მშიერი გუნდის მორიგი გმირობა

AutoSharing Option
"ეს არის ჩემი ბიჭების მორიგი გმირობა. მშიერი გუნდია, ზუსტად ასე დაწერეთ - მშიერმა გუნდმა გმირობა ჩაიდინა. ეს არის მაქსიმუმი!" - თქვა ნამატჩევს სამტრედიელთა მთავარმა მწვრთნელმა გელა სანაიამ. სამწუხაროდ, მისი რუსთაველი კოლეგის, რამაზ მუმლაძის კომენტარის მოსმენა, ვერ მოვახერხეთ (ნამატჩევს პრესკონფერენცია არ გამართულა, მაგრამ "ოლიმპის"ერთ-ერთი ხელმძღვანელი ბადრი ქარქაშაძე რომ უკმაყოფილო იყო, კარგად ჩანდა.

შეხვედრა საინტერესო იყო დაძაბულობის თვალსაზრისით, თორემ საშემსრულებლო ოსტატობაში ორივე გუნდს წუნი მრავლად ჰქონდა. ტერიტორიულ უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ, ვარჯიშებჩაგდებული იმერლები კი ფონს გასვლას უფრო დაცვით ცდილობდნენ.

თამაში მოქმედი ჩემპიონისა და
გათამაშების ლიდერისთვის შოკისმომგვრელად დაიწყო - უკვე მე-2 წუთზე მასპინძლები დაწინაურდნენ. ლაშა ქებაძის თავური შოთა ჩომახიძის კუთხურიდან ჩაწოდებულს მოჰყვა, თუმცა გოლში მეპასეზე არანაკლები წვლილი მატჩის არბიტრმა "შეიტანა~. ყოველ შემთხვევაში, რუსთაველთა აზრით და ლოჟიდანაც ასე ჩანდა, სამტრედიელთა შეტევისას დავით კირკიტაძის ჩაწოდებული ბურთი მცველს მოხვდა, კარის ხაზის გადაკვეთამდე ისევ იმერელ ნახევარმცველთა შეეხო და ალექსანდრე კრიჭაშვილმა... კუთხური დანიშნა.

ამის შემდეგ რეალურ ხიფათს მხოლოდ ქვემოქართლელები ქმნიდნენ. გოლიდან 6 წუთში რუსთაველთა შეტევისას მასპინძელთა მეკარემ ბურთი კი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ირაკლი მოდებაძის დარტყმული კახა კირთაძემ ცარიელი კარიდან გამოიტანა.

მე-12 წუთზე მასპინძლები კახა ჯინჭარაძემ გადაარჩინა - საპენალტო ნიშნულთან ახლოს ბერიაშვილმა კირკიტაძეს ორთაბრძოლა მოუგო და მისი უძლიერესი დარტყმა იმერელთა კიპერმა გააუვნებელა.

ლაშა ჯაფარიძეც ორჯერ ურტყამდა სახიფათოდ, 36-ე წუთზე კუთხურის შემდეგ იმერლებმა ბურთი უხეიროდ მოიგერიეს, საჯარიმოს ხაზის სიახლოვიდან ბერიაშვილმა უძლიერესად კი დაარტყა, მაგრამ არაზუსტად.

ამ ეპიზოდამდე რუსთაველებმა გამათანაბრებელი გოლი ლუკა რაზმაძის პენალტით გაიტანეს. ყურადღების ცენტრში კვლავ არბიტრი მოექცა. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ, ერთი შეხედვით, ისე ჩანდა, რომ სოსელიამ ქავთარაძესთან ბრძოლაში წესები დაარღვია. თუმცა შესვენებაზე ვიდეოფირის ნახვის საშუალება მოგვეცა, სადაც აშკარად ჩანს, რომ სანამ სოსელია მეტოქეს ფეხს მიარტყამს, მანამდე ბურთზე თამაშობს და მას კუთხურზე გზავნის.

შესვენებაზე მასპინძელთა წარმომადგენლები დაჟინებით სთხოვდნენ მსაჯთა დამკვირვებელ ლევან ფანიაშვილს საჯაროდ ენახა ფირი, რაზეც მან, რა თქმა უნდა, უარი განაცხადა. ამ ეპიზოდის გამო შესვენებაზე მსაჯები, ტრადიციულად, სტვენითა და გინებით გააცილეს. ტრიბუნიდან შეურაცხმყოფელი ფრაზები ფანიაშვილის მიმართაც ისმოდა - უმეტესად ამ შეხვედრაზე კრიჭაშვილის დანიშვნის გამო.

მეორე ნახევარიც სტუმართა უპირატესობით დაიწყო. 55-ე წუთზე მასპინძელთა დაცვის შეცდომით მოდებაძეს შეეძლო ეხეირა, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა.

ათიოდ წუთში კუთხურიდან დავით ბოლქვაძის ჩაწოდებას არეულობა და ისევ მეკარის კარგი თამაში მოჰყვა, დამატებაზე კი ქავთარაძემ ბურთი ხარიხას გადააცილა.

68-ე წუთზე სამტრედიელებმა მიიღეს ჩინებული შანსი, კრიჭაშვილმა მათ სასარგებლოდ ჯარიმა მეტოქის საჯარიმო მოედნის ხაზზე დანიშნა. სტანდარტულების მთავარი შემსრულებელი ჩომახიძე სულ რაღაც წუთის შეცვლილი იყო, ლევან ბაკურაძის დარტყმული კი "ცოცხალმა კედელმა"მოიგერია.

ბოლო წუთებში გუნდებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი გაცვალეს და ასე დასრულდა მატჩი, რომლის შემდეგ კრიჭაშვილი და კომპანია გამაყრუებელი სტვენით გააცილეს მოედნიდან, ქომაგები მსაჯთა გასასვლელს მიაწყდნენ, მაგრამ არბიტრთა უვნებლად გაყვანა მოხერხდა, რაშიც სამართალდამცველებთან ერთად თავისი წვლილი "სამტრედიას"პრეზიდენტ ზაზა ადეიშვილს მიუძღვის. სწორედ მისი მოწოდების შედეგი იყო, რომ "თემიდელებმა""ბოთლების წვიმა"არ იგემეს.


05.12. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე. 1 500 მაყურებელი
სამტრედია - ოლიმპი 1:1
1:0 ქებაძე (2. ჩომახიძის პასით), 1:1 რაზმაძე (27. პენალტით)

სამტრედია ოლიმპი
4-4-1-1 4-4-1-1
ჯინჭარაძე ბედიაშვილი
სოსელია ღონღაძე
შალიკაშვილი კვახაძე
კირთაძე რეხვიაშვილი
ბაკურაძე ჯაფარიძე
ქებაძე რაზმაძე
ტყემალაძე ქავთარაძე
ჩომახიძე დ. დობროვოლსკი
დ. კირკიტაძე ბოლქვაძე
ბაკარანძე ბერიაშვილი
კაკალაძე მოდებაძე
მწვრთნელი მწვრთნელი
გ. სანაია რ. მუმლაძე

სამტრედია
62. კაკალაძე - პავლიაშვილი
67. ჩომახიძე - გუჩუა
90. ბაკარანძე - ეცადეიშვილი
სათადარიგოები: ძაგანია, ჩხიკვაძე, დვალიშვილი, ნინუა

ოლიმპი
79. დობროვოლსკი - გიორგი ნუგზარის-ძე ჭელიძე
სათადარიგოები: ჭანტურია, ხურციძე, უგულავა, ქემოკლიძე

გაფრთხილება: სოსელია (27), ქავთარაძე (29).
არბიტრი: ა. კრიჭაშვილი

თომა ჩალაძე
სამტრედიიდან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული