”ოლიმპისთვის” სეზონი ამ მატჩით არ დასრულებულა - 21 დეკემბერს რუსთაველები სუპერთასს ”ვიტ ჯორჯიას" შეეცილებიან. ამის შემდეგ კი, არ არის გამორიცხული, კლუბში სერიოზული ცვლილებები მოხდეს.
ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა, კლუბიდან მეკარე გია ჭანტურია გაუშვან. გასული სეზონის საუკეთესო კარის დარაჯი ”ოლიმპიდან" ჯერ კიდევ ივნისში გაუშვეს, მაგრამ სეზონის მსვლელობისას დასჭირდათ და დააბრუნეს. მართალია, ჭანტურია ამჟამინდელ გაშვებას არ ადასტურებს, მაგრამ არც ის იცის, რჩება თუ
”ოლიმპი", ფაქტობრივად, მეკარე ზურაბ ბათიშვილმაც დატოვა, რომელიც ჭანტურიას დაბრუნების შემდეგ 18-კაციან განაცხადშიც არ შეჰყავდათ.
”ზესტაფონთან" საპასუხო შეხვედრაში 18-კაციან განაცხადშიც ვერ ვიხილეთ თავდამსხმელი ირაკლი მოდებაძე. ამის გამო კიდევ ერთხელ აგორდა ჭორი, თითქოს ეროვნული პირველობის ერთ-ერთმა საუკეთესო ბომბარდირმა კლუბი დატოვა.
”ტყუილია, კლუბი არ დამიტოვებია. ხელოვნურსაფარიან მოედანზე ვარჯიშისას აქილევსის მყესი ამტკივდა და სათასო შეხვედრა ამიტომ გამოვტოვე. საერთოდ, ”ოლიმპის" ხელმძღვანელობას საკადრო პოლიტიკის შეცვლა სურს. ადრე შემადგენლობა ყოველ ექვს თვეში იცვლებოდა, ახლა კი ფეხბურთელებთან ხანგრძლივი კონტრაქტების გაფორმება და სტაბილური ბირთვის ჩამოყალიბება იგეგმება. ასეა ”ზესტაფონი" და ამიტომაცაა შეთამაშებული კლუბი. ეს კარგი ჩანაფიქრია, რომლითაც ”ოლიმპი" ბევრს მოიგებს და ფეხბურთელებისთვის უფრო მიმზიდველი კლუბი გახდება, თანაც ლიდერებში ვართ და საქართველოში არავისზე ნაკლები პირობები არ აქვს.
ითქვა, რომ ”ოლიმპის" გაძლიერება სურთ, თუმცა კონკრეტულად ვინ დარჩება და ვინ წავა, ჯერ არ ვიცით. მე კლუბთან კონტრაქტი 2011 წლის მაისამდე გავაფორმე, მაგრამ ჩემი დარჩენა-წასვლის საკითხი, ისევე, როგორც სხვებისა, სუპერთასის მატჩის შემდეგ გადაწყდება", - გვითხრა მოდებაძემ.
ირაკლი იმედოვნებს, რომ 21 დეკემბრამდე მომჯობინდება, როდესაც ”ოლიმპი" ეროვნულ სტადიონზე სუპერთასისთვის ”ვიტ ჯორჯიას" დაუპირისპირდება.
”სუპერთასის გათამაშებაში მონაწილეობა ჩემთვის ბევრს ნიშნავს და დიდი სურვილი მაქვს, ”ვიტ ჯორჯიას" წინააღმდეგ ვითამაშო. მთავარია, ეროვნული სტადიონის საფარი ნორმალურ მდგომარეობაში იყოს და იმედია, ჩემპიონობასთან ერთად, სუპერთასსაც მოვიპოვებთ", - გვითხრა მოდებაძემ.