ლადო ვარძელაშვილი: დინამოს ასაყვანად დიდი ფულია საჭირო

AutoSharing Option
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი გველაპარაკება სახელმწიფოსა და ფეხბურთის ფედერაციის ურთიერთობების გააქტიურებაზე, განსახორციელებელ პროექტებსა და საინვესტიციო წინაპირობებზე.

- მომავალი წლისთვის სახელმწიფო ფეხბურთს სოლიდური თანხით დაეხმარება. პირველად თქვენ ახსენეთ, რომ ფედერაცია ამ მიზნით შვიდ მილიონ ლარს მიიღებს - ეს თანხა კლუბების განვითარებას მოხმარდება თუ ვალების დაფარვას?
- ეს თანხა არ არის გამიზნული არც ვალების გასტუმრებისთვის, არც სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობისთვის და არც ხელფას-პრემიებისთვის. თანხა გამოიყოფა ნაკრებების შეკრებების, მივლინებების, საერთაშორისო ტურნირებზე გაგზავნისთვის, 13-წლამდელებიდან დაწყებული, ეროვნული გუნდით დამთავრებული, მათ შორის,
ქალთა ნაკრებისთვისაც.

- 700 ათასი ლარი კი დამატებითი თანხაა?
- ლაპარაკია არა 700 ათასზე, არამედ 400 ათასზე.

- მაშინ 700 ათასს რატომ ახსენებენ?
- 700 ათასი გამოიყოფა, მაგრამ გეტყვით, როგორც არის - წელს ფედერაციამ 7-მილიონიანი დაფინანსებიდან 6,6 მილიონი მიიღო და დაკლებულ 400 ათასს მიიღებს. 300 ათასი ლარი კი დამატებით გამოყოფილი თანხაა, რომელიც მსაჯების ხელფასების გასაზრდელად არის გამიზნული, ეროვნული ჩემპიონატი რომ არ ჩაიშალოს.

- დღეს სახელისუფლებო კულუარებში ლაპარაკია მომავალი წლის პროექტზე, რომლის თანახმადაც ეროვნული ჩემპიონატის პოპულარიზაციისა და კლუბების გაძლიერებისთვის სოლიდური ფინანსები გამოიყოფა.
- ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ საბოლოოდ კლუბები კერძო საკუთრებაში გადავიდეს და სახელმწიფო დოტაცია საჭირო აღარ იყოს. საბოლოოდ, ეს კლუბების დონის ზრდას და ფეხბურთელთა მომზადების ხარისხის გაუიმჯობესებას გამოიწვევს, რაც ეროვნული ჩემპიონატში ვითარებას რადიკალურად შეცვლის.

ამას ქუთაისის "ტორპედოს" მაგალითზე ვამბობ: "ვისოლის" ხელი და პროგრესი კლუბს აშკარად დაეტყო. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წელიწადში "ტორპედო" ბევრად უფრო სოლიდურ კლუბად ჩამოყალიბდება.

- მაგრამ კლუბების კერძო საკუთრებაში გადასასვლელად ისეთი წინაპირობებია აუცილებელი, რაც ქუთაისში განხორციელდა - "ვისოლისთვის" "ტორპედო" საინტერესო ქუთაისის გარემონტებული სტადიონის გამოც გახდა. დანარჩენი კლუბები ბიზნესმენებს ვერც სახელით იზიდავენ და ვერც გაპარტახებული სტადიონებით.
- არა, რატომ? თუკი "სამტრედიასა" და ცხინვალის "სპარტაკს" არ ჩავთვლით, თითქმის ყველა კლუბს კარგი ინფრასტრუქტურა გააჩნია.

- სპორტის მინისტრი თბილისის "დინამოში" არსებულ ვითარებას როგორ შეაფასებთ,?
- რა გითხრათ, ეს კლუბი კერძო საკუთრებაა და სახელმწიფოს არ ეხება.

- ეს გასაგებია, მე იმის შეფასებას გთხოვთ, რომ ლამის მესამე კვირაა ყველაზე პოპულარული ქართული კლუბისთვის ახალ მეპატრონეს ეძებენ და ამის მიუხედავად, "დინამო" ჯერაც ჰაერშია გამოკიდებული.
- იმიტომ, რომ თბილისის "დინამო" ყველაზე ამბიციური და ტიტულოვანი ქართული კლუბია და მის შენახვას სოლიდური თანხა სჭირდება. დიდი ფულის ჩადებამდე კი ბიზნესმენი კარგად აწონ-დაწონის ყველა დეტალს. ეტყობა, ამ ნაბიჯის გადასადგემელად სამი კვირა საკმარისი არ არის.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული