გურია-სპარტაკი 0:1 - საკუთარი მოედნის კომპლექსი?

AutoSharing Option
..."შენ რას შვრები ახლა, "მაბავ"? პირდაპირ მითხარი, ხომ იცი - ღია საუბარი მიყვარს. თუ თვლი, რომ აქ პრობლემა არაა, ჩემს ადგილზე დაჯექი და მიიღე გადაწყვეტილება", - ასე უპასუხა სფფ-ის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ ხუთშაბათს, გურიის რეგიონული ფედერაციის თავკაც კახა ებრალიძის თხოვნას, თუ შესაძლებელი იყო, გამონაკლისის სახით, "გურიას" ლანჩხუთში ეთამაშა.

როგორც გამოჩნდა, ებრალიძემ სიჭინავა მართლა "შეაბა" - ქართული ფეხბურთის მესაჭემ ამ დღეებში გურულები ორჯერ გააკვირვა: ჯერ მაშინ, როცა სტადიონის შესამოწმებლად კომისიასთან ერთად ჩავიდა და მიკროავტობუსს თავად მართავდა (!!!), მეორედ კი, "გურიას" პარასკევს
ქუთაისში გასამართად გადაწყვეტილი მატჩის შინ გადატანის ნება შაბათ დილით რომ დართო.

ლანჩხუთელებმაც იმედები გაამართლეს - რაიონისა და კლუბის მესვეურთა დიდი მონდომებითა და, ამ შემთხვევაში, სფფ-ის წარმომადგენლის რანგში მყოფი კახა ებრალიძის მეთვალყურეობით, შეიძლება ითქვას, ყველაფერი მაღალ დონეზე გაკეთდა და გურულების საზეიმო განწყობაც გასაგები გახლდათ...

Sportall.Geთუმცა ლანჩხუთელებმა "ევგრაფი შევარდნაძეზე" დაბრუნება ცუდად დასცადეს. "შესაძლოა, საკუთარ არენაზე თამაში ერთგვარი ფსიქოლოგიური წნეხიც გამოდგა", - თქვა ნამატჩევს "გურიას" თავკაცმა დავით მახარაძემ და არც გაემტყუნებოდა: მისმა შეგირდებმა ნამდვილად ვერ აჩვენეს ის თამაში, რითიც საკუთარი ქომაგები მრავალგზის დაშლილ-აწყობილმა გუნდმა გაანებივრა...

მატჩი მასპინძელთა შეტევებით დაიწყო: უკვე მე-3 წუთზე "გურიას" ნიგერიელმა შუახაზელმა ტეიდმა სტუმართა მეკარის საიმედოობა მოსინჯა, ხოლო ორიოდ წუთში უკვე კამერუნელი ლეგიონერის სახიფათო ჩაწოდებაც უშედეგო გამოდგა - ჩუენსუს თანაგუნდელთაგან არავინ გამოეხმაურა.

უფრო რეალური იყო მეგრელიშვილის წამოწყებული კომბინაცია, რომელიც ვალტერ ხორგუაშვილმა გააგრძელა, ხოლო დამატებაზე უკვე კვერენჩხილაძემ კარის ჩარჩოში ვერ მოახვედრა.

მალევე ვალტერმა ჯარიმა შეასრულა სახიფათოდ - ქარმა ბურთი კარისკენ "წაიღო" და სტუმრები ნადირაძის საიმედო თამაშმა გადაარჩინა.

მიუხედავად იმისა, რომ ხიფათს ვერ ქმნიდნენ, ვერ ვიტყვით, რომ "სპარტაკი" რაიმეთი ჩამორჩებოდა მასპინძელს, პირიქით - რიგ ეპიზოდებში ბურთსაც უკეთ აგორებდა და უპირატესობასაც ფლობდა.

არცთუ საინტერესოდ წარიმართა მეორე ნახევარიც. თითქოს, სტუმრები მცირეოდენ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ხიფათს ისევ გურულები ქმნიდნენ - საწყის წუთებში შეცვლაზე შესული ტარიელ კუკულაძის კარგი გადაცემები ჯერ პავლე ხორგუაშვილმა ვერ გამოიყენა, ხოლო მერე - ნიკა კილაძემ.

მე-60 წუთზე კი "სპარტაკი" გოლს გადაურჩა - კვლავ კუკულაძის პასის შემდეგ ისიანმა მეტოქის კარის ძელი შეაზანზარა.

ამას კახა კაჭარავას შეგირდებმა სამი მწვავე შეტევით უპასუხეს და სამივეში თორნიკე თუხარელი მონაწილეობდა, რომელზეც შეტევის აწყობას სპარტაკელები პირველ ტაიმშივე ცდილობდნენ, თუმცა მაშინ შედეგი ვერ მიიღეს.

ამჯერად გაუმართლათ - ჯერ ჩაფიძეს აუღო ბობღიაშვილმა და თორნიკეს დამატება არ დააცალეს. მალე თუხარელის პასით შონიას მიეცა კარგი შანსი, თუმცა შედეგიანი მესამე შეტევა გამოდგა - ლაშა პარუნაშვილის ფლანგური გადაცემის შემდეგ მცველებმა ბურთი ვერ "აიტანეს", იქვე გაჩენილმა თუხარელმა კი ბობღიაშვილი უშანსოდ დატოვა - 1:0

რა თქმა უნდა, ამის შემდეგ "გურია" ვითარების გამოსწორებას ეცადა და მეტოქის საჯარიმოში არაერთხელ შეიქმნა მწვავე მომენტი. მასპინძლებმა სახიფათო ჯარიმების შესრულების უფლება, ხოლო ბოლო წუთებში სულაც რიცხობრივი უპირატესობაც მოიპოვეს (გოლის გამტანმა და გაფრთხილების მქონე თუხარელმა ბურთი გადააგდო და სეხნია არბიტრს ყვითელ-წითელი ბარათების "კომპლექტი" დასტყუა), მაგრამ სტუმართა მეკარისა და დაცვის საიმედო თამაშთან ერთად, გურულებს იღბალმაც აქცია ზურგი.

საბოლოოდ, 0:1 - "გურიამ" "ევგრაფი შევარდნაძეზე" სამწლიანი პაუზის შემდეგ პირველად წააგო.

მატჩის შემდეგ
კახა კაჭარავა ("სპარტაკის" მთავარი მწვრთნელი):
"უპირველესად, ვულოცავ ლანჩხუთელებს სტადიონის გახსნას. ამდენი მაყურებლის წინაშე თამაში სასიამოვნოა, კარგი ატმოსფეროა. საინტერესო თამაში გამოდგა. მეტოქე 3 ქულით ექვსეულს, ფაქტობრივად, ინაღდებდა, ჩვენთვის კი ყოველი ქულა წამალია. ამიტომ ბიჭების მადლობელი ვარ - დავალებები კარგად შეასრულეს. "გურია" რომ მოწინავეთა შორისაა, ეს მისი მხრიდან გმირობაა და წარმატებას ვუსურვებ ამ კლუბს"
.

დავით მახარაძე ("გურიას" მთავარი მწვრთნელი):
"რა დავალებაც მივეცით ფეხბურთელებს, სამწუხაროდ, ვერ შესრულდა. უფრო ზუსტად, მეტოქემ არ მოგვცა ამის საშუალება. შეიძლებოდა, ფრე მაინც გვეთამაშა, მაგრამ იღბალიც იმის მხარეს იყო, ვინც დღეს უფრო უკეთ გამოიყურებოდა. მეტოქეს დამსახურებულ მოგებას ვულოცავ! რაც შეეხება ექვსეულს, კონკურენტებმა წააგეს და შანსის გამოყენებას ვეცდებით, მაგრამ რომც ვერ მოვხვდეთ საუკეთესო ექვს გუნდს შორის, ეს ტრაგედია არ იქნება. ჩვენი მიზანი ლიგაში დარჩენა იყო და ამის მიღწევა არ გაგვიჭირდება".

ბომბარდირები
დ. ტატანაშვილი (ზესტაფონი/ჩიხურა) 13
ჩისკო (დინამო თბ) 12
ი. მოდებაძე (დინამო თბ/დილა) 9
დ. გოგა (დინამო თბ) 9

I ეტაპის ბოლო ორი ტური
XXI ტური
9 მარტი, კვირა
გურია-ჩიხურა
სპარტაკი-ზუგდიდი
დილა-ვიტ ჯორჯია
ზესტაფონი-მერანი
მეტალურგი-სიონი
ტორპედო-დინამო

XXII ტური
16 მარტი, კვირა
ჩიხურა-ტორპედო
დინამო-მეტალურგი
სიონი-ზესტაფონი
მერანი-დილა
ვიტ ჯორჯია-სპარტაკი
ზუგდიდი-გურია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"