გელა სანაია: იმ ასაკში არ ვარ, რომელიმე გუნდი დავიწუნო

AutoSharing Option
ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, გელა სანაიას უკვე გარკვეული სამწვრთნელო გამოცდილება დაუგროვდა: უმაღლესი ლიგის გუნდებშიც (თბილისის "ლოკომოტივი", "სამტრედია") უმუშავია და პირველ ლიგაშიც (ხობის "კოლხეთი", "ჭიათურა").

ამ ზაფხულს გელა სანაია რუსთავის "მეტალურგის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა: ახალგაზრდა სპეციალისტი უმაღლეს ლიგას ორწელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

"მეტალურგს" სეზონი ურიგოდ არ დაუწყია, თუმცა გარკვეულ მიზეზთა გამო გუნდს არასტაბილურობაც დასჩემდა და გასვლით მატჩებში წაგებებსაც მოუხშირა...

"მეტალურგის" მთავარ მწვრთნელს გელა სანაიას რუსთავში, "ფოლადის" სტადიონზე შევხვდით და ბოლო ტურში "ვიტ ჯორჯიასთან" დიდი ანგარიშით წაგების (2:5) მიზეზების გარდა, სხვა საკითხებზეც ვესაუბრეთ.

- თქვენი ბოლო სამუშაო ადგილი პირველი ლიგის გუნდი "ჭიათურა" იყო და გვაინტერესებს, "მეტალურგში" როგორ აღმოჩნდით?

- ვიცოდი, რომ "მეტალურგში" სერიოზული საკადრო ცვლილებები მოხდა, როგორც გუნდში, ასევე კლუბში; კლუბის ახალი დირექტორი ზაზა დოლიძე დამიკავშირდა, შევხვდით ერთმანეთს, აზრები გავცვალეთ და მიღებულ შემოთავაზებასაც დავთანხმდი.

- ზაზა დოლიძესთან მანამდეც გქონდათ ურთიერთობა?
- არა, ერთმანეთი ამ მოლაპარაკებების დროს გავიცანით და მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი საერთო ხედვა აღმოგვაჩნდა გუნდის განვითარებასთან დაკავშირებით.

- უმაღლესი ლიგის გუნდები ადრეც გაგიწვრთნიათ, მაგრამ იმავე "ლოკომოტივსა" თუ "სამტრედიას" ბევრად უფრო მოკრძალებული მიზნები ჰქონდა, ვიდრე - ამბიციურ "მეტალურგს"...
- გეთანხმებით, "ლოკომოტივშიც" და "სამტრედიაშიც" ერთადერთი მიზანი გვქონდა: უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება; რუსთავში კი ბევრად განსხვავებული მიზნები თუ მოთხოვნებია, მაგრამ, ვფიქრობ, შემწევს იმის ძალა, რომ საკუთარი შესაძლებლობები ასეთ ამბიციურ გუნდში გამოვავლინო. თანაც, ოდესმე ხომ უნდა დამდგარიყო ისეთი მომენტი, უმაღლესი ლიგის ამბიციური გუნდის გაწვრთნას რომ შემომთავაზებდნენ?

- ისე, პირველ ლიგაში მუშაობის პერიოდშიც, ალბათ, გარკვეულ გამოცდილებას შეიძენდით.
- არ მივეკუთვნები იმ მწვრთნელთა კატეგორიას, სახლში რომ სხედან და კონკრეტულ შემოთავაზებას ელოდებიან. ჩემი აზრით, კაცმა თუ მწვრთნელობა აირჩია, მუშაობა არსად უნდა ითაკილოს და ამას გარდა, არც ისეთ ასაკში ვარ, ესა თუ ის გუნდი დავიწუნო. თანაც, მიმაჩნია, რომ უმოქმედობით გარკვეული რეგრესიც მექნებოდა: იმავე ხობსა თუ ჭიათურაში მუშაობისას სამწვრთნელო პრაქტიკის ნაკლებობაც არ მქონია და, პარალელურად, პროლიცენზიაც ავიღე.

- "მეტალურგს" დავუბრუნდეთ, სადაც ახალი სეზონის დაწყების წინ უამრავი ახალი ფეხბურთელი ჩაირიცხა: ყველა თქვენი მოთხოვნით შეირჩა?
- ყველა ჩემი არჩევანი იყო.

- მაშინ რატომ არის, რომ ზოგიერთ მათგანს თამაში ძალზე იშვიათად უწევს, მაგალითად, ბექა ტუღუშს, გიორგი ვასაძეს კი ჩემპიონატში არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია?..
- საერთოდ, ახალწვეულის მიყვანა არ ნიშნავს ძირითადში მოხვედრის ასპროცენტიან გარანტიას და ასეა "მეტალურგშიც". ჩვენ ახალ გუნდს ვაშენებთ და მის მთავარ წინა პირობად ძირითად შემადგენლობაში კონკურენციის გაზრდა მესახება. ეგ კი არა, არ არის გამორიცხული, ვინმე კიდევ დავიმატოთ.

- კონკრეტული გვარებიც დავასახელეთ...
- სხვისი რა მოგახსენოთ, მაგრამ ბექა ტუღუში საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეულია თავისი ნიჭით; თუმცა, ამ მართლაც არაორდინარულ ფორვარდს წინასასეზონო შეკრებაც გაუცდა, მერე ტრავმა მიიღო და ამას სარეაბილიტაციო პერიოდიც დაემატა. თუმცა ნელ-ნელა იბრუნებს ოპტიმალურ ფორმას და რამდენიმე მატჩში შეცვლაზეც შემოვიდა.

იმავეს თქმა შემიძლია ვასაძეზეც, რომელიც თასის შეხვედრებში ვათამაშეთ და ის ფაქტი, რომ ჩემპიონატში ძირითადში ვერ მოხვდა, სულაც არ ნიშნავს, რომ ცუდი ფეხბურთელია.

- თასის თამაშები ახსენეთ, სადაც "მეტალურგი", ასე ვთქვათ, შერეული შემადგენლობით ასპარეზობდა; თუმცა როტაციას ჩემპიონატის შეხვედრებშიც მიმართავთ ხოლმე და, ალბათ, ბევრს გაუკვირდა ის ფაქტი, რომ "სპარტაკთან" მოგებული მატჩის შემდეგ "ვიტ ჯორჯიას" წინააღმდეგ ძირითადში 7 ახალი ფეხბურთელი გამოიყვანეთ.
- და მერე ვინ თქვა, რომ ეს როტაცია იყო? "სპარტაკთან" შეხვედრაში სამი იძულებითი ცვლილების გაკეთება მოგვიწია და სამივე შეცვლილი ფეხბურთელი (კაკუბავა, ქავთარაძე, ბერიაშვილი) "ვიტ ჯორჯიასთან" ტრავმის გამო ვერ გვეხმარებოდა; ამას დაემატა ლევან კორღალიძის მიერ ვარჯიშზე მიღებული ტრავმა და დავით კირკიტაძის დისკვალიფიკაცია, ხოლო გიორგი გავაშელიშვილი ჯერ კიდევ მკურნალობის კურსს გადის.

- ანუ "ვიტ ჯორჯიასთან" დიდი ანგარიშით წაგების უმთავრესი მიზეზი არაოპტიმალური შემადგენლობა იყო?
- თავის მართლებას და რაიმე გასამართლებელი მიზეზების ძებნას არ დავიწყებ: შედეგზე მე ვარ პასუხისმგებელი! ისიც კარგად მაქვს გაცნობიერებული, რომ ისეთი ამბიციური გუნდი, როგორიც "მეტალურგია", ერთ მატჩში ხუთ გოლს არ უნდა უშვებდეს...

არადა, "ვიტ ჯორჯიას" სათამაშო სტილი კარგად გვქონდა გაანალიზებული, მაგრამ მაინც ვერაფერი დავუპირისპირეთ.

- ამ მატჩში "მეტალურგი" 0:3-ს აგებდა, მერე თქვენმა გუნდმა ანგარიში შეამცირა, მაგრამ გათანაბრების ნაცვლად საკუთარ კარში კიდევ ორი მიიღო...
- კიდევ ვიმეორებ: პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, მაგრამ "ვიტ ჯორჯიასთან" მატჩში 2:3-ზე გოგა ფიფიას ხელსაყრელი მომენტი შეექმნა და ეს გოლი რომ გასულიყო, შესაძლოა, მატჩი სულ სხვა სცენარით წარმართულიყო. შესაძლოა, ვინმეს უცნაურად მოეჩვენოს, მაგრამ, არ გამოვრიცხავ, რომ მცხეთაში მარცხი წინა ორი მოგებული საშინაო მატჩის "გამოძახილიც" ყოფილიყო.

- "სპარტაკთან" და "ზუგდიდთან" მინიმალური სხვაობით მოგებებს გულისხმობთ?
- ჰო, ცოტა უცნაური სიტუაციაა: "სპარტაკთან" და "ზუგდიდთან" ჩემი გუნდის თამაშის ხარისხი ნამდვილად არ მომეწონა, მაგრამ ამ ორ შეხვედრაში 6 ქულა ავიღეთ; არადა, "გურიასთან" სტუმრად წავაგეთ, მაგრამ, გულახდილად გეტყვით, რომ მთელ თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით, გუნდის თამაშითაც კმაყოფილი ვიყავი, მაგრამ... სამი გოლი გავუშვით და წავაგეთ!

- გულახდილად გვიპასუხეთ - იმავე "ვიტ ჯორჯიასთან" მარცხის მერე წნეხის ქვეშ ხომ არ ხართ?
- შედეგი, რა თქმა უნდა, არავის ესიამოვნებოდა, მაგრამ ეს არ არის კატასტროფა: მჯერა, რომ სწორი ანალიზით სიტუაციას უახლოეს მატჩებში გამოვასწორებთ. ამ სანაკრებო პაუზასაც ნაყოფიერად გამოვიყენებთ და მერწმუნეთ, დღევანდელი "მეტალურგი" ნამდვილად სწორ გზაზე დგას.

რა თქმა უნდა, ახალი გუნდის "მშენებლობის" პროცესი ურთულესი საქმეა და ამას 2-3 თვე არ ეყოფა, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ყველაფერს რეალურად ვუცქერ და რაც დავისახეთ კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად, იმ გეგმით გავაგრძელებთ მუშაობას. მით უფრო, რომ კლუბის დირექტორ ზაზა დოლიძისგან სრულ მხარდაჭერას ვგრძნობ, მაგრამ თუ უახლოეს ტურებში "მეტალურგმა" სასურველი შედეგი ვერ უჩვენა, საკუთარი სურვილით დავწერ განცხადებას და პოსტს დავტოვებ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგის VIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ვიტ ჯორჯია-მეტალურგი 5:2 - ძლევაი საკვირველი
მკითხველის კომენტარები / 2 /
შარშან ყიფიანის გუნდი გაცილებით უკეთესად თამაშობდა,გუნდს ეტყობოდა სათამაშო დისციპლინა. წელს არც ხარისხია და არც შედეგი
Zaza19
14:23 09-10-2013
0
გელა, ზაზა უშუალოდ მოლაპარაკებების დროს გაიცანი ? :))))
samartali
13:52 09-10-2013
0

სიახლეები პოპულარული