მოკლედ, ჩვენს მწვრთნელ-ფეხბურთელებს დასვენებამ "სულზე უნდა მიუსწროს",
მოკლედ, ანალიზის დრო "თავზესაყრელი" გვექნება, მაგრამ ვიდრე ზამთრის პაუზა დაიწყებოდეს, მანამდე ხომ ოთხი "დასავლეთური" მატჩი და ერთიც "აღმოსავლეთური" შეხვედრა გველოდება; ოღონდ, ამ ერთს იმისთანა პრინციპული შინაარსი აქვს, ლამის არის, ტურის დანარჩენი ოთხივე დაპირისპირება გადასწონოს. ჰოდა, რა გასაკვირვია, პირველი ეტაპის ბოლოსწინა ტურის წინათქმა სწორედ ამ მატჩით რომ გვინდა დავიწყოთ...
ვიტ ჯორჯია-დინამო
მეორე სეზონია, დედაქალაქური გუნდების დაპირისპირებას... რუსთავი მასპინძლობს, თუმცა მეტოქეთა ურთიერთდაპირისპირების "ხასიათზე" სტადიონისა თუ ადგილმდებარეობის ფაქტორს მნიშვნელობა არასდროს ჰქონია. და ასე გრძელდება თითქმის მეათე წელი, ანუ XXI საუკუნის დასაწყისში "ქართულ ელ კლასიკოდ" თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" პაექრობები თუ მიიჩნეოდა, ამის შემდეგ ჩვენი ყველაზე ტიტულოვანი კლუბისთვის "გამორჩეულად და განსაკუთრებულად" უხერხულ მეტოქედ "ვიტ ჯორჯია" იქცა. მნიშვნელობა არა აქვს, ჩემპიონატის რომელ სტადიაზე ხვდებიან ეს გუნდები ერთმანეთს - ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, თითქმის ყველა დაპირისპირება უკომპრომისოდ მიმდინარეობს. არც იმას აქვს ხოლმე მნიშვნელობა, კონკრეტული მომენტისათვის მეტოქეებს სატურნირო ცხრილში რომელი ადგილი უკავიათ და ამიტომაც არის, რომ 13-წლიანი ურთიერთდაპირისპირების ისტორიაში "დინამოს" სულ მცირე უპირატესობა აქვს "ვიტ ჯორჯიასთან": 13 გამარჯვება, 16 ფრე და 11 წაგება.
დღევანდელ შეხვედრას პრინციპული მეტოქეები სერიოზული დანაკლისით ხვდებიან: დისკვალიფიკაციის გამო მასპინძლებს ცენტრალური ნახევარმცველები, გურამ გურეშიძე და გიორგი ვასაძე დააკლდებათ, სტუმრებს კი - ალექსანდრე კოშკაძე და გივი კვარაცხელია. ოთხივე ფეხბურთელს საკუთარ კლუბში წამყვანი როლი აკისრიათ და მათი სრულფასოვანი შეცვლა არცთუ ისე იოლი იქნება. საერთოდაც, დისკვალიფიკაციებისა თუ სკანდალის თემა "ვიტ ჯორჯიასა" და "დინამოს" დაპირისპირებებს მუდამ თან ახლავს: ამ 13 წლის განმავლობაში, ვინ მოსთვლის, რამდენი მატჩი ყოფილა, როცა პრინციპულ მეტოქეთა დაპირისპირების დროს ხან ერთი გუნდი რჩებოდა მსაჯობით უკმაყოფილო, ხან - მეორე; გამონაკლისი, არც ამ ჩემპიონატის პირველი წრის შეხვედრა იყო, რომლის დამთავრების შემდეგაც "ვეტერინართა" მთავარმა მწვრთნელმა მერაბ კოჭლაშვილმა ერთობ "საინტერესო" განცხადება გააკეთა: "დღეს ჩემი გუნდი... 12 კაცს ეთამაშებოდაო"! იმ მატჩში მართლაც იყო რამდენიმე საკამათო ეპიზოდი: ბესიკ ჩიმაკაძეს "დინამოს" კარში გატანილი გოლი არ ჩაუთვალეს, ერთ ეპიზოდში კი "ვეტერინარები" პენალტსაც ითხოვდნენ. თუმცა ამის გარდა იმ შეხვედრაში უამრავი დასამახსოვრებელი მომენტი იყო: დავით მუჯირის ჩინებული პასები, "ვიტ ჯორჯიას" მეკარის გიორგი ძაძამიას არანაკლებ ჩინებული თამაში, დონალდ ჯუისის მიერ ერთი-მეორეზე უკეთესი მომენტების განიავება და ასე შემდეგ.
ზესტაფონი-სიონი
უმაღლეს ლიგაში საკუთარ მოედანზე ყველაზე ნაკლები მატჩი "ზესტაფონმა" ჩაატარა, თუმცა ამას "საპატიო მიზეზი" აქვს: გარკვეული დროის განმავლობაში კლუბის სტადიონზე ბალახის საფარი იცვლებოდა. სწორედ ამის გამოც იყო, რომ ხვალინდელი მეტოქეების პირველი წრის მატჩი ზესტაფონის ნაცვლად ბოლნისში გაიმართა (კლუბების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე), რომელიც ჩემპიონატის იმდროინდელი ლიდერის გამარჯვებით დამთავრდა. არადა, იმის წინ დებიუტანტი მწვრთნელის გიორგი ყიფიანის გუნდმა ჩემპიონატის ერთ-ერთი ხმაურიანი სენსაცია შემოგვთავაზა, როცა თბილისის "დინამოს" მოუგო. თუმცა, ქვემოქართლელებმა ოთხ დღეში ზედიზედ ორი ფავორიტი ვერ დაამარცხეს. ამის შემდეგ მეტოქეებს არაერთგვაროვანი ასპარეზობა ჰქონდათ, რაც, ერთი მხრივ, გასაკვირვი არც უნდა ყოფილიყო: "ზესტაფონსა" და "სიონს" ჩემპიონატში ხომ აბსოლუტურად განსხვავებული მიზნები აქვთ. გია გეგუჩაძის გუნდმა წინა ტურში "სამტრედიასთან" შთამბეჭდავი გამარჯვების (7:0) შემდეგ, როგორც იქნა, დროებით კრიზისს თავი დააღწია და კვლავაც ფეხდაფეხ მიჰყვება "ოლიმპს". თანაც, მასპინძლების ასპარეზობას აშკარად დადებით მუხტს შესძენდა სამიოდე დღის წინ თასის მეოთხედფინალში იმავე "ოლიმპის" დიდი ანგარიშით დამარცხება. სხვათა შორის, სტუმართა გუნდში დღეს შესაძლოა ახალწვეულიც ვიხილოთ: გარკვეული პაუზის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატში კვლავაც იასპარეზებს გიორგი ნოდარის-ძე ჭელიძე. აღსანიშნავია, რომ "პაჭელოს" აქამდე არაერთ ქართულ გუნდში უთამაშია, მაგრამ ძმასთან, ლაშასთან ერთად, ფაქტობრივად - არასდროს...
სამტრედია-ოლიმპი
ეს გუნდები უმაღლეს ლიგაში ერთმანეთს ხუთჯერ შეხვდნენ და ხუთივე შემთხვევაში "ოლიმპის" უპირატესობა ეჭვს არ იწვევდა. ეგ კი არა, მხოლოდ ერთადერთხელ იყო, როცა "სამტრედიამ" მოახერხა და თავის მართლაც უხერხულ მეტოქესთან ... დიდი ანგარიშით არ წააგო. ეს წინა ჩემპიონატის მეოთხე წრის მატჩი იყო, რომელშიც "ოლიმპის" იმდროინდელ ლიდერს ანდერსონ აკინოს მონაწილეობა არ მიუღია. არადა, დანარჩენ სამ შემთხვევაში რუსთაველთა ბრაზილიელი ლეგიონერი "სამტრედიისთვის" მართლაც რისხვა ხდებოდა: იმერული კლუბის კარში გატანილ თითქმის ყველა გოლში უშუალო მონაწილეობას იღებდა. სამწუხაროდ, აკინო ჩვენს ჩემპიონატში აღარ ასპარეზობს, თუმცა "ოლიმპმა" მაინც შესძლო პირველ წრეში დიდი ანგარიშით მოგება და იმ შეხვედრას უკვე სხვა გმირი ჰყავდა - ირაკლი მოდებაძე! რუსთაველთა ცენტრფორვარდმა მეტოქის კარში სამი გოლის გატანას ერთი ტაიმი "მოანდომა" და სხვათა შორის, ეს იყო XXII ჩემპიონატის პირველი "ჰეთ-თრიქი". არადა, ძალიან დიდი შანსი იყო, "ოლიმპს" მართლაც ასტრონომიული ანგარიშით მოეგო, მაგრამ დავით ბოლქვაძისა და გიორგი ნუგზარის-ძე ჭელიძის დარტყმული ბურთები "სამტრედიის" კარის ხარიხასა თუ ძელს ხვდებოდა. სამწუხაროდ, მასპინძლები ჩემპიონატის ლიდერთან მატჩს აშკარად "არასაფეხბურთო" და არასაბრძოლო განწყობით ხვდებიან: "სამტრედიის" ფინანსურ პრობლემებზე საუბრით თავს აღარ შეგაწყენთ; ამას გარდა, დისკვალიფიკაციის გამო გუნდი ორივე ცენტრალურ მცველს (სპარტაკ გოგია, გიორგი ხუმარაშვილი) მოისაკლისებს. არადა, ამ ჩემპიონატში გელა სანაიას გუნდმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის ღირსია...
კოლხეთი-ბაია
აი, ამ წყვილზე საუბარი კი მართლაც ძალიან ძნელია: ორივე გუნდის ხელმძღვანელებს, მწვრთნელებსა თუ ფეხბურთელებს, ალბათ, ერთი სული აქვთ, როდის დამთავრდება პირველი ეტაპი. მერე კი, ზამთრის პაუზის დროს, იქნებ "ვინმე" გამოჩნდეს და ქართული ფეხბურთისათვის ასე სასიცოცხლო მნიშვნელობის ორივე ქალაქი (ფოთი და ზუგდიდი) სპორტის ამ სახეობის გარეშე არ დატოვოს. არადა, როგორ გვიხაროდა, როცა ჯერ ზუგდიდური გუნდი დაუბრუნდა უმაღლეს ლიგას, შემდეგ კი - "კოლხეთიც". სეზონის სტარტიც ორივე გუნდმა ისე აიღო, თავიანთ ერთგულ ქომაგებს საწუწუნო არაფერი რომ უნდა ჰქონოდათ; შეგახსენებთ, რომ "ბაიას" მედლების ერთ-ერთ კანდიდატადაც მოვიაზრებდით, ხოლო "კოლხეთი" გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩემპიონატში ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდად რჩებოდა. სამწუხაროდ, ახლა აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა: "ბაია" თუ მეტ-ნაკლებად მაინც ახერხებს შედარებით უხიფათო ზონაში ყოფნას, "კოლხეთი" კატასტროფული ტემპით მიექანება ქვემოთ. "ქვემოთ" კი, არც მეტი, არც ნაკლები, ისევ... პირველი ლიგაა...
ტორპედო-სპარტაკი
ტურის ხუთივე მატჩი ერთსა და იმავე დღეს, კვირას ჩატარდება, ოღონდ, განსხვავება საათებშია. ტურის ყველაზე გვიანი შეხვედრა, როგორც უკვე ტრადიციად იქცა, ქუთაისში ჩატარდება (კვლავაც პროჟექტორების "თანხლებით") და ვიმედოვნებთ, რომ იქაური ქომაგები კვლავაც დიდ ინტერსს გამოიჩენენ. მართალია, "ტორპედომ" წინა საშინაო მატჩი წააგო ("ვიტ ჯორჯიასთან"), მაგრამ გია გიგატაძის გუნდმა ერთგული გულშემატკივრების წინ ერთგვარი "რეაბილიტაცია" სტუმრად სათასო მატჩში გამარჯვებით მოახერხა. ადრეც ვწერდით, რომ "ტორპედოს" მშვენიერი შანსი გაუჩნდა, პირველი ეტაპი მეოთხე ადგილზე დაემთავრებინა და მოვლენების მსგავს განვითარებას ნურც ახლა გამოვრიცხავთ. ოღონდ, ხვალ მასპინძლებს მეტად რთული მატჩი ელოდებათ: ამ ბოლო დროს თუ რომელიმე გუნდის თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაზეა ლაპარაკი, უპირველეს ყოვლისა "სპარტაკზე" ითქმის. ამის ნათელი დადასტურებაა ბადრი კვარაცხელიას გუნდის ჩემპიონატში ზედიზედ ორი მოგება პლუს საკმაოდ დამაჯერებელი ასპარეზობა თასის მეოთხედფინალში. ოღონდ, ხვალ სტუმრებს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი (და ალბათ, საუკეთესო ფეხბურთელიც) ვალერი ბოლქვაძე დააკლდება; სამწუხაროდ, ამ ნიჭიერ ახალგაზრდა ნახევარმცველს "ვიტ ჯორჯიასთან" სათასო მატჩის მიწურულს ზედმეტი ემოციის გამოვლენა... ოთხმატჩიან დისკვალიფიკაციად დაუჯდა.
...ამ მეტოქეთა პირველი წრის შეხვედრა "ტორპედოს" ერთგული ქომაგებისათვის მართლაც განსაკუთრებული იყო: გუნდი მოედანზე პირველად გამოიყვანა გია გიგატაძემ და რაც მთავარია, ქუთათურებმა ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოიპოვეს ("დუბლი" შეასრულა ჭაბუკმა თავდამსხმელმა ლაშა კემუხტაშვილმა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"