დინამოს ორმაგი მოტივაცია

AutoSharing Option
"დინამოს" ორმაგი მოტივაცია ჰქონდა: ჯერ ერთი, ყოველთვის, ნებისმიერ მეტოქესთან უნდა მოიგოს და მეორეც, პირველ წრეში ბოლნისში მტკივნეული წაგება - 0:1.

პირველი ტაიმი უფერული გამოდგა. ძალიან ცოტა მაყურებელი, საკმაოდ შელახული მოედანი. ცხადია, არასაფეხბურთო განწყობა ფეხბურთელებსაც გადაედოთ.

პირველ ტაიმში ფეხბურთელები ფიზკულტურელებით ითელებოდნენ და მოწყენილი, საჭირბოროტო თემებზე მოსაუბრე მაყურებელი მხოლოდ რამდენჯერმე გამოაცოცხლეს: ტაიმის მიწურულს დონალდ ჯუსმა ალეკო კოშკაძის მშვენიერი გადაცემა ვერ გამოიყენა - ბურთმა კარს სანტიმეტრებში ჩაუქროლა.

ზუსტად ერთ წუთში ბოლნისელები მათე ვაწაძემ შეაწუხა, მაგრამ სტუმართა მეკარე მირზა მერლანმა საიმედოდ ითამაშა. მალე მათემ
მცველებს საჯარიმოსთან ბურთი აართვა და კარში დაარტყა - მისი მცდელობა ამჯერადაც უშედეგო გამოდგა.

ვაწაძე აშკარად მოტივირებული ჩანდა. როგორც შევიტყვეთ, მან ”დინამოში" ბოლო შეხვედრა ჩაატარა და თავის გამოჩენა ძალიან სურდა. საქმე ისაა, რომ ეროვნული ნაკრების კანდიდატმა ნიჟნი ნოვგოროდის ”ვოლგასთან" კონტრაქტი გააფორმა და ლურჯ-თეთრი მაისურა უკანასკნელად მოირგო. მეორე ტაიმში ”დინამოს" ფორვარდი მოედანზე მთავარი მოქმედი პირი იყო და გოლებიც მისი უშუალო მონაწილეობით გავიდა.

ბოლნისელებმა ტრავმამოშუშებულ ვაწაძეს ფეხში სამჯერ ისე ხისტად მოსცხეს, გულშემატკივარმა ყველაზე ცუდი იფიქრა, თუმცა მათე წამოდგა და ”სიონი" მაინც დაამწუხრა: 79-ე წუთზე ლევან კაკუბავა მარჯვენა ფლანგზე მეურვეებს გასცდა და ბურთი საჯარიმოში ჩაახვია, ვაწაძე ჩვეულად გაფრინდა და ულამაზესი თავური დარტყმით (სომხეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერევანში გატანილის მსგავსი) ანგარიში გახსნა - 1:0.

თავის გამოჩენა ჯუსსაც შეეძლო, ოღონდ უხეირო დარტყმის წყალობით - ჩაწოდების ნაცვლად მარჯვენა ფლანგიდან მის მიერ გაგზავნილი ბურთი კარისკენ წავიდა და სტუმრები ძელმა იხსნა.

ვაწაძე დინამოელთა მეორე გოლშიც მონაწილეობდა. მარჯვენა ფლანგზე კომბინაცია ედნილსონს გააგრძელებინა, გვინეელ-პორტუგალიელმა საჯარიმოში ირაკლი ლექვთაძე მოძებნა და შეცვლაზე შესულმა ახალგაზრდა ნახევარმცველმა ”სიონის" კარი ახლო მანძილიდან მეორედ აიღო - 2:0.

ბოლნისელებმა კი თავი ვერაფრით გამოიჩინეს. მართალია, რამდენიმე მცდელობა ჰქონდათ, თავიდან დაცვაში კარგადაც ირჯებოდნენ და მეორე ტაიმში რევაზ გოცირიძეს ახლო მანძილიდან გატანაც შეეძლო, მაგრამ მოწინააღმდეგეს ვერ აჯობეს. როდესაც მასპინძლები ტემპს უმატებდნენ, ბოლნისელებს წინააღმდეგობის გაწევა უჭირდათ.

”დინამომ" დამსახურებულად გაიმარჯვა და ლიდერებში ადგილი შეინარჩუნა, მაგრამ ძნელი სათქმელია, როდემდე შეძლებს უპატრონოდ დარჩენილი კლუბი დღევანდელი სიმაღლეზე ფრენას.


დინამო - სიონი 2:0
26 ნოემბერი. თბილისი. მ. მესხი. 400 მაყურებელი
1:0 ვაწაძე (73), 2:0 ლექვთაძე (90. ვაწაძე, ედნილსონის პასით)

დინამო სიონი
4-4-2 4-4-1-1
ლორია მერლანი
კახელიშვილი ქურასბედიანი
თომაშვილი ლ. ჭელიძე
კვარაცხელია გ. თარგამაძე
ხმალაძე ორბელაძე
ჯუსი ვაშაკიძე
ედნილსონი დიდავა
კოშკაძე ნოზაძე
კაკუბავა სანიკიძე
რობერტინიო უგრეხელიძე
ვაწაძე გოცირიძე

დინამო
46. რობერტინიო - მუჯირი
71. კახელიშვილი - ლექვთაძე
89. ჯუსი - მეტრეველი,
სათადარიგოები: შეყრილაძე, გველესიანი, თექთურმანიძე, ქანთარია.

სიონი
57. სანიკიძე - გ. მელქაძე
76. გოცირიძე - ბობოხიძე
80. ვაშაკიძე - ისიანი
სათადარიგოები: ბობღიაშვილი, გ. ოქროპირიძე, მ. ოქროპირიძე, ჩივაძე.

გაფრთხილება: ბობოხიძე (81)
არბიტრი: თ. გვანცელაძე


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ანგარიშიც ასე "ნაგლად" დავწერე არა? მართლა სხვადასხვა თამაშზე ვიყავით. გაჯობათ "დინამომ", თამაშზე არჩათვლილ გოლებს კი არ ვწერთ, ეს ერთი და მეორე - ის, რაც თქვენ გინდათ "სიონის" საიტზე წაიკითხოთ, გაზეთში არ იწერება.
merabi
10:14 29-11-2010
0
მერაბ შენ ლელოში კი არა "დინამოს" ვებ-საიტზე უნდა მუშაობდე ჟურნალისტად. გუშინ თამაშზე მარტო შენ არ ყოფილხარ. სიონი მეორე ტაიმში რომ აქტიურობდა და გოლიც რომ გაიტანა და არ ჩაუთვალეს ეგეც შეგეძლო დაგეწერა, და დინამოს მეორე გოლი არ დაფიქსირებული ჯარიმის გამოც რო გავიდა ეგეც დაგავიწყდა ალბათ. იტყუები კაი მარა ასე ნაგლად მოტყუებაც არ შეიძლება! თუ არ მეთანხმები შედი დინამოს საიტზე და იმათ დაწერეს სიონის შეტევებზე შენგან განსხვავებით. და დიმა ობოლაძეც აჩვენებს მაგას რაც არ დაწერე
bb king
17:40 27-11-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული