- ბატონო ზურაბ, რა გახდა თქვენი წაშვების მიზეზი?
- მოდი, თავიდან დავიწყებ, გავიხსენებ, როგორ ჩამოყალიბდა კლუბი, რაც ყველას აინტერესებს...
ჯაფარიძემ დაიწყო და, ორიოდე კითხვას თუ არ ჩავთვლით, არ დაიზარა და ლამის "ოლიმპის" მთელი ისტორია ხელისგულზე დაგვიდო - თუმცა, საინტერესო იყო, რადგან ილაპარაკა კირკიტაძესთან ურთიერთობაზე, "ოლიმპის" პრობლემებზე, რატომ აკეთებ
- ... ექვსი წლის წინ რუსთავს უმაღლეს ლიგაში გუნდი არ ჰყავდა. მაშინ ჯოზეფ კეის მეტალურგიული ქარხანა არ ეკუთვნოდა და ბათუმის "დინამოში" წასვლა გვთხოვა. მასთან ერთად იყო ტარიელ შავერდაშვილი. ბათუმის გუნდით მეორე წრის ჩემპიონები გავხდით, მოკლედ, ძლიერი გუნდი ჩამოყალიბდა. შემდეგ კეიმ მეტალურგიული ქარხანა იყიდა და ჩვენც რუსთავში გადავედით. ამ ქალაქს გუნდი არ ჰყავდა და იყო აზრი, რომ ჩემპიონატში გამოსვლა დაბალი ლიგიდან დაგვეწყო. მაშინ თბილისის "ოლიმპს" მამუკა გუგეშაშვილი პატრონობდა და უმაღლეს ლიგაში ერთობლივი ძალებით გამოსვლა შევთავაზე. ეს გაერთიანება წარმატებული გამოდგა და პირველივე სეზონში ჩემპიონები გავხდით. სულ ამ ხნის განმავლობაში ოქროს მედლები ორჯერ მოვიპოვეთ და ახლაც, პირველი ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე პირველ ადგილზე ვართ. საერთოდაც, სამეულის ქვემოთ არ ჩამოვსულვართ.
მოკლედ, თავიდანვე ამბიციურ გუნდად ჩამოვყალიბდით და დიდი გეგმები გვქონდა, მაგრამ ქარხანას თავიდანვე პრობლემები ჰქონდა და შორეულ მიზნებზე გათვლა შეუძლებელი იყო. სწორედ ამის გამო ხდებოდა, ფაქტობრივად, ერთწლიან გუნდებს რომ ვაყალიბებდით და ყოველი ახალი სეზონის დაწყებამდე ახალი შემადგენლობის შეკრება რომ გვიწევდა.
- უფრო სწორად, ყოველ ნახევარ წელიწადში.
- რეალობიდან გამომდინარე, სხვა არჩევანი არც გვრჩებოდა. ამის შემდეგ იყო კითხვები, რატომ ვერ მოვუგეთ პოლონეთისა და ყაზახეთის ჩემპიონებს - ვარშავის "ლეგიას", "ასტანას" და წლეულს "აქტობეს". "აქტობესთან" მატჩამდე ერთი თვით და ათი დღით ადრე 18 ფეხბურთელიდან 17 წავიდა და როგორ მოგვეგო?!
- ეს ხომ არასწორი მენეჯმენტის ბრალი იყო?
- ამიტომ გითხარით, საკუთარი საფეხბურთო სკოლა არ გვქონდა და იძულებული ვიყავით, ფეხბურთელები მოგვეწვია, მაგრამ, დაფინასებიდან გამომდინარე, სამწლიან კონტრაქტს ვერ გავაფორმებდით. არადა, ძნელი მისახვედრი არაა, რომ ხანგრძლივი ხელშეკრულება უკეთესია. ჩვენ ისიც არ ვიცოდით, ერთი წლის შემდეგ კლუბი იარსებებდა თუ არა და სამწლიანი როგორ გაგვეფორმებინა?! ფეხბურთელებს სწორედ ამიტომ ვერ ვინარჩუნებდით. აზერბაიჯანელებმა იმედაშვილს ხუთჯერ უკეთესი პირობები შესთავაზეს და როგორ გაგვეჩერებინა?! თორემ ჩვენც კარგად ვხვდებოდით, რომ იმედაშვილი, აკინო და ფრაგა დასატოვებლები იყვნენ. ზაფხულში, ყაზახეთში გამგზავრებამდე ფული არ გვქონდა და კიდევ კარგი, ჩარტერული რეისის საქმეში და ბანკიდან კრედიტის გამოტანაში კირკიტაძე დაგვეხმარა. ვიმეორებ, შეკრებაზე და ყაზახეთში ვერ მივდიოდით... ასეთ პირობებში უნდა მოგვეგო გუნდისთვის, რომლის ბიუჯეტიც 28 მილიონი დოლარი იყო, თან შეუთამაშებლები ვიყავით. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ყაზახეთის ჩემპიონატში რეალურად რუსები და უკრაინელები გამოდიან.
... "ლეგიასთან" ერთდროულად ოთხი დებიუტანტი დავაყენეთ. კიდევ კარგი, კირკიტაძე ჩაერია, ბრაზილიელები ჩამოიყვანა და გავძლიერდით. ვარშაველების ბიუჯეტი 40 მილიონი ევრო იყო და როდესაც "ოლიმპის" ბიუჯეტი მკითხეს, თავი ავარიდე და საუბრის სხვა თემაზე გადატანას შევეცადე.
რეალურად სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც შემდეგ ეტაპზე ვერ გავდიოდით. ძლიერი გუნდის ჩამოსაყალიბებლად საკმაოდ დიდი ფულია საჭირო. ქარხნის დირექტორ გივი გიგინეიშვილს ხშირად ვეკითხებოდი, რა მიზნები ჰქონდათ, რა დონის კლუბის ჩამოყალიბება სურდათ, ხუთეულში მოხვედრა, სამეულში თუ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. უეფას თასზე გასასვლელად მილიონი დოლარიც საკმარისი იყო, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე კი ბევრად მეტი. თუმცა ისიც მიკვირს, კეი და გიგინეიშვილი ასეთ ვითარებაში გუნდს რომ ინახავდნენ... წლების წინ, მეტალურგიული ქარხანაში 12 ათასი კაცი მუშაობდა, დღეს კი სამი ცეხი დარჩა. ამიტომ ვამბობ, რომ გუნდის დაფინანსებისთვის მათ მადლობა ეკუთვნით. თუმცა პრობლემები მაინც იყო და, აკი გითხარით, ძნელია მოგება, როდესაც ლიგის მატჩზე ნასესხები ფულით მიდიხარ. რუსეთის აგრესიის შემდეგ ქარხანას დახმარება აღარ შეეძლო და გვერდში ქვემო ქართლის გუბერნატორი დაგვიდგა, თორემ ხელფასების დარიგებასაც ვერ მოვახერხებდით. უყვარს ამ კაცს ფეხბურთი და ამიტომ იყო გუნდის წარმატებით დაინტერესებული, თორემ ოფიციალურად "ოლიმპში" არც ყოფილა და როგორ წავიდიდა?!
- ამბობენ, რომ კირკიტაძესთან კონფლიქტი გქონდათ. რაღაც საეჭვოდ დაემთხვა თქვენი წასვლა კირკიტაძის დანაქადნს, ზამთარში კლუბში დავბრუნდები, ჯაფარიძე კი წავაო.
- ეს არაა ჩემი კლუბიდან წასვლის მიზეზი.
- მაშინ გვითხარით, რა არის მიზეზი?
- როდესაც კირკიტაძე "ოლიმპის" ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობდა, არანაირი შეუთანხმებლობა და კონფლიქტი არ მქონია. მოვა თუ წავა, მისი გადასაწყვეტია.
რაც შეეხება ჩემი წასვლის მიზეზს: აქამდე გუნდის საორგანიზაციო საკითხებს მე ვაგვარებდი და ლიდერი გუნდიდან მივდივარ. ვერ იტყვიან, ცუდი მენეჯერი იყოო, რადგან უკმაყოფილების საბაბი არ მიმიცია. აქამდე ჯოზეფ კეი ხშირად უცხოეთში იყო და კლუბისთვის არ ეცალა, მაგრამ ერთი თვეა, ჩამოვიდა და ვარჯიშებზე სიარულს მოუხშირა. ვილაპარაკეთ და პირდაპირ გეტყვით, რომ კეის უფრო ახლოს სურს კლუბთან ყოფნა, მეპატრონე ასეც უნდა იყოს და სამაგალითო გადაწყვეტილებაა. როდესაც დავილაპარაკეთ, აშკარად გამოჩნდა, რომ ფეხბურთზე განსხვავებული შეხედულებები გვქონდა. ის მაინც დასავლეთში ნაცხოვრები კაცია და ესეც გასაგებია. ეს რომ შევატყვე, "ზესტაფონთან" მოგებული მატჩის შემდეგ წასვლაზე დავფიქრდი და კეის ვუთხარი, რაც ძალიან გაუკვირდა. ზესტაფონთან" მატჩის შემდეგ კიდევ ორჯერ შევხვდი და მითხრა, ფეხბურთს ვსწავლობ და მხარში დამიდექიო.
- ანუ მას არ გაუშვიხართ, თავად წახვედით?
- გარდაცვლილ ძმას ხომ არ დავიფიცებ... მითხრა, შენს გადაწყვეტილებას პატივს ვცემო. ერთი თვე მიდიოდა ეს ლაპარაკი. ისე არ გაიგოთ, თითქოს კეიზე ნაწყენი ვიყო. ასე ნამდვილად არაა. კეის 6 წელიწადია, ვიცნობ, მან გვერდში "ვარდების რევოლუციის" შემდეგ დამიყენა, რასაც მაშინ ბევრი ვერ გაბედავდა, რადგან მე ძველ ხელისუფლებასთან გაიგივებული ვიყავი. "ოლიმპი" საქართველოს ჩემპიონი პირველად რომ გახდა, კოტე კემულარიამ საქართველოს იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა შემომითვალა, კლუბიდან წადიო. ეს ამერიკაში კეის ვაცნობე, მან კი მითხრა, დარჩიო... თუმცა არავისთან ომი არ მსურდა და "ოლიმპს" დროებით ჩამოვშორდი. კეიმ კი, საქართველოში რომ ჩამოვიდა, გუნდში დამაბრუნა.
გუნდს ჩემი წასვლა დაეტყო. მეორე სეზონი დაიწყო. სტადიონზე კეისთან ერთად "ოლიმპი"-"ბათუმის" მატჩს დავესწარი. ვერ ვუგებდით, "ოლიმპი" არადამაჯერებლად გამოიყურებოდა და "ბათუმზე" მკითხა, ესაა ჩვენი გუნდიო? ჩემი დაბრუნება სწორედ ამ გადალაპარაკების შემდეგ გადაწყვიტა, რადგან მიხვდა, რომ გუნდი ჩემ არყოფნაში დასუსტდა.
- ვინ იქნება თქვენი შემცვლელი?
- ხომ გითხარით, კეი კლუბის მართვაში აქტიურად თავად ჩაერთვება. ჩემი წამოსვლის შემდეგ შემცვლელსაც თავად მოძებნის. ვფიქრობ, ეს სხვა მეპატრონეებისთვისაც მაგალითი იქნება, როდესაც ფულს აბანდებ, გუნდთან ახლოს უნდა იყო და მის ყოველდღიურ ცხოვრებას იცნობდე. თუმცა წამოსვლამდე მითხრა, კონსულტაციები თუ დამჭირდება, აუცილებლად შეგეხმიანები და მეგობრებად ვრჩებითო.
- "ოლიმპიდან" თქვენი წამოსვლის შემდეგ ითქვა, თითქოს ქუთაისის "ტორპედოში" ან თბილისის "დინამოში" გადადიოდით.
- არა, რა "ტორპედო" და "დინამო". არც კეი აპირებს "დინამოს" ყიდვას.
- თქვენ სად აპირებთ მუშაობას?
- მე "ოლიმპიდან" პირნათელი მივდივარ, გუნდში ჯანსაღი ვითარებაა და ჩემპიონატს ლიდერობს. ახლახან გუნდის ბიუჯეტი 900 ათასი ლარით შევავსეთ - 780 ათასი ლარი უეფამ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშისთვის ჩაგვირიცხა, 120 თუ 110 ათასი კი გიორგი ჭედიას აზერბაიჯანულ კლუბში გაყიდვით შემოგვივიდა.
- კითხვას მაინც არ პასუხობთ - ფეხბურთში რჩებით?
- ჯერ სამომავლო გეგმებზე არ ვფიქრობ. დიდი ხანია, არ დამისვენია და შვებულებაში გავალ. ფეხბურთი მიყვარს და ოჯახს აქედან არ ვინახავდი. სხვათა შორის, "ოლიმპი" მხოლოდ კეის არ არის, არის მეორე მხარეც, რომელიც...
- რომელიც რას გთავაზობთ?
- მეორე მხარე, ანუ "ოლიმპის" მეორე დამფუძნებელი მამუკა გუგეშაშვილია, რომელთანაც მაქვს მოლაპარაკება, რომ გუნდში მისი წარმომადგენელი გავხდე. ის "ოლიმპში" აქციათა 7 პროცენტს ფლობს, 60 კეის ეკუთვნის, 20-იც რუსთავის მერიას.
- "აიაქსთან" გაძევებული სერხიო რამოსივით გახარებული ჩანხართ და რატომღაც გვგონია, მალე რომელიმე კლუბში გიხილავთ, თორემ ასეთი ხალისიანი არ იქნებოდით.
- მე ფეხბურთიდან წასვლა არ მიფიქრია, მაგრამ ჯერ უნდა დავისვენო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"