ნაკრებიდან უგუნდოთა ნაკრებამდე

AutoSharing Option
ირაკლი ჩირიკაშვილი 18 წლის იყო, თბილისის "დინამოში" რომ გამოჩნდა. კახა ცხადაძეს მისი ეიმედებოდა და თავის გამოჩენის შანსს აძლევდა - იმ პერიოდში ირაკლის ახალგაზრდულ ნაკრებშიც იწვევდნენ. თუმცა ჩირიკაშვილმა "დინამოში" ადგილი დაკარგა და შემდეგ იყო "ბორჯომი", თბილისის "ლოკომოტივი" და ცხინვალის "სპარტაკი", წლეულს კი სულაც უგუნდოდ დარჩა. იმ დროს, როდესაც კლუბები კვალიფიციური ფეხბურთელების დეფიციტზე ჩივიან, როგორ დარჩა "თამაშგარეთ" 22 წლის, მაგრამ უკვე გამოცდილი და ნიჭიერი ფეხბურთელი, ამის შესახებ ჩირიკაშვილი "ლელოს" ესაუბრა:

- სამწუხაროდ, წლეულს ასე ცუდად ამეწყო საქმე. "სიონიდან" წამოსვლის შემდეგ, ივნისში ქუთაისის
"ტორპედოში" მიმიწვიეს, მაგრამ პირობებზე ვერ შევუთანხმდი, უცხოური ვარიანტების ლოდინიც უშედეგო გამოდგა და დავრჩი უგუნდოდ. რაღაც ვარიანტებს მერეც ველოდებოდი, მაგრამ ტყუილად, დრო გამეწელა, კლუბის მოძებნა აქაც დამიგვიანდა და ჯერჯერობით უგუნდოდ დავრჩი.

- "ტორპედოს" რატომ ვერ შეუთანხმდი?
- ფინანსურ საკითხებზე ვერ შევთანმდით. სხვა კლუბებთან კი ასეთი კონკრეტებული მოლაპარაკება არც მქონია. უფრო უცხოური ვარიანტისკენ ვიხრებოდი, იქნებ ცოტა არარეალურისკენაც და ამანაც განაპირობა, საბოლოოდ "ტორპედოშიც" რომ არ წავედი. არადა, ქუთაისში საქართველოსთვის საკმაოდ ნორმალური პირობები შემომთავაზეს.

ისე, რამდენიმე ქვეყანაში გადასვლას მთავაზობდნენ, მაგრამ სასურველი პირობები არ შემომთავაზეს და საქართველოდან წასვლა არ მიღირდა. არადა, მზად ვარ, ვითამაშო ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც უკეთესი პირობები და მომავლის პერსპექტივა იქნება. თამაში ყველგან შეიძლება.

- იმედისმომცემ ფეხბურთელად ითვლებოდი, ახალგაზრდულ ნაკრებში გიწვევდნენ, მაგრამ რატომღაც ყველაფერი აგერია. იქნებ საქმეს მონდომება დააკელი?
- ეს ჩემი მიზეზით არ მომხდრა, ანდრეი ჩერნიშოვმა თავის გამოჩენის შანსი არ მომცა. "დინამოს" ძირითადში თამაში ცხადაძის დროს დავიწყე, მაგრამ თანამეგობრობის თასის მერე კახა გუნდიდან წავიდა და ჩერნიშოვი დაინიშნა, რომელსაც ახალგაზრდები გულზე არ ეხატებოდა. თუმცა ახალგაზრდულ ნაკრებში მაინც მიძახებდნენ, 19 წლამდელთა ნაკრებიც ვითამაშე და კობა ჟორჟიკაშვილის ხელმძღვანელობით ელიტრაუნდში გავედით. ფეხბურთში იღბალი ბევრს ნიშნავს და, ეტყობა, ჯერ არ მწყალობს.

- ამბობენ, იღბალი ძლიერს უმართლებსო.
- რა გითხრათ, ნაკრებებში ხშირად მიწვევდნენ - 17, 19-წლამდელთა და ახალგაზრდულ ნაკრებებში. არ ვიცი, გახსოვთ თუ არა, კლაუს ტოპმიოლერმა ეროვნული ნაკრების გაფართოებულ სიაში შემიყვანა და მალტის ტურნირზეც წავყევი. ასე რომ, საწუწუნო არაფერი მაქვს. ვფიქრობ, რომ ჯერ ყველაფერი წინაა და გამართლება-არგამართლებაზე ლაპარაკი ნაადრევია. 22 წლის ვარ და კარიერაზე ხელი არ ჩამიქნევია. ადამიანს შრომა ადრე თუ გვიან დაუფასდება. თუ არ იზარმაცებ, წესით, ყველაფერი უნდა გამოგივიდეს. თუმცა ბევრი ნიჭიერი და შრომისმოყვარე ფეხბურთელი ვიცი, ვისაც არ გაუმართლა.

- ახლა თუ ვარჯიშობ?
- რა თქმა უნდა, ინდივიდუალურად სერიოზულად ვემზადები. ფორმის შენარჩუნებას სირბილით, ტრენაჟორებზე და ბურთით ვარჯიშით, მინი-ფეხბურთისა და გრეხეთბოლის თამაშით ვცდილობ. რაც შემიძლია, ყველაფერს ვაკეთებ.

- რომელიმე გუნდთან ვარჯიში არ გიცდია? ფორმის შენარჩუნება ინდივიდუალური მომზადებით კი არა, გუნდშიც ძნელია.
- სეზონის მსვლელობისას ძნელია, რომელიმე კლუბი ამაზე დაითანხმო. უხერხულიც არის, რადგან ყველა დაკომპლექტებულია და სიმართლე გითხრათ, არც მიცდია.

სხვათა შორის, ამბობენ, საქართველოში ფეხბურთელის გაზრდა შეუძლებელია. ბევრი პრობლემაა, რაც ყველას ძალიან გვაბრკოლებს და მაინც, მიუხედავად ამისა, ფეხბურთელად ჩამოყალიბება შეუძლებელი არაა.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული