ეს ინტერვიუ ბოლნისში მოგებული სათასო მატჩის შემდეგ შედგა.
- საქართველოში დაბრუნებული არადამაჯერებლად გამოიყურებოდი.
- არც მიკვირს, მაშინ ფორმიდან ამოვარდნილი ვიყავი. ახლა კი თავს ბევრად უკეთ ვგრძნობ. საერთოდ, გუნდი თუ ვერ თამაშობს, ვერც მე გამოვჩნდები და ვერც სხვა ფეხბურთელი, რაც უნდა კარგ ფორმაში
- უცნაურია, მერვე ტურამდე ვერ იგებდით და ამის მიუხედავად, თბილისის "დინამოსთან" ერთად ყველაზე ნაკლები გოლი გაუშვით.
- ესეც ადასტურებს, რომ თავიდანვე კარგი გუნდი ვიყავით, მაგრამ ძალიან უიღბლო. ჩვენ კარგი დაცვა გვყავს, მაგრამ შეტევაში პრობლემები გვქონდა. ვერ ვიტყვი, რომ ეს პრობლემა უკვე მოვაგვარეთ, მაგრამ ამასაც მოევლება. მთავარია, მოგება გავიხსენეთ.
- შენი აზრით, "ტორპედოს" სამეულში მოხვედრის პოტენციალი გააჩნია?
- გულწრფელად გეუბნებით, რომ ამაში დარწმუნებულიც ვარ, "ტორპედოს" დიდი პოტენციალიც გააჩნია და წარმატების მისაღწევი ყველა წინაპირობაც. ჩვენ წარმატებას არა მხოლოდ ჩემპიონატში, თასზეც ვგეგმავთ.
- საქართველოში ასე არ ხდება – პრიორიტეტი ან თასია, ან ჩემპიონატი.
- ეს გასაგებია, მაგრამ ჩვენი მიზანი სამეულში მოხვედრა და თასის მოპოვებაა. "ტორპედოს" ამბიციური ხელმძღვანელობა ჰყავს და ეს გუნდსაც გადაედო. ევროთასებზე გამოსვლა გვინდა.
- საქართველოში წარმატების მიღწევა ძნელი არაა, მაგრამ ევროსაგზური რომ მოიპოვოთ, დღევანდელი შემადგენლობით ღირსეულად ითამაშებდით?
- შემდეგი წრიდან კიდევ გავძლიერდებით და უკეთესი გუნდი გვეყოლება. აქედან გამომდინარე, საევროთასო რესურსი გვექნება. სხვათა შორის, ჩვენი კლუბი პირობებითაც გამოირჩევა და ადამიანური მიდგომებითაც. ამიტომ არის ჩვენთან კარგი ატმოსფერო. ალბათ, ჩვენ და "ზესტაფონს" საქართველოში საუკეთესო პირობები გვაქვს.
- მოთხოვნადი ფეხბურთელი იყავი, მაგრამ ისრაელიდან დაბრუნებული კარგა ხანი უგუნდოდ იყავი – ასეთი რა შეგემთხვა?
- როგორც ვხვდები, საქართველოში ჩემი ჩამოსვლის ამბავი არც იცოდნენ და ნორმალური გუნდის მოძებნა გამიჭირდა. მიხარია, ამ ეტაპზე საჩემო გუნდი რომ ვიპოვე. იყო სხვა ვარიანტებიც, მაგრამ წასვლა არ მიღირდა, "ტორპედომ" კი ყველაზე საინტერესო წინადადება შემომთავაზა.
- ისრაელიდან რატომ დაბრუნდი?
- სამწუხაროდ, მძიმე ტრავმა მივიღე და კარიერა ვეღარ ამეწყო. ებრაელები კი ტრავმირებულ ფეხბურთელში ფულს არ იხდიან. ჩვენთან სხვაც არის: წლოვანებაში შესულ ფეხბურთელს ყურადღებას აღარ აქცევენ. "ტორპედო" გამონაკლისია და ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო. არადა, ვერ გაიხსენებთ ვერ ერთ ნორმალურ ევროპულ კლუბს, სადაც გამოცდილ მოთამაშეს გუნდს არ აკარებენ. ეს ბოლო წლებში ქართული ფეხბურთის სენად იქცა და ამით ძალიან ბევრს ვკარგავთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"