსად, უმაღლეს ლიგას ახლაც ორი გუნდი დატოვებს და პირველი ლიგიდანაც ორი აღზევდება; ანუ, უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობის გაზრდა, საბედნიეროდ, არც ახლა იგეგმება!
წინა სეზონიც 10 აგვისტოს დაიწყო, თუმცა, პირველი ეტაპი მთლიანად 2012 წელში "ჩაეტია" და წლეულს მარტში უკვე ზედა და ქვედა ექვსეულებად დაყოფილი ჩემპიონატი განახლდა.
აი, XXV ჩემპიონატის პირველი ეტაპი კი მომავალი წლის გაზაფხულზე მთავრდება, სამაგიეროდ, წლეულსვე გამოვლინდებიან თასის მეოთხედფინალისტები, მაშინ როცა წინა სეზონში თასის მერვედფინალური მატჩები თებერვალში გაიმართა.
დაბოლოს, კიდევ ერთი დადებითი ტენდენციაც: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების ხელმძღვანელი ნოდარ კაკულია შექებას აუცილებლად იმსახურებს, რადგან აგვისტოში, სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში ჩემპიონატის მატჩები უმთავრესად შაბათ-კვირას ჩატარდება.
ანუ, XXV ჩემპიონატის მონაწილე მწვრთნელ-ფეხბურთელებს საწუწუნო არაფერი უნდა ჰქონდეთ: ყოველ მესამე-მეოთხე დღეს თამაში რატომ გვიწევსო, - ასეთ ფრაზას წინა წლებში ხომ ხშირად გაიგონებდით.
ახლა კი გუნდების შანსებზე ვისაუბროთ...
დინამო (თბილისი)
საქართველოს ყველაზე ტიტულიანი გუნდი ერთადერთია, ყველა ჩემპიონატში რომ მიუღია მონაწილეობა; ეგ კი არა, მხოლოდ ერთადერთხელ (2011-12 წლების სეზონში) მოხდა, თბილისის "დინამომ" ჩემპიონატი პირველ სამეულს მიღმა რომ დაამთავრა...წინა სეზონში დუშან უჰრინის გუნდმა "დუბლი" შეასრულა და, რაღა თქმა უნდა, ახლაც იმავე მიზნებისათვის ბრძოლას უნდა ველოდოთ.
მით უფრო, რომ წინა სეზონის ძირითადი შემადგენლობიდან მხოლოდ ერთი ფეხბურთელი (მიკელ ალვარო) წავიდა, სამაგიეროდ, შევსება უფრო მასშტაბურია (დავით კვირკველია, ომარ მიგინეიშვილი, ელგუჯა გრიგალაშვილი, გიორგი მიქაბერიძე, დავით ხურცილავა და იჯარიდან დაბრუნებული ირაკლი ლექვთაძე); დავუმატოთ ამათ ორი ახალი ლეგიონერი (პატრიკ ვუო, დორინ გოგა) და, იმის გათვალისწინებით, რომ წინა სეზონთან შედარებით ჩემპიონატში ნაკლებად კონკურენტუნარიანი გარემო ელოდება, ვფიქრობთ, "დინამოს" უპრობლემოდ შეეძლება 2013 წლის შედეგის გამეორება.
ისე, ყველა დანარჩენ შემთხვევაში სეზონი წარუმატებლად შეფასდება: თბილისის "დინამოს" მწვრთნელ-ფეხბურთელებს რომ პირობები აქვთ შექმნილი, საქართველოში კი არა, ევროპის ბევრ ქვეყანაში სანატრელი აქვთ გუნდებს...
ლელოს პროგნოზი: ჩემპიონობის უმთავრესი კანდიდატი
დილა (გორი)
ბოლო ორი სეზონია, "დილა" კლუბის ისტორიაში ახალ-ახალ "ფურცელს წერს": 2012 წელს გუნდმა პირველად მოიპოვა საქართველოს თასი, წლეულს კი ასევე პირველად შეძლო სამეულში მოხვედრა და საბოლოოდ, მეორე ადგილი დაიკავა! არანაკლებ წარმატებულად უნდა მივიჩნიოთ გუნდის ასპარეზობა ევროტურნირებზე: შარშანაც და წლეულსაც "დილამ" მართლაც რომ სასიამოვნო სიურპრიზი შესთავაზა არა მხოლოდ გორელ, არამედ, საერთოდ, ქართველ გულშემატკივარს.
თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა, ახალ სეზონში სწორედ გორელთა გუნდი უნდა მივიჩნიოთ თბილისის "დინამოს" ერთ-ერთ კი არა, ალბათ, ერთადერთ რეალურ კონკურენტად. ოღონდ, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, "დილა" სეზონის მსვლელობისას თუ... არ დაიშალა!
სამწუხაროდ, თითქმის გადაწყვეტილი ამბავია, რომ როგორც კი გუნდი ევროტურნირებზე ასპარეზობას დაამთავრებს, რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი კარიერას უცხოურ კლუბებში გააგრძელებს.
წინა სეზონთან შედარებით "დილაში" უამრავი საკადრო ცვლილება მოხდა (ძირითადი შემადგენლობიდან მხოლოდ გულვერდ თომაშვილი, ლაშა გვალია და ირაკლი მოდებაძე დარჩნენ, ახალგაზრდა შემტევებს გიორგი ილურიძესა და მიხაილ გორელიშვილს კი თამაში ნაკლებად უწევდათ).
ახალ მთავარ მწვრთნელთან (გიორგი დევდარიანი) ერთად გუნდში ბევრი ახალწვეულია (როგორც გამოცდილი, ასევე - ახალგაზრდა), თუმცა ამ ზაფხულს ევროტურნირებზე ჩატარებულმა მატჩებმა დაგვანახვა, რომ "დილას" ასპარეზობაზე შეთამაშების პრობლემა უარყოფითად არ იმოქმედებს.
ლელოს პროგნოზი: თუ გუნდმა შემადგენლობა შეინარჩუნა, ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.
ტორპედო (ქუთაისი)
წინა სეზონი რომ იწყებოდა, ჩემპიონობის უმთავრეს ფავორიტებად თბილისის "დინამოსთან" და გორის "დილასთან" ერთად ქუთაისის "ტორპედოსაც" ვასახელებდით და ეს ლოგიკურიც იყო. თუმცა ამ ზაფხულს "ტორპედოში" ისეთი საკადრო "რევოლუცია" მოხდა, მსგავსი არც ერთ გუნდს რომ არ შეხებია. უმაღლეს ლიგაში: ქართული საკლუბო ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მწვრთნელთან, გია გეგუჩაძესთან ერთად ქუთაისთან დამშვიდობება მოუხდათ გამოცდილ მოთამაშეთა, ფაქტობრივ, აბსოლუტურ უმრავლესობას.
არადა, ყველა ეს ფეხბურთელი ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელი წევრი იყო: ომარ მიგინეიშვილი, გიორგი ონიანი, გრიგოლ დოლიძე, გიორგი გურული, გიორგი დათუნაიშვილი, გიორგი ბერიაშვილი, ელგუჯა გრიგალაშვილი და სხვები.
ასეთი რადიკალური ცვლილება რა შედეგს მოიტანს, ძნელი სათქმელია, თუმცა ქუთაისური კლუბის ხელმძღვანელობამ აქცენტი რომ სამომავლო პროექტზე გააკეთა, ფაქტია: "ტორპედოს" ღირსებას ამიერიდან დაიცავენ პირველ ლიგაში მოასპარეზე თბილისის "ლოკომოტივის" ერთი-მეორეზე პერსპექტიული ახალგაზრდა ბიჭები, რომელთა უმრავლესობაც საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში ასპარეზობს.
მწვრთნელიც იქიდან გადმოჰყვათ ამ ბიჭებს: ესპანელ ჟერარდ სარაგოსას მაქსიმალური ძალისხმევა დასჭირდება, მომთხოვნ ქუთაისელ გულშემატკივრებს თავი რომ მოაწონოს...
ლელოს პროგნოზი: უმაღლესი ლიგის ყველაზე ახალგაზრდულ გუნდს სერიოზული ბრძოლა მოუწევს ზედა ექვსეულში მოსახვედრად.
ჩიხურა (საჩხერე)
გასული სეზონი "ჩიხურას" ისტორიაში, უდავოდ, ყველაზე წარმატებულია: გუნდი პირველად გავიდა თასის ფინალში და, რაც მთავარია, ევროპალიგაზეც მოხვდა! ამ წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, რაღა თქმა უნდა, გუნდის მთავარი მწვრთნელი, გამოცდილი სპეციალისტი სოსო ფრუიძე გახლავთ, ვინც სხვა კოლეგებისგან განსხვავებით, უკვე წლებია ერთსა და იმავე გუნდში მუშაობს.
ასეთი შედეგიანი სეზონის შემდეგ "ჩიხურასგან" კვლავაც წარმატებულ ასპარეზობას ელოდება საჩხერელი ქომაგი, მაგრამ საშინაო არენის მოუწესრიგებლობამ, შესაძლოა, უარყოფითი როლი ითამაშოს: გარკვეული პერიოდის განმავლობაში "ჩიხურა" მეტოქეებს ქუთაისში უმასპინძლებს.
ისე, არ დავმალავთ და ჩვენც გაგვიკვირდა წინა სეზონის მერე გუნდში განხორციელებული ცვლილებები, გუნდის ლიდერები (გიორგი სომხიშვილი, დავით ოდიკაძე, ბესიკ დეკანოიძე, ნიკა კვასხვაძე) კვლავაც "ჩიხურაში" არიან და ამათ რამდენიმე გამოცდილი (დიმიტრი ტატანაშვილი, გიორგი დათუნაიშვილი, რატი წინამძღვრიშვილი) და ახალგაზრდა (ჯაბა ჯიღაური, დავითი კაკულია) ახალწვეულიც დაემატა.
ლელოს პროგნოზი: წინა სეზონის მსგავსად, "ჩიხურას" ზედა ექვსეულში მოხვედრა არც ახლა უნდა გაუჭირდეს; ისე როგორც ევროტურნირების საგზურის მოპოვება.
ზესტაფონი
კლუბის 9-წლიან ისტორიაში ყველაზე წარუმატებელი სეზონი წარსულს ჩაბარდა, ისე როგორც გუნდის წინაშე არსებული პრობლემები! ჰო, ნამდვილად არ იყო კარგი საქმე, როცა ჯერ კიდევ თვე-თვენახევრის წინ, "ზესტაფონის" ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდებოდა! არადა, ლაპარაკია ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქართულ კლუბსა და საქართველოს ორგზის ჩემპიონზე...
საბედნიეროდ, გუნდს არც დაშლა ემუქრება, კლუბის უცვლელი პრეზიდენტი ილია კოკაიაც ადგილზე დარჩა, ახალი მწვრთნელიც "მოიძებნა" და მეტ-ნაკლებად ბრძოლისუნარიან შემადგენლობასაც უნდა ველოდოთ.
ისე, ახალ მწვრთნელს, სერბ სპეციალისტს რაკო დოსტანიჩს საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად გარკვეული დროც დასჭირდება: ჩემპიონატის ფავორიტთაგან ახალი სეზონისათვის მზადება ყველაზე გვიან ხომ "ზესტაფონმა" დაიწყო.
"ზესტაფონშიც" სერიოზული საკადრო ცვლილებები მოხდა და შარშანდელი თუ შარშანწინდელი საჩემპიონო შემადგენლობიდან, გუნდში მხოლოდ მეკარე როინ კვასხვაძე დარჩა.
რაც შეეხება ახალწვეულებს, მათგან ორი გამოცდილი ფეხბურთელის აღნიშვნა გვინდა, გარკვეული პაუზის მერე რომ დაუბრუნდნენ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს - ილია კანდელაკი და გიორგი ადამია.
ლელოს პროგნოზი: საპრიზო სამეულში მოსახვედრადაც იბრძოლებს და არ არის გამორიცხული, საჩემპიონო დავაშიც ჩაერიოს.
ზუგდიდი
წინასასეზონო პერიოდში ყველაზე არადამაიმედებელი ინფორმაცია ზუგდიდიდან მოდიოდა: სრულფასოვანი შეკრების გავლას ვინ ჩივის, გუნდს მთავარი მწვრთნელიც არ ჰყავდა და ეს პრობლემა მხოლოდ და მხოლოდ ამ ერთი კვირის წინაც მოგვარდა! ძალიან, ძალიან სამწუხაროა, რომ გუნდს ასეთი პრობლემები შეექმნა, ოღონდ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ წინა სეზონის "გამოძახილია". შეგახსენებთ, რომ XXIV ჩემპიონატის პირველ ეტაპზე "ზუგდიდი" არცთუ ურიგო ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული და ზედა ექვსეულშიც დამსახურებულად მოხვდა.
აი, მერე კი სიტუაცია აშკარად უარესობისაკენ შეიცვალა და კიდევ კარგი, რომ გუნდი ზედა ექვსეულში იყო, თორემ, მწირი ქულათა მარაგით, შესაძლოა, დაქვეითებაც არ ასცდებოდა.
"ზუგდიდში" ამჟამად ძირითადად ადგილობრივი ფეხბურთელები ითამაშებენ, თუმცა რამდენიმე გამოცდილი მოთამაშის დამატებაც აუცილებლად წაადგება.
მოკლედ, ამ საკუთარი "ხელწერის" მქონე გუნდს ურთულესი სეზონი ელოდება ახალი მწვრთნელების ხელმძღვანელობით: "ზუგდიდს" ოთარ თუთბერიძისა და კლიმენტი წიტაიშვილის "დუეტი" გაწვრთნის.
ლელოს პროგნოზი: ზედა ექვსეულში მოხვედრა გაუჭირდება, ზამთარში შემადგენლობის გაძლიერების შემთხვევაში კი უმაღლესი ლიგიდან გავარდნის საფრთხე არ უნდა დაემუქროს.
მეტალურგი (რუსთავი)
ახალი ხელმძღვანელობა, ახალი სამწვრთნელო შტაბი, 8 ახალი ფეხბურთელი, - აი, ასე ხვდება XXV ჩემპიონატს "მეტალურგი", გასული სეზონი თავისთვის შეუფერებელ, VII ადგილზე რომ დაამთავრა. "მეტალურგის" ახალწვეულების წარდგენაზე ორიოდ დღის წინათ ვისაუბრეთ და ამ თემას აღარ განვავრცობთ; უბრალოდ, მართლაც საინტერესოა, მოხდება თუ არა პრეცენდენტი, როცა კლუბის ისტორიაში ერთი და იგივე მწვრთნელი სეზონს სრულად ჩაატარებს?!.
წინასასეზონო წარდგენისას კლუბის ახალმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ ახალ მთავარ მწვრთნელს გელა სანაიას ნდობა საჯაროდ გამოუცხადა და ისიც დაამატა, რომ "მეტალურგს" ამ სეზონში ისეთი მიზნები ექნება, ასეთი ამბიციის კლუბს რომ ეკადრებაო. წესით, ასეც უნდა მოხდეს, - თუ გავითვალისწინებთ "მეტალურგის" მართლაც არცთუ ურიგო შემადგენლობას.
ლელოს პროგნოზი: წინა სეზონისაგან განსხვავებით, ზედა ექვსეულში მოხვედრა არ უნდა გაუჭირდეს.
მერანი (მარტვილი)
სამწუხაროდ, ამ საინტერესო გუნდს იმის ფუფუნება არა აქვს, მოსამზადებელი ეტაპი უცხოეთში გაიაროს. თუმცა, ამ გუნდის ახალგაზრდა და ამავე დროს, სტაჟიანი თავკაცი მალხაზ ჟვანია მაინც ახერხებს ბრძოლისუნარიანი გუნდის ჩამოყალიბებას. ახალ სეზონში "მერანში" რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელის ხილვა იქნება საინტერესო: შოთა ბაბუნაშვილის, თეიმურაზ ფარულავას, გიორგი მელქაძესა და გიორგი ქუცურუას უმაღლეს ლიგაში არაერთი სეზონი ჩაუტარებიათ.
თუმცა, დანაკლისიც სოლიდურია: იჯარა დაუმთავრდა და "ზესტაფონს" დაუბრუნდა მარტვილელთა საუკეთესო ბომბარდირი საბა ლომია (წინა სეზონში მასზე მეტი გოლი მხოლოდ ჩისკომ და ჯაბა დვალმა გაიტანეს), ხოლო ქართული საკლუბო ფეხბურთის ყველაზე ტიტულიანმა მოთამაშემ გივი დიდავამ თავისი ხანგრძლივი საფეხბურთო კარიერა დაამთავრა.
მალხაზ ჟვანიასათვის სერიოზული პრობლემა იქნება საშინაო მატჩების... სხვა ქალაქში ჩატარებაც: ვიდრე მარტვილის სტადიონს წესრიგში არ მოიყვანენ, "მერანი" მეტოქეებს სამტრედიაში უმასპინძლებს.
ლელოს პროგნოზი: იბრძოლებს უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად.
ვიტ ჯორჯია (თბილისი)
ბოლო ორი სეზონის განმავლობაში "ვიტ ჯორჯიას" პროგრამა მაქსიმუმიცა და მინიმუმიც უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება იყო; არადა, არცთუ შორეულ წარსულში ამ გუნდის ზედა სამეულში ვერმოხვედრა... წარუმატებლობად მიიჩნეოდა! თუმცა, "ვიტ ჯორჯიას" როცა ჩემპიონობაზე ჰქონდა ხოლმე პრეტენზია, შემადგენლობაც შესაბამისი ჰყავდა. აი, შემდეგ კი კლუბის ერთიანად გაახალგაზრდავების არცთუ იოლი პროცესი დაიწყო და ვინ იცის, იქნებ ძალიან მალე ვიხილოთ კიდეც ის ამბიციური "ვიტ ჯორჯია" , 1998 წლიდან მოყოლებული ჩვენს ჩემპიონატს რომ ალამაზებს.
სწორედ ამ დროს გამოჩნდა უმაღლეს ლიგაში ეს გუნდი და იქიდან მოყოლებული დღემდე კლუბის უცვლელი პრეზიდენტი და მეპატრონე გურამ რუხაძე გახლავთ.
გურამ რუხაძე, ილია კოკაია, თბილისის "დინამოს" პრეზიდენტი რომან ფიფია, ქუთაისის "ტორპედოს" პრეზიდენტი ლევან ფხაკაძე, - "მერანის" მეპატრონე ფრიდონ ინჯია - ეს ხალხი მართლაც განსაკუთრებულ დაფასებას იმსახურებენ, რამეთუ წლების განმავლობაში საკუთარი სახსრებით ინახავენ თავიანთ კლუბებს.
ლელოს პროგნოზი: იმის მიუხედავად, რომ "ვიტ ჯორჯიადან" ძირითადი შემადგენლობის 4 ფეხბურთელი წავიდა, მაინც გვგონია, რომ "ვეტერინარები" უმაღლეს ლიგაში ადგილს შეინარჩუნებენ.
სიონი (ბოლნისი)
უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი სტაჟიანი წევრი, ბოლნისის "სიონი" ბოლო დროს წარმატებული თამაშით ვერ დაიკვეხნის, ეგ კი არა, ზედიზედ ორი წელიწადია, "სიონი" მხოლოდ ბოლო ტურში ახერხებს უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებას. არადა, ერთი შეხედვით, "სიონს" ურიგო შემადგენლობა არასდროს ჰყოლია და გამონაკლისი არც ახალი სეზონია: როგორც ყოველი სატრანსფერო პერიოდის დროს, ბოლნისელთა გუნდში ამ ზაფხულსაც უამრავი ცვლილება მოხდა და იმის მიუხედავად, რომ არცთუ ურიგო ფეხბურთელები წავიდნენ (სერგი ორბელაძე, გიორგი მანწკავა, ირაკლი კლიმიაშვილი, ირაკლი ლექვთაძე), შევსება რაოდენობითაც და "ხარისხითაც" უფრო სოლიდურია!
ჯერ მარტო ორი გამოცდილი ფეხბურთელის, ალექსანდრე გოგობერიშვილისა და ზურაბ ბათიაშვილის "სიონში" დაბრუნება რად ღირს, ან კიდევ არანაკლებ გამოცდილი ვალერი აბრამიძისა და დავით იმედაშვილის გამოჩენა საქართველოს ჩემპიონატში; მათზე ახალგაზრდები არიან, მაგრამ გარკვეული გამოცდილება გიორგი განუგრავას, გივი იოსელიანსა და ლაშა თოთაძესაც გააჩნიათ; დიდი ინტერესით ველოდებით ლეგიონერი ახალწვეულის კრისტიან ობინას თამაშსაც, - ყოველ შემთხვევაში, "სიონის" უბერებელმა პრესატაშემ ჯემალ ჭიპაშვილმა ეს ფორვარდი ძალიან გვიქო.
ვის-ვის და, ფეხბურთში "ათასი რამის" მნახველ ჯემალ ჭიპაშვილს გემოვნება არ დაეწუნება (გამონაკლისი მხოლოდ ქართული სუფრაა, რომელსაც ჩვენი ყოფილი კოლეგა, რატომღაც, სასტიკად არ სწყალობს).
ჰო, ისიც დაგვავიწყდა გვეთქვა, რომ ახალ სეზონს "სიონი" ახალი მწვრთნელით ხვდება: გარკვეული პაუზის მერე ეროვნულ ჩემპიონატს გიორგი კიკნაძე უბრუნდება.
ლელოს პროგნოზი: "სიონი" უმაღლეს ლიგაში ყველაზე ასაკოვანი გუნდი იქნება, თუმცა ბოლნისელებს მაინც შეეძლებათ ზედა ექვსეულში მოხვედრისათვის იბრძოლონ.
სპარტაკი (ცხინვალი)
როგორც მოსალოდნელი იყო, "სპარტაკი" პირველსავე ცდაზე დაუბრუნდა უმაღლეს ლიგას და რატომღაც გვჯერა, რომ გამოცდილი სპეციალისტის, ვლადიმერ ხაჩიძის დამოძღვრილი გუნდი ამ სეზონში აბსოლუტურად განსხვავებული მიზნებისათვის იბრძოლებს. "სპარტაკს" მუდამ სტაბილური ფინანსური მდგომარეობა აქვს, ყოველივე ეს კი კლუბის ასევე უცვლელი პრეზიდენტის, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დიმიტრი სანაკოევის დამსახურებაა.
"სპარტაკმა" პირველი ლიგის გათამაშება, ფაქტობრივად, უპრობლემოდ მოიგო და, რაც მთავარია, შემადგენლობა შეინარჩუნა.
საერთოდაც, ვლადიმერ ხაჩიძეს ფეხბურთელთა როტაცია არ უყვარს, თუმცა, უმაღლესი ლიგის მწვრთნელთაგან ყველაზე "სტაჟიანი" მწვრთნელი კარგად ხვება, რომ პირველისგან განსხვავებით, უმაღლეს ლიგაში სხვა მოთხოვნებია და თავისი გუნდი არცთუ ურიგო ფეხბურთელებით (ნიკა კვეკვესკირი, გიორგი თექთურმანიძე, ლაშა ჩაფიძე, ვახტანგ ფანცხავა) გააძლიერა.
სხვათა შორის, ამ ზაფხულს ჩატარებულ რამდენიმე შეხვედრაში ვლადიმერ ხაჩიძემ რამდენიმე საინტერესო ექსპერიმენტს მიმართა და გუნდის წამყვან ფეხბურთელებს (თეიმურაზ შონია, ვარლამ კილასონია-უმცროსი) ამპლუა შეუცვალა.
ლელოს პროგნოზი: "სპარტაკში" კვალიფიციური მწვრთნელია და საინტერესო ფეხბურთელები თამაშობენ; აქედან გამომდინარე, გუნდს რეალურად შეუძლია ზედა ექვსეულში მოხვედრისათვის იბრძოლოს.
გურია (ლანჩხუთი)
ვინმეს შესაძლოა დაუჯერებლად მოეჩვენოს, მაგრამ, გვერწმუნეთ, რომ ფაქტია: წინასასეზონო პერიოდში (განსაკუთრებით კი ბოლო ერთი თვის განმავლობაში) "ლელოს" ფურცლებზე ყველაზე მეტი საგაზეთო პუბლიკაცია სწორედ "გურიას" ეძღვნებოდა! ჰო, ნამდვილად ასეა და ევროტურნირებს შემორჩენილი თბილისის "დინამოსა" და გორის "დილას" მიმართ არ იყო იმხელა ინტერესი, რამდენიც უმაღლეს ლიგაში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ აღზევებულ "გურიაზე"!
ოღონდ, სამწუხაროდ, უფრო ხშირად კი არა, უმეტესწილად, გუნდში თუ კლუბის გარშემო არსებულ აშკარად არაჯანსაღ სიტუაციაზე იყო ხოლმე მსჯელობა თუ სხვადასხვა მხარის კომენტარები, არადა, ამასობაში, გუნდს, ფაქტობრივად, ჩაუვარდა მოსამზადებელი პერიოდი და ჩემპიონატის სტარტამდე დარჩენილ ორ კვირაში ჩატარებული რამდენიმე საკონტროლო შეხვედრა საკმარისად როგორ უნდა შევაფასოთ, ძნელი სათქმელია.
ლელოს პროგნოზი: "გურიაში" სიტუაცია დროულად თუ არ გამოსწორდა, გუნდს პირველ ლიგაში დაქვეითება არ ასცდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"