თორნიკე მაისურაძეს ვარჯიშის შემდეგ დავუკავშირდით და მცირე ინტერვიუ ჩამოვართვით.
- თორნიკე, გილოცავ დანიშვნას. თუმცა ისიც სათქმელია, რომ საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელობა ძალიან მძიმე ტვირთია.
- რა თქმა უნდა, ჩემპიონის გაწვრთნა ძნელი საქმეა, მაგრამ ყველა მწვრთნელი რომელიმე გუნდიდან იწყებს, მე კი საკუთარი პასუხისმგებლობის იმედი მაქვს და "ოლიმპი" ამიტომაც ჩავიბარე.
- მთავარი მწვრთნელობა პირდაპირ ჩემპიონობით დაიწყე.
- ვიცი, მაგრამ ასე გადავწყვიტე.
- ჯერ ჩვეულებრივი გუნდის თავკაცობა როგორი საქმეა... გადაწყვეტილების მიღებისას არ გინერვიულია?
- პასუხისმგებლობას, ცხადია, ვგრძნობ, მაგრამ შიშს არა.
- აქამდე სად მუშაობდი?
- საფეხბურთო აკადემია "ოლიმპში" მამაჩემს ვეხმარებოდი, ბავშვებთან 7-8 წელი მაინც ვმუშაობდი. სახელმწიფო სტრუქტურაშიც მიმუშავია.
- სამწვრთნელო ლიცენზია თუ გაქვს?
- პარასკევს რუსთავის "ფოლადის" სტადიონზე პრესკონფერენცია გაიმართება, შეგხვდებით ჟურნალისტებს და ყველა კითხვაზე პასუხს გაგცემთ.
- მუშაობაში ვინ დაგეხმარება?
- ვინც აქამდე მუშაობდა, ისინი დამეხმარებიან, ბორის გონჩაროვი და არმაზ ჯელაძე.
- არადა, ითქვა, თითქოს გონჩაროვი გაუშვით.
- ტყუილია, გონჩაროვი რჩება და გუნდში ძველებურად იმუშავებს.
- თქვენს კარიერაზე გვიამბეთ რამე.
- 1978 წელს დავიბადე. სამი წელი თბილისის "დინამოს" დუბლშემადგენლობის კაპიტანი ვიყავი, ძირითადშიც მითამაშია, მაგრამ კარიერა ტრავმის გამო ვერ გავაგრძელე.
მაისურაძის შესახებ გუშინდელ ნომერში გამცნეთ - თორნიკე ბავშვთა ფეხბურთის ცნობილი სპეციალისტის, ზურაბ მაისურაძის ვაჟია. ის "ოლიმპის" სამწვრთნელო შტაბში ორი კვირის წინ შეიყვანეს. სხვათა შორის, "დინამოში" მწვრთნელობის პერიოდში დავით ყიფიანს ზურაბ მაისურაძე და რამაზ მუმლაძე ერთად ეხმარებოდნენ.
უფროს მაისურაძეს ქართული ფეხბურთისთვის ბევრი ცნობილი ფეხბურთელი გაუზრდია - გოჩა ჯამარაული, მიხეილ ყაველაშვილი, ომარ თეთრაძე, რევაზ არველაძე, ლევან ყიფიანი, გუბაზ დოლიძე, აწ გარდაცვლილი როინ კერძევაძე. მას იცნობენ როგორც საფეხბურთო ესთეტსა და გემოვნებიან მწვრთნელს, რომელიც ტენდენციებისა და მოვლენების კარგი ანალიტიკოსია და ფეხბურთელებს "კოჭებში ცნობს".
და ამ ყველაფერს იმიტომ ვიხსენებთ, რომ ზურაბ მაისურაძეც არ იყო ცნობილი მწვრთნელი, 35-ე სკოლაში ზემოთ დასახელებული ფეხბურთელების თაობა რომ ჩაიბარა, მაგრამ ბევრ "პროფესორს" აჯობა, ამ გუნდით დიდ წარმატებებს მიაღწია და გუნდი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახადა. რაც მთავარია, საქართველოს ნაკრებსა და თბილისის "დინამოს" ფეხბურთელები გაუზარდა.
ზურაბ მაისურაძის ვაჟსაც ნიჭიერ დამწყებ მწვრთნელად ახასიათებენ, მაგრამ ყველაფერს დრო გამოაჩენს. ფაქტი კი ისაა, რომ ჯოზეფ ქეის გადაწყვეტილება ერთობ მოულოდნელი იყო, მაისურაძეს კი მოუწევს იმის დამტკიცება, რომ დიდი ნდობა შემთხვევით არ გამოუცხადეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"