რამაზ მუმლაძე დინამოსა და გინესის რეკორდებში

AutoSharing Option
დღეს თბილისის "დინამო" ძველ-ახალ მთავარ მწვრთნელს წარადგენს - ერთთვიანი პაუზის შემდეგ კახა კაჭარავა პოსტზე ბრუნდება. ასეთია "დინამოს" ახალი მეპატრონის, რომან ფიფიას გადაწყვეტილება, რომელიც ლონდონში ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს კლუბის გადაფორმებაზე დაელაპარაკა.

კაჭარავა კლუბში 2002 წლიდან მუშაობს: 2002-03 წლებში "დინამოს" აკადემიაში მომავალ თაობებს ზრდიდა. ერთი წლის შემდეგ (2003-2004 წლებში თბილისის "ლოკომოტივს" წვრთნიდა), 2004 წელს "დინამო 2" ჩაიბარა, სადაც 2006-მდე მუშაობდა, სანამ "დინამოს" მთავარი მწვრთნელის დუშან უჰრინის ასისტენტად არ დაინიშნა. ამავე როლში ეხმარებოდა რაინერ ცობელს. 2009 წლის მარტში გერმანელი სპეციალისტის გათავისუფლების შემდეგ კაჭარავა
"დინამოს" მთავარ მწვრთნელად დანიშნეს.

2010 წლის 10 ნოემბერს კაჭარავამ პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა, თუმცა "დინამოში" საქმიანობა სპორტულ კოორდინატორად განაგრძო და "დინამოს" ყველა გუნდის ზედამხედველობა დაევალა. ამავდროულად, ნაკრები გუნდების გაერთიანებულ შტაბში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავასა და ეროვნული ნაკრების თავკაც თემურ ქეცბაიას ინიციატივით მიიწვიეს.

დღეს, 12 საათზე დიღმის ბაზაზე თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელები მედიის წარმომადგენლებს შეხვდებიან და კაჭარავას მთავარ მწვრთნელად წარადგენენ. თუმცა ეს ამბავი გულშემატკივრისთვის სიახლე არ იქნება. ჩვენ კი სხვა, უცნობი ამბები შევიტყვეთ, გადავამოწმეთ და დადასტურებულს გაგაცნობთ.

კლუბში დაბრუნება რომ გადაწყვიტა, კაჭარავამ დუბლების მწვრთნელობა რუსთავის "ოლიმპიდან" მცირე ხნის წინ გათავისუფლებულ რამაზ მუმლაძეს შესთავაზა. მუმლაძეს რუსთავში თამაში არ ჰქონდა წაგებული და აუხსნელი მიზეზის გამო დაითხოვეს. თუმცა მისი პროფესიონალიზმი დაუფასებელი არ დარჩა და "დინამოს" ხანგრძლივი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა. წლების წინ მუმლაძე სწორედ "დინამოს" დუბლშემადგენლობას ავარჯიშებდა, შემდეგ კი - ამ გუნდის ბაზაზე ჩამოყალიბებულ "თბილისს", რომელმაც უმაღლეს ლიგაში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი წარმოაჩინა.

ამდენად, მუმლაძემ წლეულს თავისდა უნებურად სამწვრთნელო რეკორდი დაამყარა - 2010 წლის განმავლობაში მეოთხე კლუბში იმუშავებს. თბილისის "ვიტ ჯორჯიადან" წამოსულმა წელი რეგიონალლიგის "ავაზა-ვისოლის" მთავარ მწვრთნელად დაიწყო, 2 ივნისს ქუთაისის "ტორპედოში" წარადგინეს, რომელიც 24 სექტემბერს საკუთარი ნებით დატოვა, 10 ოქტომბერს კი რუსთავის "ოლიმპი" ჩააბარეს, საიდანაც რვამატჩიანი წაუგებელი სერიისთვის "მადლობა" 7 დეკემბერს გათავისუფლებით გადაუხადეს. ერთ წელიწადში ამდენი კლუბი მსოფლიოში ბევრ მწვრთნელს არ შეუცვლია.

მოსალოდნელია ცვლილებები "დინამოს" მმართველ გუნდშიც - გვითხრეს, რომ ერთ-ერთი ხელმძღვანელის როლში ორი კანდიდატურა განიხილება. გვარების დაუკონკრეტებლად გაგვიმხილეს, რომ ორივე წარსულში ცნობილი ფეხბურთელია, საქართველოს ნაკრებში უთამაშიათ, მაგრამ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ და აქედან გამომდინარე, დაკონკრეტებას უახლოეს დღეებში შეგვპირდნენ.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული