ზამთრის ტიტულის კონტურები

AutoSharing Option
განვლილი ტურის მთავარი მოვლენა, რაღა თქმა უნდა, სატურნირო ცხრილში მომხდარი გადაადგილებები იყო; როგორც ვივარაუდეთ, ბოლოდროინდელი ასპარეზობიდან გამომდინარე, "ტორპედო" ცხრილში ბევრად უფრო უკეთეს ადგილს იმსახურებდა. და აი, პირველად ამ სეზონში, ქუთათურთა საყვარელი გუნდი "ევროზონას" მიუახლოვდა: "ტორპედოს" იმდენივე ქულა აქვს, რამდენიც მეოთხე ადგილზე მყოფ "ვიტ ჯორჯიას" და "ვეტერინარებს" მხოლოდ მოგებათა ნაკლები რაოდენობით ჩამორჩება.

არც ის არის უმნიშვნელო ფაქტი, რომ "ტორპედოს" თასის ნახევარფინალში გასვლის მშვენიერი შანსიც აქვს და, აქედან გამომდინარე, არავის გაუკვირდეს, უმაღლეს ლიგაში გარკვეული პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა გუნდმა პირველივე ცდაზე რომ შესძლოს
ევროტურნირების ერთ-ერთი საგზურის მოპოვება. თუმცა, განვლილი ტურის უფრო მნიშვნელოვანი ამბავი ცხრილის ლიდერის შეცვლა იყო - სტუმრად "სამტრედიასთან" ფრე ჩემპიონ "ოლიმპს" პირველი ადგილის დაკარგვად დაუჯდა. სამაგიეროდ, ჩემპიონატში ზედიზედ მესამე გამარჯვებით (სამივე "მშრალი" ანგარიშით) "ზესტაფონმა" დროებითი კრიზისი დასძლია და "ზამთრის ჩემპიონის" არაოფიციალური ტიტულის მოპოვების ყველაზე კარგი შანსი ამჯერად სწორედ გია გეგუჩაძის გუნდს აქვს.


ორი სუპერგოლი
ტურის ხუთ მატჩში ცხრა გოლი გავიდა: სასწაული შედეგიანობააო, ამას ვერავინ იტყვის (ამ სეზონში ბევრად მეტიც ყოფილა), მაგრამ არც ისე კატასტროფული მაჩვენებელიცაა; ბოლოს და ბოლოს, ნუ დაგვავიწყდება, როდესაც XI ტურში შედეგიანობის ანტირეკორდი (ალბათ, საერთაშორისო მასშტაბით) დავამყარეთ: ხუთ მატჩში მხოლოდ და მხოლოდ 3 გოლი გავიდა...

ისევ გასულ ტურს დავუბრუნდეთ და იმ ცხრიდან ორი ისეთი გოლი ვნახეთ, ნებისმიერ წამყვან ევროპულ ჩემპიონატებს რომ დაამშვენებდა. თანაც, ორივე გოლი იმ ფეხბურთელებმა გაიტანეს, თავიანთ კარიერაში (ოღონდ, სხვადასხვა დონეზე) მსგავსი არაერთხელ რომ გაუკეთებიათ. თუმცა 32 წლის დავით მუჯირისა და 27 წლის თენგიზ ჩიკვილაძის მართლაც ზღაპრული გოლები (შეფასებაში არ ვაჭარბებთ) ერთი-ორად ფასეული იყო: სწორედ ამ ფეხბურთელთა ზუსტმა დარტყმებმა მოუტანეს სამ-სამი ქულა "დინამოსა" და "ტორპედოს". თანაც, ნუ დაგვავიწყდება, რომ "დინამომ" დავით მუჯირის "საფირმო" შორეული დარტყმით შესძლო თავის ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქის "ვიტ ჯორჯიას" დამარცხება; ხოლო თენგიზ ჩიკვილაძემ კი საერთოდ, ლამის ცენტრიდან დაუმიზნა ბურთი "სპარტაკის" კარის "ცხრიანს"!

კიდევ ვიმეორებთ, ასეთი სილამაზის გოლები ჩვენთან კი არა, ევროპის წამყვან საფეხბურთო ლიგებშიც იშვიათობაა, თუმცა იმავე მუჯირისა და ჩიკვილაძისთვის არახალი ამბავია. "მუმუ" ამპლუით შემტევი ნახევარმცველია და საქართველოს, მოლდოვის, ავსტრიისა თუ რუსეთის ჩემპიონატებში ასპარეზობისას, ალბათ, ასამდე (!) გოლიც გაუტანია ეფექტური შორეული დარტყმებით; აი, თენგიზ ჩიკვილაძე კი ბოლო წლებში ყველაზე შედეგიან ქართველ მცველად ჩამოყალიბდა: თბილისის "სპარტაკში", "ბათუმში", "ზესტაფონში", "სიონში" და "ამერში" თავის... ბომბარდირულ თვისებებს თუ ვერ ავლენდა, საპირისპირო სურათს ვხედავდით "ოლიმპსა" და დინამოში". ჰო, ცოტა არ იყოს უცნაური სიტუაციაც იყო ხოლმე: გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამპლუით მცველი ჩიკვილაძე გახლდათ იმავე "ოლიმპისა" და "დინამოს" საუკეთესო ბომბარდირი (6-6 ბურთის გატანა ჩვეულებრივი ამბავი იყო). ახლაც, ქუთაისის "ტორპედოს" საუკეთესო ბომბარდირი სწორედ თენგიზ ჩიკვილაძეა...


რატი, შეცვლა და... გოლი!
ზემოთ "ზესტაფონის" ახალი, წარმატებული და შედეგიანი სერია ვახსენეთ და ასეც არის: გია გეგუჩაძის გუნდმა ბოლო სამ მატჩში მეტოქეთა კარში 13 გოლი გაიტანა! საერთოდაც, როგორც ჩემპიონობის ერთ-ერთ რეალურ კანდიდატს შეეფერება, სწორედ "ზესტაფონია" ამ სეზონის ყველაზე შედეგიანი გუნდი. ერთის მხრივ, ეს ფაქტი არავის უნდა გაუკვირდეს: "ზესტაფონს" ფორვარდთა ისეთი "ტრიო" ჰყავს, მეტოქეთა მცველ-მეკარეებს შიშის ზარს რომ სცემ: რატი წინამძღვრიშვილმა მოწინააღმდეგეთა კარში 10 გოლი გაიტანა, ნიკოლოზ გელაშვილმა და ჯაბა დვალმა კი 7-7! თანაც, ამ "შესანიშნავი სამეულის" თითოეული წევრი რიგ-რიგობით ცდილობს ერთგული ქომაგების გახარებას: წინა ტურში გელაშვილმა "ჰეთ-თრიქი" შეასრულა, ახლა კი დვალმა და წინამძღვრიშვილმა "სიონის" კარში ორ-ორი გოლი გაიტანეს. რატი წინამძღვრიშვილზე ხომ, საერთოდ, ცალკე ღირს საუბარი: 22 წლის ფორვარდმა ზედიზედ "დუბლი" მესამე შეხვედრაში შეასრულა! სულ კი, ჩემპიონატის დაწყებიდან ოთხჯერ მოახერხა კონკრეტულ მატჩში ორ-ორი გოლის გატანა, ორჯერაც "მხოლოდ" თითო-თითო ბურთით დაკმაყოფილდა. თუმცა, ამ ნიჭიერი და ტრავმებისგან გატანჯული თავდამსხმელის შედეგიანობაზე რომ ვსაუბრობთ, ერთი განსაკუთრებული ფაქტორიც უნდა აღვნიშნოთ: დღესდღეობით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა მეტოქეთა კარში ათივე გოლი... შეცვლაზე შემოსულმა გაიტანა! ანუ, ხშირ შემთხვევაში ბევრ ქართველ ფორვარდს რამდენიმე მატჩი რომ "არ ჰყოფნის" კინკილა გოლის გასატანად, წინამძღვრიშვილი ამას, ხშირ შემთხვევაში, მოედანზე შემოსვლიდან ხუთ-ექვს წუთში ახერხებს-ხოლმე...


სიჩუმე და ხმაური
აბა, ისე როგორ იქნებოდა, ტურში მსაჯობით უკმაყოფილება ლოკალური მასშტაბით მაინც არ გამოხატულიყო? არ დავმალავთ: ყველაზე ძალიან ტურის ცენტრალურ შეხვედრას ("დინამო"-ვიტ ჯორჯია") ვუფრთხოდით; მით უფრო, რომ ძველი და პრინციპული მეტოქეების ბოლოდროინდელ დაპირისპირებებში არაერთხელ გვინახავს საკამათო ეპიზოდებიც (ჩათვლილ და არჩათვლილ გოლებზე, დასანიშნ თუ არდასანიშნ პენალტებზე, გაძევებულ თუ არგაძევებულ ფეხბურთელებზე და ამ გუნდების შეხვედრებისათვის ლამის "საფირმო ნიშნად" ქცეულ... სამსაჯო უკმაყოფილებაზე. საბედნიეროდ, 5 დეკემბერს რუსთავში ჩატარებული "დინამოსა" და "ვიტ ჯორჯიას" მატჩი უსკანდალოდ და უექსცესოდ დამთავრდა. ყოველივე ამაში კი, ლომის წილი შეხვედრის არბიტრს, ლაშა სილაგავას მიუძღოდა, რომელსაც, ყველაფრის მიუხედავად, მაინც უწევდა ორივე გუნდის ქომაგთა... უკმაყოფილო შეძახილების მოსმენა. თუმცა, ეს რა შედარებაა, რაც სამტრედიაში შეხვედრისას მოხდა: სამწუხაროდ, სეზონის დაწყებიდან ერთი-ორი შემთხვევა თუ გვახსენდება, ამ ქალაქში ჩატარებული რომელიმე მატჩი მეტ-ნაკლებად "უხმაუროდ" რომ დამთავრებულიყოს.

არადა, ახალგაზრდა მწვრთნელის, გელა სანაიას დამოძღვრილმა "სამტრედიამ" (შორს წაგვიყვანს საუბარი ამ გუნდის ფინანსური პრობლემებზე საუბრით) სეზონწი მერამდენე სიურპრიზი შემოგვთავაზა და ძვირფასზე-ძვირფასი ქულები ამჯერად ქვეყნის ჩემპიონსა და ამ ტურამდე ცხრილის სათავეში მყოფ რუსთავის "ოლიმპს" დააკარგვინა. ფინანსურს თავი რომ დავანებოთ, "სამტრედიას" სერიოზული საკადრო პრობლემებიც ჰქონდა: დისკვალიფიკაციის გამო გელა სანაიას გუნდს ორი ცენტრალური მცველი (სპარტაკ გოგია, გიორგი ხუმარაშვილი) აკლდა. სხვათა შორის, უკვე მერამდენედ გვიწევს ამ ფაქტზე ყურადღების გამახვილება, მაგრამ რეალობას ვერსად გავექცევით: ქვეყნის ჩემპიონი კონკრეტულ მატჩზე 18 ფეხბურთელის "მოგროვებას" ვერაფრით ახერხებს და ასე იყო სამტრედიაშიც, სადაც "ოლიმპის" განაცხადი კვლავ არასრული იყო...


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული