გიორგი დათუნაიშვილი: ახლა მივხვდი, ძნელია უმაყურებლობა

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი დასრულდა. ქუთაისის "ტორპედომ" მეექვსე ადგილი დაიკავა და ჯერჯერობით გულშემატკივრის იმედი ვერ გაამართლა. რა იყო ამის მიზეზი, რას ნიშნავს მაყურებლის თანადგომა და რას იმედოვნებს მეორე ეტაპზე - ამის თაობაზე "ლელოს" ქუთაისელთა ნახევარმცველი გიორგი დათუნაიშვილი ელაპარაკება.

- პირველი ეტაპი "ტორპედომ" ყველაზე პრინციპულ მეტოქესთან მარცხით დაასრულა. კრიტიკულ მომენტში "დინამოს" დაცვის გარღვევა გაგიჭირდათ.
- დღევანდელი შემადგენლობით თბილისის "დინამო" გაცილებით დიდხანს თამაშობს, ვიდრე "ტორპედო". ჩვენზე ბევრად უკეთ შეთამაშებულები არიან და, ალბათ, წაგების მთავარი მიზეზი ეს გახდა. "ტორპედო" კი ჯერ ერთ მუშტად
შეკრული და შეთამაშებული არ არის. მაგრამ იმედია, მეორე წრეში ასეთ გუნდს იხილავთ. დავაზუსტებ: მე სათამაშო ურთიერთგაგებას ვგულისხმობ, თორემ ბიჭები, ცხადია, დავმეგობრდით. მეტი დრო გვჭირდება, "დინამოს" მის მოედანზე თანაბარი ბრძოლა რომ გავუმართოთ. საერთოდ, ძლიერი გუნდი სამ-ოთხ თვეში ვერ ჩამოყალიბდება. და მაინც, "დინამოსთან" თავიდან კარგად დავიწყეთ, მომენტებიც გვქონდა, მაგრამ დასანანმა გოლმა აგვრია და მატჩის შემოტრიალების ძალა არ აღმოგვაჩნდა.

- ყველაზე უმაყურებლო "ვიტ ჯორჯიადან" ყველაზე მაყურებლიან "ტორპედოში" აღმოჩნდი - დარწმუნებული ვარ, ეს ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებაა.
- რა თქმა უნდა, მეტი პასუხისმგებლობა და სტიმულია. როდესაც მაყურებელი შენგან მეტს ითხოვს, მერე შენც უფრო მობილიზებული ხარ, რათა ხალხი გაახარო. ქომაგმა არ უნდა იფიქროს, რომ სტადიონზე ტყუილად მოვიდა. ქუთაისში დავრწმუნდი, ეროვნული პირველობის დონე მაყურებელზეცაა დამოკიდებული, რაც უფრო მეტი ადამიანი მოვა სტადიონზე, მით უკეთესი პირველობა გვექნება.

- უმაყურებლოდ როგორ თამაშობდი?
- ქუთაისში მაყურებლის ისეთი მხარდაჭერა ვიგრძენი, ახლა ვეღარ ვხვდები, მათ გარეშე "ვიტ ჯორჯია" წარმატებებს როგორ აღწევდა. მაგარი გუნდი იყო, მაგრამ ჩვენ სანახავად მხოლოდ ოჯახის წევრები და ახლობლები დადიოდნენ, მაყურებელი მხოლოდ ევროთასებზე გვყავდა. არადა, ეს გუნდი მხარდაჭერას იმსახურებდა.

მაშინ როდესაც ტრიბუნა სანახევროდ მაინც არის შევსებული, მოდუნებული სუსტ გუნდთანაც ვერ ითამაშებ. პირიქით, ბოლომდე იბრძვი და თავს იკლავ ტაშისთვის, რომელიც ყველანაირ ფულზე მეტი სიამოვნებაა.

"ვიტ ჯორჯია" კი უმაყურებლო გუნდი იყო და, კი არ გვინდოდა, მაგრამ ზოგჯერ თავს მოდუნების უფლებას ვაძლევდით. ეს უნებლიეთ ხდებოდა, რადგან ტრიბუნიდან სტიმულს ვერ ვიღებდით.

- თუმცა გასულ სეზონში იმ უმაყურებლო "ვიტ ჯორჯიაში" უფრო სასარგებლოდ გამოიყურებოდი, ვიდრე წლეულს "ტორპედოში" - ახალ გუნდს დღემდე ვერ შეეგუე?
- საქმე ისაა, რომ "ვიტ ჯორჯიაში" რამდენიმე წელი ვთამაშობდი, გუნდის ბირთვი დიდხანს ყალიბდებოდა, ბიჭები ერთმანეთს ვუგებდით და ასეთ ნაცნობ გარემოში მეც უკეთ ვთამაშობდი და კვარაცხელიაც.

"ტორპედოშიც" ასე იქნება, ნელ-ნელა ბიჭებსაც გავუშინაურდი და ქუთაისსაც, ერთმანეთს გავუგეთ და მალე სათამაშო გაგებასაც მივაღწევთ. თუმცა გუნდი ჯერაც ჩამოსაყალიბებელია. თამაში რომ წაგივიდეს, თანაგუნდელებს უსიტყვოდ უნდა გრძნობდე. "ვიტ ჯორჯიაში" ასე იყო, წინასწარ ვიცოდი, ვინ სად გაიხსნებოდა და ვინ სად მომცემდა ბურთს, უფრო სასარგებლოდ ამიტომაც ვთამაშობდი. ქუთაისში კი ძველი ნაცნობებიდან მხოლოდ დიღმელაშვილი და კვარაცხელია დამხვდნენ.

- ძლიერ გუნდში თამაშობდი და "ტორპედოს" შესაძლებლობებს რეალურად შეაფასებ.
- შესაძლოა, "ტორპედოს" "ვიტ ჯორჯიაზე" მეტი პოტენციალი გააჩნია, რადგან კარგი ფეხბურთელების გარდა, მრავალრიცხოვანი მაყურებელი გვყავს და დარწმუნებული ვარ, მალე ანგარიშგასაწევი გუნდი გავხდებით... სასიამოვნო საფეხბურთო ატმოსფერო მხოლოდ სამ ქალაქში, ქუთაისში, სამტრედიასა და ზესტაფონშია. განათებულ მოედანზე გასვლის დროს ისეთი შეგრძნება მიჩნდება, თითქოს ევროპულ სტადიონზე ვთამაშობ. ყველა წვრილმანი მნიშვნელოვანია, მაყურებელი, განათებაზე თამაში, პირობები...

ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვამბობ, რომ "ტორპედოს" დიდი პოტენციალი აქვს. მარტო კლასი არაფერს ნიშნავს, თუ გულშემატკივარი გვერდში არ დაგიდგა და სისხლი არ აგიდუღა.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"



მკითხველის კომენტარები / 3 /
"სასიამოვნო საფეხბურთო ატმოსფერო მხოლოდ სამ ქალაქში, ქუთაისში, სამტრედიასა და ზესტაფონშია. "

თბილისშიც რომ იყოს არ შეიძლება წესიერი ?

ცოტა გაინძრან რა დინამოში ვინც მუშაობს - დანიშნონ მატჩები საგამოს - გაუკეთონ ცოტა რეკლამ აფიშები გამოაკრან ხალხი მოიზიდონ .....
თვითონ არ უტყდებათ 200 კაცი ძლივს რო არის შეკრებილი სტადიონზე ?
otar
11:22 15-12-2010
0
გაიხარე დათუნა მაგარი კაცი ხარ მთელ ჟილკას და მონდომებას დებ მინდორზე წარმატებები ტორპედოსთან ერთად;)
gabro
18:37 14-12-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული