თუმცა, ერთადერთი, რაც არ შეიცვლება, ლიდერის პოზიციაა: როგორც არ უნდა დამთავრდეს ამ ტურის მატჩები, პირველ ადგილს "დინამოს" ვერავინ შეეცილება; ერთადერთი, მხოლოდ ის არის საინტრიგო, თუ რამდენი ხანი გაგრძელდება დინამოელთა მართლაც შთამბეჭდავი სერია...
მეტალურგი-დინამო
დისკვალიფიკაცია: ლევან კაკუბავა (მეტალურგი) - გიორგი სეთურიძე (დინამო)
2006 წლიდან გამოჩნდა უმაღლეს ლიგაში "მეტალურგი" ("ოლიმპი") და იქიდან მოყოლებული, სწორედ რუსთავული გუნდი ("ზესტაფონთან"
ეგ კი არა, წინა სეზონში "მეტალურგთან" მოპოვებული 2 გამარჯვება რომ არა, "დინამოს" კვლავაც თანაფარდობა ექნებოდა რუსთაველთა გუნდთან ურთიერთშეხვედრებში.
...შესავალშივე ვახსენეთ "დინამოს" მართლაც შთამბეჭდავი სერია: სათასო დაპირისპირებების ჩათვლით, ქვეყნის ჩემპიონმა ზედიზედ 9 მატჩი მოიგო და არანაკლებ შთამბეჭდავია ბურთების სხვაობაც (38-5).
თუმცა, ვეჭვობთ, რომ ხვალ "ფოლადზე" ლიდერს იოლი მატჩი ჰქონდეს: ამ ბოლო დროს ხომ "მეტალურგიც" აღმავლობის გზაზეა და სატურნირო მდგომარეობის გარდა, რუსთაველთა გუნდმა თამაშის ხარისხიც საგრძნობლად გააუმჯობესა.
თანაც, გელა სანაიას შეგირდები საკუთარ მოედანზე თითქმის უდანაკარგოდ ასპარეზობენ და ამის დასტურად ის ფაქტიც გამოდგება, რომ მეტოქეებმა ოთხ ჩატარებულ შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ შეძლეს რუსთავში გოლის გატანა.
სხვათა შორის, ხვალიდან "მეტალურგისთვის" ურთულესი გრაფიკი იწყება: "დინამოს" შემდეგ რუსთაველებს ზედიზედ მოუწევთ უშუალო კონკურენტებთან ("ტორპედო", "ჩიხურა", "ზესტაფონი", "დილა") დაპირისპირებები.
რაც შეეხება "დინამოს", დუშან უჰრინის გუნდი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მშვენიერი განწყობით უნდა ესტუმროს მეტალურგთა და ქიმიკოსთა ქალაქს (ახლო წარსულში რუსთავს ხომ ასე მოიხსენიებდნენ - გ.ტ.); თანაც, "დინამოს" ჩეხი თავკაცისათვის რუსთავი, ალბათ, ყოველთვის "ტკბილად მოსაგონარი" დარჩება:
შარშან, 11 აგვისტოს ხომ სწორედ აქ, "მეტალურგი"-"დინამოს" მატჩისას შედგა დუშან უჰრინი (უმცროსის) დებიუტი საქართველოს ჩემპიონატში! ჰოდა, ეს დებიუტიც წარმატებული აღმოჩნდა და საერთოდაც, მთლიანად 2012-13 წლების სეზონი: ხუთწლიანი პაუზის შემდეგ "დინამო" საქართველოს ჩემპიონი გახდა, ათწლიანი შესვენების შემდეგ კი "დუბლიც" გაახერხა!
დილა-მერანი
დისკვალიფიკაცია: მურად აფხაზავა (დილა)
ჯერ კიდევ ორი-სამი კვირის წინ, ორივე გუნდი სხვა მწვრთნელების ხელმძღვანელობით ასპარეზობდა, თუმცა, მერე "დილაშიც" და "მერანშიც" საკადრო ცვლილებები მოხდა და ორივე გუნდის ახალი მწვრთნელები რამაზ სოღოლაშვილი და კახა ჩხეტიანი მესამე მატჩს ჩაატარებენ ჩემპიონატში.
ერთი შეხედვით, ამ წყვილის ფავორიტი "დილაა", თანაც, გორელთა გუნდს თავის ხვალინდელ მეტოქესთან აშკარა უპირატესობაც აქვს ურთიერთშეხვედრებში.
თუმცა, ისიც სათქმელია, რომ "დილას" უმძიმესი სათასო მატჩი ჰქონდა ბათუმის "დინამოსთან" და ვნახოთ, რამდენად მალე შეძლებენ გორელთა გუნდის ფეხბურთელები ძალების აღდგენას.
ისე, ურთიერთშეხვედრების გარდა, "მერანის" სასარგებლოდ არც სხვა სტატისტიკა მეტყველებს: მარტვილელთა გუნდი ერთადერთია მიმდინარე ჩემპიონატში, სტუმრად ჩატარებული ყველა მატჩი რომ წააგო.
სპარტაკი-ვიტ ჯორჯია
დისკვალიფიკაცია: ვარლამ კილასონია, ზვიად მეტრეველი, ნიკა კვეკვესკირი (ყველა სპარტაკი)
ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი შეხვედრაა, მაგრამ ეს მატჩი მაინც განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.
უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ორივე გუნდს უმძიმესი სათასო მატჩები ჰქონდა შუა კვირაში და ორივე დრამატულ ბრძოლაში გამოეთიშა მერვედფინალს.
