დიეგო ბევრ ცნობილ ფეხბურთელს ჰქვია - ფორლანს, მილიტოს, ტრისტანს... მაგრამ, ცხადია, ეს სახელი ჩვენთან მარადონასთან ასოცირდება. და თუ სამხრეთამერიკელ მოთამაშეთა შორის დიეგოების მთელი წყება ბუნებრივი ამბავია, საქართველოსთვის ეს სახელი უცხოა.
"ჩვენი" დიეგო "სპარტაკის" 18 წლის მარცხენა მცველია და ცხინვალელთა შემადგენლობაში წლევანდელ სეზონში გამოჩნდა. ლობჟანიძისთვის სახელი ცნობილი მექსიკელი და
"რა თქმა უნდა, დიეგო მამაჩემმა მარადონას პატივსაცემად დამარქვა. 1986 წლის მექსიკის მსოფლიოს ჩემპიონატზე მარადონამ ინგლისს ზღაპრული გოლი რომ გაუტანა, მამაჩემს მაშინ უთქვამს, ბიჭი თუ მეყოლება, დიეგოს დავარქმევო და ასეც მოხდა. მე 1991 წელს დავიბადე და მართლა ასე გააკეთა. სახელმა ჩემს ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინა. მამას ფეხბურთი ძალიან უყვარს, მეც მასავით შემიყვარდა და ვალდებულიც ვიყავი, ფეხბურთი მეთამაშა", - ამბობს ლობჟანიძე.
დიეგო ლობჟანიძე ცხინვალელთა შემადგენლობაში თბილისის "დინამოს" დუბლშემადგენლობიდან მოხვდა. თუმცა, დიდი სეხნიისგან განსხვავებით, სიმაღლით ლამის ორი მეტრია...
"ხუთი წელი თბილისის "დინამოს" აკადემიაში ვვარჯიშობდი, მერე ერთი წელი დუბლებში გამოვდიოდი, "სპარტაკში" კი წლეულს გადმოვედი. ჯერ დუბლებში მაკვირდებოდნენ, ახლა კი დამაწინაურეს და ძირითადში გადმომიყვანეს. ალბათ, უხერხულიც არის, დიეგო დუბლებში თამაშობდეს. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით...~
მარადონას სიყვარული მამისგან შვილსაც გადაედო და მისი ცხოვრება გასულ წელს ერთმა მოვლენამ გაალამაზა.
"როდესაც მარადონა საქართველოში ჩამოვიდა, შევხვდი, მის პრესკონფერენციას დავესწარი, ბურთზე ავტოგრაფი ვთხოვე და ძალიან ბედნიერი ვიყავი, ამხელა ფეხბურთელი პირადად რომ ვნახე".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"