სიონი-ზუგდიდი 1:0 - სტადიონზე ჩვენი ნათესავებიც აღარ დადიანო...

AutoSharing Option
ბოლნისელები წარმატებულ სერიას აგრძელებენ. 30 ოქტომბრის შემდეგ, როცა ლადო ბურდულის გაწვრთნილებმა გასვლაზე სათასო შეხვედრაში "ზესტაფონი" 1:0 დაამარცხეს, გუნდმა 5 მატჩი მოიგო და ერთიც ფრედ დაასრულა.

"სიონის" მორიგი საკბილო "ზუგდიდი" გახდა.

სტუმრებმა თამაში აქტიურად დაიწყეს. გათვლა სწორი იყო - სანამ ძალები ეყოფოდათ, მაქსიმუმი უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ არ გამოუვიდათ.

პირველ ტაიმში რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს - პაჭკორიამ და ფარჯიკიამ მეკარე მერლანს ვერ აჯობეს. მშვენიერი მომენტი ჰქონდა მირცხულავას, რომელმაც ფლანგიდან სიხარულიას ჩაწოდებული ბურთისთვის ბრძოლაში მცველებს დაასწრო, მაგრამ ახლო მანძილიდან ზუსტად ვერ დაარტყა.

ყველაზე
რეალური საგოლე მომენტი კი ზუგდიდელებმა შექმნეს - 35-ე წუთზე, როცა მარცხენა ფლანგიდან ფარჯიკიას ჩაწოდებული ბურთის კარში გაგზავნას კანკია შეეცადა, მაგრამ სუსტად დაარტყა და მერლანს პრობლემა არ შეჰქმნია.

Sportall.Ge"სიონი" მეორე ტაიმში გამოცოცხლდა. 58-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან იმედაშვილმა საჯარიმოში ლობჯანიძე შენიშნა, ამან კი ბურთი კარისკენ დაუხანებლად გაუშვა, მაგრამ მიზანს ვერ უწია.

სამაგიეროდ, შედეგიანი გამოდგა "სიონის" მორიგი შეტევა - ლობჯანიძემ მარჯვენა ფლანგიდან შეუტია და მეკარის საჯარიმოსთან ახალაია შენიშნა. ამ უკანასკნელმაც მახვილი კუთხიდან ბურთი თავით შორეულ კუთხეში გადაგზავნა და ულამაზესი გოლით ანგარიში გახსნა - 1:0.

ერთ წუთში ბოლნისელებს სხვაობის გაზრდაც შეეძლოთ - ამჯერად, საჯარიმოში გახსნილ ახალაიას ასისტენტობა მარჯვენა ფლანგიდან აფციაურმა გაუწია, მაგრამ "სიონის" თავდამსხმელმა მიზანს ააცილა.

მატჩის ბოლოს ზუგდიდელებს დაღლა დაეტყოთ. ცხადია, ეს რიკოთზე გატარებული 16 საათის შედეგი იყო. მიუხედავად სურვილისა, სტუმრები სახიფათო მომენტებს ვერ ქმნიდნენ და დაცვაშიც პრობლემები ექმნებოდათ.

მწვავე გამოდგა აფციაურის შეტევა, რომელმაც 85-ე წუთზე საჯარიმოს სიახლოვიდან ბურთი კარისკენ "მოჭრა", მაგრამ მეკარე მამალაძემ საიმედოდ ითამაშა.

საბოლოოდ, "სიონმა" წაუგებელი შეხვედრების სერია ხუთამდე გაზარდა და 22 ქულით მე-8 ადგილზე დაწინაურდა.

საინტერესოა, რომ ბოლნისელები მესამეადგილოსან ლანჩხუთის "გურიას" 2 ქულით ჩამორჩებიან და ძირითადი ეტაპის დარჩენილ 7 შეხვედრაში ექვსეულში მოხვედრის პერსპექტივაც აქვთ.

სამწუხაროდ, შეხვედრას ძალიან ცოტა მაყურებელი დაესწრო. ერთ-ერთმა ფეხბურთელმა იხუმრა - მგონი, თამაშებზე ჩვენი ნათესავებიც აღარ მოდიანო.

ცხადია, "სიონს" ბოლნისში გაცილებით მეტი გულშემატკივარი ეყოლებოდა, მაგრამ საშინაო არენაზე თამაში ვერა და ვერ ეღირსა. თუ ეს პრობლემა მოგვარდება, "სიონს" ექვსეულში მოხვედრის შანსი გაეზრდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
vigacas stadioni uchirs, vigacas ra... me zugdidis mogeba magram sadaaa dsaad...es daraseliac citaishvvilze uaresi da morcha davigupeet...
dito
22:08 07-12-2013
0
როდის ვეღირსებით ერთი სტადიონის შეკეთებას ბოლნისში, რაღას უყურებენ? ყოველ თამაშჭზე თბილისში ხომ არ ვივლით ვერ გავიგე რა.
Bolneli
13:13 06-12-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული