მუმლაძის თემას ქვემოთ
..."ოლიმპის" და "ტორპედოს" გარდა ამ სეზონში სამწვრთნელო ცვლილებები კიდევ ორ გუნდში მოხდა: VIII ტურის შემდეგ ცხინვალის "სპარტაკის" თავკაცის პოსტზე ბადრი კვარაცხელიამ გოჩა ჩიქოვანი შეცვალა, ხოლო წინა თვის დასაწყისში, "ბაიასთან" ვერმოგებული მატჩის შემდეგ "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან საკუთარი სურვილით წავიდა კახა კაჭარავა, ვის ნაცვლადაც ჩვენს ყველაზე ტიტულოვან კლუბს თამაზ სამხარაძე ავარჯიშებს. ხვალ კი კიდევ ერთი სამწვრთნელო დებიუტის მომსწრე გავხდებით: რუსთავის "ოლიმპს" მოედანზე პირველად გაიყვანს 32 წლის დებიუტანტი მწვრთნელი თორნიკე მაისურაძე. საერთოდ კი, "ოლიმპის" ხუთწლიან ისტორიაში ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, ერთი და იმავე მწვრთნელს გადაბმულად... ერთი წელი გაეძლოს! თუმცა, ამას თავი რომ დავანებოთ, მუმლაძის შემთხვევა მაინც განსაკუთრებულია: ჯერ სეზონი არ დასრულებულა და ორი გუნდის დატოვება მოუხდა. თუმცა, ასეთი შემთხვევები საქართველოს ჩემპიონატის ისტორიაში ადრეც ყოფილა; ეგ კი არა, 2006-07 წლების სეზონში გიორგი კიკნაძისა და ზაზა ზამთარაძის "დუეტმა" ჩემპიონატის პირველი წრე "ოლიმპში" გაატარა (თან, წარმატებულად), მერე მუშაობა ქუთაისის "ტორპედოში" გააგრძელეს (მხოლოდ ორ შეხვედრაში უხელმძღვანელეს) და ბოლოს კი თბილისის "ლოკომოტივში" გადავიდნენ...
კარუსელი ტრიალებს
"ოლიმპის" სამწვრთნელო "კარუსელზე" არაერთხელ გვისაუბრია და მაშინაც და ახლაც ვერანაირი ახსნა ვერ მოგვიძებნია, თუ რატომ ან რისთვის სჭირდებოდათ კლუბის ხელმძღვანელებს მწვრთნელთა გაუთავებელი როტაცია. ჰო, როცა გუნდი წარუმატებლად ასპარეზობს, კიდევ შეიძლება რაღაცით გაამართლო ესა თუ ის საკადრო გადაწყვეტილება, მაგრამ წინა ოთხი სეზონის განმავლობაში "ოლიმპი" ორჯერ საქართველოს ჩემპიონი გახდა, ერთხელ მესამეზე გავიდა, ერთხელაც - მეოთხეზე (გუნდის ყველაზე უარესი შედეგი). მაგრამ, ამის მიუხედავად, იშვიათზე-იშვიათი შემთხვევა იყო, როცა ამა თუ იმ სპეციალისტს "ოლიმპის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე... ექვს თვეზე მეტი ემუშავოს...
გუნდისთვის სადებიუტო, 2006-07 წლების სეზონის წინ "ოლიმპის" მთავარ მწვრთნელად ნოდარ აკობია დაინიშნა, მაგრამ ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ეს გამოცდილი სპეციალისტი ახალგაზრდა მწვრთნელთა "დუეტმა" (გიორგი კიკნაძე, ზაზა ზამთარაძე) შეცვალა. პირველი ეტაპი "ოლიმპმა" მართლაც შთამბეჭდავად ჩაატარა, მაგრამ ზამთრის პაუზის მერე გუნდში სამწვრთნელო ცვლილება მაინც მოხდა - დებიუტანტი სპეციალისტები გამოცდილმა რევაზ ძოძუაშვილმა შეცვალა. გავიდა ექვსი თვე და "ოლიმპში" ახალი მთავარი მწვრთნელი დაინიშნა - ვარლამ კილასონია, ვინც ძალიან მალე უკრაინელმა სპეციალისტმა ანატოლი პისკოვეცმა ჩაანაცვლა. სეზონი ვერც ამ მწვრთნელმა ჩაამთავრა - 2008 წლის გაზაფხულზე მის ნაცვლად "ოლიმპში" ხვიჩა ქასრაშვილი მივიდა. ახალი, 2008-09 წლების სეზონი ქასრაშვილმა დაიწყო, მაგრამ 5 ტურის შემდეგ ისევ ვარლამ კილასონია დააბრუნეს, ვისი ხელმძღვანელობითაც "ოლიმპმა" ჩემპიონატში ჩინებული, წაუგებელი სერია შემოგვთავაზა, თასის ფინალშიც გავიდა, მაგრამ ზაფხულში, ევროტურნირების შემდეგ "ოლიმპში" კვლავაც სამწვრთნელო ცვლილება ვიხილეთ. ანუ, 2009-10 წლების სეზონის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე "ოლიმპში" კიდევ ერთი ახალი მწვრთნელი, ოთარ კორღალიძე დაინიშნა, მაგრამ შარშან 20 ოქტომბრიდან რუსთაველებს უკვე ახალი თავკაცი მოძღვრავდათ: თემურ მახარაძე. სწორედ მახარაძის ხელმძღვანელობით შეძლო "ოლიმპმა" წინა სეზონში ჩემპიონობის მოპოვება, მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უკვე ახალ სეზონში მისი ყველა დამსახურება... აღარავის ახსოვდა. აქვე, ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ვიდრე რამაზ მუმლაძე მივიდოდა, "ოლიმპმა" ერთი მატჩი არმაზ ჯელაძისა და იური გაბისკირიას ხელმძღვანელობით ჩაატარა - "სამტრედიას" 3:0 მოუგო.
ნოდარ აკობია, გიორგი კიკნაძე და ზაზა ზამთარაძე, რევაზ ძოძუაშვილი, ვარლამ კილასონია, ანატოლი პისკოვეცი, ხვიჩა ქასრაშვილი, ოთარ კორღალიძე, თემურ მახარაძე, არმაზ ჯელაძე და იური გაბისკირია, რამაზ მუმლაძე, - აი, ის 12 სპეციალისტი, 2006 წლის ზაფხულიდან დღემდე "ოლიმპი" რომ გაუწვრთნია; ორი დღის წინ კი რუსთავის გუნდის სათავეში რიგით მეცამეტე მწვრთნელი, დებიუტანტი სპეციალისტი თორნიკე მაისურაძე მივიდა, ვისაც წლის ბოლომდე 3 ურთულესი მატჩი ელოდება: "სიონთან" (ჩემპიონატში), "ზესტაფონთან" (თასზე) და "ვიტ ჯორჯისთან" (სუპერთასზე). სხვათა შორის, ამ წერილში შეგნებულად ავუარეთ გვერდი "ოლიმპის" საკლუბო "ფილოსოფიის" არანაკლებ უცნაურობებსაც; აი, თუნდაც იმას, როცა ყოველ ექვს თვეში გუნდიდან 15-16 ფეხბურთელი მიდიოდა და მწვრთნელებთან ერთად ფეხბურთელებიც წამდაუწუმ იცვლებოდნენ. აღარაფერს ვამბობთ იმ, ცოტა არ იყოს, ანეკდოტურ სიტუაციაზეც, როცა ჩემპიონი გუნდი კალენდარულ მატჩებზე ვერაფრით ახერხებს 18-კაციანი განაცხადის შევსებას; არადა, დუბლებში ერთი-მეორეზე პერსპექტიული ბიჭები თამაშობენ...
ისე, ნუ გვიკვირს, "ოლიმპში" ერთი სეზონის განმავლობაში ხანდახან სამი სამწვრთნელო ცვლილება რომ ხდებოდა-ხოლმე; ბოლოს და ბოლოს, საქართველოს ჩემპიონატების ოცდაერთწლიან ისტორიაში ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, როცა ამა თუ იმ გუნდში სეზონის განმავლობაში 4 სამწვრთნელო გადაადგილება მომხდარა. "რეკორდი" კი ორ გუნდს ეკუთვნის: "ბორჯომსა" და "დინამოს"; 2008-09 წლების სეზონში, "ბორჯომის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე 5 სპეციალისტი (გიორგი სუხიაშვილი, ოთარ გაბელია, იგორ დენისკინი, ჯუნგლი ქართველიშვილი, ლერი გაჩეჩილაძე) მუშაობდა, მაგრამ გუნდი უმაღლესი ლიგიდან მაინც გავარდა. 1994-95 წლების სეზონში , "დინამომ" მორიგი ტიტული რომ მოიპოვა, ამ შემთხვევაშიც გუნდმა ხუთი მწვრთნელი (გივი ნოდია, თემურ ჩხაიძე, სერგო კუტივაძე, ვაჟა ჟვანია, დავით ყიფიანი) გამოიცვალა...
უცნობი ნაცნობი
"ოლიმპის" ახალი მთავარი მწვრთნელი თორნიკე მაისურაძე დღეს პირველად წარსდგება ქართული მასმედიის წინაშე - "ფოლადის" სტადიონზე პრესკონფერენციას ჩაატარებს. ჟურნალისტებიც, ალბათ, ამომწურავ ინფორმაციას მივიღებთ. მანამდე კი მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ 32 წლის სპეციალისტს აქამდე ოსტატთა გუნდები არ გაუწვრთნია. ბავშვთა ფეხბურთის ცნობილი ქართველი სპეციალისტის, ზურაბ მაისურაძის ვაჟის საფეხბურთო კარიერა ტრავმების გამო ხანმოკლე აღმოჩნდა. თავდაპირველად, ქვედა ლიგის გუნდებში ("კოდაკო", "დინამო-2", "კახეთი") თამაშობდა. სხვათა შორის, "დინამო-2"-ში ასპარეზობისას თორნიკე მაისურაძის თანაგუნდელები იყვნენ გიორგი ლომაია, რატი ალექსიძე, გია კვარაცხელია, დავით მუჯირი, გიორგი შაშიაშვილი, მიხეილ ბობოხიძე, მიხეილ ხუციშვილი, ვალერი აბრამიძე, რევაზ ქემოკლიძე, დავით სირაძე, ოლეგ გველესიანი (ანუ, ჩამოთვლილ ფეხბურთელთა უმრავლესობა დღესაც აგრძელებს აქტიურ კარიერას), ხოლო ამ გუნდის ერთ-ერთი მწვრთნელი... რამაზ მუმლაძე გახლდათ. მუმლაძისა და თორნიკე მაისურაძის გზები კიდევ ერთხელ გადაიკვეთა: 1999-2000 წლების სეზონში "თბილისს" (ფაქტობრივად "დინამო-2" იყო) რომ უმაღლეს ლიგაში დებიუტი ჰქონდა. მაისურაძემ მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა "თბილისში", ერთი წლის შემდეგ კი "დინამოს" ძირითად გუნდში ჰქონდა დებიუტი, მაგრამ მხოლოდ ერთადერთხელ მოუწია მოედანზე გასვლა. ფაქტობრივად, ისე მოხდა, რომ ტრავმის გამო საფეხბურთო კარიერა 23-24 წლის ასაკში დაამთავრა; ამის შემდეგ მწვრთნელობა გადაწყვიტა და მამასთან ერთად პატარებს ავარჯიშებდა. და აი, ასეთი სერიოზული გამოწვევაც: ქვეყნის ჩემპიონის მთავარ მწვრთნელად დანიშნეს!..
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"