გია გიგატაძეს ბოლნისური გამარჯვების შემდეგ ველაპარაკეთ.
- თუკი წარმატებულ მუშაობას გააგრძელებთ, ალბათ თქვენ დროებითობაზე ლაპარაკი დასრულდება.
- ყველა მწვრთნელი დროებითია, ცხოვრებაა ასეთი. თუ შედეგი გაქვს, ეს დროებითი ვადა ოდნავ გიხანგრძლივდება, ესაა და ეს.
- ამჟამად კლუბთან რა
- დუბლებში ვმუშაობდი და ერთწლიანი კონტრაქტი მაისამდე ისედაც მქონდა. მთავარ გუნდში გადაყვანის შემდეგ ახალი კონტრაქტი გამიფორმეს. ეს თავისთავად საჭიროა, რადგან ფეხბურთის ფედერაცია ახალ თანამდებობაზე დანიშვნის იურიდიულადაც გაფორმებას ითხოვს. თუმცა კონტრაქტი არაა მთავარი, ისე უნდა იმუშავო, გუნდის ამოცანები შეასრულო.
- თქვენი მოსვლის შემდეგ ”ტორპედოში" რა შეიცვალა?
- მე ვერ დავიბრალებ, ჩვენკენ იღბალი რომ შემოტრიალდა. ჩემ დანიშვნამდე ბიჭებიც მონდომებულები იყვნენ და მწვრთნელიც კარგად მუშაობდა. თუმცა ზედმეტად ვნერვიულობდით და ისეთი თამაშები ვერ მოვიგეთ, სადაც ქულის დაკარგვაც საცოდაობა იყო. არადა, საკმაოდ ნორმალურ ფეხბურთს ვაჩვენებდით. ახლაც იგივე ფეხბურთელები არიან და ისეთივე მონდომებით გამოდიან მოედანზე, მაგრამ იღბალმა გაგვიღიმა.
- თუმცა ბოლო დროს ახალგაზრდებს ნაკლებად ათამაშებთ.
- არა, რატომ?! ”ვიტ ჯორჯიასთან" საბანაძემ დაისვენა, ”სიონთან" კი ისიც ვათამაშე და გიგაურიც. როდესაც მატჩებს შორის მცირე ინტერვალია, ფეხბურთელების გადანაწილება აუცილებელია. სათასო შეხვედრას კი სხვა სფეციფიკა გააჩნია, იქ ყველაფერს ერთი გოლი წყვეტს, არ უნდა გაუშვა და ჩვეულებრივზე მეტი მობილიზება გჭირდება. ამიტომ ბიჭები დავასვენე და ”სიონთან" ამ ჩანაფიქრმა გაამართლა.
- ქუთაისელი მაყურებელი დიდი ძალაა, გუნდს ამხნევებენ და ძალას მატებენ, თუმცა, მწვრთნელი თუ არა შეუყვარდა, წყობიდან გამოიყვანს და ასეც მოხდა მუმლაძის შემთხვევაში. თქვენ ხომ არ განერვიულებენ?
- ყველა დამეთანხმება, რომ ქუთაისელმა გულშემატკივარმა ფეხბურთი იცის, რადგან ბევრი უნახავს და დეტალებში მშვენივრად ერკვევა. ”დინამოს" შემდეგ ”ტორპედო" საქართველოში ყველაზე დიდი ტრადიციების მქონე კლუბია. ჩვენთან დიდ ფეხბურთელებს უთამაშიათ და, ცხადია, ქუთათურები კარგსა და ცუდს იოლად არჩევენ, მაგრამ მუმლაძის შემთხვევაში ზედმეტი ემოციები იყო. სამწუხაროდ, ბატონ რამაზს არ გაუმართლა. არადა, კარგი სპეციალისტი და პიროვნებაა.
- თქვენი აზრით, ჩემპიონობისთვის ბრძოლა დაგვიანებულია თუ შანსი კიდევ გაქვთ?
- ჯერ მეორე წრე არ დამთავრებულა, წინ მთელი ოცი ტურია და, რა თქმა უნდა, ბრძოლა შესაძლებელია. ხომ ხედავთ, საწყის და ბოლო ტურებში სულ სხვანაირი ძალთა განლაგებაა. თავიდან თუ ”ზესტაფონი" ლიდერობდა, ახლა პირველზე ”ოლიმპია", ვითარება აუტსაიდერებშიც შეიცვალა და ასეთ არაპროგნოზირებად ჩემპიონატში გამორიცხული არაფერია. ლიდერებს კი არც ისეთი დიდი სხვაობით ჩამოვრჩებით, მეორე წრეში დაწევა შეუძლებელი რომ იყოს. ოცი ტური ცოტა არ არის.
თუმცა ყველამ იცის, მწვრთნელებმაც, ფეხბურთელებმაც, ”ტორპედოს" ხელმძღვანელებმაც, უკეთესი შედეგის მისაღწევად უკეთესი ფეხბურთელების დამატებაც აუცილებლია.
- ქუთაისელი გულშემატკივარი მხოლოდ სამეულს ვერ დასჯერდება, ანუ თქვენთვის უკეთესი შედეგი ჩემპიონობა იქნება.
- რა თქმა უნდა. ჩვენმა გულშემატკივარმა სამჯერ იზეიმა ”ტორპედოს" ჩემპიონობა და, ცხადია, მხოლოდ სამეულში მოხვედრა არ დააკმაყოფილებს. თუმცა ამ ამბიციების დასაკმაყოფილებლად დრო გვჭირდება, გუნდი ერთ სეზონში ვერ აშენდება. ”ტორპედოს" დიდი ტრადიციები აქვს, მაგრამ გუნდის შეთამაშება და გაძლიერება რთული პროცესია და ეს ორ დღეში ვერ მოესწრება. თანაც, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გუნდი უმაღლეს ლიგაში პირველ ნაბიჯებს დგამს. ქუთაისიდან ბავშვები სხვა ქალაქებში მიდიოდნენ, ახლა კი მათ ხელახლა ვაგროვებთ. მიხარია, რომ ამას გულშემატკივარიც კარგად აცნობიერებს და ხელმძღვანელობაც. მაგრამ გულშემატკივარს სულ მოგება უნდა. ახლა რომ უთხრა, ჩემპიონობისთვის სამი წლის შემდეგ ვიბრძოლებთო, არ მოეწონება და მართალიც იქნება - შედეგი დღეს უნდა აჩვენო, თორემ ხვალ აღარ დაგიჯერებენ.
- ქუთაისელი გულშემატკივარი ჩასული, განსაკუთრებით თბილისელი ფეხბურთელების მიმართ ძალიან მომთხოვნია.
- მე ასე ვიტყვი, ჩვენი გულშემატკივარი ყველა ფეხბურთელს აფასებს, მაგრამ ვერასოდეს შეიყვარებს მას, ვინც ვერ თამაშობს - გინდა, ქუთაისელი იყოს, გინდა, თბილისელი. ”ტორპედოში" კი უამრავ თბილისელს უთამაშია, რომელთაც ხელის გულზე ატარებდნენ. თუნდაც იმ წლებში, როდესაც ჩემპიონები გავხდით.
- თქვენ ჩამოსულებით კმაყოფილი ხართ?
- ამ ეტაპზე კმაყოფილი ვარ. ”ვიტ ჯორჯიასთან" რომ არ წაგვეგო, უკვე ყველაფერი კარგად იყო - ამ ეტაპისთვის ჩემპიონატში ურიგოდ არ გამოვდივართ და თასის ნახევარფინალში გასვლის მშვენიერი შანსი გვაქვს.
- რამდენი შეხვედრაც ვნახე, ყველა პრესინგით ითამაშეთ - ეს რაღაც ახალი ქართული ტაქტიკაა.
- დიახ, ვცდილობთ, ნებისმიერ მეტოქესთან პრესინგით ვითამაშოთ. სხვა საქმეა, დავალებას როგორ ვასრულებთ... ყველაფერს ნუ მალაპარაკებთ, საიდომლო ჩვენთვისაც ხომ უნდა დავიტოვოთ. ქუთაისელ გულშემატკივარს მებრძოლი ფეხბურთი უყვარს და თავისთავად ცხადია, გუნდი თუ იბრძვის, შედეგი ექნება. შეიძლება, ამ ეტაპზე ასე არაა, მაგრამ საბოლოოდ გულიანი ფეხბურთით მიზანს მაინც მივაღწევთ.
- საქართველოს ჩემპიონატში არსებულ ვითარებაზე რას იტყვით?
- ძალიან ცუდია, რაც ხდება. ჩვენ ამჟამად კარგი პირობები გვაქვს, მაგრამ სხვების მდგომარეობა უნებურად ჩვენზეც აისახება. ყველა გუნდი ფინანსურად ძლიერი თუ არ არის, ფეხბურთელები მოედანზე უხალისოდ გამოდიან და ეს თამაშის ხარისხსაც ეტყობა. როცა ეთამაშები გუნდს, რომლის ფეხბურთელები ხელფასს ვერ იღებენ, ეს შენზეც მოქმედებს _ თუ ის ვერ თამაშობს, სრულად შენც ვერ იხარჯები და თამაში უინტერესოა.
ამასვე ვიტყვი მოედნების მდგომარეობაზეც - ”ზესტაფონში" საუკეთესო საფარი დააგეს და იქ ნებისმიერი შეხვედრა სანახაობრივი გამოდის. თუკი გუნდები და ფეხბურთელები არ გვივარგან, ზესტაფონში მათ ნაცვლად სხვები ხომ არ თამაშობენ?! გამოდის, საქართველოში არც ისე ცუდი გუნდები და ფეხბურთელები არიან, ბევრს რომ ჰგონია. მაგრამ სათანადო პირობები, მოედნები, ფინანსები რომ არაა, მათი ნიჭი ვერ ვლინდება. ბევრი კარგი ფეხბურთელია, ოღონდ პირობა უნდა შევუქმნათ და ნახავთ, ხალხი ტრიბუნებს აუცილებად შეავსებს. ამიტომ ვამბობ, რომ ქართული ფეხბურთი არ მომკვდარა.
პირველ ეროვნულ ჩემპიონატებში მითამაშია და მახსოვს, რა დონე იყო მაშინ და რა დონეა ახლა, განსხვავება დიდია, მაგრამ დააბრუნეთ ლეგიონერების 50 პროცენტი და ნახავთ, რა დონის პირველობა გვექნება. ყველას უნდა საკუთარ სამშობლოში ცხოვრება და თამაში. მდგომარეობა თუ გამოსწორდება, ბევრად უკეთესი ჩემპიონატი გვექნება, ამას კი პირობების შექმნა უნდა და შეგვიძლია კი ეს?!
- აშვეთიამ კარიერა ისე დაასრულა, ”ტორპედოში" თამაშზე არ უფიქრია. ახლაც ბევრი ქუთაისელია უცხოეთში, მათ დაბრუნებაზე თუ ფიქრობთ?
- როგორ არ ვფიქრობთ, მაგრამ მათ უცხოეთში ისეთ პირობები აქვთ, რომელსაც საქართველოში ვერავინ შესთავაზებს. ასათიანის დაბრუნება როგორ არ უნდა გვინდოდეს, მაგრამ ისეთი რა უნდა შევთავაზოთ, რომ ჩამოვიდეს? ეს დღეს შეუძლებელი მგონია.
- გიგიაძე სადაცაა კარიერას დაასრულებს და ახლა მაინც არ დაბრუნდება?
- ისიც უკრაინაში თავს მშვენივრად გრძნობს. თუმცა ჩვენ ყველა კარგი ფეხბურთელის მოყვანა გვსურს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
ეს ფოტო აშკარად არაა ტორპედოს გულშემატკივრის :D