ზამთარაძემ გიორგი კიკნაძესთან ერთად იმუშავა რუსთავის "ოლიმპში", ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის "ლოკომოტივში". აშკარა იყო, რომ ნიჭიერი მწვრთნელი იზრდებოდა, ამიტომ მისი ნათქვამი ჩვენთვის მოულოდნელი გამოდგა. დანარჩენს ინტერვიუდან შეიტყობთ.
- ბოლო დროს არსად ჩანხართ, არც დიდებში, არც ბავშვებში.
- არ იცით, რატომ არ ვჩანვარ?
- კითხვას სულ ასე გვიბრუნებთ და მიზეზი მაინც ვერ გავიგეთ.
- "ვიტ ჯორჯიას" და სხვა კლუბების პრეზიდენტები
- მერე ეს პრობლემები თქვენი წასვლით მოგვარდება?!
- და მე რით შემიძლია, ამ სიბინძურეებს ვებრძოლო, და საერთოდ, რატომ უნდა ვებრძოლო? საამისოდ არსებობს ფეხბურთის ფედერაცია. სიმართლე გითხრათ, იმ ზომამდე მიმიყვანეს, რომ დღეს ფეხბურთი აღარ მაინტერესებს. როდესაც "ლოკომოტივის" მწვრთნელის პოსტი დავტოვე, მას შემდეგ ეროვნული პირველობის თამაშებს ვესწრებოდი, მაგრამ ბოლო ორი თვეა, ამასაც აღარ ვაკეთებ, ინტერესი გამიქრეს, არ მინდა და ძალაა?!
- კი მაგრამ, თქვენი თაობის მწვრთნელებმა იგივე რომ გააკეთონ, ქართული ფეხბურთი ვის ხელში მოხვდება?
- ჩემი თაობის ბევრი ნიჭიერი მწვრთნელი გამოჩნდა და დარწმუნებული ვარ, ისინი საქმეს კარგად გაუძღვებიან. ქართული ფეხბურთი კი ჩემით არც დაწყებულა და არც დასრულდება.
- გინდათ, თქვათ, რომ ფეხბურთს საბოლოოდ ჩამოშორდით?
- აბა, რა ვქნა? ან სად ვიმუშაო? სადაა ის ფეხბურთი, სადაც მუშაობა მინდა და მენატრება? შეიძლება, მე არ ვიცი და არსებობს. მითხარით და მივალ.
- ნაწყენი ლაპარაკობთ.
- არა, რა წყენა. ოთხი წელი ვმუშაობდი და, რა თქმა უნდა, ფეხბურთიდან წასვლა იოლი გადასაწყვეტი არ იყო, მაგრამ დღითი დღე უკან-უკან მივდივართ. ფეხბურთში ჩემს გაჩერებას აზრი არ აქვს და განზე გავიწიე...
- ახალგაზრდა მწვრთნელები ხელს თუ ჩაიქნევთ, უარეს პირველობას მივიღებთ.
- მე ვერავის ვეჭიდავები. ფეხბურთში რომ დავბრუნდე, ისევ ნერვები უნდა ვიშალო. სიმართლის თქმისთვის ათმატჩიანი დისკვალიფიკაციით "დამასაჩუქრეს". წლეულს საერთოდ ნამუსზე ხელი აიღეს. მაგრამ ჯერ სად ვართ, მეორე წრეში ნახავთ, რაც მოხდება.
- ასეთი რა უნდა მოხდეს?
- უკვე კონკრეტულად გამოჩნდება, რომელი გუნდია გასავარდნი და რომელი იბრძოლებს სამეულში მოსახვედრად. ჩემი აზრით, ეს მსაჯებზე უდიდეს გავლენას მოახდენს. ასეთ ჩემპიონატში მუშაობას კი აზრი არ აქვს. მსაჯობასა და ჩაწყობაზე ვლაპარაკობდი და საქმე აქეთ შემომიტრიალეს. "ლოკომოტივმა" "გაგრასთან" წააგო და მატჩის ჩაწყობა დაგვაბრალეს, მეტი ცინიზმი გაგიგიათ?! მივხვდი, სიმართლის თქმისთვის მძირავდნენ და ფეხბურთს გავეცალე. სხვათა სიბინძურის დასაფარად ხელს აქეთ რომ დაგადებენ, როგორი ასატანია?! მსაჯებიც ჩვენნაირი უბრალო ადამიანებია არიან, საქმეს ხან კარგად ართმევენ თავს, ზოგჯერ კი ცდებიან. ამას ჩვენც ვხვდებით და უნებლიე შეცდომაზე ხმას არ ამოვიღებ. მაგრამ მიზანმიმართულად ერთ გუნდს რომ ძირავ და მეორეს ეხმარები, ბნელა?! დამალული არაფერია და ბევრი სიბინძურე გამჟღავნებულა და გამჟღავნდება. წარმოიდგინეთ თქვენი თავი ჩემ ადგილზე და ყველაფერს ადვილად მიხვდებით. ასეთ ფეხბურთში ჩემი ადგილი არ არის.
- ამჟამად რას საქმიანობთ?
- ფეხბურთში არაფერს.
- მცირე ხნის წინ თქვენ და გიორგი კიკნაძემ ფეხბურთის ფედერაციას მეორე ნაკრების ჩამოყალიბება შესთავაზეთ. ასეთი პროექტი არ განხორციელებულა და გამოდის, იდეა არ გაიზიარეს.
- სხვათა შორის, მეგონა, დაიწყებოდა აჟიოტაჟი, კამათი, იდეის განხილვა, მაგრამ რომელ კამათზეა ლაპარაკი, ინტერესი საერთოდ არ გამოუმჟღავნებიათ და ჩვენმა მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა. მერე მე და კიკნაძეს გვეკითხებოდნენ, რას აკეთებთო? ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, მეორე ნაკრები ჩვენი დასაქმებისთვის კი არ მოგვიფიქრებია, ეროვნულ ნაკრებს სჭირდებოდა. ამიტომაც გამიხარდა, თემურ ქეცბაიამ სლოვენიამდე, ფაქტობრივად, მეორე ნაკრები რომ ჩამოაყალიბა და გამოჩნდა, რომ ძალიან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელთაც შეხედვა და სტიმული სჭირდებათ.
ჩვენს ფეხბურთში ერთადერთი ეროვნული ნაკრები მახარებს. ჯანსაღი ორგანიზმის ჩამოყალიბება მიმდინარეობს, რაც შიგნიდან ვიცი და არა მხოლოდ ტელევიზორში ნანახიდან. ეს მთლიანად ქეცბაიას დამსახურებაა, რომელიც ახლა ქართული ფეხბურთის ზოროდ გადაიქცა და საკუთარი ზურგით ათრევს დაჩაგრულ და უპატრონოდ მიტოვებულ ფეხბურთს.
- რატომ არის ფეხბურთი მიტოვებული? სახელმწიფო საკმაოდ დიდ თანხებს აბანდებს.
- ფეხბურთის განვითარებისთვის მთავარი კლუბებისა და ბავშთა ფეხბურთის ხელშეწყობაა, რაშიც სახელმწიფო მოიკოჭლებს. რამდენი კლუბია დასაფინანსებელი და დაშლის პირას მისული? ჩვენ, ფაქტობრივად, ეროვნული ჩემპიონატი არ გვაქვს. ამბობენ, ბოლო დროს ეროვნული ჩემპიონატის დონე ამაღლდაო და იქნებ მითხრათ, ამ ფეხბურთს ჩვენი გუნდები ღამღამობით თამაშობენ თუ "ლივერპულისა" და "ბარსელონას" ფორმები გადაიცვეს? კარგით, რა, ეს ხომ ჩვენი დაცინვაა.
- პრიმერადივიზიონის დონეს რომ ველოდოთ, ეროვნულ პირველობას ჩვენც არ გავაშუქებდით.
- მე აღარაფერს ველოდები, ვარ სახლში და ჩვენი პირველობა აღარ მაინტერესებს.
- საქართველოს ჩემპიონატში ნორმალური და წესიერი მსაჯი არ გეგულება?
- არც მითქვამს, რომ არ მეგულება. სულაც არ მიმაჩნია, რომ ყველა მსაჯი გარყვნილია. უნდა განვაცალკევოთ მიზანმიმართულად მოქმედი და უნებლიეთ შემცდარი მსაჯი. ესეც პროფესიაა, თუ პრესტიჟული არ გახდება, ამ სფეროს არაფერი ეშველება და არც არბიტრების დონე ამაღლდება.
- სიჭინავა მსაჯების ანაზღაურების სამჯერ გაზრდას სწორედ ამიტომ აპირებს. სხვაგვარად მსაჯობა პრესტიჟული ვერ გახდება.
- ეს გასაგებია, მაგრამ ჯერ გაზარდონ და მერე ვილაპარაკოთ. ახლა კი მსაჯები გაძვალტყავებულები დადიან, საჭმლის ფული არ აქვთ და ადამიანურად მეცოდებიან. ამას მხოლოდ მათზე არ ვამბობ – ბევრი ფეხბურთელია ამ მდგომარეობაში. გვარის დასახელებას მოვერიდები, ერთი ფეხბურთელი ზამთარში ვარჯიშზე ვერ მოვიდა და როდესაც დავინტერესდი, მითხრეს, ქურთუკი არ ჰქონდა და ვერ მოდისო. სიბრალულისგან, მეგონა, გული გამისკდებოდა. ასეთ ფეხბურთელს მოედანზე 90 წუთი სირბილი, მოძრაობა და დავალების შესრულება როგორ უნდა მოსთხოვო, როდესაც მოედანზე იმაზე ფიქრობს, რომ სახლში წასული შიმშილით არ მოკვდეს.
ისე ცუდად წავიდა საქმეები, რომ უმაღლესი ლიგის გუნდებში სკოლის ოროსანი მოსწავლესავით უცოდინარი ფეხბურთელები მოდიან და მათ შორის სამოსანის აღმოჩენაც სანატრელია. უმაღლესი და პირველი ლიგების კლუბებში მოხვედრა ძალიან გაადვილდა. როდესაც ზუგდიდისა და ფოთის კლუბები უმაღლესი ლიგის მატჩებში ბავშვებს ათამაშებენ, რომელი ფეხბურთის განვითარებაზე ვლაპარაკობთ?
ყველა ჩვენი გასაჭირი იმაზე მეტყველებს, რომ კლუბებს თანამედროვე ხედვის მქონე მენეჯერები არ ჰყავთ. გადახედეთ ევროპულ კლუბებს. "შალკეში" რუდი ასაუერია, "ჰერტაში" მიხაელ პრეეტცი, მაგალითების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, რადგან მენეჯერი თანამედროვე ევროპულ კლუბში მთავარ როლს თამაშობს. რომან აბრამოვიჩმა "ჩელსიში" ჯერ პიტერ კენიონი მიიწვია და შემდეგ შეარჩია სასურველი მწვრთნელი. საქართველოში ჯერ ესეც ვერ გაუგიათ და საბჭოური აზროვნების დირექტორებს ნიშნავენ.
როდესაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე უნდა ამტკიცო, რომ ორჯერ ორი ოთხია, ძნელია მუშაობა. ერთხელ დაამტკიცებ, მეორედ და, რომ გგონია, მესამედ ეს საჭირო აღარაა, ელემენტარული ჭეშმარიტების მტკიცება მაინც გიწევს და ეს მომაბეზრებელი ხდება. მე სწორედ ამას გავერიდე, თორემ ქართული ფეხბურთი რომ მიყვარს და მტკივა, ამის მტკიცებას არ დავიწყებ.
რატომ წახვედი ფეხბურთიდანო. იმიტომ, რომ სიგიჟემდე მიყვარს და ამ სიყვარულით ნევროზი ავიკიდე. განზეც იმიტომ გავდექი, რომ ეს საშინელი და მოუვარებელი პრობლემები ნაკლებად დავინახო და ნაკლები ვინერვიულო... რა საღერღელი ამიშალეთ, არადა, ვიყავი სახლში წყნარად... სახელმწიფო არის ყველაფრის თავი და თავი. მას ფეხბურთის განვითარება რომ სურდეს, უამრავ სტადიონსაც ააშენებდა და კლუბებსაც რამენაირად მიხედავდა. რაგბი მიყვარს, ჩვენი ბიჭების წარმატებები დიდ სიხარულს მანიჭებს, მაგრამ ქუჩაში ხალხს სთხოვეთ, დაასახელონ რაგბის და ფეხბურთის ხუთ-ხუთი ვარსკვლავი. ფეხბურთელებს დაასახელებენ, მაგრამ მორაგბეს ვერა, ეს კი იმაზე მეტყველებს, რომელი უფრო პოპულარული სახეობაა. ვიმეორებ, ჩვენი მორაგბეების თამაში უდიდეს კმაყოფილებას მანიჭებს, მაგრამ ფეხბურთის როლს და მნიშვნელობას საქართველოსთვის ესეც ვერ შეცვლის – აქ ფეხბურთი პირველი სახეობაა, თუმცა ჩვენთან თითქმის დაივიწყეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"