ფედერაციის გადასაწყვეტია, გაუქმდება თუ არა ლიგა

AutoSharing Option
პროფესიული ფეხბურთის ლიგისთვის ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა. წერილში ლიგამ ფედერაციას ურჩი კლუბების მიმართ ზომების მიღება სთხოვა, ფედერაციამ კი ლიგა უფუნქციოდ დატოვა.

მიხეილ აბაიშვილი, პროფესიული ფეხბურთის ლიგის პრესატაშე:
- სექტემბერში ლიგამ ”კოლხიდას" კონტრაქტი გაუწყვიტა. მედიაკომპანიას ლიგისგან სარეკლამო და სატელევიზიო უფლებები ჰქონდა მინიჭებული და ლიგისთვის სასპონსორო და საპრიზო ფონდებისთვის თანხები უნდა გადაეხადა. სამწუხაროდ, ორი წლის განმავლობაში ვალდებულებები ვერ შეასრულა და სექტემბრის შუა რიცხვებში კონტრაქტი შეწყდა.

ამას გარდა, პირველი და უმაღლესი ლიგების კლუბების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მიმდინარე სეზონის საწევრო გადასახადი ვერ თუ არ
შემოიტანა. უმაღლესი ლიგიდან თანხები მხოლოდ ორმა კლუბმა, ქუთაისის ”ტორპედომ" და ”ზესტაფონმა" შემოიტანეს. დანარჩენებმა ან საერთოდ არ გადაიხადეს, ან მხოლოდ ნაწილი. სწორედ ამან გამოიწვია, ლიგამ დროულად რომ ვერ დააფინანსა საორგანიზაციო ხარჯები და მსაჯების ბოლო ორი თვის დავალიანება დაგროვდა.

- თქვენს წერილში ფედერაციას ურჩი კლუბების დასჯა სთხოვეთ, მათ კი უფუნქციოდ დაგტოვეს - რატომ?
- კლუბები საწევროს არ იხდიდნენ და მსაჯებმა გაფიცვა მოაწყეს. კლუბებთან მოლაპარაკება დავიწყეთ და, ჩემპიონატი რომ არ შემწყდარიყო, ფედერაციას მივმართეთ, გთხოვთ, ზომები მიიღეთო - ფედერაცია ხომ უმაღლესი საფეხბურთო ორგანოა. მისმა ხელმძღვანელობამ კი ისე გადაწყვიტა, როგორც გადაწყვიტა.

მომხდარზე პასუხისმგებლობას არ ვიხსნით, მაგრამ ბევრი რამ ლიგისგან დამოუკიდებელი მიზეზებით მოხდა. ჩვენ ”კოლხიდასთან" კონტრაქტის გაწყვეტამდე, ანუ სექტემბრამდე სპონსორთან დალაპარაკების იურიდიული უფლება არ გვქონდა. შემოდგომაზე კი ყველა კომპანიას სარეკლამო ხარჯი გაწერილი აქვს და სადაც მივედით, ყველგან ერთი პასუხი მივიღეთ - ახალი წლის შემდეგ დავილაპარაკოთო. ჩვენ რა უნდა შეგვეცვალა?

- პირდაპირ ვთქვათ, ამ გადაწყვეტილებით ლიგა, ფაქტობრივად, გაუქმდა.
- მე ვერაფერს გეტყვით, ეს ფედერაციის გადასაწყვეტია.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული