პირველი იყო, ათი წლის წინ პროფესიული ფეხბურთის ლიგის დაარსებაზე რომ ალაპარაკდა. ორგანიზაცია დაარსდა, უკვე გარდაიცვალა კიდეც და ჩვენი ინტერვიუც ამ თემის განხილვით დაიწყო.
- პროფლიგის გაუქმებაზე რას ფიქრობთ?
- სანამ უშუალოდ კითხვაზე გიპასუხებთ, ჩემდამი გამოჩენილი ინტერესისთვის ”ლელოს" მადლობას ვუხდი. დიდი ხანია, მედია არ მეკონტაქტება, ან
ახლა რაც შეეხება პროფესიული ფეხბურთის ლიგის გაუქმებას, რომლის დაარსების აუცილებლობაზე პირველად მე ავლაპარაკდი და პროექტის მოდელის შემუშავებას შეუდექი, რაშიც დიდ დახმარებას მიწევდნენ მაშინ ბევრისთვის უცნობი, ჩემთვის კი კარგად ცნობილი პიროვნებები ლადო გურგენიძე და სანდრო კვიტაშვილი, რომლებიც ფეხბურთის დიდი გულშემატკივრები არიან. სწორედ მათი დახმარებით მოვიპოვე მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია ევროპული პროფესიული საფეხბურთო კლუბების სტრუქტურისა და ლიგის ჩამოყალიბების თავისებურებების შესახებ. დღესაც იმას ვფიქრობ, რომ ლიგის დაარსება ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის აუცილებელი იყო და მიმაჩნია, რომ მისი გაუქმება უდიდესი შეცდომაა.
მართლაც ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ქართული ფეხბურთში არაფერი იცვლება და ძველი პრობლემები მოუგვარებელია. სირაქლემას პოზაშია ყველა ის ”სპეციალისტი", ვინც ამბობს, რომ ყველაფერი კარგად მიდის. ამის დასტური იყო პროფლიგის გაუქმება და ამ უკანგადადგმული ნაბიჯის შედეგებს მალე ვიწვნევთ.
ლიგის იდეაზე 11 წლის წინ ვლაპარაკობდი. მაშინ ფეხბურთის ფედერაციაში ვმუშაობდი და წინააღმდეგობას წავაწყდი. შემდეგ ლიგა დაარსდა და ეს ქართული ფეხბურთისთვის საჭიროც იყო, მაგრამ - არასწორი ფორმით დანერგეს. ცივილიზებულ ქვეყნებში ლიგა კლუბების ინიციატივით ყალიბდება, ისინი მართავენ და საკუთარ ინტერესებს იცავენ. თავისი შინაარსით ლიგა კლუბების გაერთიანებაა, სადაც ფეხბურთის კომერციალიზაციის პირობებში ტელევიზიიდან და რეკლამიდან შესულ ფინანსებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, ეს კი კლუბების კეთილდღეობასთან პირდაპირ კავშირში უნდა იყოს. ასე ხდება მთელ მსოფლიოში, მართალია, საქართველო სპეციფიკური ქვეყანაა, მაგრამ ველოსიპედის გამოგონება საჭირო არ არის.
სამწუხაროდ, მსოფლიოში მიღებული მოდელის ნაცვლად ჩვენთან ზემოდან თავსმოხვეული ვარიანტი განხორციელდა - ლიგის დაარსება კლუბების ინიციატივა არ იყო.
ახლა კი რაც მოხდა, ჩემი აზრით, ფედერაციის ბრალია და მისი საფუძველი პოლიტიკური და ფინანსური ინტერესებია.
- პოლიტიკურ და ფინანსურ ინტერესებში რას გულისხმობთ?!
- ფედერაციაში არცთუ ცოტა ძაღლის თავია დამარხული. პირდაპირ ვიტყვი, რომ ფედერაციის მიერ პროფლიგის ფუნქციების შეთავსება ფინანსური დაინტერესების შედეგია. როგორც კი გაჟღერდა, რომ სახელმწიფო უმაღლესი ლიგის კლუბებს სოლიდურ დაფინანსებას გამოუყოფდა, პროფლიგა მაშინვე საეჭვო სისწრაფით გააუქმეს. ეროვნული ჩემპიონატის გაძლიერებაში აქტიურად სწორედ ლიგა ჩაერთვებოდა, ანუ თანხა მას უნდა მიეღო და გაენაწილებინა, ლაპარაკი კი შვიდ მილიონზე იყო!
სწორედ ამის შემდეგ დაიწყო გაუგებარი პროცესი, რასაც საბოლოოდ პროფლიგის გაუქმება მოჰყვა და ვეჭვობ, ეს თანხა მიზნობრივად დაიხარჯოს. ვიმეორებ, ეს ჩემი სუბიექტური აზრია, მაგრამ მასზე დაფიქრება ღირს.
- ამას რის საფუძველზე ვარაუდობთ?
- სიჭინავა ფეხბურთის ფედერაციაში მივიდა მაშინ, როდესაც ამ ორგანიზაციას დიდი დავალიანება ჰქონდა და ბატონი ზვიადი ამბობდა, რომ მას აუცილებლად გაისტუმრებდა. მაგრამ გავიდა დრო, თემა მიიჩქმალა და ახლა აგვიხსნას, ვალებს როგორ ისტუმრებს, ან ისტუმრებს კი? სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ძალიან მეშინია, კლუბებისთვის უეფადან ყოველწლიურად გამოყოფილი თანხა, დაახლოებით 300 ათასი ევრო ფედერაციის ვალების გასტუმრებას არ მოხმარდეს. ამის თქმის საფუძველს სიჭინავას ძველი და ახლანდელი ქმედებები მაძლევს.
და საერთოდ, ჩვენი ფეხბურთის დაქცევა მანამდე გაგრძელდება, სანამ სამართლიანობა არ გაიმარჯვებს. ნიშნის მოგებით არ ვამბობ, მაგრამ ”ჩვენი ფეხბურთის" პროგნოზები ხშირად მართლდება. ამის დასტურია პროფლიგის დაშლა, კლუბების დაუფინანსებლობა და ა.შ. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ საფეხბურთო პოლიტიკა მიზანმიმართული არ არის.
”ჩვენი ფეხბურთის" დამფუძნებლები არ ვამბობდით, რომ უკეთესი იქნებოდა, საქართველოს ნაკრებში ქართველი სპეციალისტი დანიშნულიყო? თემურ ქეცბაიამ დაამტკიცა, რომ ეროვნულში ქართველი უფრო ეფექტურად მუშაობს. თუმცა ნაკრების წლევანდელი გამოსვლა არსებული რეალობიდან აბსოლუტურად ამოვარდნილია. ეს დაახლოებით ასფალტზე ამოხეთქილ ბალახს ჰგავს და მხოლოდ მწვრთნელებისა და ფეხბურთელების დამსახურება. სხვა ამ წარმატებას ნუ მიიწერს. ძალიან მსურს, რომ ნაკრებმა ასევე გააგრძელოს, მაგრამ საერთო მდგომარეობა მის წარმატებას ხელს არ უწყობს. თუნდაც ნაკრების ერთადერთი სათამაშო მოედნის და სავარჯიშო პირობების გამო ატეხილი აურზაური რას მიგვანიშნებს? სასაცილოა, თუ არა სატირელი. E
გადახედეთ საერთო ფონს: რამდენი გუნდი გაუქმდა, რამდენი მოედანი გაიყიდა ბოლო წლებში! ინფრასტრუქტურა თავზე გვენგრევა, მსაჯობაში სერიოზული პრობლემებია, კლუბების მდგომარეობაზე უკვე გითხარით, უცვლელია ვითარება ბავშვთა ფეხბურთშიც. ჰოდა, გეკითხებით, რა შეიცვალა სასიკეთოდ? სადაა ის საფუძვლები, რომლის შენებაზეც ამდენს ვლაპარაკობთ?
- თქვენი ორგანიზაცია რატომ პასიურობს?
- ჩვენ კი არ ვპასიურობთ, მორატორიუმი გამოვაცხადეთ, ახლა კი თავიდან ვიწყებთ იმ ბრძოლას, რომლისთვისაც საფეხბურთო საზოგადოების გაერთიანება აუცილებელია.
- მორატორიუმი რატომ გამოაცხადეთ?
- ჩემი მხრიდან საჭიროდ ჩავთვალე, გარკვეული პერიოდი გავჩერებულიყავით. მეტიც, ახალ პრეზიდენტს ხელი არ ვკარი და პარტნიორობაზე უარი არ მითქვამს, მაგრამ ჩემი ნაბიჯი ფედერაციაში ბევრმა არასწორად გაიგო. ეს იყო კეთილი ნების ჟესტი, რომ ჩვენ არ ვიყავით ჩასაფრებულები და რომ ქართული ფეხბურთის ინტერესებიდან გამომდინარე ვითანამშრომლებდით.
მიმაჩნდა, რომ ეს ნაბიჯი გამართლებული იყო და ჩვენი ფედერაციაში მისვლა სწორედ იმ რეფორმების გატარების საშუალებას მოგვცემდა, რომლებიც ხელს შეუწყობდა საფეხბურთო მეურნეობის სწორ გზაზე დაყენებას, ფედერაციის საარჩევნო სისტემის შეცვლას და საფეხბურთო საზოგადოება რეალურად გაერთიანდებოდა. ფედერაციის პრეზიდენტისგან და მავანთაგან მივიღე კიდეც დაპირება, მაგრამ, როგორც იტყვიან, მეც მწარედ მომატყუეს. მადლობა ღმერთს, რომ ასეც მოხდა, თორემ მეც ამ ტყუილის მორევში აღმოვჩნდებოდი.
ამის შემდეგ სიჭინავას საქმიანობას ვაკვირდებოდი და თუ სასიკეთო ნაბიჯებს გადადგამდა, ცხადია, გამიხარდებოდა. მაგრამ პროფესიული ფეხბურთის ლიგის დაშლა მოთმინების ფიალაში ბოლო წვეთი იყო, რომლის შემდეგაც გაჩუმება აღარ შეიძლება. ეს იყო უკანგადადგმული ნაბიჯი და მზად ვარ, ამის თაობაზე ფედერაციის ხელმძღვანელებს პირდაპირ ეთერში ველაპარაკო.
ამიტომ ღიად ვლაპარაკობ იმ დანაშაულებრივ ქმედებებზე, რასაც დღევანდელი ფედერაცია სჩადის. მე განაწყენებული ადამიანის პოზიციიდან არასდროს მილაპარაკია, მაგრამ გული მტკივა, პროცესები არასწორი მიმართულებით რომ მიდის. მე სხვანაირი ვალდებულება მაქვს ამ საქმისადმი და იმ ხალხის მიმართ, ვისაც გული სტკივა და უკანასკნელ თეთრს არ იშურებს, რათა თავის საყვარელ გუნდს თუ ნაკრებს მხარი დაუჭიროს. უპირველესად, მე ამ ხალხის წინაშე უნდა ვიყო პირნათელი. ჩემს მეგობრებთან ერთად არაფერს დავიშურებ, რათა საზოგადოებამ სიმართლე გაიგოს, რანაირი მწარეც უნდა იყოს ის მავანთათვის. სათქმელი კი ძალიან ბევრი გვაქვს!
- საერთო მდგომარეობიდან გამომდინარე, თბილისის ”დინამოში" შექმნილ ვითარებას როგორ შეაფასებთ?
- ეს ლოგიკურია, სანამ ქვეყანაში ბიზნესგარემო არ შეიცვლება. ასევე შესაძლებელია, უახლოეს მომავალში უარი თქვან გუნდების დაფინანსებაზე იმ მეპატრონეებმაც, რომლებიც დიდი ხანია, ცდილობენ, დღეს ფეხბურთში არსებულ ბაკხანალიაში თავი გაიტანონ. გაუგებარია, ამ ხალხს რატომ ჩამოართვეს სიტყვა და რისთვის შეუზღუდეს სუბიექტობაც კი. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო მოხელეებს არსებულ მდგომარეობაზე სწორი ინფორმაცია მიეწოდოთ.
საერთოდ, სპორტი და, განსაკუთრებით ფეხბურთი, გრძელვადიანი პროექტია და უნდა შეიქმნას სწორი მოდელი, რომელიც მის განვითარებას ხელს შეუწყობს. არსებობს სპორტის განვითარების სამი მოდელი: პირველი სრულად კერძო საკუთრება, ანუ ამერიკული მოდელი. მეორე - სრულად სახელმწიფო საკუთრება, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს იყო. მესამე შერეული, ანუ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთობლივი მოდელი ევროპულია. ჩვენ საბჭოთა მოდელიდან პირდაპირ ამერიკულზე გადახტომა მოვინდომეთ და არავინ დაფიქრებულა, რომ ევროპული, ანუ შერეული მოდელი უფრო მისაღებია. ამიტომ ქვეყნისთვის საზიანო, დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმა დანაშაულია, რომელიც სწრაფ რეაგირებას მოითხოვს.
სახელმწიფო ფეხბურთის პარტნიორი უნდა იყოს და არა ზედამხედველი, რომელიც დიქტატს ახორციელებს. ამის უფლება არც გააჩნია, რადგან ფედერაცია საზოგადოებრივი ორგანიზაციაა. მათ შორის პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება ვითარებას რადიკალურად შეცვლის. ეს ფეხბურთისთვისაც უკეთესი იქნება და სახელმწიფოსთვისაც. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ფეხბურთის იმიჯის შელახვა მიზანმიმართულად მიმდინარეობს, რადგან მას ყველაზე მეტად შეუძლია საზოგადოების გაერთიანება (ბოდიშს ვუხდი სპორტის სხვა სახეობებს). ასე იყო, არის და იქნება მანამ, სანამ ბურთი იგორებს ამ ქვეყნად.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"