ქართული კლასიკო კლასმა გადაწყვიტა

AutoSharing Option
ბოლო ტურის შეხვედრა კარგად იყო შერჩეული: თბილის-ქუთაისის ტრადიციული საფეხბურთო დაპირისპირება ყოველთვის საინტერესოა. ასე იყო ამჯერადაც. "ტორპედოს" ქუთაისიდან ჩამოსული გულშემატკივარი ამხნევებდა, "დინამოს" - თავისი ფანობა.

ეს იყო პირველი შეხვედრა, რომელსაც "დინამო" ახალი მეპატრონის ხელში ატარებდა. ის, რომ მოლაპარაკება დასასრულებელია, საქმის ვითარებას არ ცვლის. რომან ფიფია მატჩს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავასთან ერთად ესწრებოდა.

თამაში დაბალ ტემპში, მაგრამ დაძაბულად მიმდინარეობდა. პირველ ტაიმში ქუთაისელები უფრო აქტიურობდნენ, მაგრამ მათ დარტყმებს სიზუსტე აკლდა.

მაგალითად, მე-18 წუთზე თენგიზ ჩიკვილაძის შორეული დარტყმის შემდეგ ბურთი "დინამოს" კარს აცდა,
21-ე წუთზე კი მარჯვენა ფლანგიდან გიორგი დათუნაიშვილმა თორნიკე თარხნიშვილი მოძებნა, რომლის დარტყმას გიორგი ლორია გაუმკლავდა.

35-ე წუთზე "დინამო" მეკარემ კიდევ ერთხელ გადაარჩინა: ჩიკვილაძემ საჯარიმო სახიფათოდ შეასრულა და ლორიამ ბურთი კუთხურზე მოიგერია. პირველი ტაიმის მიწურულს ახლო მანძილიდან ვახტანგ კვარაცხელიას დარტყმულის აღებაც არ გასჭირვებია.

ცხადია, არც "დინამო" იჯდა დაცვაში, უტევდა, მაგრამ შედარებით ინერტულად: მე-8 წუთზე საჯარიმოში დონალდ ჯუისის ჩაწოდებული ბურთი მეტრეველმა თავით კარში გაგზავნა - ომარ მიგინეიშვილი ბურთს იოლად დაეუფლა.

ეს კომბინაცია დინამოელებმა რამდენიმე წუთში გაიმეორეს, მაგრამ ამჯერად ზვიად მეტრეველმა არაზუსტად დაარტყა.

30-ე წუთზე დავით მუჯირის გადაცემით მეტრეველი საჯარიმოში შეიჭრა, სადაც თემურ ფარულავამ წააქცია, მაგრამ არბიტრმა ხვიჩა გაგნიძემ თამაში გააგრძელა. გაგნიძეს დინამოელებიც მივარდნენ და ტორპედოელებიც: მასპინძლები პენალტს ითხოვდნენ, ქუთაისელები კი იმან გააბრაზა, რომ თბილისელებმა შეტევა მაშინ წამოიწყეს, როდესაც მათ ნახევარზე "ტორპედოს" თავდამსხმელი კვარაცხელია წაქცეული იწვა.

"დინამომ" მეორე ტაიმში თამაში გამოასწორა. მაგრამ ეს მუჯირის გოლის შემდეგ მოხდა. 58-ე წუთზე "ტორპედოს" საჯარიმოსთან დანიშნული ჯარიმა მუჯირმა ისე შეასრულა, მეკარემ ახლო კუთხეში დარტყმულ ბურთზე რეაგირება ვერ მოახერხა - 1:0 [VIDEO].

გოლმა თამაში და დინამოელები გახსნა. ორიოდე წუთში მეტრეველმა ასპროცენტიანი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა. ის მეკარესთან პირისპირ მუჯირმა გაიყვანა, მაგრამ "დინამოს" ფორვარდის ახლოდან დარტყმული ბურთი მიგინეიშვილმა მოიგერია.

დასამახსოვრებელი იყო ლევან კაკუბავას ეპიზოდიც, რომელმაც საჯარიმოს ხაზთან ორი მცველი ერთი მოძრაობით ჩამოიცილა და დაარტყა - "ტორპედოს" მეკარემ ამჯერადაც საიმედოდ ითამაშა.

მცველების შეცდომით შეეძლო ესარგებლა გიორგი კახელიშვილს, რომელსაც ბურთი მეტოქის საჯარიმოში მიუგორდა, მაგრამ მახვილი კუთხიდან ბურთი კარს ააცილა.

"ტორპედო" კი მწვავედ ვეღარ უტევდა. შედეგი ვერც ნიკა საბანაძისა და ჩიკვილაძის შეტევებმა მოიტანეს და "დინამომ" დამსახურებულად გაიმარჯვა - 1:0. შეიძლება ითქვას, რომ ამ შეხვედრის ბედი დინამოელი მუჯირის კლასმა გადაწყვიტა.

გია გიგატაძე ("ტორპედო"):"რთული და დაძაბული მატჩი იყო, სადაც "დინამომ" თავისი შანსი გამოიყენა. გოლის შემდეგ სხვა თამაში წავიდა, ჩვენ კი მატჩის შემოტრიალება ვერ მოვახერხეთ".

თამაზ სამხარაძე ("დინამო"):"მაყურებელმა ორი განსხვავებული ტაიმი იხილა. პირველ ნახევარში თამაშის სადავეებს ვერ ვფლობდით, მაგრამ შესვენებაზე კორექტივები შვეიტანეთ და ამან შედეგი გამოიღო. რიგ შემთხვევებში ჩვენი უპირატესობა იგრძნობოდა. ეს ის შეხვედრა იყო, რომლის ბედსაც ერთი გოლი გადაწყვეტდა და ასცე მოხდა. რაც მეტი იქნება ასეთი დაძაბული და საინტერესო მატჩი, ჩემპიონატს დონეც ამაღლდება და სტადიონებზე მაყურებელიც იმატებს".


დინამო-ტორპედო 1:0
12.12. თბილისი. ეროვნული სტადიონი. 1500 მაყურებელი.
1:0 მუჯირი (58)

"დინამო" 4-2-3-1 "ტორპედო" 4-2-3-1
ლორია მიგინეიშვილი
თომაშვილი ფოფხაძე
კაკუბავა ს. თოდუა
გველესიანი ფარულავა
ხმალაძე ჩიკვილაძე
ედნილსონი დიღმელაშვილი
ფირცხალავა მ. გიგაური
ჯუისი თარხნიშვილი
მუჯირი დათუნაიშვილი
კოშკაძე გ. ჩხეტიანი
მეტრეველი ვ. კვარაცხელია

მწვრთნელი მწვრთნელი
თ. სამხარაძე გ. გიგატაძე

დინამო
46. ფირცხალავა - კახელიშვილი
78. მეტრეველი - თექთურმანიძე
85. მუჯირი - ლექვთაძე
სათადარიგოები: შეყრილაძე, ქანთარია, მამუჩაშვილი, ვარდოსანიძე.

ტორპედო
63. ჩხეტიანი - საბანაძე
67. გიგაური - ლომაშვილი
84. თარხნიშვილი - ნ. კვასხვაძე
სათადარიგოები: ქვილითაია, მაჭავარიანი, კემუხტაშვილი, გურული.

არბიტრი: ხ. გაგნიძე (გორი)
გაფრთხილება: ჯუისი (32), დათუნაიშვილი (38), ვ. კვარაცხელია(44), ედნილსონი (85), ფარულავა (90), საბანაძე (90+3).


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფოტო: fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული