ჰო, ასეა - უმაღლეს ლიგაში ”ოლიმპი” მეხუთე სეზონს ატარებს და ამ დროის განმავლობაში უკვე 10 (ათი!) სამწვრთნელო გადაადგილება მოხდა! ერთ-ერთი ყველაზე ”ხმაურიანი” ცვლილება, რაღა
არ დაგვავიწყდეს, საუბარია ქვეყნის მოქმედ ჩემპიონზე, ამჯერადაც წარმატებით რომ ასპარეზობს და აქედან გამომდინარე, არავის უნდა გაუკვირდეს ქართული სპორტული მედიის ”მეტისმეტი” დაინტერესება ასეთი უცნაური და მოულოდნელი ცვლილებების გამო. ამასთან, არანაკლებ მოულოდნელი იყო დებიუტანტი მწვრთნელის დანიშვნა ასეთ ამბიციურ გუნდში - თორნიკე მაისურაძეს მანამდე არც უმაღლესში და არც დაბალ ლიგებში არ უმუშავია. თუმცა, ეს ახალგაზრდა კაცი არც ”საიდანღაც” მოსულა და არც ფეხბურთია მისთვის სპორტის უცხო სახეობა. ბავშვთა ფეხბურთის ცნობილი სპეციალისტის, ზურაბ მაისურაძის ვაჟი თბილისის ”დინამოს” აღზრდილია, მაგრამ მძიმე ტრავმის გამო კარიერა საკმაოდ ადრეულ ასაკში დაასრულა.
”ოლიმპის” მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი პრესკონფერენცია რომ ჩაატარა, ჟურნალისტებს გვთხოვა: მასმედიასთან ”სადებიუტო” შეხვედრაა და იმედია, ”ჩამჭრელ” კითხვებს არ დამისვამთო. შესაძლოა, ვცდებით, მაგრამ, ალბათ, ისიც იგულისხმა, რომ ასეთი ამბიციური კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მისი თავდაპირველი საქმიანობა ქართველ სპორტულ ჟურნალისტებს მეტისმეტად მკაცრად არ შეეფასებინათ. ჯერჯერობით ასეც არის: თორნიკე მაისურაძის ხელმძღვანელობით ”ოლიმპმა” ორი მატჩი ჩაატარა და ახალგაზრდა სპეციალისტის გასაკრიტიკებლად ენა როგორ უნდა მოგვიბრუნდეს. რა თქმა უნდა, ახალი მწვრთნელის თავკაცობით ”ოლიმპის” თამაშში ”რევოლუციური ცვლილებები” არ შეგვინიშნავს, მაგრამ გარკვეული სიახლეები აშკარად იყო. ამას გარდა დებიუტანტი მწვრთნელი მომავალს საკმაოდ ოპტიმისტურად უცქერს და ”ოლიმპის” ქომაგებს (რომელთა რიცხვიც, რატომღაც, ტურიდან ტურამდე მცირდება) არაერთ სასიამოვნო სიურპრიზს ჰპირდება.
ჩვენი საუბარი კი ”ოლიმპის” საწვრთნელ ბაზაზე, მოქმედი ჩემპიონის ახალი მთავარი მწვრთნელის სამუშაო კაბინეტში შედგა, ”ზესტაფონთან” განმეორებითი მატჩის მეორე დღეს.
- ჯერ, თქვენს საფეხბურთო კარიერაზე ვისაუბროთ.
- მამის ფაქტორის გათვალისწინებით, 35-ე სკოლაში სოსო სირაძესთან დავიწყე ვარჯიში. ისე, რომ არ მოგატყუოთ, თავდაპირველად სერიოზულ საფეხბურთო კარიერაზე არც ვფიქრობდი - უფრო, განათლების მიღება მსურდა. თუმცა, 17 წლის ასაკში მთლიანად ფეხბურთში ”გადმოვერთე” და ჯერ ”კოდაკოში”, გია მაისურაძესთან ვთამაშობდი, მერე კი ”დინამო-2”-ში.
- იმდროინდელი ”დინამო-2” კარგად გვახსოვს, მართლაც მშვენიერი გუნდი იყო: მთავარ მწვრთნელად მამათქვენი, ზურაბ მაისურაძე მუშაობდა, ვისაც რამაზ მუმლაძე ეხმარებოდა; შემადგენლობას რაც შეეხება, ერთი-მეორეზე პერსპექტიული ბიჭები თამაშობდნენ.
- მამას ყოველთვის ჰქონდა პერსპექტიული ბიჭების შერჩევის ნიჭი და იმდროინდელი ”დინამო-2”-დან თითქმის აბსოლუტურმა უმრავლესობამ სანაკრებო თუ საკლუბო დონეზე მეტ-ნაკლებ წარმატებას მიღწია. გიორგი ლომაია, რატი ალექსიძე, გიორგი შაშიაშვილი, ილია კანდელაკი, დავით მუჯირი, ლადო ბურდული, არჩილ სახვაძე, მიხეილ ბობოხიძე, რევაზ ქემოკლიძე, ოლეგ გველესიანი, ვალერი აბრამიძე, გიორგი მიქაძე, ბორის გონჩაროვი, ვალერი გაგუა, გია კვარაცხელია, ლევან ბაჯელიძე, მიხეილ ხუციშვილი - ალბათ, ბევრი გამომრჩა კიდეც.
- თქვენ რატომ ვერ ითამაშეთ დიდი ფეხბურთი?
- თავიდანვე უიღბლობა დამჩემდა: ტრავმის გამო წელიწადი გამიცდა, მაგრამ მერე ეს დანავსული პერიოდი დავძლიე და ორი სეზონის განმავლობაში ”დინამო-2”-ის კაპიტანი ვიყავი. გამთამაშებლის პოზიციაზე ვთამაშობდი, თუმცა ამის მიუხედავად, ჩვენი გუნდის საუკეთესო ბომბარდირიც ვიყავი ბორის გონჩაროვთან ერთად.
- ერთი პერიოდი, თელავის ”კახეთშიც” თამაშობდით.
- მე და მიხეილ ბობოხიძე გუნდში რომ მივედით, ”კახეთი” XIV ადგილზე იყო, მეორე წრეში კი მესამეზე გავედით - ყველა მატჩი მოვიგეთ და მხოლოდ თითო-თითო ფრე და წაგება გვქონდა. ერთ-ერთ გუნდს, სახელს ვეღარ ვიხსენებ, საქართველოსთვის სარეკორდო ანგარიშით 16:0 მოვუგეთ. სხვათა შორის, იმდროინდელ ”კახეთში” ყველასათვის უცნობი ჭაბუკი ალექსანდრე ამისულაშვილი თამაშობდა, მამაჩემის რეკომენდაციით მერე ქუთაისის ”ტორპედოში” რომ ჩაირიცხა.
- ”დინამოს” ძირითად გუნდში, ფაქტობრივად, არც გითამაშიათ.
- ”კახეთში” ფორმის აღდგენის მიზნით ვთამაშობდი, მერე ისევ ”დინამოში” დავბრუნდი და როცა მეგონა, ახალი მთავარი მწვრთნელი მურთაზ ხურცილავა გუნდიდან გამიშვებდა (უფრო, არასაფეხბურთო მიზეზის გამო), სწორედ მაშინ უცხოურ შეკრებაზე წამსვლელთა სიაში შემიყვანა. სამწუხაროდ, ძირითად გუნდთან პირველსავე ვარჯიშზე ისევ დავშავდი და კვლავაც პაუზის აღება დამჭირდა.
- რა სახის ტრავმა გქონდათ?
- ორივე საზარდულზე ოპერაცია მჭირდებოდა, მე კი, რატომღაც მეგონა, ქირურგიული ჩარევა საჭირო არ იქნებოდა. როცა მოვმჯობინდი, ”დინამოს” უკვე რევაზ არველაძე თავკაცობდა, მაგრამ ტკივილიც ხშირად მახსენებდა თავს, მწვრთნელებისაგანაც დიდ ნდობას ვერ ვგრძნობდი და 22 წლის ასაკში ფეხბურთელის კარიერა დავასრულე.
- მწვრთნელობა ამის შემდეგ გადაწყვიტეთ?
- დაახლოებით, წელიწადნახევარი მამასთან ერთად ბავშვთა ფეხბურთში ვიყავი დასაქმებული; თუმცა შემდეგ სახელმწიფო სამსახურში გადავედი: ჯერ საგარეო საქმეთა სამინისტროში ვმუშაობდი, მერე - თავდაცვის სამინისტროში. თუმცა, ფეხბურთს უყურადღებოდ არ ვტოვებდი - სამეგობრო წრეც აქედან მყავს და საერთოდაც, ჩემი ცხოვრების ნაწილს ასე, ერთი ხელის მოსმით, ვერ შეველეოდი.
- ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ”ოლიმპის” მსგავსი ამბიციური გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე თქვენი დანიშვნა ბევრისთვის მართლაც მოულოდნელობა იყო.
- რა თქმა უნდა, ასეთი შემოთავაზება ჩემგან სერიოზულ ფიქრს მოითხოვდა, - ეს არ იყო მხოლოდ სარისკო ნაბიჯი ან გამოწვევა; ვიცოდი, როგორ ამბიციურ კლუბში მივდიოდი და გარკვეული ფიქრის მერე ეს უდიდესი პასუხისმგებლობა ვიტვირთე. მიმაჩნია, ის საქმე უნდა ვაკეთო, უფრო უკეთ რომ მესმის და ვერკვევი.
- ”რისკი”, ”გამოწვევა”, ”პასუხისმგებლობა” - ”ოლიმპის” მწვრთნელობასთან დაკავშირებით ამ სიტყვებში ჩვენც გეთანხმებით, თუმცა, ჩემპიონ-გუნდში სამწვრთნელო დებიუტი პატარა ამბად მაინც არ მიგვაჩნია. თანაც, ლაპარაკია გუნდზე, სადაც არც ერთ თქვენს წინამორბედს გადაბმულად წელიწადი არ უმუშავია.
- ჯერ იმას ვიტყვი, რომ კლუბის ხელმძღვანელებისგან სრული ნდობა და მხარდაჭერა ვიგრძენი, თორემ, სხვანაირად ასეთ მაცდუნებელ წინადადებაზე, ალბათ, უარის თქმა მომიწევდა. ”ოლიმპის” ხელმძღვანელებს საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვთ და საერთოდაც, ჩვენი მიზანი არამხოლოდ საქართველოს ჩემპიონობაა, არამედ ევროტურნირებზე ღირსეულად ასპარეზობაცაა.
- ამ შემთხვევაში, ალბათ, უფრო გრძელვადიან პროგნოზებზეა ლაპარაკი.
- რა თქმა უნდა, სამ თვეში გუნდი არ ”შენდება”. აი, ”ზესტაფონის” მაგალითი ავიღოთ - ოთხი წელიწადია არსებობს და გუნდი ჩემპიონი ჯერ ვერ გამხდარა. საერთოდაც, გრძელვადიანი პროექტები ჩვენი კლუბისთვის უმთავრესი პრიორიტეტი იქნება და ამაში ყველა მალე დარწმუნდებით.
- ”ოლიმპის” ქომაგებს ვერაფრით აუხსნიათ ის მართლაც უცნაური ფაქტი, როცა ყოველ ექვს თვეში გუნდიდან 15-16 ფეხბურთელი მიდის და მათ ნაცვლად ახლები მოდიან.
- მერწმუნეთ, მსგავსი რამ არ განმეორდება! აი, ახლაც, ვიდრე ზამთრის პაუზა დაიწყება, თითოეულ ფეხბურთელთან ხელშეკრულებები გადაიხედება და გუნდში ვინც დარჩება, ყველასთან გრძელვადიან კონტრაქტებს გავაფორმებთ.
- ანუ, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ”ოლიმპში” გარკვეულ ცვლილებებს უნდა ველოდოთ?
- ცვლილებები იქნება, მაგრამ ისეთი არა, როგორც ამ გუნდში ადრე ხდებოდა; აბა, რომელ წარმატებაზეა ლაპარაკი, როცა ევროტურნირების წინ, ფაქტობრივად, ნახევარი შემადგენლობა იცვლებოდა? ამიერიდან ასე აღარ იქნება: კლუბის ხელმძღვანელთა მხრიდან სრული მხარდაჭერა მაქვს და მეორე ეტაპისთვის ბევრად უფრო ძლიერ ”ოლიმპს” იხილავთ.
- წეღან, თქვენი წინამორბედები ვახსენე, წარმატებული ასპარეზობის მიუხედავად, ყოველ ხუთ-ექვს თვეში, გუნდიდან წასვლა რომ უხდებოდათ.
- იმედია, მე ვიქნები გამონაკლისი და ”ოლიმპის” სამწვრთნელო ისტორიაში ხანგრძლივად მუშაობის რეკორდსაც მოვხსნი. ყოველ შემთხვევაში, დიდი იმედი მაქვს, რომ ასეთ ნდობას გავამართლებ.
- ”ოლიმპში” თქვენი თაობის რამდენიმე ფეხბურთელი თამაშობს, ზოგი ასაკით უფროსია კიდეც, ყოველივე ეს დისკომფორტს არ გიქმნით?
- რეზო ქემოკლიძე და ზურა ბათიაშვილი ჩემი თანაგუნდელები იყვნენ, ისე როგორც ბორის გონჩაროვი, ამჟამად ”ოლიმპის” სამწვრთნელო შტაბში რომ არის - ამათთან არანაირი პრობლემა არ შემქმნია; ისე როგორც ასაკით ჩემზე უფროს გრიგოლ ჭანტურიასთან, ადრეც რომ ვიცნობდი. საერთოდაც, ”ოლიმპში” ადაპტაცია არ გამჭირვებია, კლუბშიც და გუნდშიც უაღრესად წესიერი და შრომისმოყვარე ხალხი მუშაობს.
- ისე, წესით, თქვენს ორ წინამორბედზე აუგს ვერ იტყვით.
- პირიქით, ჩემს პირველ პრესკონფერენციაზეც აღვნიშნე, რომ საკმაოდ კარგად მომზადებული გუნდი ჩავიბარე-მეთქი, სხვანაირად რომ ყოფილიყო, ამჟამად ”ოლიმპი” ლიდერთა შორის ვერ იქნებოდა.
- თქვენი ხელმძღვანელობით ”ოლიმპმა” ორი მატჩი ჩაატარა, გარკვეული ცვლილებები შევნიშნეთ ტაქტიკაშიც და იმაშიც, რომ გუნდი მაქსიმალურად ცდილობს ფლანგების ეფექტიანად გამოყენებას.
- ტაქტიკას შემადგენლობიდან და მეტოქიდან გამომდინარე შევარჩევ. სამწუხაროდ, საკადრო პრობლემებიც მოგვეძალა: ”ზესტაფონთან” სათასო მატჩი ტრავმის გამო ირაკლი მოდებაძემ გამოტოვა, უშუალოდ თამაშის მსვლელობისას გიორგი რეხვიაშვილი დაშავდა. თუმცა, მიმაჩნია, რომ ”ზესტაფონთან” მატჩში ჩვენი თამაშის ხარისხი უფრო მაღალი იყო, ვიდრე ”სიონთან” მოგებულ შეხვედრაში.
- ”ზესტაფონთან” შეხვედრაში ბევრს გაუკვირდა, როცა გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფორვარდი გიორგი ბერიაშვილი შესვენებამდე გამოცვალეთ.
- სამწუხაროდ, რასაც ამ თავდამსხმელისგან მოველოდით, ის თამაში ვერ უჩვენა, თანაც, ისეთი თამაში ”წავიდა”, ”ზესტაფონი” ოთხი გოლის გამშვები არ იყო. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ასეთ პრინციპულ და დაძაბულ მატჩში თავის გამოჩენის შანსი პერსპექტიული ახალგაზრდისთვის, ვალერი ყაზაიშვილისთვის მიმეცა.
- ამ სეზონში არაერთხელ მომხდარა, როცა ”ოლიმპის” განაცხადს ორი ან სამი ფეხბურთელი აკლდა-ხოლმე.
- ”ოლიმპის” ქომაგებს ვპირდები, რომ ვიდრე გუნდში ვარ, მსგავსი რამ არ განმეორდება. ალბათ, თქვენ დარწმუნდით, რომ იგივე ”სიონთან” და ”ზესტაფონთან” ჩვენს განაცხადში 18 ფეხბურთელი იმყოფებოდა.
- სადებიუტო მატჩზეც გკითხავთ, ბოლო ნახევარ საათში, ორივე გუნდის ფეხბურთელები, მოედანზე, ფაქტობრივად, იდგნენ!
- 3:1-ზე მეტოქე წინააღმდეგობას აღარ გვიწევდა, ჩვენც ოთხ დღეში სერიოზული სათასო პაექრობა გველოდებოდა და შევეცადეთ, მინიმალური დანაკლისით დაგვემთავრებინა ის შეხვედრა.
- იმ შეხვედრაში გამორჩეულად ფლანგის ნახევარმცველებმა, რევაზ გეწაძემ და გიორგი ქავთარაძემ იასპარეზეს.
- გეთანხმებით, ორივემ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენს წარმატებაში. თანაც, გეწაძე ტრავმით თამაშობდა, მაგრამ ჩვენი გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელია და ასეთ რისკზეც წავიდა.
- ამ ორ თამაშში ქომაგების სიმცირემ არ გაგაკვირვათ?
- სამწუხაროდ, ეს მართლაც სერიოზული პრობლემაა; ზესტაფონში, ქუთაისში, სამტრედიასა თუ ზუგდიდში სტადიონებზე აბსოლუტურად განსხვავებული ატმოსფეროა - სავსე ტრიბუნები ფეხბურთელს ხომ უფრო მეტ სტიმულს აძლევს.
- ძალიან მალე სუპერთასის მატჩია. სხვათა შორის, ”ოლიმპს” ეს ტიტული არასდროს მოუგია.
- იმედია, გუნდი ამ წარმატებას ჩემი ხელმძღვანელობით მიაღწევს.
- დაბოლოს, ქართულ მასმედიასთან ურთიერთობაზეც გკითხავთ.
- ჩემს თხოვნას ჯერჯერობით ყველა ასრულებს, ანუ, ”ოლიმპის” ასპარეზობას და ჩემს საქმიანობას ზედმეტად მკაცრად არ აფასებენ. იმედია, ასეთი ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება. საერთოდ კი, ნებისმიერი ჟურნალისტის მიერ ამა თუ იმ საკითხზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, აბსოლუტურად ნორმალურ მოვლენად მიმაჩნია.