თერჯოლის "საპოვნელა" - ნაპოვნი სპონსორი და იმედები

AutoSharing Option
12 ოქტომბერს, პირველი ლიგის მეშვიდე ტურში "საპოვნელამ" ერთ-ერთი ფავორიტი "გაგრა" საშინაო არენაზე 2:1 დაამარცხა. 6 ტურის შემდეგ 5 გამარჯვებითა და 15 ქულით თერჯოლელები ლიდერ ფოთის "კოლხეთს" გაუთანაბრდნენ.

ლევან შავგულიძემ უკვე მე-6 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში "გაგრას" თავდამსხმელ აბაიომო ოვონიკოკოსა და კოლხების შემტევ დათა სიჭინავას დაეწია.

თერჯოლელთა დაწინაურება სეზონის ერთ-ერთი მოულოდნელობაა, გუნდი ხომ პირველ ლიგაში ათწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. არადა, იყო დრო, "საპოვნელა" უმაღლეს ლიგაში თამაშობდა, მაგრამ თერჯოლაში ლამის ყველა სფეროს აქტივობა შამპანურის ქარხანაზე იყო დამოკიდებული, რომელიც აღარ მუშაობს და
გუნდმაც ჩაილურის წყალი დალია.

"შარშან რეგიონალლიგაში მესამე ადგილზე გავედით, მაგრამ ფეხბურთის ფედერაციამ "საპოვნელა" პირველ ლიგაში დაუშვა, რადგან გუნდს მოწესრიგებული სტადიონი, გასახდელები, საშხაპეები, ლოჟა და ნორმალური მოედანი აქვს, რაც პირველი ლიგის მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

ჩვენი მთავარი მწვრთნელი "ზესტაფონის" ყოფილი ფეხბურთელი მირიან გეწაძეა, მეკარეებს კი თამაზ ოდიკაძე ავარჯიშებს. ჩვენთან არიან იაგო და იაკობ დეისაძეები, "სევასტოპოლში" ნათამაშები საყრდენი სანდრო შუღლაძე. ერთი სიტყვით, "საპოვნელა" ბრძოლისუნარიან გუნდად ჩამოყალიბდა.

მიმდინარე სეზონი ადგილობრივი ბიუჯეტის იმედად დავიწყეთ - რაიონის მუნიციპალიტეტისა და თერჯოლის დეპუტატის ძალისხმევით გუნდს 200 ათასი ლარი გამოუყვეს. სწორედ ამ დროს დაგვიდგნენ გვერდში რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენები - მამა-შვილი დავით და გიორგი სუთიძეები. ისინი თერჯოლაში "საპოვნელას" პირველ საშინაო შეხვედრას დაესწრნენ.

იცოდნენ, რომ წლების განმავლობაში აქ ფეხბურთი ჩამკვდარი იყო. გასულ წელს გუნდი რეგიონალლიგაში გამოდიოდა. ამის მიუხედავად, სტადიონი შეივსო და საფეხბურთო გარემო იმდენად მოეწონათ, "საპოვნელას" თანადგომა გადაწყვიტეს. მოიყვანეს შვიდი ფეხბურთელი, რომლებსაც ხელფასს საკუთარი ჯიბიდან უხდიან. ეს რომ არა, ამას კლუბის ბიუჯეტი ნამდვილად ვერ გაწვდებოდა", - ამბობს თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ლევან შავგულიძე.

გიორგი სუთიძე "საპოვნელაში" მისვლის მიზეზებს განმარტავს:

"კომერციულზე მეტად საკუთარი რაიონის თანადგომის სურვილი გვამოძრავებს. გუნდზე რაიონის ხელმძღვანელებს დაველაპარაკეთ და შეძლებისდაგვარად, "საპოვნელას" თანადგომა გადავწყვიტეთ. ახლა მის ხარჯებს მუნიციპალიტეტთან ერთად ვინაწილებთ.

სტადიონის გვერდით მიწის ნაკვეთი შევიძინეთ, სადაც ხელოვნურსაფარიანი სავარჯიშო მოედნის მოწყობას ვაპირებთ. შევუკვეთეთ ავტობუსი, შეკრებისა და კვების პრობლემა მოგვარდა, შევიძინეთ "სალერის" ეკიპირება. მაგრამ ჯერ იურიდიული საკითხები გვარდება და "საპოვნელას" ამის შემდეგ უფრო უკეთ მივხედავთ. იანვრიდან კი გაძლიერებას შევეცდებით.

ჩვენი მიზანი მინიმუმ სამეულში მოხვედრაა, მომავალი წლიდან კი - უმაღლეს ლიგაში გადასვლა და რაიონში ფეხბურთის აღორძინება.

თერჯოლაში ხალხს ფეხბურთი მოენატრა, რაზეც საშინაო შეხვედრებისას გავსებული ტრიბუნები მეტყველებს და ჩვენც გვსურს, რომ რაიონმა ქართულ ფეხბურთში თავისი სიტყვა თქვას".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
წარმატებებიი საპოვნელას მებრძოლებო.. მე მჯერა თქვენი
anna
18:54 18-12-2014
0
ჩემი ძმა ხარ მატლი!
aleko
19:56 15-10-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული