რა ბედი ელით პროფლიგის თანამშრომლებს

AutoSharing Option
საქართველოს თასის მეოთხედფინალური მატჩების ანგარიშების გასაცნობად პროფესიული ფეხბურთის ლიგის ვებგვერდზე (pfl.ge) შესვლა რომ გადავწყვიტეთ, "კარი ჩარაზული" დაგვხვდა -პორტალის ადმინისტრაციამ განათავსა წარწერა "ანდერ კონსტრუქშენ" და იუწყებოდა, რომ საიტი ტექნიკური სამუშაოების ჩატარების გამო დროებით გამორთულია.

ფეხბურთის ფედერაციის მიერ პროფლიგისთვის ფუნქციების ჩამორთმევის შემდეგ ცხადი გახდა, რომ ეს ორგანიზაცია, ფაქტობრივად, დაიხურა და ვებგვერდის გაუქმება ამ პროცესის ნაწილად ჩავთვალეთ.

ზოგადად არც ვცდებოდით, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სხვა რამ მოხდა - ლიგის ვებგვერდი უცნაურ ვითარებაში "გარდაიცვალა". სამსახურში მისულმა ლიგის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ 30 ნოემბრის ღამით ინტერნეტ-მისამართზე
კიბერშეტევა განხორციელებული იყო, მის აღდგენას კი გვარიანი დრო სჭირდება. როდესაც ლიგის არსებობას წითელი ხაზი გადაუსვეს, საეჭვოა, ინტერნეტ-მისამართი კვლავ ამოქმედდეს.

რაც შეეხება ლიგაში დღეისთვის არსებულ მდგომარეობას, მას სიტყვა გაურკვევლობა ყველაზე მეტად შეეფერება -თანამშრომლები ჰაერში გამოკიდებულები აღმოჩნდნენ. მათთვის ჯერ ისიც უცნობია, გაკოტრებული ორგანიზაციის თანამშრომლებს ვინ აუნაზღაურებს ორთვიან დავალიანებას, ან იმ საკომპენსაციო თანხას, რომელიც ლიგასთან გაფორმებული ერთწლიანი კონტრაქტების თანახმად საქართველოს კანონმდებლობით ეკუთვნით.

არადა, ლაპარაკია იმ ორგანიზაციაზე, რომელმაც ბოლო წლებში ქართული საკლუბო ფეხბურთის გამოცოცხლებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. რა თქმა უნდა, ყველა უმუშევარი არ დარჩება: მაგალითად, ნოდარ კაკულიას ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტი ჩააბარეს, ლაპარაკია ლიგის პრეზიდენტ გია ფირცხალავას ფედერაციიაში გადაყვანაზე, მაგრამ ამ ორგანიზაციაში ბევრი სხვა ადამიანიც მუშაობდა, რომელთა ბედიც გაურკვეველია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული