გიორგი ჩირგაძე: ტიერი ანრიმ ბევრი რამ მასწავლა

AutoSharing Option
ამ ცოტა ხნის წინათ, რუსთავის "მეტალურგში" გიორგი ჩირგაძე გამოჩნდა. 22 წლის ფეხბურთელი ამპლუით მარცხენა გარემარბია, მაგრამ რუსთაველთა დამრიგებელი გელა სანაია თავდასხმაში ათამაშებს.

ჩირგაძეს საინტერესო ისტორია აქვს: ის ამერიკული "ნიუ იორკ რედ ბულის" ძირითად გუნდში აიყვანეს, ფრანგი ტიერი ანრისა და მექსიკელი რაფაელ მარკესის გვერდით ვარჯიშობდა და ამხანაგურ მატჩშებიც გამოსცადეს.

მერე "რედ ბულის" რეზერვისტებში თამაშობდა. მაშინ ის ამ კლუბში დამკვიდრებასა და აშშ-ის ნაკრებში თამაშზე ოცნებობდა, მაგრამ... 2012 წლის შემდეგ მისი კვალი დაიკარგა...

- თბილისში დავიბადე და 13 წლამდე "პლეხანოვზე" ვცხოვრობდი. ფეხბურთზე 6
წლის ასაკიდან "დინამოს" სკოლაში, პაატა მეტრეველთან დავდიოდი, მერე კი ოჯახთან ერთად ამერიკაში წავედი.

- ... და რა მოხდა ამერიკაში?
- რუსულ აკადემიაში უკრაინელ მწვრთნელებთან ორი წელი ვვარჯიშობდი. პარალელურად, ნიუ-ჯერსიში "რედ ბულის" აკადემიაში დავდიოდი. ძირითად გუნდში გასინჯვაზე 15 წლისა მიმიწვიეს და აკადემიის პირველი აღზრდილი ვიყავი, პირველ გუნდში რომ გადამიყვანეს.

16 წლისამ "რედ ბულთან" ერთად პირველად ვივარჯიშე, რაც პერიოდულად გრძელდებოდა. 2009 წლის სექტემბერში კონტრაქტი კი გავაფორმე, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში ოფიციალური მატჩი არ მითამაშია. ამხანაგურებიდან კი შარშან, ესპანურ შეკრებაზე, "რუბინთან" შეხვედრა დამამახსოვრდა. მოედანზე მეორე ტაიმში შემიყვანეს. 0:1-ს ვაგებდით, ჩემ მიერ მოპოვებული ჯარიმით საპასუხო გოლი გავიტანეთ. თამაში 1:1 დამთავრდა.

- "ინტერის" ჭაბუკთა გუნდისთვისაც გაგიტანიათ გოლი...
- ეს აკადემიაში ყოფნის დროს მოხდა. "ინტერის" 18-წლამდელებს ამხანაგურ მატჩში შევხვდით. 0:1-ს ვაგებდით, ორი გოლი გავიტანე და 3:1 მოვიგეთ. ჩემს კარიერაში ყველაზე კმაყოფილი ამ თამაშით დავრჩი და პირველი გუნდის ხელმძღვანელობამაც სწორედ ამის მერე შემამჩნია.

- ტიერი ანრისა და რაფაელ მარკესთან ერთად თამაშს ნებისმიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი ინატრებდა. რას იტყვით ამ ვარსკვლავებზე?
- ანრიმ ბევრი რამ მასწავლა და ცხოვრებისეულ საკითხებშიც დამეხმარა. ძალიან გულღიაა და მშვენიერი იუმორიც აქვს. სტადიონზე თუ მის გარეთ ღირსეულად იქცევა, მეგობრულია მოთამაშეებთან და ხალხთან. ხშირად მეუბნებოდა - ბევრი შრომა აუცილებლად დაგიფასდებაო.

ყურადღებიანია მარკესიც, რჩევის მოცემა არ ეზარებოდა, მაგრამ უფრო ჩუმი და ჩაკეტილია. "რედ ბულში" უეინ რუნის ძმაც იყო და მას ფიზიკურად საკმაოდ ჰგავდა, მაგრამ თამაშით... რა გითხრათ...

- "რედ ბულის" მწვრთნელი ძალიან გაქებდათ, მაგრამ გუნდში დამკვიდრება მაინც ვერ მოახერხეთ. რამ შეგიშალათ ხელი?
- ტრავმებმა. 2008 წელს მარჯვენა მუხლზე მენისკის ოპერაცია გავიკეთე, კონტრაქტის გაფორმებამდე კი მარცხენა თეძოც ამტკივდა, დროთა განმავლობაში ტკივილი გამიძლიერდა და ოპერაციას კვლავ ვერ გადავურჩი. ექიმებთან რეაბილიტაციას რომ გავდიოდი, პარალელურად, ჩემს ძველ ნაცნობ უკრაინელ მწვრთნელს ბავშვების ვარჯიშში ვეხმარებოდი.

"რედ ბულთან" კონტრაქტი 2012 წელს დამიმთავრდა. მწვრთნელთან კონფლიქტი მომივიდა და უგუნდოდ დავრჩი. მას შემდეგ ამერიკაში გუნდი ვერ მოვძებნე და ასე ვიყავი ზუსტად ერთი წლის განმავლობაში. ამიტომაც ჩამოვედი საქართველოში.

- არადა, ამერიკის ნაკრებში თამაშზე ოცნებობდით...
- ეს ამბავი ძალიან გააბუქეს. ამერიკელმა ჟურნალისტმა მკითხა - ჩვენს ნაკრებში თუ ითამაშებდიო? ეს ის პერიოდი იყო, როცა საქართველოში ჩემით არ ინტერესდებოდნენ და... ხომ არ ვეტყოდი, არა-მეთქი? ამ დროს, ნიუ იორკშიც ქართულად მზრდიდნენ და სულ ვფიქრობდი - იქნებ, საქართველოში ვინმე დაინტერესდეს-მეთქი...

- ამერიკულ ფეხბურთზე რას იტყვით?
- იქ ჩვენზე ბევრად უკეთესი პირობებია. განსხვავება დონეშიც საგრძნობია - ამერიკელები ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობენ. "რედ ბულს" მარტო ფიზმომზადებაში სამი მწვრთნელი ჰყავდა. პირველი გამძლეობაზე გვავარჯიშებდა, მეორე - სირბილში, მესამე - ტრენაჟორების დარბაზში. ყველა ვარჯიშის შემდეგ გულის მდგომარეობას გვიმოწმებდნენ და ასე შემდეგ.

სამწუხაროდ, ჩვენთან "ფიზიკაში" პრობლემა აშკარაა და ამიტომაცაა მატჩებში დაბალი ტემპი. მაგრამ საქართველოში ისეთი ნიჭიერი ბიჭები ვნახე, ბევრის მიღწევა რომ შეუძლიათ.

- აქ დარჩენას როდემდე აპირებთ?
- მომავალი წლის ბოლომდე და მერე ვნახოთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
Eh anri martla yvelaze metad momwonda axla ki vegar vuyureb mis tamashebs neta wamoyoloda chirgadzes saqartveloshi satamashod
HENRY14
12:08 03-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული