- მოხარული ვარ, რომ გამოჩნდა პიროვნება, რომელმაც "დინამოს" პატრონობის სურვილი და მზადყოფნა გამოთქვა. ჩვენს კლუბს ისეთი მეპატრონე სჭირდება, რომელიც თბილისის "დინამოს" წინაშე მდგარ ტრადიციულ მიზნებს განახორციელებს. ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატს, კლუბს ყოველთვის ჰქონდა სურვილი და ამბიცია, რომ ევროპაში თავისი ადგილი დაემკვიდრებინა. ბატონმა რომანმა "დინამოს" პატრონობის სურვილი გამოთქვა და ეს ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა. ახლა დეტალებზე იქნება საუბარი, მოლაპარაკება ჩამოყალიბების სტადიაშია და იმედია, ყველაფერი კარგად დასრულდება.
- რა ოდენობის
- იყო მინიმალური მოთხოვნები, რომლებიც დაინტერესების შემთხვევაში მეპატრონეს უნდა დაეკმაყოფილებინა. თუმცა მე ვიცი ბატონი რომანის დამოკიდებულება და ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა არ იქნება. ინვესტიციის კონკრეტულ ოდენობაზე პასუხი ჩემს კომპეტენციაში არ შედის. ბატონი რომანი ერთ კვირაში ამომწურავ პასუხს გაგცემთ.
- აქამდე ფიფიას იცნობდით?
- ეს მეორეხარისხოვანი საკითხია. მთავარია, რომ ერთმანეთი "დინამომ" გაგვაცნო და გაგვაერთიანა.
- ბატონი რომანის კომენტარიდან ჩანს, რომ "დინამოში" რჩებით.
- ამაზე ლაპარაკი ლამაზი არ იქნება. ეს მეპატრონის გადასაწყვეტია. ან რატომ ჩქარობთ, ერთ კვირაში ყველაფერს გაიგებთ.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა "დინამოს" ახალი მეპატრონისთვის გადაბარებას ქართული ფეხბურთისთვის წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს:
- არ ვიცი, თუ ეს საკითხი დადებითად გადაწყდა, რომან ფიფია რა მასშტაბის ინვესტიციის ჩადებას აპირებს. მაგრამ ვიცნობ ამ კაცს და ვიცი, რომ ფეხბურთში ბევრი კარგი საქმე გაუკეთებია. რუსეთის მეორე ლიგის გუნდი უმაღლესში გადაიყვანა და იქ მეხუთე ადგილამდე დააწინაურა. თუმცა თბილისის "დინამო" მაინც სხვა გუნდია და ჩვენ უფრო ამბიციურები ვართ. ეს არც სარატოვია, არც ცსკა და "ზენიტი". "დინამო" ჩვენი ქვეყნის ყველაზე ცნობილი გუნდია. იმედია, ის გეგმები, რაზეც ჩვენ ვილაპარაკეთ, განხორციელდება და საქართველოს ჩემპიონთა ლიგაში, თუ ევროპის ლიგაში ღირსეული წარმომადგენელი ეყოლება.
- ფიფიას იცნობდით?
- დიდი ხანია ვიცნობ. ის არის ბიზნესმენი, რომელსაც აქვს სხვადასხვა რესურსი, ფირმები. ყოველთვის მესმოდა, რომ ფიფია წარმატებული კაცია და იმედია, მის კარიერაში თბილისის "დინამოც" ერთ-ერთ ლამაზ ფურცელს ჩაწერს. ჩემი სურვილია, ასეთი მეპატრონე იმ კლუბებსაც გამოუჩნდეთ, რომლებსაც ახლა უჭირთ.
- თბილისის "დინამო" ქართული ფეხბურთის ლოკომოტივია – როდესაც ის ღონიერია, ჩვენი ფეხბურთიც ძლიერდება. ამიტომ "დინამოში" მეპატრონის გამოჩენა ფედერაციის პრეზიდენტისთვის განსაკუთრებული მოვლენა უნდა იყოს.
- რა თქმა უნდა. თბილისის "დინამო" ჩვენი ფეხბურთის ბრენდია. იმედია, მეტი ბრენდი და მეტი ძლიერი გუნდი გამოჩნდება. პირადად მე ყველა კლუბის წინსვლა გამიხარდება, "ოლიმპის", "ზესტაფონის", "ტორპედოსი" და სხვათა, რადგან ქართული ფეხბურთი მხოლოდ მაშინ გაძლიერდება, როდესაც კლუბები მოღონიერდებიან.
- ამ მოლაპარაკებებში თქვენც მონაწილეობდით?
- მზად ვარ, შევხვდე და დაველაპარაკო ნებისმიერ პიროვნებას, რომელიც ქართული კლუბის დაფინასებას გადაწყვეტს. ყველანაირი რჩევითა თუ რეკომენდაციით გვერდში დავუდგები, რათა საქართველოში ძლიერი კლუბები გვყავდეს. მე დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, ქართულ ფეხბურთს ასეთი კაცი რომ გამოუჩნდა.
ყოფილი დინამოელი კახა გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ კლუბის ახალი მეპატრონე "დინამოს" კარგად უნდა იცნობდეს:"თუკი "დინამოს" რამე ეშველება, ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნება. ის ჩემთვის ვერასდროს გახდება რიგითი კლუბი, მასთან უამრავი მოგონება, სიხარული თუ ტკივილი მაკავშირებს. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ არის რომან ფიფია, მთავარია, საქმე გააკეთოს და კლუბი ფეხზე დააყენოს. ორი აზრი არაა, რომ ეს ის "დინამო" აღარ არის, რომელზეც ხალხი გიჟდებოდა. სირცხვილიც არის, საქართველოს ჩემპიონობა სანატრელი რომ გაუხდა.
ამ ყველაფრის შემდეგ "დინამოს" სათავეში შეძლებული კაცის მისვლა მახარებს. თუმცა კლუბის გასაძღოლად ერთი რამ აუცილებელია: თუ გულით არ ხარ დინამოელი, საქმე არ გამოგივა. ეს ეხება ყველას, მმართველსაც და ფეხბურთელსაც. გარედან მოსულ ადამიანს ეს გაუჭირდება, მაგრამ მაინც იმედს ვიტოვებ, რომ რომან ფიფია "დინამოს" ალღოს აუღებს, კარგად მიხვდება, რა ხდება და დაგვიბრუნებს იმ კლუბს, რომელზეც არა მხოლოდ ყოფილი დინამოელები, არამედ ყველა ქართველი ოცნებობს. თუ ძველებურ სიძლიერეს ვერ დაუბრუნებს, ნორმალური კლუბი მაინც ჩამოაყალიბოს. დღევანდელ ვითარებაში ესაც გაგვიხარდება".
ვერისბაღელი ბიჭიკო კაპანაძე ლაპარაკობს იმ მოთხოვნებზე, რომელთაც მისი თაობის გულშემატკივარი `დინამოს" მეპატრონისგან ითხოვს:"ვითარება რადიკალურად თუ არ შეიცვალა, გუნდს ისე არაფერი ეშველება. კარგი იქნება, თუ ფიფია "დინამოს" ძველ გულშემატკივრებს შეგვხვდება. ერთმანეთს გულს გადავუშლით და სატკივარს ღიად ვეტყვით.
ყველაფერი "დინამოს" დირექტორატის შეცვლით უნდა დაიწყოს. საჭიროა დიდი ფულის ჩადება და ძლიერი ფეხბურთელების მოყვანა. ჩემი აზრით, საჭიროა გამოცდილი და ავტორიტეტული მწვრთნელის დანიშვნა. რუსთავის "ოლიმპის" გადაწყვეტილებებით ორი კარგი მწვრთნელის მიწვევის შანსი გაჩნდა – თემურ მახარაძეც გამოცდილი და წარმატებული მწვრთნელია და რამაზ მუმლაძეც.
და კიდევ: ჩვენ "დინამოში" მესის და რონალდოს ხილვა გაგვახარებდა, მაგრამ ეს არარეალურია. ჯუისისა და ედნილსონის ჩამოყვანას კი ისევ ადგილობრივი ბავშვების დაწინაურება გვიჯობს. ან ჩამოიყვანონ უცხოეთში წასული ქართველი ლეგიონერები. რა ვქნა, მე ნიჭიერი ქართველი ბავშვის მოძებნა მირჩევნია. თუკი ამას "ზესტაფონი", "ტორპედო" და "ვიტ ჯორჯია" ახერხებენ, "დინამოსთვის" რატომ არის შეუძლებელი?
გარდა ამისა, სასურველი იქნება, თბილისის "დინამო" სააქციო საზოგადოებად თუ გარდაიქმნება. ასეა ესპანეთში, ინგლისში და ჩვენთანაც გაამართლებს. საყვარელი კლუბის თუნდაც მცირეოდენი აქციების შეძენით, გულშემატკივრებს ხმის ამოღების საშუალება გვექნება. ახლა კი რა ხდება? შესაძლოა, კლუბის მმართველის მცდარი გადაწყვეტილებებით კლუბი დაზარალდეს, მაგრამ ხმის გამცემი არავინ ეყოლება. ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრება არ არის, მას ვერისბაღელები იზიარებენ. შესაძლოა, ჩვენ ათასობით აქცია ვერ ვიყიდოთ, მაგრამ სიმბოლურად რამდენიმეც რომ შევიძინოთ, კლუბთან მიახლოების და დაახლოების განცდა გვექნება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"