ვარლამ კილასონია: საბოლოოდ დავრწმუნდი, ვის რა შეუძლია

AutoSharing Option
გაურკვევლობა თუ უსიამოვნო პერსპექტივა უკან დარჩა: რუსთაველ გულშემატკივართა გასახარად, "მეტალურგი" სრულფასოვნად მომზადებული ხვდება მეორე ეტაპის დაწყებას.

არადა, ზამთრის პაუზის დაწყებამდე "მეტალურგის" ამბიციურ მიზნებზე არც არავინ ლაპარაკობდა: კლუბის გაურკვეველი ფინანსური მდგომარეობის გამო გუნდიდან ხომ 15 ფეხბურთელი წავიდა!

აი, ასეთი, მართლაც არასახარბიელო "მემკვიდრეობა" დახვდა მშობლიური ქალაქის გუნდის მთავარ მწვრთნელად დანიშნულ ვარლამ კილასონიას, რომელიც ბავშვთა ფეხბურთში წარმატებული მუშაობის შემდეგ "მეტალურგში" ოთხწელიწადნახევრიანი პაუზის მერე დაბრუნდა. საბედნიეროდ, მერე გუნდის ფინანსური მდგომარეობაც მეტ-ნაკლებად გამოსწორდა, "მეტალურგში" 12 ახალი ფეხბურთელიც ჩაირიცხა და, რაც მთავარია, უცხოური შეკრების მოწყობაც მოხერხდა!

"მეტალურგი" რამდენიმე დღის წინათ დაბრუნდა თურქეთიდან, სადაც ოთხი საკონტროლო მატჩიც ჩაატარა და მეორე ეტაპის დაწყებამდე ამჟამად რუსთავში ემზადება. თუმცა ჩემპიონატის განახლებამდე "მეტალურგს" ერთობ სერიოზული მატჩი ელოდება: 22 თებერვალს, თასის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში "დინამოს" უნდა უმასპინძლოს!

რუსთაველთა გუნდის ძველ-ახალ მთავარ მწვრთნელს, ვარლამ კილასონიას სწორედ მოახლოებული მატჩებისა და ახლახან დასრულებული თურქული შეკრების შესახებ ვთხოვეთ შთაბეჭდილების გაზიარება...

- ძალიან ნაყოფიერი შეკრება გამოვიდა. რაც მთავარია, დაგეგმილი თუ ჩაფიქრებული, ყველაფერი შევასრულეთ. ამას გარდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გარემოებაც, რომ თურქეთში ყოფნის იმ 12 დღის განმავლობაში მართლაც იდეალური ამინდი დაემთხვა და ვარჯიშებისა თუ საკონტროლო მატჩების ჩატარებაც იდეალურ პირობებში გვიხდებოდა.

- ფეხბურთში "დაუწერელი კანონივით" არის - ზამთრის თუ ზაფხულის მოსამზადებელ შეკრებებზე ფეხბურთელები ტრავმებს ხშირად იღებენ ხოლმე...
- სამწუხაროდ, ტრავმებს ვერც ჩვენ ავცდით: თურქულ შეკრებაზე სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს დობროვოლსკიმ, ტორონჯაძემ, სეფიაშვილმა, მიქაბერიძემ. მაღალი სიცხის გამო რამდენიმე ვარჯიში გაუცდა ჩვენს ახალწვეულ მერაბ გიგაურსაც.

- ამ ფეხბურთელების ამჟამინდელი მდგომარეობა როგორია?
- მეკარე კოკა სეფიაშვილი ორ კვირაში თუ დაიწყებს ვარჯიშს, მამუკა ტორონჯაძე - ერთ კვირაში, ბოლო საკონტროლო მატჩის დასაწყისში დაშავებული გიორგი მიქაბერიძე კი ორ-სამ დღეში შემოგვიერთდება. საბედნიეროდ, ყველა დანარჩენი ფეხბურთელი მწყობრშია და ნორმალურ ფიზიკურ კონდიციებში ხვდება სეზონის განახლებას.

- თურქეთში ჩატარებულ სპარინგებზეც გკითხავთ: რამდენად კმაყოფილი ხართ იმ ოთხ საკონტროლო მატჩში "მეტალურგის" თამაშის ხარისხით?
- ზოგიერთივით არ დავიწყებ იმის თქმას, რომ, არიქა, ყველა საკონტროლო მატჩი უმაღლეს დონეზე ვითამაშეთ-მეთქი. ისიც მინდა ვაღიარო, რომ რუსეთის "გაზოვიკთან" და მაკედონიურ "ტურნოვოსთან" მაღალი ხარისხის ფეხბურთი ვუჩვენეთ, მით უფრო, რომ ორივე მეტოქე ძლიერი და საკმაოდ ორგანიზებული გუნდი იყო; შედარებით სუსტი მეტოქეები გვყავდა თურქმენეთისა და რუმინული გუნდების სახით, თუმცა ამ შეხვედრებშიც უკმაყოფილო არ დავრჩენილვარ ჩემი შეგირდების ასპარეზობით.

- თურქული შეკრებისას, საკონტროლო მატჩების მერე თქვენ მიერ გაკეთებულ კომენტარებში ხშირად უჩიოდით "მეტალურგის" მიერ შექმნილი საგოლე მომენტების რეალიზაციის დაბალ ხარისხს...
- სამწუხაროდ, მართლაც ასე იყო და, იმის მიუხედავად, რომ ასეთი ტიპის შეკრებებზე შედეგს მნიშვნელობა არა აქვს, მაინც საწყენი იყო იმავე თურქმენებთან მარცხი თუ "ტურნოვოსთან" ფრე! ორივე მატჩი ჩვენი დიდი უპირატესობით წარიმართა, მაგრამ თურქმენებთან შეხვედრის მიწურულს მეკარის ბავშვური შეცდომის გამო გავუშვით გოლები. თითქმის იგივე გამეორდა მაკედონიური გუნდის წინააღმდეგაც. თუმცა კიდევ ვიმეორებ, რომ ჩემთვის მთავარი იყო, ყველა ფეხბურთელი საქმეში მენახა და საბოლოოდ დავრწმუნებულიყავი, თუ ვის რა შეუძლია.

- სეზონის განახლებას "მეტალურგი" უამრავი ახალწვეულით ხვდება და, აქედან გამომდინარე, რამდენად აქტუალურია დღესდღეობით ფეხბურთელების ერთმანეთთან შეთამაშების პრობლემა?
- ამ თურქული შეკრების ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედაც ფეხბურთელების ერთმანეთთან შეთამაშება იყო და ყოველივე ჯერჯერობით იდეალური თუ არ არის, ეს მხოლოდ დროის ამბავია. ანუ, იქიდან მოყოლებული, რაც შევიკრიბეთ, ფეხბურთელებს უფრო და უფრო უადვილდებათ ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვა.

- გუნდის დაკომპლექტება დასრულებულია?
- ორი-სამი ძლიერი ფეხბურთელის დამატებაზე უარს ნამდვილად არ ვიტყოდით, მაგრამ, სამწუხაროდ, ამის არც ფინანსები გვაქვს და, ასე რომც არ იყოს, დღესდღეობით ძნელიც არის კვალიფიციური და დაუსაქმებელი ქართველი ფეხბურთელის მოძებნა.

- ფინანსური მდგომარეობა ახსენეთ და ამ მხრივ გუნდში როგორ არის საქმე?
- საბედნიეროდ, კვლავაც გვერდში გვიდგას ჩვენი მთავარი დამფინანსებელი, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა. სწორედ ჩვენი მთავარი სპონსორის დახმარებით გადაწყდა კიდეც "მეტალურგის" თურქული შეკრებაზე გამგზავრება და ამისათვის მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. იგივე შემიძლია ვთქვა რუსთავის მერიასა თუ საკრებულოზეც - ქალაქის ხელმძღვანელობაც მაქსიმალურად ცდილობს, "მეტალურგს" გვერდში დაუდგეს.

- დაბოლოს, "მეტალურგის" მიზნებზეც...
- ამ მხრივ, არაფერი შეცვლილა: ჩემპიონატის დარჩენილ ოთხ ტურში ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, ზედა ექვსეულში რომ მოვხვდეთ. რაც შეეხება თასის გათამაშებას, აქაც ამბიციური მიზნები გვაქვს და ვეცდებით, რაც შეიძლება მეტი ეტაპი გავიაროთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული