გუშინ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ზემოთ ნახსენები თათბირი შედგა, რომელიც საათზე მეტხანს გაგრძელდა. შეკრება-შეხვედრას უმაღლესი ლიგის ყველა და პირველი ლიგის რამდენიმე კლუბის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
გადაწყდა, რომ ეროვნულ ჩემპიონატს ყველა ლიგაში და თასის გათამაშებას,
"ეროვნული ჩემპიონატისა და თასის გათამაშების ჩატარება ფეხბურთის ფედერაციამ ითავა. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ საშეჯიბრო კომიტეტი, რომელიც უხელმძღვანელებს ჩემპიონატის ჩატარებას ყველა ლიგასა და თასის გათამაშებაში. ამ საშეჯიბრო კომიტეტში იგივე კადრები, პროფესიონალები იმუშავებენ და მათთვის ეს ახალი საქმე არ იქნება", - "ლელოსთან" საუბარში აღნიშნა ზვიად სიჭინავამ.
გუშინდელ თავყრილობაზე სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაც მიიღეს. მიმდინარე სეზონის დაწყებამდე, უმაღლესი ლიგის კლუბს საწევროს სახით 40 ათასი ლარი უნდა გადაეხადა ფედერაციაში. ეს თანხა სრულად თითო-ოროლა კლუბს აქვს შეტანილი, ზოგ კლუბს კი ნახევარი ანაც მხოლოდ გარკვეული ნაწილი. დღის წესრიგში დადგა, საწევროს განახევრების ან შემცირების საკითხი.
"სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი ქართული ფეხბურთის განვითარებაა და ამის დასტურად კიდევ ერთი სასიკეთო ნაბიჯი გადაიდგა. სახელმწიფო უწყებებთან კონსულტაციების შედეგად გადავწყვიტეთ, რომ მიმდინარე ჩემპიონატში უმაღლესი ლიგის კლუბებს საწევრო თანხა გაუნახევრდეთ. შესაბამისად, კლუბებს 40 ათასის ნაცვლად, 20 ათასი ლარის გადახდა მოუწევთ. შესაბამისად, თუ რომელიმე კლუბს 20 ათას ლარზე მეტი უკვე შეტანილი აქვს, ზედმეტი თანხა უკან დაუბრუნდებათ. დარჩენილ ნახევარს, ანუ თითო კლუბზე 20-20 ათასი ლარის გადახდა, სახელმწიფომ თავის თავზე აიღო.
უფრო მეტიც, ჩვენი სურვილია, უმაღლესი ლიგა უფრო პრესტიჟული და ელიტური იყოს. გვინდა, მომდევნო სეზონიდან უმაღლეს ლიგაში საერთოდ აღარ იყოს საწევრო შესატანი. დუბლების პირველობაზე, პირველ ლიგასა და ჭაბუკთა ლიგებში კი საწევრო ისევ დარჩება. ამ საკითხზე კლუბებთან კიდევ გვექნება კონსულტაციები და საბოლოო გადაწყვეტილებასაც მერე მივიღებთ", - გვითხრა ფედერაციის პირველკაცმა.
ამ საკითხების გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო მსაჯების გასამრჯელოს თემა. ჯერ ერთი, მსაჯებს ბოლო 2-3 თვის კუთვნილი თანხა აქამდე არ მიუღიათ. მეორეც, გაიზრდება თუ არა, ახალი წლიდან უმაღლეს ლიგაში მომსახურე მსაჯების ანაზღაურება. სიჭინავას ამ თემაზეც დავეკითხეთ.
"ფედერაციის პროექტია, 2011 წლიდან უმაღლეს ლიგაში არბიტრის ანაზღაურება ათას ლარამდე გავზარდოთ. მოიმატებს თანამსაჯების ჰონორარიც, მაგრამ ჯერ ზუსტი ოდენობა არ დაგვიდგენია. ჩემპიონატსა და თასის გათამაშებაზე მალე ზამთრის შესვენება დაიწყება, ამ საკითხზე ვიმსჯელებთ და მერე გეტყვით ციფრებს, თუ რა თანხით გაიზრდება მსაჯების ჰონორარი.
რაც შეეხება მსაჯების დავალიანებას, ამ საკითხშიც სახელმწიფო გვეხმარება და ამ კვირის ბოლომდე მსაჯები კუთვნილს აუცილებლად მიიღებენ.
ამ საკითხების მოგვარებაში სახელმწიფო დაგვეხმარება. მადლობის მეტი რა გვეთქმის, 300 ათას ლარამდეა ეს დავალიანება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"