თბილისის დინამოს ახალი მეპატრონე - რომან ფიფიაა

AutoSharing Option
გუშინ საღამოს ელვის სისწრაფით გავრცელდა ინფორმაცია - თბილისის "დინამოს" ახალი მეპატრონე გამოუჩნდა. ამბავი ორმა წყარომ შეგვატყობინა და ორივემ გარკვევით გვითხრა, რომ ინფორმაცია ასპროცენტიანია. მათი თქმით, ყველაზე ტიტულოვანი ქართულ კლუბის ახალი მეპატრონე ბიზნესმენი რომან ფიფია გახდა. როგორც გვითხრეს, ფიფიამ თბილისის "დინამოს" შესყიდვის საკითხი გუშინ, შუადღისას გადაწყვიტა, დღეს კი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს შეხვდება და კლუბს ოფიციალურად გადაიფორმებს.

ვინაიდან რომან ფიფია დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა რუსეთში, მასზე ცნობები რუსულენოვან ინტერნეტ-პორტალებზე მოვიძიეთ.

რომან (გულადი) ფიფია დაიბადა 1966 წელს გაგრაში. 1983 წელს გადავიდა რუსეთში და
სარატოვში დასახლდა. დაამთავრა მოსკოვის სამომხმარებლო კოოპერაციის ინსტიტუტი და მოსკოვის მენეჯმენტის ინსტიტუტის სარატოვის ფილიალი. მუშაობდა ვაჭრობასა და კვების მრეწველობაში, "პერესტროიკის" პერიოდში კი კერძო ბიზნესი წამოიწყო.

80-იანი წლების მიწურულს დაარსა კოოპერატივი, რომელიც ძეხვეულს ამზადებდა. მისი მკვეთრი ნატომი სარატოვის ოლქის გუბერნატორად დმიტრი აიაცკოვის დანიშვნას უკავშირდებოდა, რომელთანაც დაახლოებულ პირად ითვლებოდა - იყო ჰოლდინგ "აგროროსის" მმართველი, რომელშიც 15 ხორბლის გადამამუშავებელი საწარმო გააერთიანა.

ფიფიას ეკუთვნოდა ალკოჰოლური პროდუქციის მწარმოებელი სამი ქარხანაც, რეგიონული ავიაკომპანია "სარატოვის ავიახაზებისა" და კომერციული ბანკ "აგროროსის" აქციები.

გუბერნატორ აიაცკოვის მოხსნის შემდეგ საფრანგეთში, ნიცაში გადაბარგდა. თუმცა, სამშობლოსთან კავშირი არ გაუწყვეტია და საქართველოში ხშირად ჩამოდიოდა.

მოკლედ, შეძლებული კაცია და, რაც მთავარია, ფეხბურთი მისთვის უცხო არ არის - კარგა ხნის განმავლობაში სარატოვის "სოკოლის" პრეზიდენტი იყო. "სოკოლი" ვარსკვლავებს არ წყვეტდა, რუსეთის პირველ და უმაღლეს ლიგებს შორის "მოგზაურობდა", მაგრამ კლუბიდან ქართველი მეპატრონის წამოსვლამ "სოკოლის" დაქვეითება და დასუსტება გამოიწვია.

ფიფიამ 2006 წელს თბილისში, რესტორან "არაგვის" ტერიტორიაზე წამოიწყო თანამედროვე ხუთვარსკვლავიანი სასტუმროსა და ბიზნეს-ცენტრ "ჰაიატი თბილისის" მშენებლობა, რომელიც 150 მილიონ დოლარად შეფასდა. თუმცა ამჟამად მშენებლობა დაუსრულებელია.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ბევრი ფული აქ შეილება მარა რამდენს დააბანდებს ესაა საქმე დინამოში. გაუმარჯოს ტორპედოს
vaxo
09:52 09-12-2010
0
კაია იმედია ფულს ჩადებს და შედეგი იქნება :)
0

სიახლეები პოპულარული