საქართველოს XXV ჩემპიონატი. I ტურის წინათქმა

AutoSharing Option
ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის "დილას" ლამაზმა მოგებამ და ამავე ტურნირის პლეი ოფის წილისყრამ ერთგვარად დაჩრდილა კიდეც დღევანდელი მოვლენა.

ჰო, ვინმესთვის, შესაძლოა ჩვეულებრივი ამბავი იყოს, ვინმემ "მოვლენად" შეფასება გადაჭარბებულად შეგვიფასოს, თუმცა მაინც მიგვაჩნია, რომ საქართველოს ჩემპიონატის დაწყება ნამდვილად იმსახურებს ქართული მედიის მხრიდან ყურადღებას.

აღარაფერს ვამბობთ გულშემატკივრებზე - ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, საქართველოს თითქმის ყველა ქალაქისა თუ რაიონის სტადიონებზე მათი ნაკლებობა რომ იგრძნობა...

10 და 11 აგვისტოს მატჩებით საიუბილეო, XXV ეროვნული ჩემპიონატი დაიწყება.

განსაკუთრებულ ყურადღებას, რა თქმა უნდა, ევროტურნირებს შემორჩენილი და, ამავდროულად,
ახალი სეზონის ორი გამოკვეთილი ფავორიტის, თბილისის "დინამოსა" და გორის "დილას" მატჩები იწვევს.

თუმცა საწყისი ტურის სხვა წყვილებსაც, შესაძლოა, გარკვეული ინტრიგა მოვუძებნოთ, დანარჩენი კი მოედნებზე გამოჩნდება...

დინამო - ზესტაფონი
ჩემპიონატის კალენდარი ისეა შედგენილი, ფაქტობრივად, ყოველ ტურში ერთი გამორჩეული შეხვედრა რომ გველოდება და ამ მხრივ, გამონაკლისი, არც პირველი ტურია!

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ბოლო შვიდი წელიწადია, საქართველოს ჩემპიონატში "დინამო"-"ზესტაფონის" დაპირისპირებები, ალბათ, ყველაზე დიდ ინტერესს იწვევდა.

გამონაკლისი, ალბათ, წინა სეზონი, უფრო ზუსტად, დასკვნითი ნაწილი იყო: გეხსომებათ, ალბათ, როცა XXIV ჩემპიონატის ბოლო ტურში, უკვე ჩემპიონის რანგში მოასპარეზე "დინამომ" მთავარი მწვრთნელის (კახა კაჭარავა) და ძირითადი შემადგენლობით გარეშე დარჩენილ "ზესტაფონს" დიდი ანგარიშით, 6:1 რომ მოუგო.

აი, სწორედ ეს იყო ამ გუნდებს შორის დაფიქსირებული ყველაზე დიდი ანგარიში. გულახდილად რომ ვთქვათ, "დინამო" და "ზესტაფონი" დღესაც "სხვადასხვა წონით კატეგორიას" უნდა მივაკუთვნოთ:
დუშან უჰრინის გუნდმა მშვენიერი უცხოური შეკრებაც (სოლიდურზე-სოლიდური სპარინგპარტნიორები რომ ჰყავდა) გაიარა და ევროტურნირებზე 4 შეხვედრაც ჩაატარა, მაშინ, როცა "ზესტაფონმა" ხეირიანად ვარჯიში თუ მზადება დაახლოებით ორი კვირის წინათ დაიწყო და იმერული გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი, რატკო დოსტანიჩი ჯერჯერობით ოპტიმალური შემადგენლობის ძიების პროცესშია.

სიონი - დილა
ვიდრე ბოლნისის სტადიონზე შესაბამისი სამუშაოები არ შესრულდება, "სიონს" საშინაო მატჩების ჩატარება თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მოუწევს.

ანუ, გამოდის, რომ ახალი მწვრთნელის, გიორგი კიკნაძის ხელმძღვანელობით ბოლნისური გუნდი ხვალაც და კიდევ რამდენიმე მატჩს, ფაქტობრივად, ნეიტრალურ მოედანზე ჩაატარებს. თანაც, მეტოქეს ხომ გააჩნია: დღესდღეობით გორის "დილა" რა ფორმაშიც იმყოფება, ეს საკუთარ თავზე იწვნიეს დანიური "ოლბორგისა" და ხორვატული "ჰაიდუკის" ფეხბურთელებმა.

მოკლედ, "მიხეილ მესხის" სტადიონი "დილას" კარგად აქვს დაცდილი: წლეულს ევროტურნირებზე ორივე მატჩი ისე მოიგო, გოლი არ გაუშვია, შარშან კი კლუბის ისტორიაში პირველი ტიტული, საქართველოს თასი მოიპოვა!

სხვათა შორის, "დილას" მთავარი მწვრთნელის რანგში გიორგი დევდარიანი საქართველოს ჩემპიონატში პირველ მატჩს ჩაატარებს და ვეჭვობთ, ახალგაზრდა სპეციალისტმა ძირითად შემადგენლობაში როტაციას მიმართოს: ჯერ ერთი, "სიონში" უამრავი გამოცდილი ფეხბურთელია და საერთოდაც - ამ გუნდის შეუფასებლობამ, შესაძლოა, უარყოფითი შედეგი მოიტანოს.

ამას გარდა, ნუ დაგვავიწყდება, რომ მომდევნო ტურში "დილა"-"დინამოს" მართლაც დამაინტრიგებელი დაპირისპირება გველოდება...

Sportall.Ge

სხვა დანარჩენი
"ნეიტრალური მოედნების" თემა ჩემპიონატში, ალბათ, კარგა ხნის განმავლობაში იქნება აქტუალური.

უკვე მოგახსენეთ, რომ "სიონი" თბილისში ჩაატარებს საშინაო მატჩებს, "მერანი" - სამტრედიაში, "გურია" - ფოთსა თუ ქობულეთში, "ჩიხურა" - ქუთაისში...

რას ვიზამთ, ლიცენზირების მოთხოვნები ყველამ უნდა დააკმაყოფილოს და რაც მალე მიხედავენ ზემოთ დასახელებული კლუბების ხელმძღვანელები საკუთარ სტადიონებს, მათთვისვე უკეთესი უნდა იყოს.

თორემ, იგივე "სიონს", "მერანს", "ჩიხურასა" თუ "გურიას" საკუთარ მოედანზე ამა თუ იმ მეტოქესთან მატჩებში ხომ წარმატების ბევრად უფრო მეტი შანსი ექნებოდათ, ვიდრე სხვა ქალაქის სტადიონებზე?

ისე, ჩემპიონატი ჯერ არ დაწყებულა და, პირველი ტურის ერთი მატჩის ჩატარება უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

"ვიტ ჯორჯია"-"გურია", დიდი ალბათობით, მაინც გაიმართება, მაგრამ, აი, ის არის საკითხავი, თუ რა შემადგენლობის "შეგროვებას" შეძლებს ლანჩხუთელთა გუნდის ახალი მწვრთნელი დავით მახარაძე სასტარტო მატჩისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული