უკომენტარო გადაწყვეტილება

AutoSharing Option
"ლელოს" გუშინდელ ნომერში ვრცელი სტატია გამოვაქვეყნეთ, სადაც თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კახა კაჭარავას გადადგომის (გნებავთ, გათავისუფლების) მიზეზებზე ვსაუბრობდით. სტატიის სათაურიც (”არის კი მოხსნა ხსნა?”) შემთხვევით არ შეგვირჩევია, დღესაც უცნაურად გვეჩვენება ჩვენში ყველაზე ტიტულოვან და მართლაც არაჩვეულებრივ გუნდში მომხდარი საკადრო ცვლილება: ზედიზედ ნათამაშები ორი ფრის გამო ”დინამომ” პირველ ადგილზე გადასვლის მშვენიერი შანსი გაუშვა და ჩემპიონატის დასრულებამდე ლამის შვიდი თვით ადრე, მთავარი მწვრთნელი გუნდიდან წავიდა (ვიმეორებ, გნებავთ, გაათავისუფლეს). თუმცა, შემდგომ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა და როგორც საფეხბურთო კლუბ ”დინამო თბილისის” ოფიციალურ ვებგვერდზე
გამოქვეყნებული განცხადებიდან შევიტყვეთ, კახა კაჭარავამ ”დინამოს” მთავარი მწვრთნელის პოსტი კი დატოვა, მაგრამ იგი ისევ კლუბში რჩება და სპორტული კოორდინატორის თანამდებობაზე იმუშავებს. ამასთან, იგი მონიტორინგს გაუწევს ყველა იმ გუნდს, რომელიც ”დინამოს” სახელით იასპარეზებს.

ახლა კი ”დინამოს” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კახა კაჭარავას მოსაზრებასაც გავეცნოთ, რომელსაც, შეუცვლელად შემოგთავაზებთ (სტილიც დაცულია) და უკომენტაროდაც დავტოვებთ.

კახი კაჭარავა - ვიცი, რომ ჩემმა გადაწყვეტილებამ კითხვები გააჩინა. ”დინამომ” ღირსეულად დაიცვა ჩვენი კლუბის და ქართული ფეხბურთის სახელი ევროსარბიელზე. გუნდი ლიდერთა შორის იმყოფება და აგრძელებს ბრძოლას ჩემპიონობისთვის და თასისითვის. შესაძლოა ეს შედეგი ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელიც იყოს, როგორც, ვთქვათ, დამაკმაყოფილებელი იყო ის შედეგი, რომელიც გუნდმა გასულ სეზონში აჩვენა. მაგრამ მაშინ სხვა რეალობა იყო. აქ ალბათ უადგილოა იმ გარეშე ფაქტორებზე საუბარი, რამაც განაპირობა ბოლო ორი წლის მანძილზე ”დინამოს” მეორე ადგილზე გასვლა.

დღევანდელ მდგომარეობაზე მე სხვაგვარად ვფიქრობ. ჩვენ შეგვეძლო სატურნირო ცხრილის სათავეში ერთპიროვნული ლიდერები ვყოფილიყავით. მე დინამოელი ვარ, ესე იგი მაქსიმალისტი ვარ. მე ყოველთვის მაქსიმუმს ვთხოვ საკუთარ თავს და ასევე ვარ სხვების მიმართაც. ჩემთვის მიუღებელია, როცა გუნდში ხარ და ყველაფერს არ აკეთებ მისი ინტერესებისთვის. ეს ”დინამოა”. ჩვენი გუნდის მაისურით თამაში ყოველთვის ყველა ქართველი ფეხბურთელისთვის ოცნება იყო. და აქ თუ შენ რამე დააკელი, მოედანზე გახვედი და თავს გაუფრთხილდი, თავი დაზოგე და ბოლომდე არ დაიხარჯე, ჩემთვის მიუღებელია. ჩემთვის მთავარი ”დინამოს” და ქართული ფეხბურთის სამსახურია. მე ”დინამოში” ვთამაშობდი. ”დინამოს” აკადემიის, მეორე გუნდის მწვრთნელად, მთავარი მწვრთნელის ასისტენტადაც მიმუშავია და სპორტულ კოორდინატორადაც სიამოვნებით ვიმუშავებ. ჩემთვის მთავარია სარგებლობა მოვუტანო ”დინამოს” და ქართულ ფეხბურთს. ჩემი ამბიცია, ”დინამოს” და ქართული ფეხბურთის რეპუტაციაა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული