უმაღლესი ლიგის X ტურის წინ: "ქართული კლასიკო" და სხვები

AutoSharing Option
ორი ტურიც და პირველი წრე (ანუ, ჩემპიონატის ერთ-ერთი საშუალედო ეტაპი) დამთავრდება. სწორედ მაშინ გაირკვევა "შემოდგომის ჩემპიონის" არაოფიციალური ტიტულის მფლობელი გუნდის ვინაობა.

თუმცა, ნუ გამოვრიცხავთ მოვლენების ისეთ განვითარებასაც, რომ პირველი წრის გამარჯვებული სწორედ დღეს, 26 ოქტომბერს გამოვლინდეს - საკმარისია, თბილისის "დინამომ" დღეს არ წააგოს და მეტოქეთათვის მიუწვდომელი იქნება!

თანაც, იმასაც ხომ მნიშვნელობა აქვს, რომელ მეტოქესთან პაექრობაში აქვს "დინამოს" შანსი, პირველი წრის გამარჯვებული გახდეს ერთი ტურით ადრე - საქართველოს ჩემპიონატის დაწყებიდან მოყოლებული, თბილისის "დინამოს" ყველაზე პრინციპულ მოწინააღმდეგედ ხომ ქუთაისის "ტორპედო" მიიჩნევა!

ჰოდა,
როცა ტურში "ქართულ კლასიკოდ" მონათლული "დინამო"-"ტორპედოს" დაპირისპირებაა, სხვა დანარჩენი მატჩები, ცოტა არ იყოს, ჩრდილში ექცევა ხოლმე...

Sportall.Geდინამო-ტორპედო
"დინამოსა" და "ტორპედოს" ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაში უპირატესობას თბილისელები კი ფლობენ, მაგრამ არცთუ ბევრია ისეთი ჩემპიონატები, როცა "დინამო" სეზონის ყველა მატჩში (ორი იყო, სამი თუ ოთხი) ახერხებდა მართლაც პრინციპული მეტოქის დამარცხებას. ასეთი შემთხვევები კი უფრო ხშირად საწყის ჩემპიონატებში იყო, როცა "დინამოს", ფაქტობრივად, კონკურენტი არ ჰყავდა.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ სწორედ "ტორპედო" იყო პირველი გუნდი, საქართველოს ჩემპიონატში "დინამოს" ათწლიანი ჰეგემონია რომ დაამხო და ჯერ დავით ყიფიანის, მერე კი რევაზ ძოძუაშვილის ხელმძღვანელობით ზედიზედ სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი!

1999-2002 წლებში, როცა "ტორპედო" სამართლიანად მიიჩნეოდა საქართველოს უძლიერეს კლუბად, ათი "ქართული კლასიკო" ჩატარდა და აქედან ქუთაისელებმა 4 მატჩი მოიგეს, 4 ფრედ დაამთავრეს და 2 წააგეს.

მეტ-ნაკლებად გარდამავალი ბალანსი შემდგომშიც გაგრძელდა და მხოლოდ 2005-06 წლების სეზონში მოხდა, "დინამომ" ორივე მატჩი რომ მოუგო თავის პრინციპულ მეტოქეს.

სამწუხაროდ, ამის შემდეგ, სამი სეზონის განმავლობაში, ჩვენი უმაღლესი ლიგა აშკარად "დაობლებული" იყო: ფინანსური პრობლემების გამო, ამ ხნის განმავლობაში "ტორპედო" ქვედა ლიგაში ასპარეზობდა და დაბრუნებისთანავე შეძლო "დინამოსთან" ტოლი-ტოლზე პაექრობა.

მოკლედ, ისე როგორც 90-იან წლებში, ბოლო სეზონებიც ამ გუნდების თითქმის ყველა დაპირისპირებას განსაკუთრებული აჟიოტაჟი ახლავს-ხოლმე; ამას გარდა, ამა თუ იმ სეზონში "ტორპედომაც" და "დინამომაც" თავისი საუკეთესო მატჩი სწორედ "ქართულ კლასიკოს" უნდა დაამთხვიოს! აი, თუნდაც 2011-12 წლების სეზონი გავიხსენოთ, როცა ალექს გარსიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "დინამომ" ჩემპიონატში ყველაზე შთამბეჭდავად სწორედ "ტორპედოსთან" საშინაო შეხვედრაში (2:0, გოლები: ჩისკო, გულვერდ თომაშვილი) ითამაშა.

ამასვე ვიტყოდით იმავე სეზონის პირველი წრის მატჩზეც: "ტორპედოს" იმ დროს დროებითი თავკაცი გიორგი სუხიაშვილი წვრთნიდა და ბევრისთვის მოულოდნელად, საწყის ათ წუთში ორი გოლი (გრიგოლ დოლიძე, გია მეგრელაძე) გაუტანა ესპანელი ლეგიონერებით გაძლიერებულ "დინამოს".

..."დინამო"-"ტორპედოს" კიდევ უამრავი დაპირისპირების გახსენება შეიძლება, თუმცა, ისტორიას წინა სეზონის მატჩებიც აუცილებლად შემორჩება; მით უფრო, რომ ოთხივე "ქართული კლასიკო" უაღრესად საინტერესოდ და დამაინტრიგებლად წარიმართა. ქუთაისში ჩატარებული ორივე დაპირისპირება ფრედ (2:2, 1:1) დამთავრდა და პირველ შეხვედრაში "ტორპედოს" ახალწვეულის ელგუჯა გრიგალაშვილის (დღესდღეობით "დინამოს" ფეხბურთელის) "დუბლი" თუ იყო გამოსარჩევი.

წლეულს, 30 მარტს ჩატარებულ მატჩს კი ნამდვილად ვერ ვუწოდებდით "მშვიდობიან ყაიმს". გეხსომებათ, ალბათ, თუ როგორი ჩინებული შეხვედრა ჩაატარა "ტორპედოს" მეკარემ და კაპიტანმა ომარ მიგინეიშვილმა (დღესდღეობით - ისიც "დინამოს" ფეხბურთელია), ერთ ეპიზოდში ჩისკოს არ გაუმართლა, მატჩის მიწურულს კი მასპინძლები სრულიად სამართლიანად მოითხოვდნენ პენალტს, მაგრამ არბიტრმა აბსოლუტურად განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო.

ეს კიდევ არაფერი: დღევანდელი მეტოქეების წინა სეზონის პირველი შეხვედრა ხომ საერთოდ, ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში შევა! შეგახსენებთ, რომ დუშან უჰრინისათვის პირველ თბილისურ მატჩში "დინამომ" მართლაც მძაფრსიუჟეტიან "ტრილერში" 3:2 მოუგო "ტორპედოს", მაგრამ იმ შეხვედრის "მთავარი პერსონაჟი" არბიტრი ოთარ ხეცაძე გახლდათ: მასპინძლებს 3 (!), სტუმრებს კი 1 ფეხბურთელი რომ გაუძევა და, ამას გარდა, 11 ყვითელი ბარათიც ააფრიალა!

არანაკლებ დასამახსოვრებელი იყო დღევანდელი მეტოქეების ბოლო შეხვედრა: ამა წლის 4 მაისს რომ ჩატარდა და სწორედ იმ შეხვედრაში გაიფორმა "დინამომ" ჩემპიონობა! თუმცა, საქმე მხოლოდ ანგარიშში (4:0) არ იყო: "დინამომ" სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა, ჯაბა დვალმა მართლაც სუპერ-გოლი გაიტანა (მერე, მეორეც მიაყოლა), თითო-თითო კი მიკელ ალვარომ და პეტერ გრაიციარმა შეაგდეს.

ისე, ალვარომ ამ გუნდების პირველი წრის მატჩში რომ გოლი გაიტანა, ვფიქრობთ, ნამდვილად არ ჩამოუვარდებოდა "სეზონის საუკეთესო გოლად" მიჩნეულ თავისივე შესრულებულ "საჩემპიონო დარტყმას" (გორში, "დილასთან" შეხვედრაში...)

...დღევანდელ მატჩს "დინამო" ზედიზედ 7 მოგებული მატჩით ხვდება, ახალგაზრდული "ტორპედო" კი, ძალიან ბევრისთვის მოულოდნელად, ერთადერთი გუნდია, უმაღლეს ლიგაში, არც ერთი მატჩი რომ არ წაუგია!

დანარჩენი კი 26 ოქტომბერს, "დინამო-არენაზე" გამოჩნდება...

Sportall.Geსიონი-მეტალურგი
დისკვალიფიკაცია: მიხეილ მახვილაძე (მეტალურგი)

ბოლო წლებია, ქვემოქართლური "დერბი" ერთობ უკომპრომისოდ მიმდინარეობს და "სიონი"-"მეტალურგის" დაპირისპირების წინ ფავორიტის დასახელებაც ყოველთვის ძნელია-ხოლმე;

არადა, ბოლნისელებსაც და რუსთაველებსაც, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ბოლო წლებში მუდამ განსხვავებული მიზნები ჰქონდათ, მაგრამ, ამის მიუხედავად თითქმის ყველა "დერბი" ემოციურად მიმდინარეობს.

გნებავთ, წინა სეზონი გავიხსენოთ, როცა გადამწყვეტ, მეორე ეტაპზე უმოტივაციოდ მოასპარეზე "მეტალურგმა" არც ერთი მატჩი "არ დაუთმო" სახიფათო ზონაში მყოფ "სიონს". ეგ კი არა, იმის დიდი ალბათობაც იყო, რომ "სიონი" უმაღლეს ლიგას სწორედ... "მეტალურგთან" ვერმოგებული მატჩის გამო დაემშვიდობებოდა.

შეგახსენებთ, რომ ბოლოსწინა ტურში გამარჯვების შემთხვევაში, ბოლნისელები უმაღლეს ლიგაში ადგილს ინარჩუნებდნენ, მაგრამ უმოტივაციო "მეტალურგმა" ორჯერ შეძლო ანგარიშის გათანაბრება (2:2).

აღსანიშნავია, რომ მატჩის ბოლო გოლი მსაჯის მიერ წამატებულ მესამე წუთზე "მეტალურგის" ახალგაზრდა ნახევარმცველმა ზვიად ლობჟანიძემ გაიტანა, ამ სეზონიდან "სიონში" რომ ასპარეზობს.

თუმცა, ეს რატომ უნდა გაგვიკვირდეს: "სიონში" ხომ ათზე მეტი ისეთი ფეხბურთელია, სხვადასხვა დროს "მეტალურგში" რომ გამოდიოდა...

Sportall.Geჩიხურა-გურია
დისკვალიფიკაცია: ლაშა ჭელიძე (ჩიხურა)

სატურნირო ცხრილის მეზობლები ამ შეხვედრას სხვადასხვა განწყობით ხვდებიან: "ჩიხურა" წინა ტურში "დინამოსთან" განადგურდა (1:6), თუმცა სოსო ფრუიძის გუნდმა III ადგილი მაინც შეინარჩუნა;

აი, "გურია" კი კვლავაც აგრძელებს წარმატებულ სვლას და ლანჩხუთელები ადრე თუ მხოლოდ საშინაო უდანაკარგო სერიით მოიწონებდნენ თავს, იმავე წინა ტურში პირველი საგარეო გამარჯვებაც მოიპოვეს.

ჰოდა, ეს ყველაფერი ცხრილშიც აისახა: უკრაინელი სპეციალისტის რომან პროკორას გუნდი დღესდღეობით მეოთხე ადგილზეა და სახიფათო ზონასაც გვარიანადაა დაშორებული.

Sportall.Geვიტ ჯორჯია-დილა
დისკვალიფიკაცია: ირაკლი ღიბრაძე (ვიტ ჯორჯია); თემურ ღონღაძე (დილა)

დღევანდელ მეტოქეებს ქულებიც ერთნაირი აქვთ, მოგებაც, წაგებაც და ფრეთა რაოდენობაც!

ერთადერთი, ბურთების უკეთესი სხვაობით სჯობს "ვიტ ჯორჯია" ბოლო დროს არასტაბილურად მოასპარეზე "დილას", რომელსაც ჯერჯერობით კვლავაც რამაზ სოღოლაშვილი თავკაცობს.

ისეთი წყვილია, ნებისმიერ შედეგს უნდა ველოდოთ, თანაც, "ვეტერინარებს" ქულათა უმეტესობა საშინაო მატჩებში აქვს მოგროვებული, აი, "დილამ" კი სტუმრად ჩატარებულ ხუთ მატჩში მხოლოდ და მხოლოდ 4 ქულის მოგროვება შეძლო.

Sportall.Geზუგდიდი-სპარტაკი
დისკალიფიკაცია: რომეო კანკაია (ზუგდიდი); უჩა ბურძენაძე (სპარტაკი)

აუტსაიდერების დაპირისპირებაც დიდ ინტერესს იწვევს: ამ მატჩში წაგებული გუნდი ხომ საგრძნობლად გაირთულებს თავის სატურნირო მდგომარეობას.

დებიუტანტი-მწვრთნელის, კობა წიტაიშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ზუგდიდმა" ამ სეზონში რამდენიმე სიურპრიზი შემოგვთავაზა - საშინაო ფრე "ტორპედოსთან", წინა ტურში ასევე ფრე გორში "დილასთან".

"სპარტაკი" კი კვლავაც სატურნირო ცხრილის ფსკერზეა "დალექილი" და ცხრა ჩატარებულ მატჩში მოპოვებული 3 ქულა ვერაფერი შედეგი უნდა იყოს უმაღლეს ლიგაში აღზევებული გუნდისათვის.
Sportall.Geმერანი-ზესტაფონი
დისკვალიფიკაცია: კიჭი მელიავა (მერანი)

6 ოქტომბრამდე გრძელდებოდა "მერანის" წარმატებული საშინაო სერია: მალხაზ ჟვანიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე ახალგაზრდული გუნდი მეტოქეებს ნეიტრალურ სტადიონზე მასპინძლობდა, მაგრამ ზედიზედ ოთხი მოგება ჰქონდა.

თუმცა, 6 ოქტომბრის საშინაო მარცხს ("ტორპედოსთან") ბევრად უფრო მტკივნეული წაგება მოჰყვა მომდევნო ტურში, როცა "მერანი" რუსთავში, "მეტალურგთან" დიდი ანგარიშით, 1:6 დამარცდა.

აი, ასეთი უიღბლო დებიუტი გამოუვიდა "მერანის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალგაზრდა სპეციალისტს კახა ჩხეტიანს, რომელიც დღეს იმ გუნდს უნდა დაუპირისპირდეს, სადაც ოთხი სეზონის განმავლობაში ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყო და გარკვეული პერიოდი "ზესტაფონის" კაპიტანიც გახლდათ.

გარკვეულ ინტერესს იწვევს ორი კონკრეტული ფეხბურთელის ასპარეზობაც: "ზესტაფონის" 23 წლის ფორვარდმა საბა ლომიამ წინა სეზონი იჯარით სწორედ "მერანში" გაატარა და კარიერაში საუკეთესო შედეგიც (16 გოლი) ჰქონდა;

აი, "მერანის" ყველაზე გამოცდილი მოთამაშე და უპირობო ლიდერი, 32 წლის შოთა ბაბუნაშვილი კი მარტვილელთა გუნდში "ზესტაფონიდან" გადავიდა, სადაც სამი სეზონი გაატარა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული