ქუთაისის "ტორპედო" - მატება მოსკოვიდან

AutoSharing Option
დავით ხურციძე "ტორპედოში" ითამაშებს. ფეხბურთელი ქუთაისში სამშაბათს ჩამოფრინდება და რიონისპირელებს შეუერთდება.

მისი სახელი და გვარი ქართველ გულშემატკივარს ბევრს არაფერს ეუბნება, მაგრამ 20 წლის მოთამაშეს საინტერესო წარსული აქვს, რაზეც ადრე "ლელო" წერდა.

ხურციძე ქუთაისელია, მაგრამ წლების წინათ გადავიდა მოსკოვში, ცსკა-ში ვარჯიშობდა და ახლა რუსეთის მოქალაქეა.

მისი ტრანსფერი ცსკა-ს ეკუთვნის, მოსკოველთა ძირითად კლუბთან ერთად არაერთი შეკრებაც გაუვლია, თუმცა რეზერვისტთა გუნდში თამაშობდა, რამდენიმე შეხვედრა კი რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრებშიც ჩაატარა.

ხურციძეს მცველადაც ათამაშებდნენ და ნახევარმცველადაც. 2012/13 წლების სეზონში, ცსკა-ს დუბლებში ჩატარებულ 23 მატჩში (აქედან
19 - სასტარტოში) 2 გოლი გაიტანა და 6 ყვითელი ბარათი მიიღო. 2013 წელს, 19-წლამდელთა საერთაშორისო ტურნირზე (NextGen Series), ცსკა-მ "აიაქსი" 2:0 რომ დაამარცხა, იმ შეხვედრაში ანგარიში 45-ე წუთზე ხურციძემ გახსნა და შეუცვლელადაც ითამაშა.

შარშან ზაფხულში, სათამაშო პრაქტიკის მისაღებად და დიდ ფეხბურთთან ადაპტაციისთვის, ხურციძე მეორე ლიგის ბინადარ პენზის "ზენიტში" მიავლინეს. ამ გუნდში მან სულ 4-ჯერ ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა.

კიდევ ერთი სიახლე "ტორპედოსგან": მოგეხსენებათ, 2013 წლის დეკემბერში კომპანია "ვისოლმა" ქუთაისური კლუბის დაფინანსება შეწყვიტა. ბუნებრივია, ამან "ტორპედოში" თანამდებობრივი ცვლილებები გამოიწვია.

პოსტი უკვე დატოვა ქუთათურთა აღმასრულებელმა დირექტორმა გოგა პაპიაშვილმაც, რომელიც საფეხბურთო სამყაროში წესიერი და საქმიანი ადამიანის რეპუტაციით სარგებლობს.

"ტორპედოში" განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებზე არ ვილაპარაკებ. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ კლუბის ერთიდან მეორე მეპატრონის ხელში გადაბარების პროცესში ჩემს წილ პასუხისმგებლობას ბოლომდე შევასრულებ და მაქსიმალურად ვეცდები, ეს მოკლე დროში მოხერხდეს.

ვისარგებლებ შემთხვევით და ქუთაისელ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის დიდ მადლობას გადავუხდი. გუნდის საკეთილდღეოდ, წვიმასა და ქარში, ერთად ვიდექით.

მინდა იცოდეთ, რომ თუ რომელიმე ქართულ კლუბს ვუგულშემატკივრებ, ჩემთვის პირველი მუდამ "ტორპედო" იქნება. ძალიან მინდა, 9 მარტს თბილისის "დინამოსთან" თამაშზეც ჩამოვიდე და გუნდს მხარი დაგიჭიროთ.

სენტიმენტალობა არ მახასიათებს, მაგრამ ძალიან მიჭირს გუნდის დატოვება. აქაურობა ჩემი მეორე სახლი იყო. "ტორპედოს" და, ზოგადად, ქუთაისს მთელი გულით წარმატებებს ვუსურვებ",
- ამბობს გოგა პაპიაშვილი "ტორპედოს" პრესსამსახურთან ინტერვიუში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