თუმცა მთავარი ინტრიგა მაინც მასპინძელთა ახალი მწვრთნელის დებიუტია: თბილისის "დინამოს", "ზესტაფონისა" და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილი თავკაცი კახა კაჭარავა ხუთთვიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება საქართველოს ჩემპიონატს.
თუმცა კაჭარავას წინაშე ერთობ რთული ამოცანა დგას: "სპარტაკს" უმაღლეს ლიგაში ადგილი უნდა შეუნარჩუნოს; არადა, ეს სპეციალისტი ადრე ისეთ გუნდებში მუშაობდა, აბსოლუტურად განსხვავებული მიზნები რომ ჰქონდა. აქვე, იმასაც დავძენთ, რომ ხვალინდელ მატჩში კაჭარავა ძირითადი შემადგენლობის სამ ფეხბურთელს მოისაკლისებს...
ტორპედო-ჩიხურა
"მეტალურგი"-"დინამოს" მსგავსად, ეს შეხვედრაც თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ დაპირისპირებად.
თანაც არანაკლებ საინტერესოა (გნებავთ - საინტრიგო) ის ფაქტიც, რომ ამ "იმერულ დერბიში", ცოტა არ იყოს, ძნელი იქნება სტუმარ-მასპინძელის სტატუსის გარკვევაც! მოგეხსენებათ, რომ საკუთარი სტადიონის მოუწესრიგებლობის გამო, ამ სეზონში "ჩიხურა" საშინაო მატჩებს... ქუთაისში ატარებს!
მოკლედ, საჩხერელთა გუნდს, ფაქტობრივად, "შინაურ გარემოში" მოუწევს თამაში; თანაც სოსო ფრუიძის შეგირდებს მეტოქესთან შედარებით გარკვეული უპირატესობაც აქვთ: შუა კვირაში "ჩიხურას" ერთობ იოლი სათასო მატჩი ჰქონდა პირველლიგელ "ლოკომოტივთან", მაშინ როცა "ტორპედომ" წინა კვირას ჯერ უმძიმესი შეხვედრა ჩაატარა სტუმრად "დინამოსთან", შემდეგ კი არანაკლებ რთული და არანაკლებ დრამატული სათასო დაპირისპირება ჰქონდა "სპარტაკთან", სადაც ჟერარდ სარაგოსას შეგირდებმა პენალტების სერიაში იმარჯვეს.
და მთავარიც: ორშაბათის მატჩში ხომ ერთმანეთს მეორე და მესამე ადგილებზე მყოფი გუნდები ხვდებიან!
გურია-ზუგდიდი
დისკვალიფიკაცია: ვლადიმერ ჯოჯუა (გურია)
მიმდინარე სეზონში ორადორი გუნდია, საშინაო მატჩებში 100-პროცენტიანი შედეგი რომ აქვს და "დინამოსგან" ეს ამბავი თუ არავის უკვირს, აი, "გურიაზე" უკვე მერამდენედ გვიწევს აღმატებულ ხარისხში საუბარი და ვნახოთ, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ლანჩხუთელთა გუნდის უდანაკარგო ასპარეზობა... ნეიტრალურ მოედანზე.
ისე როგორც წინა ოთხი საშინაო მატჩი, რომან პოკორას გუნდი "ზუგდიდთან" შეხვედრასაც ქობულეთში ჩაატარებს;
არადა, არცთუ ისე დიდი ხნის წინათ ინფორმაციამ გაიჟღერა, თითქოსდა, 3 ნოემბერს დანიშნული "გურია"-"ზუგდიდის" დაპირისპირება ლანჩხუთში უნდა ჩატარებულიყო.
მოკლედ, ლანჩხუთელ ქომაგებს გარკვეული პერიოდი კიდევ მოუწევთ მოცდა, თუმცა "გურიას" გულშემატკივრობა ხომ არც ქობულეთში აკლია!
ზესტაფონი-სიონი
ამ გუნდებს შორის ურთიერთშეხვედრებში აშკარა უპირატესობა "ზესტაფონის" მხარესაა: ხვალინდელ მეტოქეებს ამ ბოლო წლებში ხომ აშკარად განსხვავებული მიზნები აქვთ. თუმცა, ხვალინდელ შეხვედრას ერთდროულად ორი "დატვირთვა" ექნება:
ჯერ ერთი, გავიხსენოთ, რომ სულ რაღაც სამი დღის წინათ "სიონმა", ბევრისთვის მოულოდნელად, საპასუხო მერვედფინალურ მატჩში "ზესტაფონი" სტუმრად დაამარცხა - 1:0 და მომდევნო ეტაპზე გავიდა! და აი, ეს გუნდები უკვე ჩემპიონატში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და "სიონის" დროებითი თავკაცის რანგში ეს იქნება გიორგი ლოლაძის პირველი მატჩი ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით.
თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია "ზესტაფონში" მომხდარი საკადრო გადაადგილება: უკვე გეცოდინებათ, რომ გუნდის მთავარ მწვრთნელად გია გეგუჩაძე დაინიშნა; მ
წვრთნელი, რომლის ხელმძღვანელობითაც "ზესტაფონმა" 2011 წელს თავის ისტორიაში პირველად მოიპოვა საქართველოს ჩემპიონობა! თუმცა, ხვალინდელ შეხვედრაში იმერულ კლუბს აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელის, რატკო დოსტანიჩის თანაშემწე ლევან ბაჯელიძე და გიორგი მიქაძე დამოძღვრავენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"